ძალიან საინტერესო რამ აღმოვაჩინე ფედერაციის გვერდზე:
ქ.თბილისის ბავშვთა საფეხბურთო ტურნირის "პეპსის თასის" 2006 წლის დებულება
მიზანი და ამოცანები
ფეხბურთის განვითარება;
პროექტში მაქსიმალური რაოდენობის სკოლის მოსწავლეების ჩართვა;
მოსწავლეებისთვის ბავშვობის გახალისება ფეხბურთით;
ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ჯანმრთელი თაობის აღზრდა;
ნიჭიერ ფეხბურთელთა გამოვლენა;
გამარჯვებული გუნდების გამოვლენა და ფასიანი პრიზებით დაჯილდოვება.
ტურნირის ხელმძღვანელობა და ორგანიზაცია
ტურნირს ხელმძღვანელობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო და ქ. თბილისის მერია.
ტურნირის ორგანიზაციას განახორციელებს საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია.
მონაწილე გუნდები
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ქ.თბილისის საშუალო სკოლების მე–5, მე–6 და მე–7 კლასელთა ნაკრები გუნდები. აკრძალულია მოსწავლის სხვა სკოლის გუნდში მინაწილეობა;
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან 1994 წელს და შემდგომ დაბადებული მოსწავლეები;
ტურნირში მონაწილე ყველა სკოლა ვალდებულია საორგანიზაციო კომიტეტს წერილობით აცნობოს თანხმობა მონაწილეობის შესახებ.
გუნდების განაცხადების გაფორმება
გუნდებისგან განაცხადების მიღებას და დამტკიცებას აწარმოებს საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაციის საშეჯიბრო კომიტეტი (საკონტაქტო პირი: ი.ნაკაიძე, ტელ: 899 77 12 55);
გუნდის განაცხადი დამოწმებული უნდა იყოს სკოლის დირექტორის და ექიმის ხელმოწერით და შესაბამისი ბეჭდით;
გუნდის განაცხადს თან უნდა ერთვოდეს მოსწავლის დაბადების მოწმობა და მოსწავლის ბილეთი;
გუნდის განაცხადში უნდა შედიოდეს 10 ფეხბურთელი: 3 მოთამაშე 10 წლის, 3 მოთამაშე 11 წლის, 4 მოთამაშე 12 წლის.
ტურნირის ჩატარების სისტემა და პირობები
ქულების დარიცხვა მოხდება შემდეგი პრინციპით: მოგება – 3 ქულა, ფრე – ქულა, წაგება – 0 ქულა;
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
1.მოგებათა მეტი რაოდენობა;
2.უშუალო შეხვედრის შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების უკეთესი სხვაობა);
3.ტურნირში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
4. მეტი გატანილი გოლი;
თამაშის ხანგრძლივობაა 30 წუთი (ორი 15 წუთიანი ტაიმი). შესვენება 5 წუთი;
ნებადართულია ფეხბურთელების შეცვლა ჰოკეის პრინციპით;
თამაშში მონაწილეობს 6 ფეხბურთელი: 1 მეკარე და მინდვრის 5 მოთამაშე;
აუტიდან ბურთის თამაშში შეტანა ხდება ხელით (ქვემოდან შეგორებით);
მეკარეს უფლება აქვს ბურთი ხელში დაიჭიროს მაქსიმუმ 4 წამის განმავლობაში;
თანაგუნდელისგან მეკარისთვის ფეხით დაბრუნებული ბურთის ხელში აღება არ შეიძლება;
ჯარიმის, აუტისა და კუთხურების დროს მოწინააღმდეგე უნდა იმყოფებოდეს ბურთიდან ორი მეტრის მოშორებით;
მოთამაშეთა შეცვლის დროს რომელიმე გუნდის შემადგენლობაში თუ აღმოჩნდება ექვს ფეხბურთელზე მეტი, მსაჯი შეაჩერებს თამაშს და ამ გუნდის საწინააღმდეგოდ დანიშნავს თავისუფალ დარტყმას იმ ადგილიდან, სადაც ბურთი იყო;
გუნდს უნდა ეცვას ორგანიზატორების მიერ დარიგებული მაისურები;
პირველი ჯგუფური ეტაპის დამთავრების შემდეგ გუნდები დაწყვილდებიან კენჭისყრით;
ფინალურ ეტაპზე გადიან რაიონებში გამარჯვებული გუნდები;
ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებისთვის დამატებით მოეწყობა კენჭისყრა ჯგუფებში განაწილების მიზნით.
მსაჯობა
ტურნირს მოემსახურება საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დამტკიცებული მსაჯთა კოლეგია.
სადისციპლინო სასჯელი
გუნდს, რომლის ფეხბურთელიც არ იქნება განაცხადში შეყვანილი და მიიღებს მატჩში მონაწილეობას, ჩაეთვლება წაგება 0:3;
ფეხბურთელი, რომელიც თამაშის დროს მიიღებს წითელ ან ორ ყვითელ ბარათს, დასტოვებს მოედანს თამაშის დამთავრებამდე. ამ შემთხვევაში მისი გუნდი 2 წუთის განმავლობაში ითამაშებს ნაკლები რაოდენობით, ხოლო თუ ამ 2 წუთის განმავლობაში უმცირესობაში მყოფი გუნდის კარში გავა გოლი, გოლგაშვებული გუნდი უფლებამოსილია მატჩი გააგრძელოს სრული შემადგენლობით;
გადაზრდილი მოთამაშის აღმოჩენის შემთხვევაში გუნდი მოიხსნება ტურნირიდან.
საჩივრის შეტანა
გუნდის წარმომადგენელი ვალდებულია საჩივრის შემთხვევაში მატჩის დასრულებისთანავე გააფრთხილოს მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენელი და მსაჯი.
ტურნირის ჩატარების ხარჯები და პრიზები
ტურნირის ჩატარების ხარჯებსა და პრიზებს განსაზღვრავს საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო.
* * *
http://www.gff.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=80