საქართველო 2:0 შოტლანდია
გაზეთი ”ლელო”: ინტერვიუ კლაუს ტოპმიოლერთან
გახსოვთ, როდის ითამაშა საქართველოს ნაკრებმა ბოლოს ასეთი გამართული და სანახაობრივი ფეხბურთი? თავი დავანებოთ იმას, რომ ჩვენმა გუნდმა შოტლანდიასთან უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო - მთავარი სიურპრიზი ის გახლდათ, რომ მთელმა გუნდმა, ფაქტობრივად, უნაკლოდ და უშეცდომოდ ითამაშა. რას მივაწეროთ ეს? ნაკრების მწვრთნელ კლაუს ტოპმიოლერთან ინტერვიუ სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ.
* * *
ჰერ ტოპმიოლერ, კითხვა, რომელიც ახლა უნდა დაგვისვათ, პირველია, რაც ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს შოტლანდიასთან მატჩის დასრულების შემდეგ თავში მოუვიდოდა: როგორ ვითამაშეთ ასე კარგად, თითქმის უნაკლოდ და უშეცდომოდ?
ამ კითხვას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: ასეთი კარგი თამაში მუშაობის შედეგია, გუნდმა იმუშავა, იშრომა და ბოლოს და ბოლოს, გაწეული სამუშაო მოედანზე უნაკლოდ გადაიტანა. თამაში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან აჩვენა, არის ფეხბურთი, რომელიც მე მიყვარს. სწორედ ეს არის ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია: დაუნდობელი ბრძოლა, შეტევა, სწრაფი კომბინაციები, პრესინგი მეტოქის ნახევარზე...
შოტლანდია ფიზიკურ ორთაბრძოლებში და ჟინითაც დავჩაგრეთ, არადა, მეტოქე სწორედ ბრძოლის ჟინით გამოირჩევა. სწორედ ეს არის შოტლანდიის ძლიერი მხარე...
აბსოლუტურად ყველა ქართველი ფეხბურთელი მოედანზე უდიდესი მოტივაციით გავიდა და თუ ვინმეს ეგონა, რომ ქართველებს ბრძოლა შოტლანდიაზე ნაკლებად ეხერხებათ, ეს თამაში აზრს შეუცვლიდა. მე არ ვფიქრობ, რომ მეტოქე მხოლოდ ჟინით დავჯაბნეთ, შოტლანდიას ჩვენ აზროვნებით ვაჯობეთ. ეს იყო ის ფეხბურთი, რასაც მე ფეხბურთს ვეძახი. დაცვაში კომპაქტურად ვიდექით, ასათიანმა საერთოდ აპოგეას მიაღწია, წინ კი ფეხბურთს ვთამაშობდით.
გერმანელმა მიმომხილველებმა პარალელი გაავლეს: ეს ის ფეხბურთი იყო, რის გამოც ტოპმიოლერი ლევერკუზენში უყვარდათ, ის ფეხბურთი იყო, რითაც ამ მწვრთნელმა ”ბაიერი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანაო...
დიახ, ეს ასეა. და იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მუდმივად ასეთი ფეხბურთი აჩვენოს, მე მჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში თავს დადებენ, პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძოლებენ და რაც მთავარია, ფეხბურთს ითამაშებენ, იმ ფეხბურთს, რასაც მე ფეხბურთს ვეძახი. შოტლანდიასთან ეს ასე იყო.
ანუ, ბიჭებმა თქვენი დავალებები პირნათლად შეასრულეს?
დიახ.
ადრე ასე არ იყო?
არა! პირველად მოხდა ისე, რომ ჩემი დავალებები აბსოლუტურად ყველა მოთამაშემ 100 პროცენტით შეასრულა. ადრე ამას მხოლოდ ნაწილი ახერხებდა, შოტლანდიასთან კი ყოველი მათგანით კმაყოფილი დავრჩი. ეს იყო ბირთვი, რომელიც პირველიდან ბოლო წუთამდე გამომყვა. ნებისმიერ მწვრთნელს სჭირდება დრო იმისათვის, რომ იპოვოს ბირთვი, რომელზეც იტყვის, რომ ეს მისი ფილოსოფიისთვის ზედგამოჭრილი ბირთვია. თითქმის ორი წელიწადია, რაც საქართველოში ვმუშაობ და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბირთვი ნაპოვნია. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ ფეხბურთელები, რომლებიც იტალიისა და შოტლანდიისთვის შევკრიბე, ყოველმხრივ სრულ მზადყოფნაში იყვნენ.
გერმანიიდან თუ მოგილოცეს?
რა თქმა უნდა. მატჩის შემდეგ ჩემი მობილური ტელეფონი არ გაჩერებულა. პირველ რიგში იმას მილოცავდნენ, რომ საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა. ანუ, ეს არ იყო სენსაციური მოგება, როცა თამაშით გამარჯვებას მეტოქე იმსახურებს, არ უმართლებს, შენ კი მოულოდნელად გაიტან და ასე მოიგებ. არა, ეს იყო აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება და ჩემი გერმანელი კოლეგებიც ამას აღნიშნავდნენ.
მოკლედ, იტალიას საქმე გავუადვილეთ...
