მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2007
კახა კალაძე მსოფლიოს ჩემპიონია!16.12.2007გუშინ იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში იტალიის ”მილანმა” არგენტინის ”ბოკა ხუნიორსს” 4:2 სძლია. თანაგუნდელებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემაც მოიპოვა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მეოთხედ ჩატარდა და ევროპულმა კლუბმა თასის მოგება პირველად შეძლო. 2000, 2005 და 2006 წლებში წარმატებას ბრაზილიური კლუბები აღწევდნენ. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატმა 2005 წელს საკონტინენტთაშორისო თასი შეცვალა. ”მილანი” კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა: შავ-წითლებმა საკონტინენტთაშორისო თასი 1969, 1989 და 1990 წლებში აღმართეს.
ფინალში მილანელთა უპირატესობა აშკარა იყო და ეს ანგარიშშიც აისახა: ფილიპო ინძაგის დუბლს და კაკას და ალესანდრო ნესტას თითო ზუსტ დარტყმას ბუენოსაირესელებმა მხოლოდ ერთი გოლით უპასუხეს, რომელთაგან ერთი ავტოგოლი იყო - 85-ე წუთზე მასიმო ამბროზინიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
”მილანმა” მე-18 საერთაშორისო საკლუბო ჯილდო მოიპოვა და ამ მხრივ მსოფლიოში პირველია. ფინალამდე იტალიურ კლუბს და ”ბოკა ხუნიორსს” თანაბარი მაჩვენებელი ჰქონდათ, თუმცა დღესდღეობით იტალიელები ლიდერები არიან. ”მილანმა” 7-ჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი, 2-ჯერ აწ უკვე ისტორიის კუთვნილება თასების მფლობელთა თასი, 5-ჯერ ევროპის სუპერთასი, 3-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი და პირველად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის მთავარი პრიზი.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ისევე როგორც ფინალის საუკეთესო მოთამაშე, ”მილანის” ბრაზილიელი გამთამაშებელი კაკა გახდა, რომელსაც ტურნირის სპონსორ ”ტოიოტასგან” ბოლო მოდელის ავტომობილი გადაეცა.
კახა კალაძემ ფინალი, ისევე როგორც ნახევარფინალი, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა არგენტინელებთან შეხვედრა ვერ დაასრულა: 77-ე წუთზე მექსიკელმა მსაჯმა მარკო როდრიგესმა უხეშობისთვის წითელი ბარათი უჩვენა.
კახა კალაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა და იმარჯვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ”მილანთან” ერთად უკვე მერვე ტიტული მოიგო: 2003 წელს ჩემპიონთა თასი, იტალიის თასი და ევროპის სუპერთასები აღმართა, 2004 წელს სერია ა-ში იმარჯვა და იტალიის სუპერთასი მოიპოვა, წლეულს კი მეორედ აღმართა ჩემპიონთა თასი და ევროპის სუპერთასები, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის თასი კი პირველად.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი. 16 დეკემბერი, 2007. იაპონია, იოკოჰამა, ”ინტერნეიშენალი”. 68.263
”მილანი” (მილანი, იტალია) 4:2 ”ბოკა ხუნიორსი” (ბუენოს აირესი, არგენტინა)გოლები: 1:0 ფ.ინძაგი (21), 1:1 რ.პალასიო (22), 2:1 ა.ნესტა (50), 3:1 კაკა (61), 4:1 ფ.ინძაგი (71), 4:2 მ.ამბროზინი (85, სკ)
”მილანი”დიდა, დ.ბონერა, ა.ნესტა, კ.კალაძე, პ.მალდინი (კაპ), ჯ.გატუზო (ემერსონი 65), ა.პირლო, მ.ამბროზინი, კ.ზეედორფი (კაფუ 76), კაკა, ფ.ინძაგი (მ.ბროკი 87)მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი”ბოკა ხუნიორსი”: მ.კარანტა, კ.მორელ როდრიგესი, უ.იბარა, ს.ბატალია, მ.პალერმო (კაპ), რ.პალასიო, ა.გონსალესი (პ.ლედესმა 67), ნ.კარდოსო (ლ.გრასიანი 68), ჯ.მაიდანა, ე.ბანეგა, გ.პალეტა
მწვრთნელი: მიგელ რუსო
გაფრთხილება: მ.ამბროზინი, უ.იბარა, ს.ბატალია, კაკა, გ.პალეტა
გაძევება:
კ.კალაძე (77), პ.ლედესმა (88)
მსაჯები: მ.როდრიგესი (მექსიკა); ხ.ლ.კამარხო (მექსიკა), პ.რებოლიარი (მექსიკა); მ.შილდი (ავსტრალია)
მიმაგრებული სურათი