ნდობის ფაქტორი
გია ტუხაშვილი
ვლადიმერ ხაჩიძე იმ იშვიათ მწვრთნელთა რიცხვში შედის, საქართველოს პირველი ჩემპიონატიდან დღემდე უმაღლეს ლიგაში რომ მოღვაწეობენ. ამ ცხრამეტი წლის განმავლობაში გამოცდილმა და თვითმყოფადმა სპეციალისტმა სხვადასხვა გუნდთან მეტ-ნაკლებ წარმატებას მიაღწია. ხაშურის ?ივერია?, ზუგდიდის ?ოდიში?, თსუ, ?ვიტ ჯორჯია?, გორის ?დილა?, ?ბორჯომი?, ?გაგრა? - და აი, ახალი სეზონიდან უკვე ?სპარტაკის? მთავარ მწვრთნელად მოგვევლინა. არ დავმალავთ: XXI ჩემპიონატში ?სპარტაკის? ასპარეზობას ყველა დიდი ინტერესით ველოდებით; ყოველ შემთხვევაში, ერთი რამის თქმა წინასწარვე შეიძლება: იმავე, წინა სეზონისგან განსხვავებით, ?სპარტაკს? საკმაოდ დიდი ამბიციები ექნება და ყოველივე ეს პირველ ტურშიც დაამტკიცა. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხა ბოლნისის ?სიონი? (4:1); ამის გამოც, ალბათ, არავის გაუკვირდა, რომ ?ლელოს? ტრადიციულ ნომინაციებში ?ტურის მწვრთნელად? სწორედ ვლადიმერ ხაჩიძე მივიჩნიეთ.
...გამოცდილ მწვრთნელს, ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, ფრიად ?საინტერესო? თვისებითაც გამოარჩევთ: ხშირ შემთხვევაში, მწარე სიმართლის ხმამაღლა თქმაც უყვარს! ჰოდა, ასევე ხშირ შემთხვევაში, ეს სიმართლე ბევრს აღიზიანებს კიდეც...
პირველი ტურის საუკეთესო მწვრთნელს გუშინ შევხვდით: ?სპარტაკი? მომდევნო მატჩისთვის ?ავაზას? ხელოვნურსფარიან მოედანზე ემზადება. და აი, ვარჯიშიც დასრულდა და ვლადიმერ ხაჩიძესთან გასაუბრების საშუალებაც მოგვეცა.
- უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მწვრთნელი, საყვარელ საქმიანობას გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდით...
- ოთხთვიანი პაუზა იყო; თუმცა, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მწვრთნელისთვის ასეთი პაუზა აუცილებელია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასე სჯობდა: ზედიზედ ოთხი წელიწადი შეუსვენებლად ვმუშაობდი. ანუ, ოთხი წელიწადი მუდამ სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დასვენება აუცილებელიც იყო.
- თუმცა, ?გაგრას? მთავარი მწვრთნელობიდან წამოსვლის მერე, გარკვეული პერიოდი ხომ ამავე გუნდის სპორტულ დირექტორად მუშაობდით.
- ეს, ფაქტობრივად, ფორმალური თანამდებობა იყო; კიდევ ვიმეორებ - ნამდვილად არ ვნანობ, ოთხთვიანი პაუზა რომ მქონდა. მეტსაც გეტყვით: ჩემს სამწვრთნელო კარიერაში წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია.
- ეს როგორღა გავიგოთ?
- უბრალოდ, ?გარედან? ყველაფერი სხვაგვარად ჩანს; ვცდილობდი, ყველაფერი გამეანალიზებინა, მოვლენებისა თუ ფაქტებისადმი სხვანაირად შემეხედა. მწვრთნელი მუდამ ძიების პროცესში უნდა იყოს - მუშაობის პროცესშიც და საქმიანობაში პაუზის დროსაც.
- თქვენი აზრით, ცხრამეტი წლის განმავლობაში შვიდ გუნდში მუშაობა ბევრია თუ ცოტა?
- საქართველოში, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როცა კონკრეტულ მწვრთნელს საკუთარი იდეების რეალიზებისათვის დიდ დროს აძლევენ. ისე, კლუბის ხელმძღვანელებსაც არ გაემტყუნებათ - სასურველი შედეგის მიღწევა ყველას უმოკლეს დროში უნდა. თუმცა, როცა ერთი სეზონის განმავლობაში შემადგენლობას რამდენჯერმე გადაახალისებ, იქ უკვე ძნელია შედეგი მოითხოვო.
