http://worldsport.ge/Read.aspx?news=20191&lang=1სკანდალურად დასრულდა სერბეთის თასის ფინალი, რომელშიც გიორგი მერებაშვილის “ვოივოდინა” ბელგრადის “პარტიზანს” ხვდებოდა. “დასრულდა” ბრჭყალებში, რადგან მატჩი ოთხმოცდაათ წუთს არ გაგრძელებულა – “ვოივოდინამ” თამაში შეწყვიტა, მინდვრიდან გავიდა და გამარჯვებულად “პარტიზანი” გამოცხადდა.
... თავიდან მივყვეთ: “პარტიზანი” მე-17 წუთზე დაწინაურდა, მერებაშვილი მე-60 წუთზე შევიდა მინდორზე და ორ წუთში ნოვი სადელებმა ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 71-ე წუთზე, ბელგრადელები პენალტით დაწინაურდნენ.
სკანდალი მე-80 წუთზე მომწიფდა, როცა მერებაშვილის ჩაწოდებულ ბურთს “ვოივოდინას” ფეხბურთელმა თავი შეაგება და... ანგარიში გათანაბრდა? არა, მსაჯმა “სუფთა გოლი” გააუქმა.
88-ე წუთზე, მსაჯმა სლობოდან ვესელინოვიჩმა, “ვოივოდინას” სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა და სწორედ აქ გაუწყდათ ნოვი სადელებს მოთმინების ძაფი. კლუბის ხელმძღვანელობის მოთხოვნით, გუნდმა თამაში აღარ გააგრძელა და მართალია, “პარტიზანის” მოთამაშეები დარჩენას სთხოვდნენ, გადაწყვეტილება აღარ შეცვლილა. ბუნებრივია, მერებაშვილი და მისი თანაგუნდელები არც დაჯილდოების ცერემონიალზე არ დარჩენილან.
და საინტერესოა “ვოივოდინას” საიტზე მატჩის “მიმოხილვა”:
“ჩვენ გუნდს ვულოცავთ ფინალში კარგ თამაშს. “პარტიზანმა” თასი აიღო, მაგრამ “ვოივოდინამ” მინდორზე დაამტკიცა, ვინაა უძლიერესი”.
აი, რას ამბობს “ვოივოდინას” პრეზიდენტი რატკო ბუტოროვიჩი სერბულ mondo-სთან საუბარში:
“გული მწყდება იმ 6500 ადამიანზე, რომლებიც ნოვი სადიდან ჩამოვიდნენ ბელგრადში. სლობოდან ვესელინოვიჩმა მათ სიხარული წაართვა. საგულისხმო ისაა, რომ პირადად მელაპარაკნენ “პარტიზანის” გულშემატკივრები, რომლებმაც მითხრეს, ასე მოგებული თასი არ გვჭირდებაო. და მართალნიც არიან”.
მოკლედ, მერებაშვილის გუნდი უტიტულოდ დარჩა, თუმცა ევროპის ლიგის საგზური განაღდებული აქვს. “ვოივოდინა” მესამე ადგილზეა ჩემპიონატში, რომელსაც, ალბათ, “პარტიზანი” მოიგებს და დუბლს შეასრულებს. 4 ტური დარჩა და “პარტიზანი” 5 ქულით უსწრებს მოსისხლე “ცრვენა ზვეზდას”.