ქართველი კვიპროსმა გააცილა
თემურ ქეცბაია იმ უნიჭიერესი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლო... მათგან ბევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ევროპული ფეხბურთის ლაბირინთებში. ზოგიერთმა “ბობოლა” კლუბების მაისურიც მოირგო და სხვებზე მეტი ტიტული დაახვავა, მაგრამ ქეცბაიასთანა მებრძოლი და დაუღალავი ფეხბურთელის სახელი მაინც ვერ მოიპოვა. ამ კაცს სხვაგვარად არ შეეძლო - მოედანზე გასული მუდამ ბოლომდე იხარჯებოდა და იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე სეზონის განმავლობაში, თვით ალან შირერის თანაგუნდელი იყო ინგლისურ “ნიუკასლში”, გაცილებით უკეთეს კარიერას იმსახურებდა. და მხოლოდ კარიერას? სამწუხაროდ, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგაც ვერ დაიმსახურა ჯეროვანი დაფასება - თემურ ქეცბაია, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში კვიპროსის “ანორთოსისის” მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ, ორიოდე დღის წინ ფეხბურთიდან საზეიმოდ... გააცილეს. იქაური ფეხბურთის განვითარებაში თემურს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის, თუმცა, განა საქართველოს არ ეკუთვნოდა ეს პატივი? ისევე, როგორც ფეხბურთიდან წასული არაერთი ქართველი მოთამაშის გაცილებისა... ასეა თუ ისე, თემურ ქეცბაიას გამოსათხოვარი მატჩი ლარნაკაში გაიმართა და ჩვენც სატელეფონო ინტერვიუს დავჯერდით:
- გამოსათხოვარ მატჩზე ჩემი მეგობრები, ყოფილი თანაგუნდელები მოვიწვიე. თამაშის შემდეგ, ბანკეტი ჩემს სახლში გაიმართა და... მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე.
- გამოსათხოვარი მატჩის გამართვის იდეა ვის ეკუთვნის?
- შეხვედრის ჩატარება კვიპროსელებმა შემომთავაზეს. მეც სიამოვნებით დავთანხმდი და ყველაფრის ორგანიზებაც საკუთარ თავზე ავიღე.
- არადა, თემურ ქეცბაიას გამოსათხოვარი მატჩი საქართველოში უნდა გამართულიყო...
- არანაირი სურვილი არა მაქვს, ვინმე დავავალდებულო და ჩემი გამოსამშვიდობებელი მატჩის ორგანიზება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ან სხვა ვინმეს მოვთხოვო. არ ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე, უბრალოდ, როცა ქვეყნის ნაკრებში მიწვევდნენ, ჩემს მოვალეობას პირნათლად ვიხდიდი და რაც შემეძლო - ვაკეთებდი.
- დავიჯერო, გული არ გწყდება?
- კიდევ გიმეორებთ - არ მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის ისეთი რამ გავაკეთე, ვინმეს აუცილებლად უნდა დავეფასებინე. თუ გაუჩნდებოდათ სურვილი, გამოსათხოვარი მატჩი თბილისში მეთამაშა, ხომ კარგია, არადა... ხომ ხედავთ, გაცილების გარეშე მაინც არ დავრჩი (იცინის)...
- ბოლო ხუთი წელიწადია, კვიპროსში მუშაობ და საკმაოდ წარმატებითაც. შენს ხელში კვიპროსულმა კლუბმა მანამდე არნახულ შედეგებს მიაღწია. სხვა რომ არაფერი - თურქული “ტრაბზონსპორის” დამარცხების შემდეგ, კუნძულზე ლამის ეროვნულ გმირად გაქციეს...
- ჰო, აქაური ფეხბურთის განვითარებაში მცირე წვლილი მართლაც მიმიძღვის და კვიპროსელებმა პატივისცემის გამოხატვა ამ გზით გადაწყვიტეს. სიმართლე გითხრათ, ძალიან სასიამოვნო კია...
- 39 წლის ხარ, მაგრამ ამ ბოლო წლებში, მცირე ხნით მაინც ახერხებდი მოედანზე გასვლას. როდის გადაწყვიტე, რომ აქტიურ კარიერას უნდა ჩამოშორებოდი?
- მწვრთნელობა ფეხბურთელობაზე არანაკლებ ენერგიას მოითხოვს. თამაშისთვის თავის დანებება ყველა ფეხბურთელისთვის ძალზე ძნელია. თუმცა, ორივე საქმეს ერთდროულად ვეღარ ვახერხებდი და გადავწყვიტე, სეზონის დასრულებისთანავე, აქტიურ კარიერას ჩამოვშორებოდი. ასე რომ, უახლოეს ხანს, ისევ “ანორთოსისის” მწვრთნელი ვიქნები. ახლა უეფას თასის მატჩისთვის ვემზადები.
- იმ დროს, როცა ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდი, ნაკრებში უნიჭიერესი ფეხბურთელები გამოდიოდნენ. როგორ ფიქრობ, რა დაგაკლდათ იმისთვის, რომ მცირედი წარმატებისთვის მაინც მიგეღწიათ?
- გამოცდილება. მაშინდელ ნაკრებში მართლაც უნიჭიერესი მოთამაშეები იყვნენ, მაგრამ უმეტესობას, საერთაშორისო ასპარეზზე თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა...
- დაბოლოს, რას ეტყვი ქართველ გულშემატკივარს, რომელსაც დღესაც ძალიან უყვარხარ და რომელსაც შენი გაცილება ეროვნულ სტადიონზე სურდა ეხილა...
- უდიდეს მადლობას. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ჩემ გვერდით უამრავი ისეთი ადამიანი იდგა, ძალიან რომ დამეხმარნენ. მინდა, თითოეულ მათგანს ვუთხრა, რომ თუ რამეში გამოვადგები, მუდამ მზად ვარ...
მიმაგრებული სურათი