NIKSONIY
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1280
წევრი No.: 28001
რეგისტრ.: 8-January 07
|
#5596325 · 14 May 2007, 17:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
13 მაისი ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვების დღეა. ეს იყო 1981 წელს, 2007 წლის 13 მაისი კი, შეიძლება, ისე მწარედ შემოგვიტრიალდეს, რომ ჭაობიდან ვერც ამოვიდეთ. პირდაპირ ვთქვათ, რომ ლაპარაკია საერთოდ ჩვენი ფეხბურთის მომავალზე. ნურავინ იტყვის, რომ იმას, რაც გუშინ მოხდა, ფეხბურთელთა და გულშემატკივართა მხრიდან საყოველთაო აპათია არ მოჰყვება. და მოდით, ამას გადაჭარბებად ნუ ჩაგვითვლით. ჯერ არ ვიცით, რა მოხდება ორი-სამი დღის შემდეგ, ან ცოტა შორეულ პერსპექტივაში, მაგრამ გუშინდელი ამბების შავი ლაქა თუ სასწრაფოდ არ ჩამოვირიცხეთ, გარწმუნებთ, რომ არაფერი გვეშველება და არც ვიქნებით ღირსები, რომ ოდესმე გვეშველოს. რატომღაც გვავიწყდება, რომ ქართული ფეხბურთის ზემოთ მარტო ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი არ არის და ცხადია, არც სპორტის სამინისტრო თუ დეპარტამენტი. საუბარია ფიფასა და უეფაზე, რომლებიც ამა თუ იმ სახელმწიფოსა და შესაბამის ეროვნულ ფედერაციებს შორის ურთიერთობებს გაფაციცებით აკვირდებიან. ისე ნუ ვიზამთ, რომ სრულ იზოლაციაში აღმოვჩნდეთ. არ დაგვავიწყდეს აზერბაიჯანის, ირანისა და საბერძნეთის მაგალითები...
გუშინ რაც მოხდა ქრონოლოგიურად აღვწერეთ. ეს არის მშრალი ფაქტები, მაგრამ რაშია საქმის არსი? ეს არის სწორედ მთავარი, მაგრამ გუშინ, გვიან ღამემდე, კლაუს ტოპმიოლერის გარდა კაციშვილს სიტყვა ვერ დავაცდენინეთ. ცნობილი ამბავია, ასეთ დროს ან ტელეფონები ითიშება, ან უბრალოდ, ზარებს არ პასუხობენ, ან კიდევ გიპასუხებენ, რომ... არაფერსაც არ გიპასუხებენ, ერთმანეთის კომენტარს დაელოდებიან.
ამ საყოველთაო დუმილის პირობებში, იძულებულნი ვართ, მოგიყვეთ ის, რაც კულუარებში, არაოფიციალური წყაროებიდან მოვიძიეთ...
მაშ ასე, დაახლოებით 13 საათსა და 30 წუთზე ცხადდება, რომ გიორგი ნემსაძემ 19:13 გაიმარჯვა. ამ დროს, კულტარისა და სპორტის მინისტრი გიორგი გაბაშვილი გაოგნებული სახით გამოდის დარბაზიდან, სავარაუდოდ, ურეკავს ქვეყნის პრეზიდენტს და ინფორმაციას ერთ სიტყვაში ატევს: წავაგეთ! შემდეგ, გაბაშვილი მიდის კულტურის სამინისტროში, სადაც პატარა თათბირი იმართება. ზუსტად ვერ გეტყვით, ვინ ესწრებოდა ამ თავშეყრას, მაგრამ რაც ჩვენი თვალით ვნახეთ, ეგ იყო, რომ სამინისტროს შესასვლელთან ნოდარ ახალკაცისა და სამსაჯო კომიტეტის უფროსის ამირან კაჭახიძის მანქანები იდგა...
რა ხდება ამ დროს "ქორთიად მერიოტში"? ნემსაძის მხარდამჭერთა ერთი ნაწილი ზეიმობს, თუმცა იქვე, რაღაც ხდება ერთ-ერთ კაბინეტში, სადაც გამარჯვებულთან ერთად, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური და კიდევ რამდენიმე ადამიანია ჩაკეტილი...
პარალელურად, ანონიმური წყარო გვატყობინებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაბაშვილს თანამდებობას ატოვებინებს.
