ინტერვიუ დინამოს გაბონელებთან:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რუბრიკა _ ლეგიონერი
`დინამოს” გაბონური იმედი
აკირემი და ოვონო საერთაშორისო წარმატებაზე ოცნებობენ
წინასასეზონოდ თბილისის `დინამოს” სამი ახალი ფეხბურთელი დაემატა, მათ შორის ორი გაბონის ნაკრების მოთამაშე _ მეკარე დიდიე ოვონო და თავდამსხმელი ჯორჯ აკირემი არიან. ორივე მათგანმა უეფას თაისის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში პირველად ითამაშა, აკირემმა თავიც კი გამოიჩინა და გოლი გაიტანა.
ეს ტრანსფერი `დინამოში” გია გურულმა საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის ალენ ჟირესის დახმარებით განახორციელა, რომელიც ამჟამად გაბონის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
დიდიემაც და ჯორჯმაც `დინამოსთან” 3_წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
თუ როგორ გრძნობენ თავს საქართველოში ეგზოტიკური ქვეყნის შვილები, ამაზე თავად ფეხბურთელები გვესაუბრნენ. ინტერვიუს ასევე ესწრებოდა გია გურული და მასაც რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.
`რეზონანსი”: როგორ მოხვდით `დინამოში”?
ჯორჯ აკირემი: `დინამოსთან” ჩემი მეგობრის აგენტმა დამაკავშირა, რომელიც `ზესტაფონში” თამაშობს. ასევე გაბონის ნაკრების მწვრთნელმა ალენ ჟირესმა და გია გურულმა განახორციელეს ჩვენი ტრანსფერი.
`რ”: `დინამოზე როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
ჯ.ა: სანამ აქ ჩამოვიდოდით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდით არც საქართველოს და არც `დინამოს” შესახებ. თუმცა როდესაც გუნდში მოვედი, ვნახე, რამდენად დიდი ტრადიციების კლუბია და მე ვცდილობ, ბევრი ვიშრომო იმისთვის, რომ ვითამაშო კარგად.
`რ”: როგორ ფიქრობთ გაქვთ შანსი `დინამოდან” უფრო ძლიერ გუნდში მოხვდეთ?
დიდიე ოვონო: ყველა ფეხბურთელს აქვს ამბიცა, რომ უფრო ძლიერ გუნდში ითამაშოს. მაგრამ დღეს ჩვენ აქ ვთამაშობთ და მარტო `დინამოზე” ვფიქრობთ. მინდა, რომ `დინამოსთან” ერთად მივაღწიო წარმატებას.
`რ”: უეფას თასზე პირვლად ითამაშეთ, რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?
ჯ.კ: ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, რომ მეთამაშა უეფას თასზე. ოცნება ამიხდა, თან გოლი გავიტანე და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება.
დ.ო: ჩემთვისაც ბედნიერება იყო უეფას თასზე თამაში. ყველაფერი გავაკეთე, რომ კარგად მეთამაშა და ეს მოვახერხე კიდეც. თუმცა ჩემთვის არ ყოფილა პირველი საერთაშორისო ტურნირი, რადგან `დინამომდე” ვთამაშობდი ამერიკაში და პორტუგალიაში. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ `დინამოსთან” ერთად ვითამაშე უეფას თასზე და კარი მშრალად შევინახე.
`რ”: თავად `ვადუცთან” თამაშზე რას იტყვით?
ჯ.ა: თავიდან ყველა ამბობდა, რომ ადვილი თამაში იქნებოდა. როდესაც შეხვედრა დაიწყო ასე არ აღმოჩნდა, საკმაოდ რთული მატჩი იყო, ძალიან ბევრი საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. `ვადუციც” ჩვენი ტაქტიკით თამაშობდა, ამიტომ გაგვიჭირდა თამაში.
დ.ო: საკმაოდ რთული და დაძაბული მატჩი იყო. `ვადუცი” ქულის წასაღებად იყო ჩამოსული და მხოლოდ მოგებისთვის იბრძოდა. ჩემი აზრით ყველანი ერთ გუნდად უნდა ვიყოთ შეკრული. იქ რომ ჩავალთ აუცილებლად უნდა მოვიგოთ და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე.
`რ”: `დინამოზე” კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ, ფეხბურთელებს როგორ დაახასიათებდით და თუ დაუმეგობრდით ვინმეს?
ჯ.ა: როდესაც `დინამოში” მოვედი ყველა მეგობრულად დამხვდა. ყველანაირად მეხმარებიან, რათა ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო და `დინამოში” თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ.
დ.ო: `დინამოში” ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. მე ინგლისური ვიცი და მოთამაშეებთან ურთიერთობა შემიძლია, ვმეგობრობ და ამ ერთი თვის განმავლობაში ყველას დავუმეგობრდი.
`რ”: თუ დაათვალიერეთ თბილისი?
ჯ.ა: დათო ოდიკაძემ წაგვიყვანა ფუნიკულიორზე, საიადანაც მთელი თბილისი ჩანდა.
`რ”: ქართულ სამზარეულოზე რას იტყვით?
დ.ო: დათო გაგვასინჯა ქართული სამზარეულო, მაგრამ მე სხვა ქვეყანაში იქაურ საჭმელს ვერ ვჭამ, ამიტომ მაქდონალდის საჭმელებს ვარ ძირითადად.
`რ”: როგორ დაახასიათებთ აკირემსა და ოვონოს?
გია გურული: ოვონო საკმაოდ კარგი მეკარეა. ცნობილი კამერონელი მეკარე ეკონე ჩემი მეგობარია, რომელიც დიდიეს პატრონობს. მან საკმაოდ კარგად დაახასიათა ოვონო და როცა ვნახე მოლოდინსაც კი გადააჭარბა.
რაც შეეხება აკირემს, ჟირესმა დამიხასიათა _ ძალიან კარგი პიროვნებაა, შრომისმოყვარე ადამიანი არის.
პირველ თამაშზე მან თავისი მაქსიმუმი ვერ გამიავლინა, რომელიც მას ახასიათებს. ეს იმიტომ რომ ერთი კვირის მანძილზე სტრესის ქვეშ იმყოფებოდა _ ტრანსფერის ფურცელი მოვიდოდა თუ არა. მაგრამ თავისი სიტყვა მაინც შეასრულა და გოლი გაიტანა.
`რ”: უახლოეს მომავალში სხვა ფეხბურთელების ჩამოყვანას თუ გეგმავთ?
გ.გ: საუბარი ერთ თავდამსხმელზე არის, ოღონდ `დინამოში” არა. ოვონომ და აკირემ ისე კარგად ითამაშეს, რომ ვინც ცოტა შეძლებული გუნდია, ისინი დაინტერესდნენ. ასე, რომ შესაძლებელია საქართველოს ჩემპიონატს ერთი-ორი გაბონელი ფეხბურთელი შეემატოს.