მე არ ვიცი და არ მაინტერესებს, გავუადვილეთ თუ არა იტალიას საქმე, მთავარია, რომ ამ მოგებით მთელმა ქვეყანამ გაიხარა. ჩვენ ვერაფერი მოვუხერხეთ საფრანგეთსა და იტალიას, ვერ დავამარცხეთ უკრაინა. ფაქტი იყო, რომ შოტლანდია უნდა დაგვემარცხებინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რწმენისთვის. თორემ მხოლოდ ფარერების დამარცხება და ლიტვასთან ბოლო თამაშის მოგება ბიჭებს რწმენას ვერ შემატებდა. ის, რომ ლიტვას საკუთარ მოედანზე აუცილებლად უნდა მოვუგოთ, ხოლო ფარერებისთვის კი 6 ქულა უნდა აგვერთმია, ჯერ კიდევ მაშინ იყო ცნობილი, როცა წილისყრამ ჯგუფში ამ გუნდებს შეგვახვედრა.
მას მერე, რაც საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ხართ, ჩვენმა გუნდმა სამი ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა: ურუგვაისთან, თურქეთთან და შოტლანდიასთან. აღსანიშნავია, რომ სამივე მატჩში გვაკლდნენ წამყვანი ფეხბურთელები. მუდმივად მეორე შემადგენლობით ხომ არ ვითამაშოთ?
რა თქმა უნდა, არა. ახალგაზრდები მხოლოდ მაშინ თამაშობენ კარგად, როცა მათ ზურგს ისეთი ფეხბურთელები უმაგრებენ, როგორებიც არიან ასათიანი და ხიზანიშვილი, როცა მათ გვერდით კობიაშვილიც იქნება, ისინი უფრო დიდი აღმაფრენით იასპარეზებენ. შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს კანკავამ და მენთეშაშვილმა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯაბაც ძალიან ახალგაზრდაა. მაგრამ კანკავამ ისე ითამაშა, როგორც ძალიან გამოცდილმა და მრავლისმნახველმა საყრდენმა ნახევარმცველმა. არ მახსოვს, რომ ოდესმე საყრდენს ამაზე უკეთესი თამაში ჩაეტარებინოს. გამოცდილებმა პატარები უნდა აიყოლიონ და უნდა გაუძღვნენ მათ. საბოლოოდ კი, იდეალური სინთეზი უნდა გამოვიდეს. მაგალითად, ნორვეგიასთან 19-წლამდელთა ნაკრების მატჩში გამოჩნდა, რომ მჭედლიძე და ყენია სხვებზე ერთი თავით მაღლა დგანან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუშაობა უნდა შეწყვიტონ. არაფრისდიდებით! მჭედლიძემ და ყენიამ საკუთარ თავზე უნდა იმუშაონ. მხოლოდ ასე გააგრძელებენ პროგრესს და ასე ჩამოყალიბდებიან ძლიერ ფეხბურთელებად.
კობის, ცქიტოს, დემესა და სხვებს ხომ არ უნდა ეშინოდეთ იმის, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავენ?
რატომაც არა? კონკურენცია შესანიშნავი რამაა! უამრავი მაგალითები არსებობს იმისა, რომ როდესაც ფეხბურთელმა იცის, რომ სასტარტო შემადგენლობაში თამაში განაღდებული აქვს, 100 პროცენტით აღარ იხარჯება. შესაძლოა, ეს თვითონაც არ უნდოდეს, მაგრამ ეს მარტივი ფსიქოლოგიაა: როცა დანაყრებული ხარ, საჭმელზე არ ზრუნავ, როცა კონკურენტი არ გყავს, ქვეცნობიერად მაინც ბოლომდე აღარ იხარჯები. ”მე ხომ ისედაც ვითამაშებ!” - ასე არცერთმა ფეხბურთელმა არ უნდა იფიქროს. კონკურენცია ყველამ უნდა იგრძნოს და მხოლოდ მაშინ გვეყოლება კონკურენტუნარიანი გუნდი.
გიორგი ლომაიას საერთოდ გადაუსვით ხაზი თუ...
ამ ეტაპზე ლომაია ჩემთვის არანაირ როლს არ თამაშობს.
ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაკრების პირველი მეკარე მაკარიძეა?
მასთან ერთად დიდ იმედს ვამყარებ როინ კვასხვაძეზეც.
წინა ინტერვიუში განაცხადეთ, რომ გოგუა აღარ არის დასჯილი და რომ მისი გამოძახება გსურდათ, მაგრამ ფედერაციიდან გაცნობეს, რომ გოგუამ ტრავმის გამო უარი თქვა ჩამოსვლაზე. იძულებულები ვართ, რომ ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ, რადგან ფეხბურთელმა განაცხადა, ტრავმირებული ვარ და თბილისიდან არავინ დამკავშირებიაო...
ახალს ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გოგუა ძველებურად გუნდის წევრია, თუკი ის ჯანმრთელად და კარგ ფორმაში იქნება. და კიდევ ერთი რამ: გოგუამ ბოდიში უნდა მომიხადოს მეც და მთელ გუნდსაც.
რის გამო?
იმის გამო, რაც შოტლანდიაში მოხდა.
იქნებ გვითხრათ, რა მოხდა შოტლანდიაში?
მაპატიეთ, მაგრამ გუნდის შიდა ამბებზე საჯაროდ არ ვისაუბრებ. მან იცის, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი, რაც ჯერ არ გაუკეთებია.