ნემსაძე და ნამგალაური საუბრის შემდეგ ოთახიდან გამოდიან. ახალი პრეზიდენტი უცნაურ განცხადებას აკეთებს: "პრეზიდენტობა ჩემი თვითმიზანი არ არის. მზად ვარ, ქართული ფეხბურთის რიგით ჯარისკაცად დავრჩე".
ცოტა ხანში, ვრცელდება გამაოგნებელი ინფორმაცია: ერთი საათის წინ არჩეული ნემსაძე თანამდებოდიბან გადადგა და სამ კვირაში დაინიშნება რიგგარეშე ყრილობა, რომელზეც ის კენჭს აღარ იყრის. ცოტა მოგვიანებით, საღამოსკენ, რესტორან "მონოპოლში" გამარჯვებულის მხარდამჭერები იკრიბებიან. მიუხედავად ნემსაძის სკანდალური განცხადებისა, ქეიფი სრული სვლით მიდის, ადღეგრძელებენ ახალ პრეზიდენტს, მაგრამ თავად ნემსაძე არსად ჩანს. მისი მობილური გამორთულია...
რა ხდება? როგორც წყარო (რა თქმა უნდა, ანონიმური) გვატყობინებს, თითქოს გაბაშვილის გადაყენებით შეშფოთებული კახა ლომაია, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა შედიან სააკაშვილთან და ლამის ულტიმატუმის ფორმით მიმართავენ - ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებას ჩვენც დავტოვებთო...
საინტერესოა კიდევ ერთი მომენტი. გაბაშვილი ან თავად უკავშირდება ნემსაძეს, ან ვიღაცის პირით უთვლის, რომ მისი გაპრეზიდენტება მთავრობაში სერიოზულ კრიზისსა და განხეთქილებას გამოიწვევს, რომ ეს კრიზისი საქართველოს მეტად ცუდ სამსახურს გაუწევს და ასე შემდეგ... ნემსაძეს კი ასეთი რამ უთქვამს - თუ ჩემი არჩევა ქვეყანაში სახელისუფლებო კრიზისს გამოიწვევს, ასეთი პრეზიდენტობა არაფრად მიღირსო... როგორც გავიგეთ, პრეზიდენტთან აუდიენცია ჰქონია დავით კირკიტაძესაც. ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი ნემსაძის მთავარი მხარდამჭერი იყო. კირკიტაძეს გაუფრთხილებია პრეზიდენტი, რომ მთელ ამ აჟიოტაჟს ფიფადან და უეფადან უმკაცრესი რეაქცია მოჰყვებოდა...
სულ ბოლოს ინფორმაციით, ღამის პირველიდან ორ საათამდე ნემსაძე სააკაშვილს უნდა შეხვედროდა...
ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე ქვეყნდება განცხადება:
"დღეს თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მე-12 ყრილობა გაიმართა, რომელზეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი ნემსაძე აირჩიეს. ყრილობის დასრულებიდან ერთ საათში გიორგი ნემსაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა".
21:30, ფედერაციის პრეს-ატაშემ, სანდრო ცნობილაძემ ლელოს რედაქციაში ფაქსი გამოგზავნა.
კლაუს ტოპმიოლერის განცხადება ქართული მედიისათვის ვინაიდან დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მოხდა ჩემი პოზიციის სხვადასხვა ინტერპრეტირება, საჭიროდ ვთვლი განვაცხადო შემდეგი:
მე და გერმანელ მწვრთნელთა შტაბი ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცთან. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს არჩეული ახალი პრეზიდენტი გიორგი ნემსაძე გადადგა. ჩემთვის ცნობილია, რომ უახლოეს პერიოდში ისევ დაინიშნება ყრილობა და მოხარული ვიქნებოდი თუ ნოდარ ახალკაცი კვლავ შეეცდება მოიპოვოს ნდობის მანდატი იმ საქმიანობისათვისათვის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და რომელიც ჩემი აზრით აუცილებლად მოუტანს წარმატებას ქართულ ფეხბურთს.
