ინტერვიუ დიმიტრი რამიშვილთან
პროფლიგის პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ დიმიტრი რამიშვილია
ვინც ჩვენს მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, მოიკვეთება, ვინც დააკმაყოფილებს დავიმატებთ
23 ივნისს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტის არჩევნებია. ლიგის პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი უკონკურენტოა.
ქუთაისის "ტორპედოს" მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი პროფლიგის პრეზიდენტად ოთხი წლის წინათ აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ლიგაში ჯგუფია დასაქმებული, ორგანიზაცია მობილური, მოქნილი და ეფექტურია და თუკი ქვეყნის ფეხბურთში რაიმე პროგრესიული ნაბიჯი გადაიდგა, უპირველესად სწორედ ლიგის დამსახურებაა: ჩემპიონატის კომერციალიზაცია, სპონსორების მოზიდვა, სატელევიზიო სირვცის ათვისება, საფეხბურთო სეზონის ბოლოს გამორჩეულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი "დია" და ერთმანეთზე უკეთესად ორგანიზებული თასის ფინალები - ეტყობა, ეს ყოველივე გახდა კიდეც იმის საფუძველი, რომ ლიგის პრეზიდენტს არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, გუშინ ამოიწურა კანდიდატურების წარდგენის ვადა და რეგისტრაცია მხოლოდ მოქმედმა პრეზიდენტმა გაიარა. გასულ კვირას ის ბერლინში ევროპული პროფლიგის თათბირზე იყო მიწვეული.
- შევიტყვეთ, რომ პროფლიგის არჩევნები 23 ივნისს არის დანიშნული. თარიღი როდის შეირჩა?
- 24 მაისს ლიგის გამგეობის სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთ საკითხად პრეზიდენტის არჩევნებიც იყო და გამგეობის წევრებმა თარიღიც დაადგინეს.
- თქვენს გარდა, კანდიდატურა არავის წარმოუდგენია. ეს თქვენთვის მოულოდნელი არ იყო?
- სიმართლე გითხრათ, ბევრ მსურველს არც ველოდი, რადგან ქვეყნის ჩემპიონატის მოღონიერება ურთულესი საქმეა. ეტყობა, ჩათვალეს, რომ საქმეს ურიგოდ არ ვუძღვები. მარტო ჩემი კნადიდატურა რომ არის, ალბათ, ესეც ლიგის საქმიანობის შეფასებაა.
- ხმის უფლებით რამდენი გუნდი ისარგებლებს?
- თავიდანვე ლიგაში 15 გუნდი გაწევრიანდა. თუმცა, "სპარტაკი", "მერცხალი" და "გურია" რეგიონალლიგაში გავარდნენ, წევრობა ავტომატოურად გაკარგეს და 12 დელეგატი დარჩა.
- ბარემ ვისარგებლებთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გკითხავთ - უმაღლესი ლიგის ფორმატი ხომ არ შეიცვლება? მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ლიგას "ცხინვალი" დაემატება.
- უმაღლესში ყველა მოწესრიგებულ გუნდს მივესალმები. ასეთებისთვის უმაღლესში ყოველთვის იქნება ადგილი. თუმცა ფორმატის შეცვლა ლიგის გამგეობამ და კონკურენციამ უნდა გადაწყვიტოს.
- ანუ შესაძლოა, "ცხინვალი" დაიმატოთ?
- მე არ ვიცი, ვის ვისთან სურს გაერთიანება, ჩვენთვის კი ჯერ ოფიციალურად ასეთი სურვილით არავის მოუმართავს.
- ანუ, "ცხინვალს" "ჩიხურასთან" გაერთიანებით სურს უმაღლესში გადმოსვლა?
- გიმეორებთ, ჯერ მე არ ვიცი, ვის რა სურს. მარტო სურვილიც არ კმარა, პირობებიც უნდა დააკმაყოფილოს. კარგად იცით, ბოლო სამ წელიწადში რაც ხდებოდა - ვინც პირობები ვერ დააკმაყოფილა, ლიგიდან მოიკვეთა. თუკი რომელიმე გუნდმა ლიცენზიების პირობები ვერ დააკმაყოფილა, მაშინ ჩემპიონატის ნორმალურად ჩასატარებლად, შესაძლოა, მოწესრიგებული გუნდი დავიმატოთ.
- ანუ, შეიძლება "ჩიხურა" მოკვეთოთ და "ცხინვალი" დაამატოთ?
- " ჩიხურა" იქნება თუ სხვა გუნდი არა აქვს მნიშვნელობა. თუკი ელემენტარულ პირობებს არ დააკმაყოფილებს, გუნდს ლიგაში არ დავუშვებთ.
- წინა კვირას ევროპული პროფლიგის თავყრილობაზე იმყოფებოდით, სადაც გაწევრიანების შესაძლებლობა გაქვთ, მაგრამ რამდენად აუცილებელია ეს ჩვენთვის?
- ევროპროფლიგაში გაწევრიანებით შესაძლებელი გახდება კონტაქტების დამყარება ევროპის წამყვან ლიგებთან, მათი გამოცდილების გაზიარება, იმ კომპანიებთან დაკავშირება, რომლებიც მათი პარტნიორები არიან. ბერლინშიც ასეთი საზოგადოება იყო თავმოყრილი. მძლავრი ევროპული ლიგები თავიანთი ინტერესების დაცვას ცდილობენ, ეს დაახლოებთი G14-ის მსგასვი ორგანიზაციაა. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო, უეფას და ევროპარლამენტის წარმომადგენელიც კი ჰყავდათ მიწვეული.
- აპირებთ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას?
- გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მივიღებ, ეს ჩვენი წევრი კლუბების გადასაწყვეტია.
- პროფლიგის წევრობა ოთხ კატეგორიად არის დაყოფილი, არის კიდევ ასოცირებულ წევრის სტატუსი. როგორ ფიქრობთ, ქართულ პროფლიგისთვის უფრო რა კატეგორიის წევრობა იქნებოდა ოპტიმალური?
- 28- დან 80 ათას ევრომდე - ასეთია წლიური საწევრო გადასახადი პირველიდან მეოთხე კატეგრიამდე, ასოცირებული წევრობა კი 10 ათასი ევრო ჯდება. ამ ეტაპზე ჩვენთვის ალბათ ასოცირებული წევრობა იქნება ოპტიმალური. თუმცა ჩვენთვის ჯერ ესეც არ არის აუცილებელი. პროფლიგის კონფერენცია რომ გაიმართება, ამ საკითხზე მაშინ ვისმჯელებთ.
მიმაგრებული სურათი