ინტერვიუ ლოკომოტივის თავკაცთან:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნდობა, სტიმული და გამოცდილება
გია ტუხაშვილი
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები თუ ყოფილა, როცა უმაღლესი ლიგის გუნდის მთავარ მწვრთნელად 31 წლის სპეციალისტს უმუშავია. და აი, ამ სეზონში სწორედ ამდაგვარი რამ მოხდა: თბილისის ?ლოკომოტივის? გაძღოლა ახალგაზრდა მწვრთნელს გელა სანაიას მიანდეს! კლუბის ხელმძღვანელთა ამდაგვარი გადაწყვეტილება, შესაძლოა, ბევრს გაუკვირდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ახალგაზრდა სპეციალისტმა, მართლაც ჩინებულად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, როცა წინა ჩემპიონატში მის მიერ გაწვრთნილმა ?ლოკომოტივი-2?-მა მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში პირველი ადგილი დაიკავა. მაგრამ, მეორესა და უმაღლეს ლიგას შორის უდიდესი სხვაობაა, თუმცა, დებიუტანტი მწვრთნელი ასეთ გამოწვევას არ შეუშინდა და ალბათ, არც ის დღეა შორს, როცა ერთიანად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ?ლოკომოტივი? სატურნირო მდგომარეობას გამოასწორებს.
მოკლედ, უმაღლესი ლიგის მწვრთნელთა შორის ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი გვინდა ?უფრო ახლოდან? გაგაცნოთ; მით უფრო, რომ თავის სადებიუტო სეზონში გელა სანაიას გუნდმა ერთი-ორჯერ სასიამოვნო სიურპრიზიც შემოგვთავაზა...
- მწვრთნელობა 2001 წელს დავიწყე; თავდაპირველად, პატარებთან ვმუშაობდი - თბილისის ?მერანში?, ?ვიტ ჯორჯიაში?, 2006 წლიდან კი ?ლოკომოტივი 2-ში? მივედი.
- მწვრთნელისთვის აუცილებელ ლიცენზიას ფლობთ?
- რა თქმა უნდა - ჯერ B კატეგორია ავიღე, შემდეგ კი - A.
- ჩვენთან, ტრადიციასავით დამკვიდრდა - მწვრთნელის პროფესიას, როგორც წესი, ყოფილი ფეხბურთელები ირჩევენ; თქვენ კი, ალბათ, ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ხართ...
- ვიცოდი, რომ ამ კითხვას დამისვამდით. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მწვრთნელისთვის ხელშემწყობი ფაქტორია, როცა მდიდარი საფეხბურთო კარიერა ზურგს უმაგრებს; თუმცა, ჩემს შემთხვევაში, შრომითა და მონდომებით ვცდილობ ამ ?ნაკლის? კომპენსირებას - დიდი ფეხბურთი ხომ არასდროს მითამაშია... ამას გარდა, მუდამ ვცდილობ ანალიზი გავუკეთო ნებისმიერ შეხვედრას; საერთოდაც - მწვრთნელი მუდამ მუშაობის და ძიების პროცესში უნდა იყოს ჩართული.
- წინა სეზონში თქვენმა გაწვრთნილმა ?ლოკომოტივი 2-მა? მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში, ბევრისთვის მოულოდნელად, პირველი ადგილი დაიკავა.
- გუნდში ძირითადად 17-18 წლის ბიჭები მყავდა, როცა დანარჩენ მეტოქეთა შემადგენლობა ერთიანად გამოცდილი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. თან, არ დაგავიწყდეთ - ბიჭები, ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე თამაშობდნენ (არც - ხელფასი, არც - პრემია), სამაგიეროდ, სხვა სტიმული ჰქონდათ.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- იცოდნენ, რომ წარმატების შემთხვევაში რანგით მაღლა ავიდოდნენ, ანუ პირველ ლიგაში. ასეც მოხდა, მაგრამ ახალი სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ?ლოკომოტივის? ძირითადი გუნდის გაძღოლა შემომთავაზეს და რვა ფეხბურთელიც მეორე გუნდიდან წამოვიყვანე.
- ?ლოკომოტივის? ხელმძღვანელებს რა მოთხოვნები ჰქონდათ?
