იგორ კოკოშკოვი: “მინდა კალათბურთელებს მომართულება მივცე და ნაკრები ერთ გუნდად შევკრა”
საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატთა გაფართოებულ სიაში 34 სპორტსმენი მოხვდა.
“ჯვაროსნებმა” ახალი მთავარი მწვრთნელის, სერბი იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება 31 ივლისს დაიწყო. საქართველოსთან ერთად ჯგუფში ითამაშებენ შვედეთის, სლოვაკეთის, ირლანდიისა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებები. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ წრეს 5 სექტემბერს, თბილისში, ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდთან მატჩით იწყებს და 17 სექტემბერს გასვლაზე, შვედეთის ნაკრებთან მატჩით დაასრულებს. მეორე წრის მატჩები მომავალი წლის სექტემბრის თვეში ჩატარდება.
4 აგვისტოს ჩათვლით “ჯვაროსნების” შეკრება საქართველოში მოთამაშე კალათბურთელთათვის არის დაგეგმილი. გაფართოებულ სიაში სულ ასეთი 18 სპორტსმენია.
ჟურნალისტები ნაკრების წევრობის კანდიტატთა ვარჯიშს 1 აგვისტოს დაგვასწრეს. საქართველოში მოთამაშე 18 სპორტსმენიდან შეკრებაზე 13 კალათბურთელი გამოცხადდა. ესენი არიან: მიხეილ ჩიტაშვილი, კოტე ტუღუში, მიხეილ ფანჩულიძე, ზვიად ბაბიაშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ბესო ლეჟავა, თორნიკე ნინიაშვილი, ანატოლი ბოისა, მიხეილ ჭოჭუა, ლაშა გამყრელიძე, მიხეილ ბერიშვილი, ვახტანგ მინაშვილი და რეზო დიდია.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი გიორგი შერმადინი და რიჩარდ მათიაშვილი. 18-წლამდეთა ნაკრებში ვერმოხვედრილი გიგი ბარბაქაძე ეროვნულის წევრობის კანდიტატთა შეკრებაზე არ გამოჩენილა. ტრავმის გამო არ იყვნენ შიო ხეცურიანი და გიორგი მარკოიშვილი. ნიკოლოზ ცქიტიშვილს, გიორგი ცინცაძეს, სერგო ათუაშვილსა და ტატო ვაშაკიძეს, როგორც ლეგიონერებს, გუნდთან შეერთება 5-ში ევალებოდათ, მაგრამ ისინი შეკრებაზე ოთხი დღით ადრე გამოცხადნენ. დანარჩენი ლეგიონერებიდან შეკრებაზე ხუთისთვის უნდა გამოცხადდნენ ტაირონ ელისი, ლაშა ფარღალავა, ვლადიმერ ბოისა, ზაზა ფანჩულია და დავით უგრეხელიძე. 18 და 20 წლამდე ნაკრებ გუნდებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებიან და შეკრებას მოგვიანებით შეუერთდებიან კონსტანტინე ტომარაძე, თორნიკე შენგელია, ნიკა მეტრეველი (18-წლამდელთა ნაკრები), გიორგი გაფრინდაშვილი, დიმიტრი ფაცაცია და ლევან შენგელია (20-წლამდელთა ნაკრები). სამწუხაროდ, მანუჩარ მარკოიშვილი ნაოპერაციები ფეხის გამო, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს გამოტოვებს.
დღეს, პირველ აგვისტოს, მთავარ მწვრთნელ კოკოშკოვის მიერ ჩატარებულ ვარჯიშს მისი ასისტენტი ჯეისონ სტოდტი და მეორე ასისტენტის, პარალელურად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის დავით უსტიაშვილის დროებითი შემცვლელი აჩიკო ჟღენტი ესწრებოდნენ.
4 აგვისტოს, კოკოშკოვის მიერ გაფართოებული შემადგენლობიდან შერჩეული ის კალათბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას გააგრძელებენ, სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 5-13 აგვისტოს კი თბილისში მოემზადებიან.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, კოკოშკოვმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი უძღვებოდა.