- ალბათ, ?ბორჯომში? გატარებულ პერიოდს გულისხმობთ.
- ოთხ არასრულ წელიწადში ძირითადი შემადგენლობა რვაჯერ შეიცვალა! თუმცა ერთხელ მაინც მოვახერხეთ და კლუბის არსებობის განმავლობაში საუკეთესო შედეგი ვუჩვენეთ - მეხუთე ადგილზე გავედით. აბა, წარმოიდგინეთ, როცა სეზონის დაწყების წინ გუნდში მიგიწვევენ და, როგორც იტყვიან, ფეხბურთელების სიას გადმოგცემენ და გეტყვიან: აი, ამათთან უნდა იმუშაოო! რომელ შედეგზეა ლაპარაკი? მეტსაც ვიტყვი - ეს ხომ, მწვრთნელის შეურაცხყოფაც არის?!
- სამაგიეროდ, ახალ სამუშაოზე ამას, ალბათ, ვერ იტყვით...
- პირიქით - ალბათ ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა იყო ჩემს კარიერაში, სელექცია საკუთარი მოსაზრებით რომ ვაწარმოეთ. უფრო ზუსტად, რის საშუალებასაც კლუბის ბიუჯეტი იძლეოდა და ვისი მოყვანაც მსურდა. თანაც, არცთუ უმნიშვნელო ნიუანსი იყო ის ფაქტიც, რომ დღევანდელი ?სპარტაკის? შვიდ-რვა ფეხბურთელს სხვადასხვა დროს ვწვრთნიდი. ანუ, როგორც თითოეულის შესაძლებლობები იყო ჩემთვის კარგად ცნობილი, ასევე მათთვის - ჩემი პრინციპები თუ მოთხოვნები.
- სხვათა შორის, ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, მუდამ ?საინტერესო შეფასებებითაც? გამოირჩევით. ანუ, ხშირ შემთხვევაში, მწარე სიმართლეს ხმამაღლა ამბობთ...
- ჰოდა, გუნდების ხშირი ცვლაც ალბათ, ამიტომაც მიწევდა...
- ისე, შარშანდელი თქვენი ერთი ?ფრთიანი ფრაზა? მაინც ნამეტნავად პოპულარული იყო - საქართველოს ჩემპიონატი... ჭაბუკთა ლიგას დაემსგავსაო!
- რაიმე ტყუილი ვთქვი? ეს ხომ, ელემენტარულად, მაყურებლის შეურაცხყოფაა: გულშემატკივარი სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად მოდის და არა, პატარა ბავშვების თამაშის სანახავად. 17-18 წლის ასაკში, ერთეულებს თუ შეუძლიათ გუნდის წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდნენ; ჩვენთან კი, არად დაგიდევენ იმ აქსიომას, რომ წარმატების მისაღწევად გამოცდილი ფეხბურთელებია საჭირო.
- თუმცა, ისეც არ უნდა მოხდეს, რომ ახალგაზრდებს გასაქანი არ მივცეთ.
- ამას არც მე ვამტკიცებ; უბრალოდ, ერთი-ორი ახალგაზრდა ძირითად შემადგენლობას ნელ-ნელა უნდა მიაჩვიო. ჭაბუკი ფეხბურთელი ვერც ერთი მწვრთნელისგან იმდენს ვერ ისწავლის, რამდენსაც მოედანზე გამოცდილი თანაგუნდელის გვერდში ყოფნით. ანუ, შემადგენლობაში ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების ნაზავი უნდა იყოს; კიდევ ვიმეორებ: ასაკით ძალიან პატარებს, ხშირად დიდ ფსიქოლოგიურ ტვირთს ავკიდებთ ხოლმე: ეს კი, დამიჯერეთ, დაუშვებელია და მის მომავალ კარიერაზეც დამღუპველად იმოქმედებს.
- ახლა, ალბათ, იმის დროც მოვიდა, რომ თქვენს ახალ სამუშაო გარემოზე ბევრად უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ.
- ალბათ, დამეთანხებმებით, რომ ?სპარტაკს? ჩვეულებრივი გუნდის სტატუსი არა აქვს. ანუ, სხვა დატვირთვაც აქვს - გვინდა, რომ ჩვენ საშინაო მატჩებზე მოსულ უამრავ ლტოლვილს 2 საათის განმავლობაში მაინც დავავიწყოთ საკუთარი პრობლემები. ჰოდა, ჩვენს გუნდს, უბრალოდ, უფლებაც არ აქვს, რომ აუტსაიდერთა შორის იმყოფებოდეს.