- მაშინაც და ახლაც, სრულ ნდობასა და მხარდაჭერას ვგრნობ კლუბის პრეზიდენტის - ლექსო თოფურიასგან. მწვრთნელისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს - მშვიდად რომ ეძლევა მუშაობის საშუალება. ამასთან, იმედი მაქვს, გუნდის ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება. ანუ, იმის საშუალება გვექნება, რომ მატჩის წინა დღეს გუნდი შეკრებაზე გადავიყვანოთ.
- რასაც ამჟამად მოკლებული ხართ...
- კვებისა და ტრანსპორტის პრობლემა არა გვაქვს; სამწუხაროდ, უშუალოდ მატჩის დღეს ვიკრიბებით და საერთოდაც, გუნდში ხელფასი მხოლოდ სამ-ოთხ ფეხბურთელს აქვს, დანარჩენები ენთუზიაზმზე თამაშობენ. თუმცა, არ მინდა, რომ ვინმემ წუწუნში ჩამითვალოს - მეც და ჩემს ფეხბურთელებს ჩვენი საქმე გვიყვარს; იმავე ახალგაზრდა და გამოუცდელი ბიჭებისთვის, უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა ხომ სტიმულზეც მეტია...
- ახლა კი, ამ ჩემპიონატზეც ვისაუბროთ.
- ფაქტობრივად, ჩემპიონატის დაწყებამდე ხუთი დღე იყო დარჩენილი, ძირითადი ბირთვი რომ გამოიკვეთა; ეგ კი არა, შეამჩნევდით, რომ უშუალოდ სეზონის მსვლელობისასაც გრძელდება გუნდის დაკომპლექტების პროცესი. რა მიხვედრა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი გუნდის პროგრამა-მაქსიმუმიცა და მინიმუმიც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს.
- მერე რამდენად მოახერხებთ ამას? ?ლოკომოტივის? ძირითად ბირთვს ხომ სრულიად ახალგაზრდა, გამოუცდელი ფეხბურთელები შეადგენენ.
- სატურნირო მდგომარეობაზე მეტად უფრო მნიშვნელოვნად სხვა რამ მიმაჩნია. თქვენ რომ ახსენეთ, ის ახალგაზრდა ბიჭებიც უდიდეს ნდობას გრძნობენ და საკმარისზე მეტი მოტივაცია აქვთ, როცა ?დინამოს?, ?ზესტაფონის?, ?ვიტ ჯორჯიასა? თუ ?ოლიმპის? წინააღმდეგ ასპარეზობენ. რა თქმა უნდა, გამოცდილ მოთამაშეებზე უარის თქმაც არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ავიღეთ და მჯერა, რომ სწორი გეზი ავირჩიეთ.
- ისე, ალბათ, თავშივე უნდა გვეკითხა: მეორესა და უმაღლეს ლიგას შორის, ალბათ, ძალიან დიდ სხვაობას აღმოაჩენდით.
- ამას ბიჭებიც მალე მიხვდნენ: ტექნიკურად, ტაქტიკურად თუ ფიზიკური მომზადების მხრივ, აბსოლუტურად სულ სხვა გარემოა. მაგრამ, ვუცქერ ჩემი გუნდის ფეხბურთელებს და მიხარია, რომ ისინი რეალურად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს. ვარჯიშებზეც მაქსიმალურად იხარჯებიან და თითოეული მათგანი იმას ცდილობს, საკუთარი შანსი გამოიყენოს. არ დავმალავ - მეც უდიდეს გამოცდილებას ვიღებ, მით უფრო, ზოგიერთი კოლეგისგან ბევრი სასარგებლო რომ ?გადმოვიღო? და გამოვიყენო.
- ბიჭებზეც და პირადად თქვენზეც, ფსიქოლოგიური წნეხი არ მოქმედებს? ათი ტური გავიდა და ?ლოკომოტივის? ჯერ თამაში არ მოუგია...
- მოდი, ასე ვიტყვი - სატურნირო ცხრილი რეალურად ასახავს უმაღლეს ლიგაში ძალთა თანაფარდობას; ანუ, იმის თქმა მინდა, რომ შედეგი კანონზომიერია. ამასთან, ისეც არ მინდა ვინმემ გაიგოს, თითქოს, ბედს ვიყოთ შეგუებული, პირიქით - მალე დაინახავთ, რომ სატურნირო მდგომარეობასაც გამოვასწორებთ და გამარჯვებების სერიებიც დაგვეწყება. ამის თქმის საბაბს კი, ისევ და ისევ, თითოეული ფეხბურთელის მონდომება და საქმისადმი დამოკიდებულება მაძლევს.
- ?ლოკომოტივის? ერთ ?უცნაურობაზეც? გვინდა შეგეკითხოთ: ?ზესტაფონთან? (თან, ორივე მატჩში), ?ოლიმპთან? და ?დინამოსთან?, თქვენმა გუნდმა ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა და ფავორიტ მეტოქეებსაც ერთობ გაუჭირდათ მათთვის სასურველი შედეგის მიღწევა. სამაგიეროდ, შედარებით სუსტ გუნდებთან, ?ლოკომოტივი? ბევრად უარესად გამოიყურებოდა...
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ უბრძოლველად არც ერთი მატჩი არ დაგვითმია; ერთადერთი გამონაკლისი მხოლოდ ?სამტრედიასთან? დიდი ანგარიშით წაგება იყო. თუმცა ამას გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები ჰქონდა. რაც შეეხება ფავორიტებთან დაპირისპირებებს, რა თქმა უნდა, კლასში სხვაობა იყო, მაგრამ ?ლოკომოტივის? ახალგაზრდა ფეხბურთელებს შიშის ფაქტორი არ ჰქონიათ. უბრალოდ, ცოტა გამბედაობაც საჭირო იყო იმავე ფავორიტებთან შეხვედრაში...
- ამ ათ მატჩში ?ლოკომოტივის? შემადგენლობა ხშირად კი იცვლებოდა, მაგრამ ზოგიერთმა ფეხბურთელმა სტაბილური თამაშითაც დაგვამახსოვრა თავი. არ დავმალავთ, სასიამოვნო მოულოდნელობა იყო მაქსიმე ქვილითაიას საიმედო თამაში. იმავეს ვიტყოდით გიორგი ხატიაშვილზეც, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რომ დაიმკვიდრა ადგილი.
- მეც მსიამოვნებს, რომ ქვილითაიას ასპარეზობას ჟურნალისტებიც არ ტოვებენ უყურადღებოდ; თან, წესიერი და მონდომებული ბიჭია და თუ ასე გააგრძელა, ჩემი აზრით, ეროვნულ ნაკრებში გასინჯვასაც დაიმსახურებს. კმაყოფილი ვარ ხატიაშვილის თამაშითაც, ის ფაქტობრივად, ?ლოკომოტივიდან? გაიცნო საფეხბურთო საზოგადოებამ. იმავეს ვიტყოდი ჩვენს შედარებით გამოცდილ ფეხბურთელებზეც - გუშარაშვილზე, მოდებაძეზე, დიაკვნიშვილზე, ქებაძეზე, ჩაგელიშვილებზე, ამათ გარდა, დღითიდღე პროგრესირებენ ახალგაზრდა ფეხბურთელები: გონაძე, ბოჭორმელი, გადელია, ჩიკვაიძე, მახარაძე, სოსელია.
- მეტოქეებზეც ვისაუბროთ და ყველაზე ძალიან რომელი გუნდი მოგეწონათ?
- ყველაზე ?გამართულად? და ევროპულ ფეხბურთთან მიახლოებულად, ?ზესტაფონი? თამაშობს; კი, გუნდში ერთი-მეორეზე უკეთესი შემსრულებლებიც არიან, მაგრამ მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის უდიდესი დამსახურებაა, რომ თავისი იდეები ფეხბურთელებთან, როგორც საჭიროა, ისე მიაქვს და მოთამაშეებიც დავალებას ჩინებულად ასრულებენ. ?ოლიმპი? ჩამოყალიბების პროცესშია, ?დინამო? და ?ვიტ ჯორჯიაც? ტრადიციულად ფავორიტები იქნებიან, თუმცა პირადად მე ამ ორი გუნდისგან უფრო მეტს ველოდი.
- ცალკეული ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევდით?
- ?ზესტაფონის? თავდამსხმელს ნიკოლოზ გელაშვილს. თავიდან, მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა აკინომ, მაგრამ ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრებში ისეთი გამორჩეული ვეღარ იყო. არადა, ფეხბურთელის სიძლიერე სწორედ, უშუალო კონკურენტებთან პაექრობაში უნდა დამტკიცდეს.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/237/237-7.htm