მე არ ვერევი საარჩევნო პროცესში, მაგრამ ვთვლი, რომ მაქვს უფლება დავაფიქსირო – წარმატებას ჭირდება ერთ გუნდად მუშაობა. აწ უკვე გადამდგარ ფედერაციის პრეზიდენტ ნემსაძეს და მის მხარდამჭერთა გუნდს არაერთხელ გამოუთქვავთ ჩემს მიერ განხორციელებული მუშაობის კრიტიკა. ასევე მუდმივი კრიტიკის ქვეშ იმყოფებოდნენ ჩემი სამწვრთნელო შტაბის წევრები. ასეთი ურთიერთობები არასოდესაა ნაყოფიერი.
მე არ ვიცი, რამ გამოიწვია ბატონ ნემსაძის გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე – მისთვის ჩემი პოზიცია, რომ მე მის გუნდთან არ ვაპირებდი მუშაობას, წინასწარ იყო ცნობილი.
ლელო
კლაუს ტოპმიოლერის განცხადება ქართული მედიისათვის რადიკალურად განსხვავდება "რუსთავთან" ინტერვიუში ნათქვამისგან. დავაზუსტებთ, რომ რედაქციაში მოვიდა უკვე ქართულად თარგმნილი ტექსტი და არა ორიგინალი. ცხადია, ტოპისთან დაკავშირება და ყველაფერში გარკვევა ვცადეთ. ჰერ კლაუსი ჩვენს ზარებს თავიდან არ პასუხობდა, ერთ მომენტში ყურმილი აიღო, მაგრამ კავშირი გაწყდა. ამის შემდეგ, მასთან დაკავშირებას ღამის პირველ საათამდე ამაოდ ვცდილობდით. ტოპმიოლერს მანამდე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნეთ და ვთხოვეთ, ზარზე ეპასუხა, რადგან მისი კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის ის იყო, ტოპისთან ინტერვიუზე საბოლოოდ ჩავიქნიეთ ხელი, რომ მოულოდნელად თვითონ შეგვეხმიანა.
- ჰერ ტოპმიოლერ, 18 საათზე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში თქვენ არ გითქვამთ, რომ ნემსაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველოში მუშაობის გაგრძელებაზე უარს იტყოდით. მერე კი ფედერაციამ გაავრცელა თქვენი კომენტარი, სადაც ამბობთ, რომ ნემსაძის გუნდთან მუშაობა არ გსურთ...
- დღეს მივიღე ინფორმაციები იმის შესახებ, თუ როგორ მაკრიტიკებდნენ ახალკაცის ოპონენტები, როგორ მდებენ ბრალს იმაში, რომ კორუფციონერი გავხდი და ფეხბურთელებისგან ფულს ვიღებ. თითქოს მე მოთამაშეებს აგენტობას და თანამშრომლობას ვთავაზობ და ულტიმატუმს ვუყენებ მათ, რომ გარკვეული თანამშრომლობის გარეშე ნაკრებში არ გამოვიძახებ. ვერ გეტყვით, რამდენად მართალია ეს ყველაფერი, რადგან მე ქართული არ ვიცი და იძულებული ვარ, იმ ხალხს ვენდო, ვინც ინფორმაციას მომაწვდის. მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ ასეთი ბრალდებები ჩემთვის გამაოგნებელია. არ დაგიმალავთ, რომ იმედგაცრუებული ვარ. არც კი ვიცი, რატომ წამიყენეს ასეთი ბრალდებები. აბსურდი და საშინელი ცილისწამებაა ის, რომ თითქოს მე ფეხბურთელებისგან ფულს ვიღებ ან მათ რაიმე გარიგებას ვთავაზობ. არაერთხელ მითქვამს, რომ ნიჭიერ ფეხბურთელს სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას გერმანიაში და გამიხარდება, თუკი ის კარიერას მაღალი დონის კლუბში გააგრძელებს, რაც პირველ რიგში ნაკრებისთვის იქნება კარგი. მაგრამ ის, რომ ამაში ფულს ვითხოვ, აბსურდი და უტიფრობაა. ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, არ მინდა იმ ხალხთან მუშაობა, ვინც ასეთ ბინძურ თამაშს თამაშობს, ჩემი სახელით სპეკულირებს და ასეთ აბსურდულ და შეურაცხმყოფელ ბრალდებებს მიყენებს. რა გასაკვირია, რომ არ მსურს ისეთ ხალხთან მუშაობა, ვინც მე ეზოს გუნდის მწვრთნელს მიწოდებს.
- როდის მიიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ნემსაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საქართველოში მუშაობის გაგრძელებას არ მოისურვებდით? და როგორ გგონიათ, თქვენმა პოზიციამ გადაადგმევინა ნემსაძეს ასეთი ნაბიჯი?
