http://worldsport.ge/Read.aspx?news=49347&lang=1 * * *
“ლოკომოტივის” რელსები: ყველაფერი გეგმაზომიერად
11.02.2013 11
საქართველოს ჩემპიონატის პირველლიგელი, პერსპექტიული ჭაბუკებით დაკომპლექტებული თბილისის “ლოკომოტივიც” თურქეთშია. ბელეკიდან საკმაოდ შორს, კუნდუშია დაბინავებული. კლუბის მენეჯერი თამაზ ბოკერია ვნახე, რომელიც ვრცლად მომიყვა გუნდის დღევანდელ მდგომარეობაზე, ესპანელ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებზე, ტესტ-მატჩებზე, მიზნებზე...
1993, 1994, 1995 და 1996 წლებში დაბადებულები – ერთი გამონაკლისის გარდა, “ლოკომოტივს” სულ ჭაბუკები ჰყავს და მათზე ამყარებს დიდ იმედს. თუმცა, მარტო “ლოკომოტივი” კი არა, მთლიანად ქართული ფეხბურთის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტები სწორედ ამ კლუბში არიან. მათ შორის ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილი 17-წლამდელების დიდი ჯგუფი, რომლებიც გასულ გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ.
“ერთი გამონაკლისი” ვახსენეთ და ეს გახლავთ 30 წლის ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი ენდიკა ბორდასი, რომელსაც თავის დროზე “ბილბაოში” უთამაშია. ბორდასს ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში.
თურქული შეკრება და ტესტები
“ლოკომოტივმა” უკვე სამი მატჩი ჩაატარა და მეოთხე დღეს ექნება სერბულ “ვოივოდინასთან”. 12 თებერვალს კი გუნდი თბილისში დაბრუნდება. საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან ითამაშა “ლოკომოტივმა”.
“პირველი შეხვედრა “ზენიტის” დუბლებთან გვქონდა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა და პირდაპირ გეტყვით, მეტოქე გაგვექცა. “ზენიტის” ჰოლანდიელმა სპორტულმა დირექტორმა მოიმიზეზა, ცუდი განათებაა და თამაშს ვერ გავაგრძელებთო. ეტყობა, ეგონათ, რომ დიდი ანგარიშით მოგვიგებდნენ და რეალურად რაც გამოჩნდა, თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა.
...შემდეგ სოფიის “ლოკომოტივთან” 0:2 დავმარცხდით. თანაბარი თამაში იყო, თუმცა ეტყობა, გამოცდილება არ ეყოთ ახალგაზრდებს.
...მესამე მატჩი სახელოვან “ცრვენა ზვეზდასთან” გვქონდა და 0:2 წავაგეთ. ბელგრადელები უხეშობდნენ, 2 კაცი გაუძევა მსაჯმა და როგორც აქ ამხანაგურებში ხდება, მათ ნაცვლად სხვები შემოვიდნენ.
...ძალიან კარგად თამაშობენ ბიჭები. ყველას ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება. ერთდერთი, გიორგი შალიკაშვილია ტრავმირებული”, – მითხრა ბოკერიამ.
შეკრებაზე “ლოკომოტივი” 23 ფეხბურთელითაა: ბაჩო მიქავა, ბაკურ საჯაია, ბექა ტყემალაძე (მეკარეები); ნიკა ჭანტურია, დავით მთივლიშვილი, მათე ცინცაძე, ამირან გუგუშვილი, დავით დარციმელია, ენდიკა ბორდასი, ერეკლე სულთანიშვილი, ლუკა კიკაბიძე, ლაშა კვარაცხელია, გიორგი გოროზია, დავით ჯიქია, გიგა გურეშიძე, დავით მიქავა, ლუკა ზარანდია, ალეკო მზევაშვილი, გიორგი შალიკაშვილი, გიორგი მაკასარაშვილი, გიორგი გაბაძე, რევაზ ჩიტეიშვილი, ჯემალ ყანჩაშვილი.
როგორც ხედავთ, აქაა ლუკა ზარანდიაც, რომელიც 16 წლის გახლავთ. ის ამ ზამთარში გადავიდა 35-ე საფეხბურთო სკოლიდან “ლოკომოტივში”. ზარანდია ერთ-ერთი საუკეთესოა 1996 წელს დაბადებულთა შორის, რაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებშიც გამოჩნდა.
მწვრთნელები: ესპანური ხელი
გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟერარდ სარაგოსა მულეტზე ვთქვათ. ის მხოლოდ 30 წლისაა, თუმცა 8 წელი მუშაობდა ყატარში – სკაუტად და მწვრთნელადაც. ჟერარდი ამ ქვეყნის საფეხბურთო აკადემიისთვის ტალანტებს ეძებდა აფრიკის კონტინენტზე.
“შემდეგ ამ ტალანტებს ყატარის მოქალაქეობას აძლევენ. ყატარელებს უნდათ, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ძლიერი ნაკრები ჰყავდეთ, რადგან მასპინძლები იქნებიან და სურთ ყველას დაუმტკიცონ, რომ საფეხბურთო ქვეყანას წარმოადგენენ. ჟერარდი კატალონიელია, ბარსელონაშია დაბადებული და იყო კატალონიის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელიც. მისი თავკაცობით უთამაშიათ ისააკ კუენკას, კრისტიან ტელიოს, მარკ ბარტრას, ტიაგო ალკანტარას და სხვებს. ასევე, “ესპანიოლის” 23-წლამდელებშიც მუშაობდა”, – მითხრა ბოკერიამ.
ჟერარდის ასისტენტია დიმიტრი თოფურიძე, ხოლო მეკარეების მწვრთნელი კოტე გუგუნავა გახლავთ.
“ლოკომოტივს” ფიზმომზადების მწვრთნელიც ესპანელი ჰყავს – ალბერტო ბეროკალ კორეა, რომელიც პრიმერა დივიზიონში, კერძოდ, “ხეტაფეში” მუშაობდა. “ხეტაფეში” იმ დროს მთავარი მწვრთნელი იყო ბერნდ შუსტერი.
“რუსეთს და უკრაინას – არა!”
თამაზ ბოკერიამ მითხრა, რომ ზაფხულის შეკრება უკვე დაგეგმილია. “ლოკომოტივი” 19 ივლისიდან 3 აგვისტომდე მოემზადება ავსტრიაში, კერძოდ, ობერტრაუნში. ერთი სპარინგ-მეტოქის ვინაობაც უკვე ცნობილია – ესაა ლონდონის “ფულემი”. არ ხუმრობს “ლოკომოტივი”...
“ლოკომოტივის” მიზანი ნათელია – ფეხბურთელების აღზრდა. ისე, გავიხსენოთ, ბოლო წლებში სწორედ “ლოკომოტივმა” გაყიდა ქართველი ფეხბურთელი სარფიანად: ლევან ყენია - “შალკეში”. მას შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატიდან “შალკეს” დონის გუნდში ფეხბურთელი არ წასულა. “ლოკომოტივის” პრეზიდენტი მაშინაც ლექსო თოფურია იყო.
“ლექსო თოფურია ძალას არ იშურებს კლუბის წინსვლისთვის. როგორც იცით, გუნდის ფეხბურთელთა უმეტესობა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გამოდის. მათ წინადადებები აქვთ უცხოეთიდან, მაგრამ თოფურიას პრინციპი ასეთია: ყველა წინადადებას განვიხილავთ, ოღონდ, რუსეთსა და უკრაინაში არ გავუშვებთ ბიჭებს”, – მითხრა ბოკერიამ.
ილია ნანობაშვილი ბელეკიდან, სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის