ინტერვიუ გიორგი კიკნაძესთან:
http://www.msofsport.com/more.aspx?id=12596გიორგი კიკნაძე: “დროა ლომაია ნაკრებს დაუბრუნდეს”
თბილისის “ლოკომოტივი” თანაქალაქელ “ვეტერინარებთან” ერთად, ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს და გოლიც არ გაუშვია. გიორგი კიკნაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო ტურში, საქართველოს 13-გზის ჩემპიონს მოუგო და ამით 2005 წლიდან მოყოლებულ უსიამოვნო ტრადიციას წერტილი დაუსვა. რკინიგზელებს თბილისის “დინამოსთან” ზედიზედ 8 მატჩში ქულა არ აეღოთ.
“მსოფლიო სპორტი”, კლუბისთვის ამ ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთ შემოქმედს გიორგი კიკნაძეს ესაუბრა.
- დინამოსთან” 3 ქულის აღებას, გუნდისთვის ალბათ ერთგვარი ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც ჰქონდა.
- ძალიან საჭირო სამი ქულა ავიღეთ და ბუნებრივია, კმაყოფილი ვარ. “დინამოსთან” მოგება არასდროს ყოფილა იოლი და ალბათ ნახეთ, როგორი ძნელი თამაში გვქონდა ჩემპიონთან.
- მომავალ ტურში ერთპიროვნულ ლიდერთან მატჩი მოგიწევთ.
- ძნელია ორი ასეთი მძიმე მატჩის ერთ დონეზე ჩატარება, მაგრამ გუნდში საბრძოლო განწყობაა და “ვიტ ჯორჯიასთანაც” 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ. ჩემპიონატის დებულება ისეთია, მოდუნების საშუალება არცერთ გუნდს არ ეძლევა, ფაქტობრივად ყველა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ. არც “ვიტ ჯორჯიას” ჰქონდა იოლი მატჩი ცხინვალის “სპარტაკთან” წინა ტურში.
- “დინამოსთან” შეხვედრაში განსაკუთრებით ნახევარდაცვის მოთამაშეები გამოირჩეოდნენ.
- თუკი გიორგი ლომაიას იმ “სეივებს” არ ჩავთვლით, რომლებმაც სამი ქულა შეგვინარჩუნა, სხვა არავის გამოყოფა მსურს. ყველას თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. მთავარია, რომ შედეგი ვაჩვენეთ და ამისთვის ძალები რომ არავინ დაზოგა, ეს კარგად გამოჩნდა.
- ლომაიას ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება ხომ არ მოახლოვდა?
- ვთვლი, რომ მას შემდეგ რაც ლორიას შეემთხვა ნაკრებში თამაშებისას, ლომაია უნდა დააბრუნონ ეროვნული გუნდის კარში. ჩემი აზრით, იმ ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს ასეთი მაღალი რანგის მატჩებში, ვისაც მინიმუმ ოფიციალურ შეხვედრებში აქვს სათამაშო პრაქტიკა. მგონი, “დინამოსთან” თამაშის დროსაც გამოჩნდა, რომ ლომაია სათამაშო ფორმას არ უჩივის.
- ეროვნული ნაკრების თავკაცის მიერ საქართველოში მოთამაშე კანდიდატებისთვის ჩატარებულ ვარჯიშებზე რა აზრისა ხართ?
- ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია. როცა რატი ალექსიძე ნაკრებიდან დაგვიბრუნდა, გუნდის სხვა ფეხბურთელებთან შედარებით არც მოტივაცია აკლდა და არც სათამაშო ფორმა ჰქონდა ურიგო. იგივე შემიძლია ვთქვა, მისი და ლომაიას გასული სამშაბათის ვარჯიშიდან დაბრუნების შემდგომ კონდიციებზე.
- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ექტორ კუპერი ეროვნული ჩემპიონატის მწვრთნელებთან შეხვედრებსაც ხშირად აპირებს.
- ამ გზით ინფორმაციების გაცვლას ვემხრობი. რა თქმა უნდა, კლუბის მწვრთნელს გაცილებით ბევრი რამის თქმა შეუძლია ნაკრების მწვრთნელისთვის, ვიდრე ის მისი თანაშემწეებისგან მიიღებს. ვინ რა კონდიციებშია და როდის შეუძლია პიკის მიღწევა, ამას ჩვენზე უკეთ ნაკლებად თუ ვინმე გაუკეთებს პროგნოზს.
- ფაქტია, “ლოკომოტივი” ევროტურნირზე გასასვლელად იბრძოლებს. ამ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე რომელი გუნდები შეიძლება გახდნენ უხერხული ბარიერები?
- მე არ ვიტყოდი, რომ ამ ჩემპიონატში ვინმეს დაგეგმილი ქულების აღება წინასწარ ჰქონდეს გარანტირებული. პირველ ტურებშიც გამოჩნდა, რომ იოლი თამაშები არ არსებობს. ყველამ ნახეთ, როგორ მოუგო “გაგრამ” იგივე “დინამოს” და “მესხეთმა” “ზესტაფონს”. არა მგონია, ვინმეს ასეთი შედეგები ეწინასწარმეტყველა. რა თქმა უნდა, “ვიტ ჯორჯიას”, “ოლიმპს”, “სიონს” შედარებით ძლიერი შემადგენლობები ჰყავთ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა გუნდთან რომ მობილიზებული თამაშია საჭირო, ალბათ დამეთანხმებით.