მურთაზ შელია: ამ ყველაფერს სხვა მიზანი აქვს, სპარტაკი და სიონი მხოლოდ ფონის შესაქმნელად გაწირეს
მერაბ მამულაშვილი
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომისიისა და პროფლიგის მიერ გატანილ გადაწყვეტილებას, ბოლნისის ?სიონისა? და ცხინვალის ?სპარტაკის? შეხვედრის გარიგებულად გამოცხადების თაობაზე, სკანდალური გაგრძელება აქვს. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე, რომლის პატრონობითაც რეგიონის ორი გუნდი, რუსთავის ?ოლიმპი? და ბოლნისის ?სიონი?, დაშლას გადაურჩა, ხსენებულ გადაწყვეტილებას ?აბსურდულსა და სასაცილოს? უწოდებს.
ბოლნისის ?სიონის? ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, ცხინვალის ?სპარტაკში? კი მომხდარს ისეთი რეაქცია მოჰყვა, რასაც ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. ამ ყველაფერს ?სპარტაკის? ვიცე-პრეზიდენტ მურთაზ შელიასთან ინტერვიუდან შეიტყობთ...
- გულახდილად ვილაპარაკოთ. როცა გუნდს ასეთ ბრალდებას წაუყენებენ, როგორც მინიმუმ, იმიჯი უფუჭდება...
- მთელი სერიოზულობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და თამაშების ყიდვა დავიწყეთ. იმდენი ფული გვაქვს, არც ვიცით, სად და რაში დავხარჯოთ. ჰოდა, მოწინააღმდეგეს ვერ მოვიმადლიერებთ?! რაზეა ლაპარაკი?!
- ხუმრობა კარგია, მაგრამ კლუბი სერიოზულად დასაჯეს...
- არ მაინტერესებს იმ ხალხის აზრი, ვინც ჩემპიონატის მატჩებს არ ესწრება და ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცებს სამომავლოდ ქულების დაწერა სურდათ და ამ სურვილს ჩვენ გადაგვაყოლეს. წავიდეთ მე და თქვენ საქართველოს ჩემპიონატის იმ შეხვედრაზე, რომელშიც ?სპარტაკის? კონკურენტი თამაშობს. ორი აზრი არ არის - თამაში არ მომეწონება და ვიტყვი, ესენი უემოციოდ თამაშობენ, ჩაწყობილი მატჩია-მეთქი და ამის საფუძველზე კლუბს დასჯიან. და სწორი იქნება ეს? არ იქნება მაგარი აბსურდი? რაიმე არგუმენტი გააჩნიათ, გარიგება რომ დაამტკიცონ? მომხდარმა ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვოვა ხაჩიძე იმდენად ააღელვა, წასვლას აპირებს - ასეთი შეურაცხყოფილი ცხოვრებაში არ ვყოფილვარო. რაში სჭირდებოდა თამაშის ყიდვა ცხინვალის ?სპარტაკს?, რომელიც უმაღლესი ლიგიდან არ გავარდება და არც ევროთასებზე მოხვედრის შანსი აქვს?! ამიხსნას ვინმემ ეს და ავწევ ხელებს. თანაც, თამაშს ვყიდულობ გუნდისგან, რომელიც აუტსაიდერებშია და ქულები თავად სჭირდება. იქნებ, ვინმემ იპოვოს ამაში ლოგიკა. დამნაშავე არასდროს იტყვის, რომ დამნაშავეა, მაგრამ მე ნამდვილად არ მსურს სიბინძურეში მონაწილეობა და ტყუილად ნუ დაგვაბრალებენ.
- წეღან ახსენეთ, ხაჩიძე გუნდიდან წასვლას აპირებსო. ჩვენ გვითხრეს, რომ დღევანდელ ვარჯიშზე არ მოსულა ?სპარტაკის? პრეზიდენტი და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი. ის იმედგაცრუბულია და შესაძლოა, კლუბის დაფინანსებაზე უარი თქვასო...
- გამორიცხული არ არის. კაცმა ასეთი მადლი გააკეთა, ამდენი ქართველი დაასაქმა და ასე ვუხდით მადლობას? მას თავისუფლად შეეძლო, გამოყოფილი თანხები სულ სხვა მიმართულებით გამოეყენებინა, მაგრამ ქართული ფეხბურთის სამსახური ამჯობინა. აფხაზეთის მთავრობას სამჯერ მეტი დაფინანსება აქვს და გუნდს მაინც ვერ ინახავს. თუ ქართული ფეხბურთის გადარჩენა ასე წარმოგვიდგენია, ყოჩაღ ჩვენ!
