ნიკო პატარქალიშვილი: “ვინმე რომ ქართული ფეხბურთის მესვეურთაგანაც ამომდგომოდა გვერდში...…”
შაბათს, ეროვნულ სტადიონზე გამართული ამხანაგური მატჩი საქართველოსა და არგენტინის ვეტერან ფეხბურთელთა შორის, ნიკო პატარქალიშვილმა მოაწყო. ამ შეხვედრას, ცნობილი საფეხბურთო ვარსკვლავის, დიეგო არმანდო მარადონას მონაწილეობა, ისტორიულობას სძენს. თბილისში შემდგარი თამაში, უნაკლოდ ორგანიზებისაგან ცოტა შორს იდგა, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. სწორედ ამ მიზეზებსა და კიდევ არაერთ საინტერესო გარემოებაზე, “მსოფლიო სპორტს” თვით აღნიშნული პროექტის ინიციატორი ესაუბრა.
- ბატონო ნიკო, დიეგო მარადონამ საქართველო უკვე დატოვა?
- დიეგო თბილისიდან, ორშაბათს გამთენიისას გაფრინდა ამსტერდამის რეისით. იქაური დროით დილის 8 საათზე ჩაფრინდება და სამშობლოში გამგზავრებამდე, მოსასვენებლად სასტუმროს ნომერიც ავუღე. ასე რომ, ინფორმაცია, თითქოს გულმოსულმა დიეგომ საქართველო მატჩის დამთავრებისთანავე დატოვა, ჭორია და მეტი არაფერი.
- მარადონა საქართველოში ჩამოვიდა და ფეხბურთიც ითამაშა. ამ საქმეს თავი კარგად გაართვით, მაგრამ მატჩის გამართვის ორგანიზაციული მხარე უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
- გეთანხმებით, დიეგო ჩამოვიდა და ცარიელი ტრიბუნები დავახვედრეთ. ეს მარტომ, რამდენიმე ჩემი დამხმარეს მეშვეობით მოვახერხე და ვინმე რომ ქართული ფეხბურთის მესვეურებიდანაც ამომდგომოდა გვერდში, წარმოიდგინეთ, როგორ სურათს მივიღებდით.
- ყველაფერს მატჩზე დასასწრები ბილეთების სიძვირით ხსნიან და ხომ არ აჯობებდა, ფასი დაბალი ყოფილიყო და ტრიბუნებიც გაივსებოდა.
- აქ სიძვირეზე არაა ლაპარაკი. მერე ხომ გადავწყვიტეთ და გავაიაფეთ - თამაშის დღეს ყველაზე ძვირიანი ბილეთი 50 ლარი ღირდა.
- ცოტათი გვიანი ხომ არ იყო?
- არანაირად გვიანი არ იყო, ჩვენ ტელევიზიებით გამოვაცხადეთ და ხალხმაც იცოდა, რომ 50 ლარზე იაფადაც შეეძლო ბილეთის შეძენა. ფაქტია, რომ 10-ლარიანი ბილეთებით ყველას ვერ დავაკმაყოფილებდით. რაც ამ მოკლე ხანში მოვახერხეთ და დიეგოს საქართველოში ჩამოყვანა შედგა, ცუდი შედეგი არ უნდა იყოს. ის პრობლემები რაც იყო, ყველაფერი მოგვარებადია.
- გამოდის, მარადონასთან დაკავშირებული პროექტი გრძელდება.
- ჩვენ არგენტინასთან არ ვწყვეტთ ურთიერთობას და მომავალში პროექტი ქომაგებთან მიმართებაში გაგრძელდება. 150-მდე გულშემატკივარი “აირზენათი” უნდა ჩავიყვანოთ არგენტინის ჩემპიონატის ფინალურ მატჩებზე. მომავალი წლის ივნისში, თბილისში “დიეგოს თასის” გათამაშება გვინდა გავმართოთ. წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ ანალოგიურ ლაფსუსებს ადგილი აღარ ჰქონდეს.