- ეს დღეს გადავწყვიტე. კერძოდ მას შემდეგ, რაც მივიღე ინფორმაცია, თუ რა ბრალდებებს მიყენებდნენ ახალკაცის ოპონენტები, რა ისაუბრეს მათ ჩემზე პარასკევს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში. თუ რამის გარკვევა სურდათ, შეეძლოთ დამკავშირებოდნენ და მათ სიამოვნებით შევხვდებოდი. მე ყოველთვის უშუალო შეხვედრისა და გულახდილი საუბრის მომხრე ვარ, რათა ყველაფერი გარკვეული და გასაგები იყოს. ჩემზე უთქვამთ, აქ მხოლოდ ფულის გამოა, ნაკრები ფეხებზე კიდია, კარგი სამსახური მოიწყოო. ეს ჩემთვის უდიდესი შეურაცხყოფაა! მე ვიცი, რომ გულშემატკივრების უმრავლესობას ჩემს პატიოსნებაში ეჭვი არ ეპარება და რომ ყველა ნაღდ ქომაგს ვუყვარვარ. ბრმა არ ვარ, ამას ვხედავ და ეს ძალიან მახარებს.
მანამდე რეგულარულად ვიმეორებდი, რომ ნეიტრალური ვარ. არ ვიცი, რატომ გადადგა ნემსაძე. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მას ჩემთან დაკავშირება არ უცდია. წელიწადნახევარია, საქართველოში ვმუშაობ და ვფიქრობ, თუ გაპრეზიდენტებას აპირებდა, ნემსაძეს ერთხელ მაინც უნდა ეცადა ჩემთან დაკავშირება, ბოლო პერიოდში მაინც. მოკლედ არ ვიცნობ. არ ვმალავ, რომ ნოდარ ახალკაცთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და მუშაობის გაგრძელებას ახალკაცთან ვისურვებდი. ის ნამდვილი პროფესიონალია, რომელიც თავის საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს. სწორად გამიგეთ, მე მწვრთნელი ვარ და ვალდებული გახლავართ, ნებისმიერ პრეზიდენთან ვიმუშავო, მაგრამ ასეთი ბრალდებები ჩემთვის მიუღებელია და შეუძლებლად მიმაჩნია, ვიმუშავო იმ გუნდთან, რომლის წევრებიც მე ეზოს გუნდის მწვრთნელს მიწოდებენ და კორუფციონერობაში მდებენ ბრალს. საქართველოში ჩამოსვლა რომ გადავწყვიტე, ამაში ნოდარმა უმთავრესი როლი შეასრულა და რაკი დავინახე, რომ პროფესიონალთან მქონდა საქმე, მოხარული დავრჩი. ვიცი, რომ არსებობს ხალხი, ვინც ჩემს შტაბს იმ ხელფასს ამადლის, რასაც ვიღებთ. მინდა ყველამ საბოლოოდ გაიგოს: საქართველოში ფულის გამო არ ვმუშაობ! მე თქვენს ქვეყანაში ფეხბურთის სიყვარული დავინახე. ფული აქ მეორეხარისხოვანია, რის დასტურადაც ასეთ რამეს ვიტყვი: მუშაობას შედარებით ნაკლები ხელფასის დანიშვნის შემთხვევაშიც გავაგრძელებდი.
- თუ შეიძლება, დეტალურად მოგვიყევით, რა ხდებოდა დღეს თქვენთან...
- დამირეკეს და მითხრეს, რომ ახალკაცმა არჩევნები წააგო, რამაც ძალიან გამაკვირვა. მერე კი შევიტყვე, რომ ნემსაძე არჩევიდან ერთ საათში გადადგა, რამაც კიდევ უფრო გამაოგნა. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, რა ხდებოდა და სრულ გაუგებრობაში აღმოვჩნდი. ძალიან მაინტერესებს, რა მოხდა. ჩემი ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში არ გაჩერებულა, თქვენი შეტყობინებაც მივიღე და როგორც კი ამის საშუალება მომეცა, დაგიკავშირდით.
- როგორც ჩანს, პარასკევის ტელეეთერის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდეს...
