სხვა რეალობა
გია ტუხაშვილი
ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყების წინ ნათელი იყო, რომ თბილისის ?ლოკომოტივს? ერთობ რთული სეზონი ელოდა. ყოველივე ამას კი, რაღა თქმა უნდა, გარკვეული ობიექტური მიზეზი ჰქონდა: არცთუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო, გუნდის შემადგენლობა თითქმის 80-90 პროცენტით შეიცვალა და გაახალგაზრდავდა. თუმცა, საბედნიეროდ, ?ლოკომოტივს? დაშლის საფრთხე არ დაემუქრა და, ფაქტობრივად, ზედ ჩემპიონატის დაწყების წინ ?შეკოწიწებული? გუნდი ჩემპიონატში ჩაერთო. ოღონდ, ჩაერთო როგორც დებიუტანტ-ფეხბურთელთა უმრავლესობით, ასევე დებიუტანტი და ახალგაზრდა მწვრთნელით - გელა სანაია მანამდე საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობდა ?ლოკომოტივის? ფარმ-კლუბში და თავის ახალგაზრდულ გუნდს წინა სეზონში მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში პირველი ადგილიც მოაპოვებინა. აქედან გამომდინარე, არც ის იყო გასაკვირი, სანაიამ ყოფილი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი ?ლოკომოტივში? რომ დააწინაურა; თუმცა, მეორესა და უმაღლეს ლიგას შორის საკმაოდ დიდი სხვაობა რომ არის, ამაში ?ლოკომოტივის? ახალგაზრდა მწვრთნელ-ფეხბურთელებიც თავად დარწმუნდნენ: ჩემპიონატის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში ამ გუნდს ყველა უიმედო აუტსაიდერად მიიჩნევდა. თუმცა პირველი ეტაპის მიწურულს გუნდმა თამაშის ხარისხი აშკარად გამოასწორა და ყველაფერი ეს შედეგზეც აისახა. მართალია, გუნდი კვლავაც სატურნირო ცხრილის აუტსაიდერია, მაგრამ მასზე წინ მყოფ გუნდებთან ჩამორჩენა აღარც კატასტროფულია და აღარც - უიმედო.
სასიამოვნოა, რომ მეორე ეტაპის დაწყებას ასევე მეტ-ნაკლები ოპტიმიზმით ხვდება ?ლოკომოტივის? მთავარი მწვრთნელი გელა სანაია, ვისაც ამ დღეებში გავესაუბრეთ.
- მეორე ეტაპისათვის მზადება 5 იანვრიდან დავიწყეთ; ?ლოკომოტივის? ბაზაზე, საგურამოში ვემზადებით და ჯერ დღეში თითო ვარჯიში გვქონდა, 11 იანვრიდან კი უკვე ორჯერად ვარჯიშებზე გადავალთ.
- ჩემპიონატის განახლებამდე შეკრების მოწყობას შავი ზღვისპირეთში ან უცხოეთში ხომ არ აპირებთ?
- სამწუხაროდ, მაგის საშუალება კლუბს არ გააჩნია. სამაგიეროდ, აქ, საგურამოში გვექნება შეკრების მსგავსი: დილით შევიკრიბებით, ვივარჯიშებთ, სატრენაჟორო დარბაზიც გვაქვს, გუნდი აქვე ისადილებს, დაისვენებს და შემდეგ მეორე ვარჯიშს ჩავატარებთ.
- ვიდრე ?ლოკომოტივში? მომხდარ ცვლილებებზე გკითხავდეთ, ის გვაინტერესებს, თუ სად ჩაატარებთ მეორე ეტაპის საშინო მატჩებს.
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს და აქედან გამომდინარე, საშინაო ასპარეზის გამოცვლა მოგვიწევს. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თითქმის 90 პროცენტით გადაწყვეტილია ?ამერის? სტადიონის საკითხი. ანუ, თუ რაიმე არ შეიცვალა, მეორე ეტაპიდან საშინაო თამაშებს გლდანში ჩავატარებთ. ამის გამო კი, არ არის გამორიცხული, მეორე ეტაპის კალენდარში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.
- ახლა კი, გუნდში მომხდარ ცვლილებებზე ვისაუბროთ.
- გუნდიდან წავიდნენ: გიორგი მოდებაძე, იოსებ გილაური, ლევან ქურდაძე, გიორგი ტიკურიშვილი და გიორგი კვანტალიანი. ამ ეტაპისთვის ?ლოკომოტივის? ახალწვეულებად შეიძლება ჩაითვალონ ილია ვეკუა (?ვიტ ჯორჯია 2?) და თამაზ ჩარგეიშვილი, აგრეთვე გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, ფეხბურთის გულშემატკივრებს ?ზესტაფონიდან? და ?თბილისიდან? რომ უნდა ახსოვდეთ.
- მეტს არავის დაიმატებთ?
- არ არის გამორიცხული ერთი-ორი გამოცდილი ფეხბურთელი, პლუს რამდენიმე ახალგაზრდა, კიდევ დაგვემატოს. ყველაფერი, რა თქმა უნდა, კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
- სწორედაც ეგ გვაინტერესებს: პირველ ეტაპზე ?ლოკომოტივის? ფინანსურ მდგომარეობაზე სახარბიელოაო, ვერავინ იტყოდა...