- გუნდი რომ ჩაიბარეთ, კლუბის ხელმძღვანელობამ კონკრეტულ მიზნად რა დაგისახათ?
- კონკრეტული არაფერი თქმულა; წეღანაც გითხარით, რომ ?სპარტაკი? განსაკუთრებული სტატუსის გუნდია. თანაც, ფაქტობრივად, ერთი თვეც არ არის, რაც ერთად ვართ. სულ მცირე, ორი-სამი თვე მაინც მინდა, რომ რაღაც კონკრეტული მიზნები დავსახო. თუმცა, იმის თქმა ახლავე შემიძლია, რომ დღეს არსებული კონტიგენტით მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა მოულოდნელი არავისთვის უნდა იყოს.
- პირველი ტურის მატჩზეც გვინდა გკითხოთ - ბოლნისში, ?სპარტაკმა? საკმაოდ გააზრებულად, და, რაც მთავარია, თანამედროვე სტილში ითამაშა.
- ჩემი ფეხბურთელებისგან მუდამ ამას ვითხოვ - მკაცრი პრესინგი მთელ მოედანზე და სისწრაფეების მაქსიმალური გამოყენება. ამას გარდა, ყველა უნდა ეცადოს, რომ მეტოქეს ბურთი არ მიაღებინოს; აი, თუ გახსოვთ, ჩვენ კარში გოლი როგორ გავიდა - ერთი პასით მეტოქე ჩვენს მეკარესთან პირისპირ დარჩა. თანაც, ამდაგვარი კიდევ განმეორდა და ის გოლიც რომ გასულიყო, არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა.
- ანუ, იმ მატჩით მთლად კმაყოფილიც არ იყავით?
- შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დავრჩი. თუმცა, ვერც იმას უარვყოფ, რომ გარკვეული სამუშაო კიდევ გვჭირდება; განსაკუთრებით, ტაქტიკური თვალსაზრისით. უშეცდომო, არავინ არის, მაგრამ თავისუფლად შეიძლება ისეც მომხდარიყო, რომ ბევრად უფრო ?დალაგებულ? გუნდს ჩვენი შეცდომები გამოეყენებინა და დავესაჯეთ.
- თვითკრიტიკა, თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ ასეთ შეფასებას მაინც არ ველოდით.
- მხოლოდ უკეთესობის სურვილი მალაპარაკებს... თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, საჯაროდ იმას ნამდვილად არ ვიტყვი, გინდა თუ არა, ჩემპიონები გავხდებითო, თუმცა ევროპის ლიგის საგზურისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. ამის თქმის საფუძველს კი თითოეული ფეხბურთელის საქმისადმი მიდგომა მალაპარაკებს. ასე თუ გავაგრძელეთ, დარწმუნებული ვარ, შედეგიც შესაფერისი გვექნება.
- ისე კი ალბათ დროა, რომ სამწვრთნელო კარიერაში რომელიმე ტიტულსაც დაუმიზნოთ...
- რატომღაც, ჩვენში უცნაური სტერეოტიპია დამკვიდრებული: თუ დიდ დონეზე ფეხბურთი არ გითამაშია, ესე იგი, მწვრთნელობაც არ გცოდნია...
ალბათ, კოლეგებში გამონაკლისი არ ვიქნები, ვინც ნდობის ფაქტორს ჩვენს საქმიანობაში უმთავრესად მიიჩნევს. აი, ჩემს შემთხვევაში, მართლაც, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ შელიამ სრული ნდობა გამომიცხადა. ასეთი ნდობა კი, მერწმუნეთ, ნამდვილად არ არის პატარა ამბავი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა დონის ფეხბურთი აქვს ნათამაშები მურთაზ შელიას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამწვრთნელო შტაბში ისეთ ხალხთან მიწევს მუშაობა, როგორებიც დათო გვარამაძე და გელა ინალიშვილი არიან. ორივე ყოფილი ფეხბურთელია და სამწვრთნელო საქმიანობაშიც პირველ ნაბიჯებს ახლა დგამენ. რაც მთავარია, ორივეს ფეხბურთი უზომოდ უყვარს...
http://www.opentext.org.ge/09/lelo/183/183-7.htm