ბევრმა წაიკითხა ალბათ ბატონი ზაალის ეს სტატია, მაგრამ მაინც დავდებ ვინც არ წაიკითხა იმათთვის. საკმაოდ საინტერესო და კარგი იდეებია, საქართველოში რაგბის განვითარებას ეხება
http://www.geocities.com/ragbis_tesebi/HA/...WC_Geo-Pros.htmწვრილმანი შეღავათებითმსოფლიო თასზე საქართველოს "ბორჯღალოსნების" წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ჩვენი რაგბის წინაშე განვითარებისა და გავრცელების ფრიადი პერსპექტივა გადაიშალა. კავშირს დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი როგორ შინ, ისე გარეთ და ვიდრე მისი ოფისი სტრატეგიულ მიმართულებებს საბოლოოდ ჩამოქნიდეს, მარგმა რჩევამ არ უნდა აწყინოს და არც აწყენინოს.
დავიწყოთ საერთაშორისო საქმეებით. საქართველომ საფრანგეთში მთელ რაგბეთს უჩვენა, თუ ზრდის რაოდენი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ბიჭების ვაჟკაცობა და ხელმძღვანელობის მოწადინებაც ფუჭი დარჩება, თუკი ირბ-ელმა მახვშებმა კეთილი ნება არ გამოიჩინეს.
ბორჯღალოსნებს უპირველეს ყოვლისა ჭირდებათ უკეთესი საშეჯიბრებო გარემო და ირბ-დან მეტი დაფინანსება. ამ ყველაფერს ერთბაშად მივიღებთ, თუ საქართველოს "მეორე დონის კავშირის" სტატუსი მოენიჭება, მაგრამ მამები რომ ფეხს ნაღდად აითრევენ, მათგან წვრილმანი შეღავათების მიღება უნდა ვიქციოთ პრიორიტეტად.
ჩვენი კაცთა ნაკრები 2000 წლიდან "ერთა თასზე" ასპარეზობს და მოწინავე სამეულის მიღმა არასოდეს დარჩენილა, მაგრამ სადაო არაა, რომ შენი დონის მეტოქესთან თამაშით დონეს ვერ აიმაღლებ. სულ არაფერს ის ნაღდად ჯობს, რომ ირბ სამომავლოდ კანადასა და ტონგასთან თამაშს გვიგეგმავს, მაგრამ ჩვენთვის ბევრად უკეთესი იქნება, თუ ტესტებზე "ექვსი ერის" ქვეყნებს დავიყაბულებთ.
ივნისში, საღამოსმსოფლიო თასზე ტოლი არ დავუდეთ ირლანდიას. ამ გუნდს 1998 წლიდან სამგზის ვერაგბეთ და ყოველ ჯერზე გვარიანად გავაუმჯობესეთ შედეგი. ამავე პერიოდში სამჯერვე გვერკინა იტალია, ოღონდაც სულ თავის მოედანზე და მოგვიგო. ერთი სიტყვით, ამ ორ ქვეყანასთან ტესტობის ტრადიცია უკვე გვაქვს და მისი გაგრძელების აუცილებლობა ხელზე უნდა დავიხვიოთ.
ჩვენი ამოცანაა, 2008 წლიდან სეზონში ერთხელ, ივნისში ვუმასპინძლოთ ბობოლა გუნდს. წლის ამ დროს ექვსი ერის წევრები ტურნეებზე შორეთში მიემგზავრებიან და თუ მათი სურვილიც იქნა, არ გაუჭირდებათ ჩვენთან ჩამოხდომა და ნამატჩევს გზის გაგრძელება.
უცხო სეირი ზაფხულის საღამოს რომ გაიმართება, 60-ათასა ეროვნულზე ბლომად ხალხი მოვა. ლოგიკით, ირლანდია თამაშზე უნდა დაგვთანხმდეს, რათა მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ საფრანგეთში მეტით მოგება შეეძლო, იტალია კი ნამუსზე უნდა შევაგდოთ, ესაო და აპენინებზე ამდენჯერ გეწვიეთ, თქვენ კი კავკასიაში ერთხელაც არ ჩამოსულხართო.
თბილისი "ჩელენჯ ქაფზე"იმის ძირითადი მიზეზი, რომ ბარემ ასი უკეთესი ქართველი საფრანგეთში მოღვაწეობს, აქ დარჩენის შემთხვევაში უხელფასობა და საერთაშორისო ასპარეზიდან ჩამოცილებაა. ასე აღარ მოხდება, თუ ჩვენი მეზობლისა და ძირითადი მეტოქის, რუმინეთის დარ პრივილეგიას გამოვთხოვთ მახვშებს და შინაურ ნაკრებს ევროპულ თასთა ქვემო დივიზიონში, "ჩელენჯ ქაფში" ჩავაბამთ.
რუმინეთს ამ პროექტს ირბ უფინანსებს. გუნდს ფორმალურად ბუქარესტი ჰქვია და დედაქალაქშივე ღებულობს სტუმრებს, რეალურად კი ქვეყნის მეორე, ულეგიონერებო ნაკრებია. ბუქარესტს გვიან შემოდგომაზე ექვს პულური თამაში (სამი მიღება და სამიც გასვლა) გარანტირებული აქვს.
