გიორგი კიკნაძე: “ომმა, აწყობილი მოსამზადებელი პროცესი აგვირია”
თბილისის “ლოკომოტივს” დიდი ძალისხმევა დასჭირდა საიმისოდ, რომ გასული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ადგილი უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში შეენარჩუნებინა. არადა, იყო დრო, როცა გუნდს შპს “საქართველოს რკინიგზა” პატრონობდა, “ლოკომოტივი” ორჯერ (2001, 2002) ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ (2002) ეროვნული თასის მფლობელი გახდა. წარმატება ახალი სპონსორის - “სილქ-როუდ გრუპის” მოსვლის შემდეგაც იყო, როცა 2005 წელს გუნდმა დავით ყიფიანის სახელობის თასი ერთხელაც მოიპოვა. თუმცა, მას შემდეგ “ლოკომოტივი” საჩემპიონო რბოლაში მე-8 ადგილს მაღლა ვერ აშორდა.
“ლოკომოტივს” წლეულსაც გიორგი კიკნაძე უთავკაცებს. არცთუ შორეულ წარსულში თბილისის “დინამოს” წამყვანი ნახევარმცველი, 30 წლის ასაკში უმაღლესი ლიგის გუნდის გამწვრთნელი ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი გახდა. 2006-07 წლების სეზონის პირველ წრეში, მან და ზაზა ზამთარაძემ რუსთავის “ოლიმპში” იმუშავეს და საკმაოდ წარმატებით – გუნდი ერთპიროვნული ლიდერი იყო. იმ ჩემპიონატის მეორე წრის ორი მატჩი, დუეტმა ქუთაისის “ტორპედოში” გაატარა და იქედან თბილისის “ლოკომოტივში” მისულები, მეტად არსად წასულან.
“მსოფლიო სპორტთან” საუბარი გიორგი კიკნაძემ სეზონისთვის მზადების პერიპეტიებით დაიწყო.
- ომის დაწყებამდე ურეკის შეკრების გავლა მოვასწარით. ფიზიკური მომზადების პარალელურად საკონტროლო შეხვედრებიც გავმართეთ. ჯერ ფოთის “კოლხეთს” მოვუგეთ 4:2, მერე საჩხერის “ჩიხურას” 3:2 და ბოლოს ბოლნისის “სიონთან” 0:0 ვითამაშეთ. ომით გამოწვეულმა არეულობამ, მთელი მზადების პროცესი თავდაყირა დააყენა – საგურამოს ბაზაზე წასულებს, უკან დაბრუნება მოგვიწია და დიღომში განვაგრძეთ. კი, საწვრთნელი პროცესი, როგორც ჩვენ აგვერია, ისე მოუვიდათ სხვა ქართულ გუნდებს. ბუნებრივია, კარგი იყო, ყველაფერი ასე არ მომხდარიყო.
ამხანაგური მატჩები ომის შემდეგაც ჩავატარეთ - “ვიტ ჯორჯიას” მეორე გუნდთან 0:0 ვითამაშეთ, “გაგრას” 5:0 მოვუგეთ და კვლავ “სიონთან” გვქონდა სპარინგი, რომელიც 2:3 წავაგეთ. ამას გარდა, თასის პირველ ეტაპზე დუშეთის “არაგვი” დავამარცხეთ 8:0, 2:3, ხოლო მერვედფინალის პირველ მატჩში “ჭიათურას” 3:0 ვძლიეთ.
- გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება შეძელით?
- პრაქტიკულად ყველა სეზონის ბოლომდე შევინარჩუნეთ. ერთადერთი, გიორგი ლომაიაა, რომელთანაც წლის ბოლომდე გავაფორმეთ კონტრაქტი. მის გარდა კიდევ სამი ფეხბურთელი დავიმატეთ - ბათუმის “დინამოდან” კახა მახარაძე, “ზესტაფონიდან” გიორგი ჭელიძე და “ოლიმპიდან” გიორგი კახელიშვილი. გამოგვაკლდნენ გიორგი გულორდავა და გიორგი კვახაძე.
- დამფინანსებლები მიზნად რას გისახავენ?
- უეფას თასზე გასვლას.
- მიზანი ერთია და სხვა გუნდების ფონზე, საკუთარ შანსებს როგორ შეაფასებდით?
- ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, ჩემპიონატი დაიწყება და ყველაფერი მაშინ გამოჩნდება. კიდევ გავმეორდები – ძალიან ცუდია, ჩემპიონატის დაწყების ვადებში რომ კორექტივები შეიტანეს (რა თქმა უნდა ობიექტურად). ახლა წლის ბოლო თამაში 28 დეკემბერს უნდა ვითამაშოთ.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=11900