- ეს ტურნირი საკლუბო დონის იქნება თუ სანაკრებო?
- არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ახალგაზრდულ ნაკრებებს დაემატება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. სულ 6 მატჩი უნდა გაიმართოს და აქედანვე იქნება ისეთი გათვლა, რომ ბილეთის მაქსიმალური ფასი 15 ლარს არ გადააჭარბებს. ვიმედოვნებთ, სწორი ორგანიზების შემთხვევაში, ყველა თამაში მაყურებლით სავსე ტრიბუნების თანხლებით ჩაივლის. ჩვენს გუნდში ის ფეხბურთელებიც ითამაშებენ, რომლებიც არგენტინაში უკვე მიმდინარე პროექტში არიან დაკავებული. ასეთი სულ 10 ახალგაზრდა ემზადება იქაურ საფეხბურთო აკადემიაში, რომელთაგან 2 უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავია და მათ ყველა “დიეგოს თასის” გათამაშებაზე იხილავს საქმეში. სხვათაშორის, ეს ტურნირი წლეულს სექტემბერში გვინდოდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ ომმა შეგვიშალა ხელი.
- მოდით, ისევ შაბათის მატჩს დავუბრუნდეთ. მატჩის დაწყება რატომ დაგვიანდა?
- დელეგაციის რამდენიმე წევრს მატჩზე მოსვლა დააგვიანდა. წარმოიდგინეთ, ბუენოს-აირესიდან ცხრასაათიანი ფრენის შემდეგ ჩამოფრინდნენ პარიზში - იქ გაიარეს, გამოიარეს, ყავა დალიეს და მირეკავენ, თვითმფრინავს ჩამოვრჩით და როგორ გავფრინდეთ ამსტერდამშიო. ამ ყველა პრობლემას მათ მე ვუგვარებდი. იგივე შეემთხვა მანამდე კანიჯას - ესპანეთიდან პარიზში ჩასულს, საქართველოდან ჩამოსვლის პრობლემებს მე ვუჭრიდი.
- ე.ი. ის ამბავიც ჭორია, თითქოს მარადონამ ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში იუკადრისა?
- ეს არ არის მართალი. დიეგო აქ ჩამოვიდა ხალხისთვის და მათ გასახარებლად. პირიქით, მან თქვა - მე უნდა ვითამაშოო. ასეც რომ ყოფილიყო და მას ცარიელი ტრიბუნების გამო არ უნდოდა მოედანზე გამოსვლა, ის მოიწვევდა პრესკონფერენციას და აუცილებლად გაახმაურებდა თავის გულისტკივილს.
- ფაქტია, რომ მარადონას ამ ვიზიტს კომერციული მხარე ჰქონდა. ალბათ, “ბორის პაიჭაძის” ფაქტობრივად ცარიელი ტრიბუნები გარკვეულ პრობლემებს შექმნიდა.
- დიეგო თავისით არასდროს არ ითხოვს ფულს, ის ფეხბურთს თამაშობს. მას ამ საქმისთვის ჰყავს წარმომადგენელი, რომელთანაც ყველა პრობლემა მოგვარდება. აი, ივნისში რომ ტურნირი ჩატარდება, თუკი ახლავე დავიწყებთ ორგანიზებას, ექვსივე თამაშზე თავისუფალი ადგილი არ დარჩება ტრიბუნებზე.
მთავარი იყო, რომ დიეგო ჩამოვიდა და ამით ბევრი ქართველი ფეხბურთელის და სპეციალისტის ოცნება ასრულდა. როგორი გახარებული იყო რეზო ძოძუაშვილი და სხვა ვეტერანი სპორტსმენები. მგონი, ღირდა ყველაფერი იმად, რომ ამდენი გახარებული ადამიანი გვენახა, თუმცა, შეიძლებოდა მათი რიცხვი გაცილებით მეტიც ყოფილიყო.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=13723
მიმაგრებული სურათი