ზესტაფონელები მსოფლიოს სარეკორდო ასეულში.
როგორც მოგეხსენებათ, წლეულს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში წაუგებლად ასპარეზობის ახალი რეკორდი დაამყარა. 2006 წლის 9 სექტემბერს საჩხერის ”ჩიხურა”-ს ძლევით მარგველებმა საქართველოს ჩემპიონატების ყველა დროის სარეკორდო სერია წამოიწყეს, რომელიც შთამბეჭდავ, 34 მატჩიან ნიშნულზე, 2007 წლის 6 დეკემბერს თბილისის ”დინამო”-სთან მარცხით დასრულდა.
საინტერესოა, რომ ეროვნულ პირველობებში წაუგებლად ასპარეზობის მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის აფრიკის წარმომადგენელს- კოტ დ’ივუარულ კლუბ ”ასეკ”-ს. სპილოს ძვლის ნაპირელებს, რომლებსაც იმ პერიოდში საქვეყნოდ ცნობილი ფრანგი სპეციალისტი ფილიპ ტრუსიე უდგათ სათავეში, 1989-1994 წლებში 108 შეხვედრის მანძილზე არ დაუტოვებიათ სათამაშო მინდორი დამარცხებულებს.
ევროპული რეკორდი კი რუმინული ფეხბურთის ფლაგმან ”სტიაუა”-ს ეკუთვნის -104 მატჩი. გარკვეულ ჩრდილს მათ მიღწევას აყენებს ის გარემოება, რომ რეკორდი დამყარებულია რუმინელი დიქტატორის, ნიკოლაე ჩაუშესკუს მართველობის ხანაში. ხოლო ის, რომ ”სტიაუა” ჩაუშესკუს განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით იყო განებივრებული, საქვეყნოდ ცნობილი ამბავია.
საბჭოეთის რეკორდი კიევის დინამოელებს ეკუთვნით - ლობანოვსკის, ბლოხინისა და ბურიაკის გუნდმა 1980 -1981 წლებში 45 მატჩიანი სერია გამოაცხო, რომელიც მოსკოვის არმიელებთან მარცხით (0-2) დასრულდა 1981 წლის 29 აგვისტოს. საინტერესოა ისიც, რომ პოსტსაბჭოური სივრცის უპირობო რეკორდსმენი სომხური ”პიუნიკი”-ა. ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებმა 2002-2004 წლებში ბრწყინვალე 59 მატჩიანი წაუგებელი სერიით დაიბევეს დ.ს.თ.-ს რეკორსმენის ტიტული.
რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს 34 მატჩიან წაუგებელ სერიას, იმერლებს საუკეთესო 50-ში მოსახვედრად სულ რაღაც 6 შეხვედრა დააკლდათ, თუმცა ამ ნომინაციაში მსოფლიო ასეულში ყოფნაც მეტად სასიამოვნო და საპატიოა.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მარგველები კვლავაც განაგრძობენ საშინაო შეხვედრებში დაუმარცხებლად ასპარეზობის სერიას, რომელიც 2005 წლის 30 ოქტომბერს გორის ”დილა”-ს დამრცხებით დაიწყო და ამ დროისთვის 31 მატჩს ითვლის.
http://www.fczestafoni.ge/News/200.htm