DINAMOFANდა ვისაც გვქონდა ინტერნეტი ხომ ვუყურეთ რა?

ან ვინც ინტერნეტით უყურა კადრების ნაცვლად ხმა ესმოდა

ასე რომ ბევრი არაფერი დაგიკარგავს.
აზერბაიჯანი 1:1 საქართველო
გაზეთი ”ლელო”: მატჩის მიმოხილვა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა. ლუქსემბურგში ”მიღწეული” შედეგი ცალსახად უარყოფითად შეფასდა, უკრაინასთან ნათამაშებმა 1:1-მა გაცილებით ნაკრები გულშემატკივარი დატოვა უკმაყოფილო, ბაქოში დაფიქსირებული შედეგი კი ალბათ, რაღაც შუალედური ემოციების მომგვრელი უნდა იყოს.
ზოგადად, ამბიციური ნაკრები აზერბაიჯანთან ფრით (თუნდაც სტუმრად) ვერ იამაყებს, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს და ჩვენი გუნდის ექსპერიმენტულ შემადგენლობას გარჯა არ უნდა დავუკარგოთ. სხვა საქმეა, რომ ასეთ სუსტ მეტოქესთანაც კი უამრავი ტექნიკურ-ტაქტიკური შეცდომა დავუშვით და იმის მიუხედავად, რომ გამარჯვების შანსი გქვონდა, არც მარცხი იქნებოდა დიდი სასწაული.
ტოპმიოლერმა ძირითად შემადგენლობაში სამი ნომინალური მცველი გაამწესა - ხიზანეიშვილი, ასათიანი და კვახაძე. დოლიძესა და კანდელაკს, შესაბამისად, მარჯვენა და მარცხენა ფლანგების კონტროლი დაევალათ, ცენტრიდან შეტევების წამოწყება კი ცქიტიშვილისა და ყენიას საქმე იყო. ამჯერად ორი გამოკვეთილი ფორვარდით ვითამაშეთ.
საწყისი ათი წუთი აზერბაიჯანელთა უპირატესობით აღინიშნა. ჯერ იყო და ნატურალიზებულ სერბ ბრონიმირ სუბაშიჩს კვახაძემ არ მისცა თავის გამოჩენის შანსი, ორიოდ წუთში კი უფრო რეალური მომენტი ალიევს ჰქონდა - მისი დარტყმა ნაკრების დებიუტანტმა მაკარიძემ მოიგერია.
ამის შემდეგ ჩვენი შემტევები გამოცოცხლდნენ და დოლიძის აქტიურობით პირველი ხელსაყრელი მომენტიც შექმნეს. ამერელმა მარჯვენაფლანგელმა მეურვე ჩამოიცილა, მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდა და გამჭოლი გადაცემით კანდელაკი მოძებნა. ილიას ახლო მანძილიდან გატანა მასპინძელთა მეკარე ვალიევმა არ დაანება.
ეს მე-17 წუთზე იყო, 21-ეზე კი ჯაკობია თავით ვერ შესწვდა კანდელაკის ჩაწოდებულს, თორემ გოლი გარდაუვალი იქნებოდა.
ამის შემდეგ ინიციატივა დავთმეთ და შესვენებამდე აზერები ვეღარაფრით შევაწუხეთ. სამაგიეროდ, შაჰინ დინიევის შეგირდებმა აქეთ შეგვიქმნეს პრობლემები. სულთანოვს ოდნავ მაღალი კლასი რომ ჰქონოდა, ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთს ტრიბუნებზე არ გაგზავნიდა.
დადგა პირველი ტაიმის დამატებული დრო და ჩვენმა დაცვამ, რომელიც არც მანამდე გამოირჩეოდა საიმედოობით, ბავშვური შეცდომა დაუშვა. გურბანოვის გრძივი გადაცემის ჩაჭრა ჩვენმა უკანახაზელებმა ვერ შეძლეს, სიტუაციას ალღო ვერც მაკარიძემ აუღო, რომელმაც კარიდან გამოსვლა და მასთან პირისპირ გასულ სუბაშიჩთან შებრძოლება დააგვიანა. ეს უკანასკნელი სიტუაციაში ჩინებულად გაერკვა, ბურთს თავი წაჰკრა, ჩვენი მეკარე იოლად ჩამოიცილა და ბურთმა საქართველოს ნაკრების კარი ისე გადაკვეთა, აზერთა მთავარ ფორვარდს ბურთთან მეორე შეხება აღარ დასჭირვებია.