- დიახ. ვიცი, რომ ნემსაძის მხარდამჭერთა გუნდში იყო კახა ცხადაძე, ჩემი ყოფილი შეგირდი, რომელსაც "აინტრახტში" ვწვრთნიდი. სხვათა შორის, დღეს ცხადაძე თურმე ჩემთან დარეკვას ცდილობდა. ეს მეუღლემ მითხრა. ამ დროს მე "კარლ ცაისის" თამაშს ვესწრებოდი. მოკლედ, ცხადაძესთან სატელეფონო საუბარი მაინც არ შედგა. არ ვიცი, რა საკითხთან დაკავშირებით სურდა კახას ჩემთან საუბარი. ასევე გავიგე, რომ ნემსაძის მხარდამჭერებს შორის იყო კობა ჟორჟიკაშვილიც, რომელმაც ჩემი შტაბი მწარედ გააკრიტიკა. გაკვირვებული ვარ! როცა ჟორჟიკაშვილი ჩვენს შტაბში იყო, ჩვენგან ტაქტიკურ მონახაზებს იწერდა და მერე "ზესტაფონსაც" ზუსტად ასეთი ტაქტიკით ათამაშებდა. ახლა კი თურმე ამბობს, რომ მინგე, ჰაინცი და ცანკერი მწვრთნელები არ არიან. დღეს ყველა ფორმაციის ნაკრებში მწვრთნელის მხრიდან ფეხბურთელებისგან ფულის აღება გამორიცხულია! ვიცი, რომ ადრე ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ მოთამაშეები ახალგაზრდულ ნაკრებებში გარიგების შედეგად ხვდებოდნენ. ახლა კი ასეთი რამ უბრალოდ შეუძლებელია! ჩემი შტაბი მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელებს ირჩევს. ცანკერმა მთელი საქართველო მოიარა და ტალანტები მოიძია, საუკეთესოები ამოარჩია. როცა ფედერაციასთან კონტრაქტს ვაფორმებდი, ნოდარმა დაწვრილებით მიამბო, რა ხდებოდა ადრე ფედერაციაში, რომ თავაშვებული კორუფცია იყო, რომ ფეხბურთელების ტრანსფერებში ფული კეთდებოდა.
ჩემი მწვრთნელობის პერიოდში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ვინმეს ეთქვა, ესა და ეს მოთამაშე აუცილებლად უნდა გამოვიძახოთო. რა დასამალია ის, რომ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა მთხოვა, იქნებ ევროპაში რეკომენდაცია გამიწიოთო. მე სიამოვნებით გავუწევ ნიჭიერ მოთამაშეებს რეკომენდაციას. მაგალითად, რატი წინამძღვიშვილს "კაიზერსლაუტერნში" გავუწიე რეკომენდაცია, რადგან ის ნიჭიერი ფორვარდია, მაგრამ ჯერ კიდევ მოუმწიფებელია, "კაიზერს" კი სრულყოფილი ფორვარდი სჭირდებოდა. "ლაუტერნის" შეფებს მოგვიანებით დავუკავშირდი და ვკითხე, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე "ამერის" ფორვარდმა. მითხრეს, მოგვეწონა, კიდევ დავაკვირდებით და ზაფხულში ან ზამთარში შეიძლება დავიმატოთო. ანუ, ჯერ კიდევ არ არის მზად "კაიზერსლაუტერნისთვის", მაგრამ ეტყობა, რომ დიდი პოტენციალი აქვსო. გარდა ამისა, ფრანგული კლუბის, "ლე მანის" მენეჯერს ლუქსემბურგთან და გერმანიასთან თამაშებში ჭაბუკთა ნაკრების ფეხბურთელები, სანაია (ზესტაფონი) და ფანცხავა (გაგრა) მოეწონა. ეს ფეხბურთელები ჰაინცმა აღმოაჩინა და მათ თავი მოაწონეს "ლე მანის" მენეჯერს. ამის მერე ვიღაც-ვიღაცეები იტყვიან, ჰაინც ტოპმიოლერმა ამ ფეხბურთელებისგან ფული აიღოო. მაპატიეთ, მაგრამ ეს დიდი შეურაცხყოფაა.
იმედი მაქვს, რომ გაუგებრობას მალე მოეღება ბოლო. ქართული ფეხბურთის სამსახურში დიდი სიამოვნებით ვარ და ეს არაერთხელ მითქვამს...
გოტფრიდ ლენცი, ლელო
|