ლოკომოტივის ხელმძღვცანელობას არ მოსწონებია მათი კლუბის მიმართ გამოტქმული ბრალდებები და პრესკონფერენცია მოიწვიეს.
კიკნაძე მტკიცებულებებსა და სამაგალითო სასჯელს ითხოვს
ინტერტოტოს თასის პირველი ეტაპის განმეორებითმა მატჩმა, რომელიც თბილისის “ლოკომოტივმა” ლუქსემბურგის “ეტცელასთან” ფრედ 2:2 დაასრულა, სპორტული მასმედიისა და საზოგადეობის გარკვეულ ნაწილში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. კერძოდ, მინიშნება იყო იმაზე, რომ “ლოკომოტივმა” “ტოტალიზატორზე ითამაშა” და მომდევნო ეტაპზე შეგნებულად არ გავიდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს, “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კიკნაძემ, მისმა ასისტენტმა ზაზა ზამთარაძემ, თბილისელთა ფეხბურთელებმა რატი ალექსიძემ და ვიტალი დარასელიამ პრესკონფერენცია გამართეს.
კიკნაძის თქმით, გარიგებულ მატჩში მონაწილეობაში “ლოკომოტივის” დადანაშაულება უბრალოდ ცილისწამებაა, რის გამოც, პიროვნებები, რომლებიც ამ სიბინძურეებს ავრცელებენ, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ.
“შედეგით უკმაყოფილო ვართ და თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ თამაში “ჩაწყობილი” იყო. ქართულ ფეხბურთს ისედაც ცუდი იმიჯი აქვს და ასეთი ცილისწამება საშინელებაა. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დატოვებას ძლივს გადავურჩით და ინტერტოტოს თასზე მონაწილეობის მიღება დაგეგმილი საერთოდ არ გვქონია. ამას იმიტომ დავთანხმდით, რომ ყველა ქართულმა გუნდმა აღნიშნულ ტურნირში თამაშზე უარი თქვა.
ალბათ, გახსოვთ თბილისის “დინამოს” როგორ გაუჭირდა ლუქსემბურგის “გრევენმახერთან” ორი მატჩის ჯამში გამარჯვება. მაშინ, დინამოელთა შემადგენლობაში თავად ვთამაშობდი. ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა და შემდეგ ეტაპზე გასვლას წინასწარ ვერ დაგეგმავ. თუნდაც, ის გავიხსენოთ, როგორ გაუძნელდა საქართველოს ნაკრებს თბილისში ფარერების ეროვნული გუნდის დამარცხება. საფეხბურთო თვალსაზრისით, ლუქსემბურგი, ფარერები და ანდორა ხელწამოსაკრავი ქვეყნები აღარ არიან. იმის გამო, რომ მეორე ეტაპზე ვერ გავედით, ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. როგორც ფეხბურთელებმა, ასევე, ჟურნალისტებმა ქართული ამბიციები ცოტა უკანა პლანზე უნდა გადავწიოთ. რაც შეეხება “გაყიდულ” თამაშებს, არ მიმაჩნია სერიოზულ ჟურნალისტად ვინც ამაზე წერს და ვერ ამტკიცებს. ამიტომ, ასეთ ადამიანს პასუხი უნდა მოეთხოვოს. ვიდრე მე გუნდში ვარ, მსგავსი სიბინძურეები არ მოხდება. თუ ვინმეს აქვს დამამტკიცებელი საბუთი, რომ “ეტცელასთან” მატჩი “ჩაწყობილი” იყო, გვითხრას და შესაბამის ზომებს მივიღებთ. კრიტიკა გასაგებია, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ამ შემთხვევაში, პირდაპირ ბრალს გვდებენ და ეს პიროვნებები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, რათა მომავალში ასეთი სიბინძურეები აღარ გაგრძელდეს. თამაშის შემდეგ, “ეტცელას” მთავარი მწვრთნელი ჩემთან მოვიდა და მითხრა - “უნდა მოგეგოთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავედით” - განაცხადა კიკნაძემ.
ზამთარაძის თქმით, განვლილ შეხვედრაში “ლოკომოტივს” ფორტუნამ ზურგი აქცია.
“თამაშის შემდეგ, “მკვდრებივით” ვიყავით და მარცხი ძლივს გადავიტანეთ. ვინც შეხვედრას უყურა, დაინახავდა, რომ ფორტუნამ ზურგი გვაქცია. 4:1 ან 5:1 უნდა მოგვეგო, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. “ეტცელასთან” მატჩის მოგება თავისუფლად შეგვეძლო და მეორე წრეში “სატურნს” უფრო მომზადებული შევხვდებოდით”.
თბილისელთა თავდამსხმელის რატი ალექსიძის თქმით, იგი ფეხბურთს, მოედანზე, და არა ტოტალიზატორში, სათამაშოდ დაუბრუნდა: “ვიდრე ამ გუნდში ვარ, მსგავსი რამ არ მოხდება. ჩვენ თუ არ ვიცით, გუნდში რა სიტუაციაა, მაშინ კარგად ყოფილა საქმე! ფეხბურთში არა ტოტალიზატორში, არამედ მოედანზე სათამაშოდ დავბრუნდი. თამაშის შემდეგ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ერთი კვირა სადმე დასასვენებლად მინდოდა წასვლა. მე-3 და მე-4 გოლი რომ გაგვეტანა, ყველანაირი ეჭვი გაქარწყლდებოდა. საერთოდ, ძნელია ასეთი სიბინძურეების მოსმენა”.
დარასელიამ აღნიშნა, რომ “ლოკომოტივს” ლუქსემბურგული ბარიერი უნდა დაეძლია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. როგორც გაირკვა, იგი ტრავმირებული ყოფილა და “ეტცელას” წინააღმდეგ თამაში, მხოლოდ გამაყუჩებელი ნემსის გაკეთების შემდეგ შეძლო.
პ.ს. კიკნაძეს ეტყობა ეს დღეებია ცუდად ძინავს და ძველი თამაშები ავიწყდება. დინამოსაც გასჭირვებია ორი მატცის ჯამში თურმე გრევენმახერის გაგდება

პირველი მატჩის თბილისში 4:0 მოგების შემდეგ, სტუმრად 2:2 დაასრულეს და თურმე ეს დიდი გაჭირვებით მეტოქის გაგდება ყოფილა