რამდენიმე წამში მეორე გოლს გადავრჩით. ალიევის დარტყმა მაკარიძის კარს მცირედით ასცდა.
ვერ ვიტყვით, რომ მეორე ტაიმში კარდინალურად განსხვავებული სურათი ვიხილეთ, სწრაფი იერიშების განხორციელება გვიჭირდა. ცქიტიშვილმა და ყენიამ ბევრი იშრომეს, მაგრამ თამაშს მხოლოდ ეპიზოდურად ამწვავებდნენ. აქა-იქ კანკავამაც სცადა თამაშის საკუთარ თავზე აღება. რამდენიმე უზუსტობის მიუხედავად, გრიგოლ დოლიძე ანსამბლში ნორმალურად ჩაეწერა, თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ”ამერის” შემადგენლობაში მან ბოლო მატჩები არცთუ მაღალ დონეზე ჩაატარა.
სიტყვა ახალწვეულებზე ჩამოვარდა და გარჯა დიმიტრი ტატანაშვილსაც დავუფასოთ. იგი გუშინ გაცილებით სასარგებლო იყო, ვიდრე უკრაინასთან, ტექნიკისა და კარგი ფიზიკური მომზადების წყალობით, მეტოქის მცველებს ხშირად სჯაბნიდა. ალექსანდრე კვახაძეც რიგიანად იდგა დაცვაში და გაცილებით ნაკლები შეცდომა დაუშვა, ვიდრე ნაკრების ლიდერმა მალხაზ ასათიანმა.
საბედნიეროდ, მეტოქეს თამაშის გადაწყობა არ ვაცალეთ და ანგარიში მეორე ნახევრის დასაწყისშივე გავათანაბრეთ: ყენიამ მახვილგონივრული პასით ჯაკობია მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, დარტყმა ვალიევმა მოიგერია, ასხლეტილი ბურთი იმავე ჯაკობიამ მომენტალურად თავით დაუგდო ეულად მდგომ ტატანაშვილს, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია.
მატჩის დარჩენილი ნაწილი კიდევ უფრო ქაოსური გამოდგა. ორივე გუნდმა ელემენტარული შეცდომების დაშვებას უმატა, მცირე უპირატესობა ჩვენი იყო, მაგრამ ნელ-ნელა მტკიცდებოდა აზრი, რომ ფრეზე ორივე მხარე ყაბულს იყო. ტაიმის შუაწელში მხოლოდ ალიევისა და ტატანაშვილის არაზუსტი დარტყმები იყო დასამახსოვრებელი.
ყენიასა და ცქიტიშვილის მოედნიდან გასვლამ ჩვენი შემტევი პოტენციალი უფრო შეასუსტა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე ჩვენმა გუნდმა აზრიანი კომბინაცია გაითამაშა და კინაღამ გაიტანა. კომბინაცია მთლიანად ამერული გამოდგა. დეკანოსიძემ ტატანაშვილს უპასა, რომელმაც ბოლქვაძეს დაუგორა - ამ უკანასკნელმა საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დაარტყა და მატჩის გმირობამდე სულ ცოტა დააკლდა.
არბიტრის მიერ დამატებული ოთხ წუთში საინტერესო აღარაფერი მომხდარა. ასეთი გამოდგა ბაქოური საღამო. შედეგი მთლად სახარბიელო არაა და იმის იმედიღა ვიქონიოთ, რომ ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ამ შეხვედრის მთავარ დანიშნულებას რიგიანად გამოიყენებს - გუშინ ხომ ეროვნულ გუნდში დამკვიდრების კანდიდატები ვნახეთ საქმეში და ნამდვილადაა იმის წინაპირობა, რომ მათმა ნაწილმა ნაკრებში ფეხი მოიკიდოს და ქვეყნის მთავარი გუნდის გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ლევან ჯანეზაშვილი, დავით ცაბაძე
გაზეთი ”ლელო”. 2007 წლის 13 სექტემბერი