- არავინ იტყვის, რომ ჩაწყობილ მატჩში მონაწილეობდა. არსებობს გარკვეული საფუძველი - სადისციპლინო კომიტეტის წევრ თემურ ღაღანიძის თქმით, ფეხბურთელებს ემოცია არ ეტყობოდათ...
- ეს ?ლელოში? მეც წავიკითხე - ფეხბურთელთა დანაშაული იკვეთებაო. ამ ბავშვებს რაღას ერჩიან, ასე ტყუილად რომ ადანაშაულებენ?
- თუმცა გარკვეული ლოგიკაც არსებობს - მოთამაშემ გოლის ან გამარჯვების სიხარული არ უნდა გამოხატოს?
- აქ გოლზე კი არა, ჩემპიონობაზეც არ გამოხატავენ ემოციებს. ეს არ არის ინგლისი ან იტალია და რა გვიკვირს? გოლს ტრიბუნაზე ავარდნით არ აღნიშნავენ, მაისურას არ იხდიან და ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ თამაში ჩაწყობილია?! მე ?სპარტაკში? ფულის საკეთებლად არ მივსულვარ, ფინანსურად არ მიჭირდა, მაგრამ ქართული ფეხბურთის გასაჭირს გვერდიდან ვერ ვუყურებდი და ნიჭიერი ბავშვების წარმოჩენა მსურდა, ისევე, როგორც დიმიტრი სანაკოევს. ჩემზე უკეთ ვინ იცის, რომ ამ ყველაფერს სხვა მიზანი აქვს, ?სპარტაკი? და ?სიონი? მხოლოდ ფონის შესაქმნელად გაწირეს.
- მოდით, ნუ ვიკამათებთ იმაზე, რომ ქართულ ფეხბურთში ბევრი სიბინძურეა...
- ...და რაღა მურთაზ შელიასა და ცხინვალის ?სპარტაკს? მიახტნენ? იმიტომ დავიწყე ფეხბურთში მუშაობა, რომ ეს საქმე მიყვარს და მჯერა, ჩვენი თაობა ამ სფეროში წესიერებასა და წესრიგს დაამყარებდა. ბევრი რამ გამოგვდის, ბევრიც - ვერა, მაგრამ მე კარგს ვცდილობ და ამის პასუხად ტალახს ვერ მოვითმენ. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ და მანამდე ვერ მოვისვენებ, სანამ არ იტყვიან, რომ ცილი დაგვწამეს. მეც არ მგონია, რომ ?სპარტაკი? იდეალურად თამაშობს, არ გვყავს მაღალი დონის შემსრულებლები, მაგრამ ამის გამო გარიგებაში მონაწილეობა უნდა დაგვაბრალონ? გადახედეთ, ტრიბუნები ცარიელია, საშინელი ამინდებია და ასეთ დროს ფეხბურთელს როგორ მოვთხოვო განსაკუთრებული ემოცია?!
- თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოაშკარავდეს მატჩის ჩაწყობა?
- (იცინის) საქართველოში თამაშის ჩაწყობა რა საჭიროა? ფულიანი გუნდების ფეხბურთელები დარბიან, უფულოებისა ვერ დარბიან და შედეგიც წინასწარაა გარკვეული. გუშინ გამწარებული ვიყავი, დღეს ცოტათი ხასიათზე მოვედი და მეგობარი მეხუმრებოდა - ჩვენთან ხომ ფიზიკური მომზადება დაბალ დონეზეაო? ასეა-მეთქი, ვუპასუხე. მერე? სირბილის დროს ფეხბურთელებს ენები აქვთ გადმოყრილი და ემოციებს როგორღა გამოხატავენო? ასეთ სტადიონებზე, უმაყურებლოდ, უხალისოდ, ათასი პრობლემით მიდიან სათამაშოდ და მართლაც არ აქვთ ის ემოცია, რომელიც ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ. ამიტომაც გარბიან უცხოეთში, თუნდაც, ბანგლადეშის ჩემპიონატი იყოს... ამის მიზეზი ჩაწყობილი თამაში კი არ არის, უბრალოდ, აქ თამაში არ ეხალისებათ.
- გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით, სარჩელს როდის შეიტანთ?
- თბილისის ?დინამოსთან? მატჩის შემდეგ მოვიცლით...
http://www.opentext.org.ge/10/lelo/038/038-12.htm