ჩვენი მიზანი უნდა იყოს 2008 წლის ოქტომბრიდან "ჩელენჯ ქაფზე" თბილისის გაყვანა. გუნდს შეიძლება დაერქვას სპონსორის სახელიც, თუკი ვთქვათ და რომელიმე აქაური ლუდსახარში პროფესიულ სტრუქტურას ჩამოგვიყალიბებს. უეჭველია, რომ შინ სათანადო ადამიანური რესურსიც მოგვეძევება. მეტიც, მზარდი თაობის საყოჩოდ შეიძლება ზოგი ლეგიონერიც კი დაგვიბრუნდეს.
50 წლის თავზენაკრების ვაჟკაცობის შემყურე ხელისუფლებამ რომ გადაწყვიტა, მთელ ქვეყანაში ააგოს რვა, 10-ათასიანი რაგბის მოედანი, მაგით საქართველოს ნებისმიერი გაქანების საერთაშორისო შეჯიბრების გამართვა შეეძლება.
ამდენად, უპრიანი იქნება, თუ 2009 წელს, საქართველოში რაგბის დანერგვის 50 წლის თავზე, მოვითხოვთ 20 წლამდელთა მსოფლიო თასის მასპინძლობას. მაგ დროისთვის ქვეყანა ოთხ პულად განაწილებული 16 გუნდის მიღებას იოლად აუვა.
ერთ პულს დავაფუძნებთ შავი ზღვის პირას, ბათუმსა და ფოთში, მეორეს კი ქუთაისსა და ზუგდიდში, ანუ დასის ნახევარი დასავლეთში ითამაშებს. აღმოსავლეთში თელავსა და რუსთავში დაბინავდება მესამე პული, საქართველოს ოთხეული და ფინალები კი თბილისში, ორ უთანამედროვეს სტადიონზე (ეროვნული და ვაკე) გაიმართება.
"ერთა თასის" ნაკრებთანკეთილ-მოწყობილ ასპარეზთა ქონა გამოგვადგება 2010 წლისთვისაც, თუ ირბ-მა არ დაიშალა და მაინც ჩაატარა "მსოფლიო ალაფა", რომელიც 2011 წლის მსოფლიო თასის გადამწყვეტი, რეგიონთა-შორისი შესარჩევი იქნება. სათანადო ლობირებით შეგვიძლია ამ ტურნირის ჩვენთან გამართვის უფლების მოპოვება და ამით წარმატებით შანსი ერთი-ორად გაგვეზრდება.
საიუბილეო, 2009 წელსაც საკადრისად აღნიშვნა ჭირდება. ზეიმის კულმინაცია უნდა დავამთხვიოთ შემოდგომას, რაღაი პოლიტექნიკოსთა (ახლანდელი ყოჩები) პირველი ვარჯიში იპოდრომზე 1959 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. პროგრამაში უთუოდ შევა ბავშვთა, ვეტერანთა და ქალთა ფესტივალები, თვალი კი, წესითა და რიგით, უნდა იყოს მატჩი, რომელშიც საქართველო "ერთა თასის" ნაკრებს შეერკინება.
ის, რომ ახალი სტადიონები რაგბის ტრადიციული კერების, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, თელავში, დუშეთში, ასპინძაში, მარტვილში, ოზურგეთში, ფოთსა და ბათუმშიც აშენდება, დიდებულია, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ გუნდებს თამაშებს შორის ვარჯიში ჭირდებათ.
ბაზები და ჯარითბილისის ათივე კლუბს (აკადემია არმაზი დინამო ივერია ლელო ლოკომოტივი უნივერსიტეტი ყოჩები ხულიგანა ჯიქები) სულ სხვადასხვა ადგილას შეგულებული აქვს ტერიტორია, სადაც სადა ბაზები იოლად მოეწყობა. ასე რომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გრანდიოზულ მშენებლობათა წამოწყებამდე კავშირს ჯერ მიწის ამ ნაკვეთების კლუბთათვის დაკანონება უნდა ექცეს პრიორიტეტად.
ქვეყანაში რაგბი უკეთ გავრცელდება, თუ თამაშს ჯარში დავნერგავთ. რაგბს რომ უმაგალითო აღმზრდელობითი ღირებულება აქვს, ეგ სადაო აღარაა, რაკი თუ სპორტების ერთი ნაწილი მარტო რკენაა, ხოლო მეორე ოდენ ჩაუქობა, რაგბში ორივე მხარეა შერწყმული და გუნდურობის გამო, სამხედროსთვის ზედ-გამოჭრილია.
რაგბს ნაზიარები ჯარ-გამოვლილი ჭაბუკი შინ რომ მიბრუნდება, ბურთაობას კიდევ მოისურვებს, რაც ახალ ადგილებში თამაშის გავრცელების წინაპირობაა. მეორე მხრივ, იხეირებს რაგბის თემიც, რადგან ნაწილებში რაგბის ინსტრუქტორის შტატი შეიქმნება და ყოფილი მოთამაშეები დასაქმდებიან.