ჩემი ხასიათი რომ ვიცი, ღამე არ დამეძინება...
მერაბ მამულაშვილი
მურთაზ შელია საფეხბურთო ჩინოსნად პირველად დანიშნეს - ორიოდე დღეა, რაც საქართველოს ნაკრების, თბილისის ?დინამოს?, ?ალანიასა? და ?მანჩესტერ სიტის? ყოფილი მცველი ცხინვალის ?სპარტაკის? ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ეს ინტერვიუც სწორედ ამ თემას ეხება...
- კარგად გამიგეთ, ფულის პრობლემა არ მაქვს. დიმიტრი სანაკოევის წინადადება იმიტომაც გამიხარდა, რომ ფეხბურთი მიყვარს და ამ სფეროში მუშაობა მიხარია. მეორეც, სანაკოევი საქართველოსა და ფეხბურთზე გადაგებული კაცია და მისი მხრიდან ნდობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ასეთ ადამიანს გვერდში უნდა დავუდგე და ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ - საქმე კარგად უნდა გავაკეთო. ცხინვალის ?სპარტაკი? უნდა ჩამოყალიბდეს სოლიდურ, ბრძოლისუნარიან და ერთ-ერთ წამყვან კლუბად. მე სახელს ვუფრთხილდები და ვეცდები, ნდობა გავამართლო.
- რაკი ვიცეპრეზიდენტობა შემოგთავაზეს, გამოდის, დიმიტრი სანაკოევი კარგად გიცნობდათ...
- დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. ის ყოველთვის მენდობოდა. სიმართლე გითხრათ, მისმა შეთავაზებამ ძალზე დამაინტრიგა. საერთოდ, ჟინიანი კაცი ვარ და ყველა საქმის ბოლომდე და კარგად გაკეთება მსურს. ეს ჟინი მქონდა თამაშის დროს და ახლაც იგივე გრძნობა გამიჩნდა - ?სპარტაკი? ლიდერებში უნდა გავრიოთ.
- კონკრეტულად, რა პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ?
- სანაკოევმა გუნდი მთლიანად მე გადმომაბარა. ამიტომაც გადავწყვიტე სამწვრთნელო შტაბის მთლიანად შეცვლა. საქმე ისე უნდა გავაკეთო, როგორც მე წარმომიდგენია. მთავარ მწვრთნელად ვლადიმერ ხაჩიძე დავნიშნე, კაცი, რომელიც ფაქტობრივად არაფრისგან გუნდს ქმნის - სადაც იმუშავა, ყველგან შედეგი ჰქონდა. კარგად მახსოვს მისი ?ვიტ ჯორჯია? და ?ბორჯომი?, რომლებიც ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდები გახდნენ, ?ბორჯომი? ლამის სამეულში შეიყვანა... ?გაგრა? გამონაკლისია, მაგრამ ეს მაინც სხვა თემაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკრაინაში პროლიცენზიას ტყუილად ხომ არ არიგებენ? ვოვა წესიერი და მცოდნე კაცია, სელექცია მთლიანად გადავაბარე და მის საქმეში ჩარევას არ ვაპირებ - თავად უკეთ იცის, გუნდი როგორ დააკომპლექტოს.
- გასულ წელს ?სპარტაკს? უმაღლესლიგელებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჰქონდა. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, კლუბის დაფინანსება არ შემცირებულა?
- რა თქმა უნდა, ცარიელ ადგილზე არ მივსულვარ. საკმაოდ კარგი პირობები გვაქვს და ხუთეულში მოსახვედრად უნდა ვიბრძოლოთ.
- როგორც შევიტყვეთ, გუნდის შემადგენლობაში საკმაოდ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი...
- ფაქტობრივად, ახალ გუნდს ვაყალიბებთ. ორიოდე დღეში შევხვდები მწვრთნელთა საბჭოს და გადაწყდება, ვის დავიმატებთ.
- ?სპარტაკში? დანიშვნა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდული ნაკრებიდან მოდიხართ?
- იქაც ვიმუშავებ და გარწმუნებთ, ამით ნაკრების საქმე არ გაფუჭდება. ჩემთვის ?სპარტაკსა? და ნაკრებში მუშაობა სიამოვნებაა და არა - ფულის შოვნის გზა. ოთარ გაბელიამ მითხრა, გვჭირდები, უნდა დარჩეო. გაბელია ავტორიტეტია და უარს როგორ ვეტყოდი? ბოლოს და ბოლოს, კლუბში მუშაობა თამაშებზე სისტემატურ დასწრებას ნიშნავს, ნაკრებისთვის კანდიდატებს დავაკვირდები და გაბელიას ყოველ ტურში საჭირო ინფორმაციას მივაწვდი.
- ფეხბურთში და, მით უფრო, საქართველოში, მთავარი შედეგია, მაგრამ როგორი ფეხბურთი გსურთ ?სპარტაკისგან??
- არ ვიცი, საბოლოოდ რა გამოვა, მაგრამ მეც, მთავარ მწვრთნელსაც და მთელ ჩემს გუნდსაც გვსურს, რომ ?სპარტაკმა? ლამაზი, შემტევი ფეხბურთი ითამაშოს და არა - მხოლოდ შედეგსა და ტაბლოზე გათვლილი სქემებით. ჩემი ხასიათი რომ ვიცი, გუნდი გუნდს თუ არ დაემსგავსა, არ დამეძინება.
- საქართველოში ყველა გუნდს ჰყავს გულშემატკივარი - ზოგს ბევრი, ზოგსაც ნაკლები, მაგრამ ცხინვალის ?სპარტაკის? საშინაო მატჩებზე ტრიბუნა ყოველთვის ცარიელია. არადა, გორის შემოგარენი ცხინვალის რეგიონის ლტოლვილებითაა სავსე...
- გუნდი აუტსაიდერებს შორის იყო და ვინ ივლიდა თამაშებზე? როცა წარმატებებს მივაღწევთ, გულშემატკივარიც შემოგვეჩვევა. საერთოდ, ამაზე გუნდის მენეჯმენტმაც უნდა იზრუნოს. მჯერა კიდეც, რომ ?სპარტაკი? შინიდან უბრძოლველად ქულასაც არავის გაატანს.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/152/152-5.htm