საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნოდარ ახალკაცის და კლაუს ტოპმიოლერის პრესკონფერენციადღეს 17 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკონფერენციო დარბაზში სფფ-ის პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცის და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კლაუს ტოპმიოლერის პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებთან შეხვედრას კლაუს ტოპმიოლერის თანაშემწე რალფ მინგეც დაესწრო.
* * *
ნოდარ ახალკაცი, სფფ-ის პრეზიდენტი:
...კლაუს ტოპმიოლერი და რალფ მინგე მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში იმუშავენებ და ვიმედოვნებ, ხელშეკრულება ნახევარი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
...ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რალფ მინგე კლაუს ტოპმიოლერის ასისტენტად რჩება. აქვე დავძენ, რომ ჩვენ გვსურს მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის თანამდებობა შევთავაზოთ. ამ თანამდებობაზე მოღვაწე ადამიანის საქმიანობა არაერთ საკითხს მოიცავს, მათ შორის ასაკობრივი ნაკრებების კურატორობასაც.
...კლაუს ტოპმიოლერთან ხელშეკრულების გახანგრძლივებისას ჩვენ არაერთი საკითხით ვიხელმძღვანელეთ. თუ მხოლოდ შესარჩევ ციკლში ნაჩვენებ შედეგს გავითვალისწინებთ, ცხადია, კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ ის, თუ რა სახე ჰქონდა ეროვნულ ნაკრებს ორი წლის წინ, რა სამუშაო გასწიეს გერმანელმა სპეციალისტებმა - და აქვე გეტყვით, რომ საკმაოდ მყარი საფუძველი ჩაიყარა მომავალი წარმატებებისთვის... ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ იმ გზის გაგრძელება, რომელიც ორი წლის წინ ავირჩიეთ და რომელიც, მჯერა, მართებულია ქართული ფეხბურთისთვის. სხვა თუ არაფერი, გეტყვით, რომ გასული ორი წლის განმავლობაში გერმანელმა სპეციალისტებმა ქართველ ფეხბურთელებზე უდიდესი ინფორმაცია მოიპოვეს, ეს კი წარმატებების ძალიან მნიშვნელოვანი საწინდარია. შესარჩევ ციკლში ნაჩვენებ შედეგზე საუბრისას აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, თუ რა ჯგუფში მოვხვდით.
...კონტრაქტზე ჩვენ შეთანხმებულნი ვართ და ესაა მთავარი. როგორიც კი მხარეების იურისტები საბოლოო სახეს მისცემენ ყველა დოკუმენტს, კონტრაქტიც გაფორმდება. ყველა საკითხი, მათ შორის ფინანსურიც, საბოლოოდ სწორედ მაშინ გაირკვევა.
...საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელები უკვე მუშაობენ სრული გრაფიკით: ჩვენთვის მთავარია იანვარში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კალენდარზე სასურველი კალენდარი გავიტანოთ. იცით, რომ 6 თებერვალს თბილისში ლატვიის ნაკრებს ვუმასპინძლებთ, ხოლო 20 აგვისტოს სტუმრად შევეჯიბრებით უელსის ნაკრებს. სიახლეა ისიც, რომ 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები რუმინეთში ითამაშებს. ჯერჯერობით ღიაა 26 მარტის თარიღი და სფფ ეროვნული გუნდისთვის მეტოქის ძებნას კვლავ განაგრძობს.
...ის, თუ რამდენ დღეს გაატარებს კლაუს ტოპმიოლერი საქართველოში ახალი კონტრაქტის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაირკვევა. დავძენ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველა ნიუანსს ითვალისწინებს.
...რაც შეეხება საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთა მწვრთნელებს, ახალგაზრდულ გუნდში მწვრთნელის შეცვლის საკითხი არ დგას. 19 და 17-წლამდელთა გუნდებში კი ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
კლაუს ტოპმიოლერი, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი:
...მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გუშინ არ გადავწყვიტეთ: ჩვენ აქ მუშაობის გაგრძელების სურვილი კარგა ხნის წინ გამოვთქვით.
...2006 წლის მაის-ივნისში ავსტრია-გერმანიაში საქართველოს ნაკრების შეკრება მოეწყო და შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო პირველი დიდი გაცნობითი ხასიათის შეკრება. ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა გაცილებით მეტი ვიცით მოთამაშეებზე, ვიდრე მაშინ და მგონი, ეს ნაკრების თამაშსაც ეტყობა.
...რაც შეეხება მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფს, სიახლე არ იქნება თუ ვიტყვი, რომ იტალია ფავორიტია. რაც შეეხება დანარჩენებს, თანაბარი ძალის მეტოქეები გვყავს, მონტენეგროზე კი იმის თქმა შემიძლია, რომ ეს გუნდი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ის ნაკრებები, რომლებიც ამ გუნდთან ერთად იყვნენ მეექვსე კალათაში. სიურპრიზს ველი კვიპროსელებისგან - ამ გუნდს ფავორიტების გამწარება შეუძლია.
...”კაიზერსლაუტერნთან” ყველაფერი გარკვეულია - მე ამ კლუბში არ ვმუშაობ, უბრალოდ, უანგაროდ დავეხმარები გუნდს ჩემი რჩევებით. მე მზად მაქვს პრეს-რელიზი, რომელსაც დღესვე მოგაწვდით.
...არ მესმის, რატომ წერენ, თითქოს კლუბს მხოლოდ იმიტომ ვეხმარებოდი, რომ ”კაიზერსლაუტერნის” მთავარი მწვრთნელი გავმხდარიყავი. ეს სრული აბსურდია! ამ თემაზე ბოლოსთვის დავძენ, რომ კლუბის ხელმძღვანელთა ბოლო სხდომაზე, როცა მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების საკითხი დაისვა, მას მხარი დავუჭირე.
...რაც შეეხება ლევან ცქიტიშვილის და ზურაბ მენთეშაშვილის ”კაიზერსლაუტერნში” ტრანსფერს, გეტყვით, რომ ახლა მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, დათანხმდებიან თუ არა კლუბში თამაშს. ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ლევანის და ზურაბის გადასაწყვეტია.
...ზურაბ ხიზანიშვილთან დაკავშირებით, ვაცხადებ, რომ მისი განცხადებები ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. უკვე ითქვა და ეს ზურამაც დაადასტურა, რომ ყატარის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მან ისე ვერ ითამაშა, როგორც ველოდით. ლიტვასთან ოფიციალური თამაშის წინა ვარჯიშზე (და ეს არ იყო გადამწყვეტი ვარჯიში) მან ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი, სამშაბათს, დასკვნით ვარჯიშამდე რამდენიმე საათით ადრე კი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ტრავმირებულია. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდა, რომ ტრავმის გამო ის ლიტვასთან ვერ ითამაშებდა. ისევე როგორც სხვა შემთხვევაში, ცხადია, ზურა შეკრებიდან გავათავისუფლეთ. ის მოვლენები, რაც ამის შემდეგ განვითარდა, ფედერაციის ხელმძღვანელობისგან შევიტყვე. მსურს განვაცხადო, რომ მე და ზურა ერთად გავფრინდით საქართველოდან: მე და ფედერაციის გენერალური მდოვანი სამხრეთ აფრიკაში, შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე მივემგზავრებოდით, ზურა კი ინგლისში. ჩვენ ჩვეულებრივად დავშორდით ერთმანეთს.
სფფ-ის პრესცენტრი
This post has been edited by giorgi77 on 21 Dec 2007, 18:39
მიმაგრებული სურათი