- საგრძნობლად არა, მაგრამ გაუმჯობესდა; თუნდაც ის ფაქტი, რომ საგურამოში ნაყოფიერად ვემზადებით და ვარჯიშისა თუ დასვენების პირობები გვაქვს, უკვე რაღაცას ნიშნავს. სამწუხაროდ, პრემიები არც პირველ წრეში ჰქონდათ ფეხბურთელებს და არც ახლა ექნებათ...
- ?ლოკომოტივმა? პირველ ეტაპზე განსაკუთრებით ძლიერად ნოემბერ-დეკემბერში ითამაშა: თქვენს გუნდს სულ ცხრა ქულა აქვს და აქედან შვიდი სწორედ იმ პერიოდზე მოდის.
- შეგახსენებთ, თუ როგორ ფორსმაჟორულ სიტუაციაში შევხვდით ჩემპიონატის დაწყებას - ფაქტობრივად, ერთი კვირაღა რჩებოდა სეზონის დაწყებამდე, გუნდმა მზადება რომ დაიწყო. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელებს ერთმანეთში შესათამაშებლად გარკვეული დრო სჭირდებოდათ, ძირითადი ბირთვიც ნელ-ნელა ჩამოყალიბდა და თქვენ მიერ ნახსენებ პერიოდში მეტ-ნაკლებად სასურველი შედეგის ჩვენებაც პირადად ჩემთვის მოულოდნელი არ იყო.
- ძირითადი ბირთვი ახსენეთ და გუნდის ლიდერები - მაქსიმე ქვილითაია და ნიკა გუშარაშვილი კვლავაც გუნდში რჩებიან?
- ძირითადი ბირთვიც შევინარჩუნეთ და როგორც გითხარით, გაძლიერებას კიდევ ვაპირებთ. ერთობ მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ პირველისაგან განსხვავებით, მეორე ეტაპისათვის მომზადების დროც საკმარისი გვაქვს.
- ჩვენი აზრით, ?ლოკომოტივს? ყველაზე მეტად გაძლიერება თავდასხმაში სჭირდება...
- გეთანხმებით - ამ პოზიციაზე აუცილებლად დაგვჭირდება გამოცდილი ფეხბურთელი. ისე, წეღან დრო შემთხვევით არ მიხსენებია - სანამ ?დავლაგდებოდით? და შევთამაშდებოდით, ამის გამო რამდენიმე ქულა დავკარგეთ. დავუმატოთ ამას მოთამაშეთა უმრავლესობის ახალგაზრდული ასაკი და გამოუცდელობა.
- ფსიქოლოგიური მომენტიც ხომ იყო - ?ლოკომოტივი? დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა პირველი გამარჯვების მოპოვებას.
- ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგაც იყო; თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან ნავსს გავტეხდით და უკეთ ათამაშებასთან ერთად ქულების მოგროვებასაც დავიწყებდით.
- ეს სეზონი პირადად თქვენთვის უმაღლეს ლიგაში სადებიუტოა. როგორ ფიქრობთ, მეორესა და უმაღლეს ლიგას შორის ძალიან დიდი სხვაობაა?
- მეორე ლიგაში გუნდში მხოლოდ ჭაბუკები მყავდა, თან იქ შედეგს არავინ გთხოვს. აი, უმაღლეს ლიგაში კი მაშინათვე ფსიქოლოგიურ წნეხში ექცევი - რაც უნდა გუნდმა ლამაზად ითამაშოს, შედეგი აუცილებელია. ამას გარდა, რა მტკიცება უნდა, რომ ამ ორ ლიგას შორის უდიდესი სხვაობა ფეხბურთელთა კლასშიც არის.
- როგორც მწვრთნელმა, კიდევ რა ცვლილებები დაინახეთ?
- უპირველეს ყოვლისა, ტურიდან ტურამდე, უდიდეს გამოცდილებას ვიღებდით: მეც და ?ლოკომოტივის? ახალგაზრდა ფეხბურთელებიც. მაგრამ, არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა პირადად ჩემთვის იმ ფაქტს, რომ თითქოს სხვა რეალობაში მოვხვდი...
- გულახდილად გვიპასუხეთ: გჯერათ, რომ ?ლოკომოტივს? უმაღლეს ლიგაში დარჩენის რეალური შანსი აქვს?
- ვიცი, რომ კონკურენტები სერიოზულად ემზადებიან და შემადგენლობასაც აძლიერებენ, მაგრამ მთავარი ბრძოლები წინ არის. მით უფრო, იმავე კონკურენტებთან ჩამორჩენას ნამდვილად აღარ ეთქმის კატასტროფული; ყოველ შემთხვევაში, მჯერა, რომ მეორე ეტაპზე პირველთან შედარებით ბევრად უკეთ ვითამაშებთ...
- დაბოლოს, სეზონის განახლებამდე დაგეგმილ სპარინგ-მატჩებზეც.
- გადაწყვეტილია, რომ 20 იანვარს საგურამოში IBSU-ს ვუმასპინძლებთ, ხოლო 26 იანვარს ?ოლიმპს? გავეჯიბრებით. ამას გარდა, კიდევ ერთ სპარინგ-შეხვედრას ჩავატარებთ და ვფიქრობ, ეს სამი საკონტროლო მატჩი საკმარისი იქნება.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/007/007-7.htm