პრესკონფერენციის დაწყების წინ, კოკოშკოვმა განაცხადა: “ჩემთვის დიდი პატივია, მსოფლიოში ისეთი განთქმული საკალათბურთო სკოლის მქონე ქვეყანას რომ წარმოვადგენ, როგორიც საქართველოა. 15 წელია მწვრთნელად ვმუშაობ და აქედან 10 წელი NBA-ში გავატარე. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს. წინ გრძელი და მომქანცველი ზაფხული გველის. მინდა კალათბურთელებს მიმართულება მივცე და გუნდი ერთ მუშტად შევკრა.”
ამის შემდეგ კოკოშკოვმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა:
- რა იცოდით ქართველი კალათბურთელების შესახებ, სანამ ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნებოდით?
- ვიცნობდი ფაჩულიას, ცქიტიშვილს, ცინცაძეს, ვლადიმერ ბოისასა და მანუჩარ მარკოიშვილს. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო მარკოიშვილი პირველ წრეში ვერ დაგვეხმარება.
- საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ახალი სახეები თუ აღმოაჩინეთ?
- არიან საინტერესო კალათბურთელები. გთხოვთ, ამ ეტაპზე მათ გვარებს ნუ მათქმევინებთ.
- ევროპის ჩემპიონატის ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე ჩვენი ნაკრების მიერ ჩატარებული მატჩების ვიდეოჩანაწერის ნახვა თუ მოასწარით?
- რა თქმა უნდა, ვნახე. ფინეთის ნაკრებს თბილისში შემთხვევით მოუგეთ, რაც შეეხება ისლანდიასთან წაგებას, მეტოქეზე ორჯერ უკეთესი გუნდი გყავდათ და თქვენი ეს წაგება ჩემთვის დღესაც გაუგებარია.
- ჩვენი ნაკრების მაშინდელი წაგების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ “ჯვაროსნების” მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, კენი შილდსმა ისლანდიაში არ წაიყვანა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ ცკიტიშვილი. შილდსის ადგილზე თქვენ როგორ მოიქცეოდით?
- საპასუხოდ მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ცქიტიშვილი ვადაზე 4 დღით ადრე გამოცხადდა შეკრებაზე და ამჯერად თქვენს მიერ ნახსენები პრობლემები აღარ ექნება.
- ნაკრების შეკრებაზე გამოძახებული ლეგიონერებიდან ყველა დროულად გამოცხადდება?
- დააგვიანებს მხოლოდ ზაზა ფაჩულია, რომელიც 17 აგვისტოს შემოგვიერთდება. ზაზასი კარგად მესმის - NBA-ში მომქანცველი სეზონის შემდეგ, დასვენება აუცილებელია. როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მითხრეს, ეს პირველი შეკრებაა, როცა ნაკრებში გამოძახებული კალათბურთელებიდან მხოლოდ ერთი სპორტსმენი იგვიანებს.
- თუ ფაჩულია ვერც 17-ში შეუერთდა ნაკრებს, მაშინ რა ზომას მიიღებთ?
- მე ვესაუბრე ფაჩულიას და შევთანხმდით, რომ ის ეროვნული გუნდის განკარგულებაში 17 აგვისტოდან იქნება.
ნაკრების წევრობის რამდენიმე კანდიდატს ყოფილი და ამჟამინდელი თავკაცების, შესაბამისად, შილდსისა და კოკოშკოვის ერთმანეთთან შედარება ვთხოვეთ:
კოტე ტუღუში: “კოკოშკოვი ბევრად უკეთესია.”
ვიქტორ სანიკიძე: “ახალი მწვრთნელი მის წინამორბედზე ასი თავით მაღლა დგას.”
გიორგი ცინცაძე: “კოკოშკოვმა თავიდანვე გვაგრძნობინა, რომ გუნდში დისციპლინა მაღალ დონეზე იქნება.”
http://www.msofsport.com/more.aspx?id=10539