http://msofsport.comრიჩარდ მათიაშვილით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ
მაინის ფრანკფურტში დასრულდა “ქორთ საიტის” მიერ ორგანიზებული კემპი, რომელშიც 30 ამერიკელი, 10 აფრიკელი და 20 ევროპელი კალათბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და “თბილავიამშენის” ცენტრალური თავდამსხმელი რიჩარდ მათიაშვილი, რომლითაც რამდენიმე ევროპული კლუბი დაინტერესდა.
“აღნიშნულ კემპზე, ჩემი პირადი აგენტის, ლევან მიქელაძის დახმარებით მოვხვდი. გერმანიაში ოთხი დღე ვიმყოფებოდი. კემპს უამრავი მწვრთნელი აკვირდებოდა, რომლებიც მათთვის სასურველ კანდიდატებს არჩევდნენ. ჩემით დაინტერესებული კლუბების ვინაობის დასახელებისგან, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ინტერესს იჩენენ ქართული კლუბებიც. “თბილავიამშენთან” კონტრაქტი დამიმთავრდა. თუ, უცხოური კლუბის ვარიანტი არ გამოვიდა, არჩევანს იმ ქართულ კლუბზე შევაჩერებ, რომელიც უკეთეს პირობებს შემომთავაზებს. მარცხენა ქუსლის მცირე ტრავმა მქონდა, რომელიც თითქმის აღარ მაწუხებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრობის კანდიდატთა მომავალ ვარჯიშზე გუნდთან ერთად ვიქნები”, _ განაცხადა მათიაშვილმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში.
დავით უსტიაშვილი: “რიგაში უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებთ.”
ევროპის 2008 წლის ჩემპიონატს ახალგაზრდა ვაჟ კალათბურთელთა შორის, 1-დან 10 აგვისტოს ჩათვლით, ლატვიის დედაქალაქი რიგა უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე 16 ნაკრები გამოვა. ესენი არიან: საქართველო, ლატვია, ლიტვა, თურქეთი, იტალია, ისრაელი, სერბეთი, რუსეთი, საფრანგეთი, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ესპანეთი და ჩერნოგორია.
ევროპის საუკეთესო 16 გუნდი ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი. თითოეული ჯგუფის შემადგენლობაში 4-4 გუნდი იმყოფება. ჯგუფური ტურნირის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, 1-3 ადგილებზე გასული გუნდები მედლებისთვის გააგრძელებენ ასპარეზობას, ხოლო ბოლო ადგილოსნები 14 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრისთვის იბრძოლებენ. საქართველოსთან ერთად ჯგუფში იტალიის, თურქეთისა და ისრაელის ნაკრები გუნდები მოხვდნენ.
საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები უკვე შეუდგა აღნიშნული ტურნირისთვის მზადებას, რომელსაც მესამე სეზონია რუსთავის “ენერჯი ინვესტის” მთავარი მწვრთნელი, საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე დავით უსტიაშვილი ხელმძღვანელობს. უსტიაშვილმა პირველ სეზონში გუნდი “ბ”-დან “ა” დივიზიონში გადაიყვანა, შარშან ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, წლევანდელი ჩემპიონატის გეგმებზე კი ახლა გვესაუბრება.
- ბატონო დავით, რა შედეგს გეგმავთ ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე?
- სამწუხაროდ, საპრიზო ადგილზე გასვლა ძალიან ძნელი იქნება. კმაყოფილი ვიქნები, თუ ჯგუფში ერთ შეხვედრას მაინც მოვიგებთ და 12 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდებით. თუ ჯგუფში ბოლო ადგილზე გავედით, მაშინ რიგაში უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებთ.
- ჯგუფში რომელ გუნდს მიიჩნევთ ძირითად კონკურენტად?
- 1-ში ვხვდებით თურქეთს, 2-ში იტალიას, ხოლო 3 აგვისტოს ისრაელის გუნდს ვეთამაშებით. სამივე საკალათბურთო ქვეყანაა და აღნიშნულიდან გამომდინარე უაღრესად დაძაბული თამაშები გველის.
- როგორ ემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის?
- ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება 23 ივნისს დავიწყეთ. გუნდი საკალათბურთო კლუბ “დინამოს” ბაზაზე ვარჯიშობს. ორჯერად ვარჯიშებს ვატარებთ. ბურთთან ერთად ვვარჯიშობთ ფიზმომზადებაში. 15-22 ივლისს მონაწილოებას მივიღებთ იტალიის ქალაქ ვენეციის საერთაშორისო ტურნირში, სადაც, მასპინძლებთან ერთად, სლოვაკეთისა და საბერძნეთის ნაკრები გუნდებიც გამოვლენ.
- შეკრებაზე რამდენი კალათბურთელი გამოიძახეთ?
- 13 სპორტსმენი გამოვიძახე, რომელთაგან რიგაში 12 გაემგზავრება. ამჟამად, შეკრებაზე იმყოფებიან: გიორგი შერმადინი (“მაკაბი”), რიჩარდ მათიაშვილი (“თბილავიამშენი”), ნოდარ შენგელია (“ლიტვა”), ირაკლი ჯგერენაია, დიმიტრი ფაცაცია, გიორგი გაფრინდაშვილი (ყველა აშშ), გიორგი პირველაშვილი (“მაკაბი”), ირაკლი გულისაბედაშვილი (“დინამო”), გიორგი ცეკვავა (“ენერჯი ინვესტი”), ბექა წივწივაძე, ლუკა ნოზაძე (ორივე “ვითა”), ირაკლი ივანეიშვილი და ზვიად ანთაძე (“თბილისი”). ასაკის გამო, გუნდი დატოვეს ლაშა ფარღალავამ (აშშ), მიშა ბერიშვილმა (“ვითა”), რეზო დიდიამ, მიხეილ ჭოჭუამ (ორივე “ენერჯი ინვესტი”). მათ ნაცვლად გამოვიძახეთ: შენგელია, ნოზაძე, ფაცაცია, პირველაშვილი.
- თქვენს მიერ შერჩეული კალათბურთელთა სათამაშო ფორმით კმაყოფილი ხართ?
- უკეთესი ჯობია, მაგრამ არჩევანის დიდი საშუალება არ მქონდა და ვინც გვყავს, იმ სპორტსმენებით უნდა დავკმაკოფილდეთ?
- შენგელიას მარცხენა ფეხის დიდი წვივის ძვალი ჰქონდა მოტეხილი. ახლა თავს როგორ გრძნობს?
- მართალია, შენგელიამ ფეხი მოიშუშა, მაგრამ მთელი დატვირთვით მაინც ვერ ვარჯიშობს, მყესოვანი კუნთის დაჭიმულობა აქვს შერმადინს, მარცხენა ფეხის ქუსლი აწუხებს მათიაშვილს, სხვებსაც აქვთ მცირე ტრავმები, მაგრამ სერიოზული არაფერია _ მალე, გუნდი მთელი დატვირთვით ივარჯიშებს.