ფაჩულიამ და სხვა “ქორებმა” “ხარებიც” დაკორტნეს თუკი სეზონის სტარტზე ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსის” წარმატებებს ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, დღეს უკვე ყველა თანხმდება – ჯორჯიელები ძალიან მაღალი კლასის კალათბურთს აჩვენებენ, რომელიც მათი სამომავლო წინსვლის საფუძველიც უნდა იყოს. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს “ჰოუქსმა” ზედიზედ მე-6 გამარჯვება “ჩიკაგო ბულზთან” გამოსჭედა, ქართველ ცენტრს კი ორმაგ დუბლამდე ორადორი მოხსნა დააკლდა.
ამერიკელი სპეცალისტები ატლანტელთა წარმატებული სერიის წყვეტას სწორედ ჩიკაგოს United center-ში ელოდნენ, თუმცა, “ქორებმა” 21 738 ქომაგის მიერ შეგულიანებული “ხარების” წინააღმდეგობა არად ჩააგდეს და მასპინძლებს 113:108 სძლიეს.
ტრავმირებული ჯოშ სმიტის არყოფნაში, ფაჩულიამ ატლანტელთა სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მე-2 მატჩი დაიწყო და 25 წუთსა და 49 წამში 12 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
ზაზამ 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 6-დან 4 ორქულიანი გამოიყენა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, ერთხელ მას დაუფარეს, ბურთი კი ქართველ კალათბურთელს არცერთხელ დაუკარგავს.
“ჰოუქსის” სასტარტო შემადგენლობიდან 12-ქულიან ზღვარს ხუთივე კალათბურთელმა მიაღწია, საუკეთესო კი ფაჩულიას კონკურენტი ალ ჰორფორდი გახლდათ.
ამერიკელმა ცენტრმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 41 წუთში 27 ქულა, 17 მოხსნა, 6 დაფარება და 3 პასი მიითვალა. მაიკ ბიბიმ 22 ქულას 5 პასი წაამატა, ხოლო ჯო ჯონსონი 17 ქულასა და 8 შედეგიან გადაცემას დასჯერდა.
ჩიკაგოელთა რიგებში ორმაგი დუბლი ორმა კალათბურთელმა მოაგროვა – დერიკ როუზის აქტივში 26 ქულა და 10 მოხსნა გახლდათ, დიდი ბრიტანეთის ნაკრებში მოთამაშე ლუოლ დენგმა კი “ჰოუქსს” 19 ქულა და 10 მოხსნა დაატეხა თავს.
ატლანტელები 6 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნულ ლიდერად რჩებიან, კიდევ უფრო საამაყო კი ის გახლავთ, რომ “ჰოუქსი” სახელოვანი “ლოს ანჟელეს ლეიკერსის” დარად დაუმარცხებელი გუნდის სტატუსს ინარჩუნებს.
ფაჩულიას გუნდს მორიგი სერიოზული გამოცდა ხუთშაბათ დილით ელის – “ჰოუქსი” ლიგის მოქმედ ჩემპიონ “ბოსტონ სელტიქსს” ეწვევა, რომელსაც 7 მატჩიდან 6 აქვს მოგებული.
ეს გუნდები ერთმანეთს NBA-ს გასულ ფლეი-ოფში გადაეყარნენ და მაშინ უპირობო ფავორიტად მიჩნეულმა “სელტიქსმა” მეტოქე მხოლოდ დასკვნით მეშვიდე მატჩში გატეხა, ისიც საკუთარი მოედნის უპირატესობის ხარჯზე.
ხსენებულ სერიაში ფაჩულიამ ბოსტონელთა უმთავრეს ვარსკვლავ კევინ გარნეტს უხეშობა არ აპატია და საკუთარი ადგილი მიუჩინა, რამაც ქართველი ცენტრი ატლანტელთა თვალში ნამდვილ გმირად აქცია.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14371მაგრად მიხარია ზაზას გუნდი წარმატება,მარა მეტს ველი ზაზასგან
სამწუხაროდ რაც ჰორფორდი გადავიდა ატლანტაში თითქოს შეწყდა ზაზას წარმატებული სვლა,თითქოს ერთ ადგილზეა გაყინული
წარმატებებბი ბოსტონთან,იმედია ზაზა აბაროტს აუღებს გარნეტს