http://www.msofsport.com/detals.aspx?id=546511.04.2008 1:39:15
ქართველ ძიუდოისტთა მეტოქეთა ვინაობა ცნობილია პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულმა კენჭისყრამ ევროპის ჩემპიონატზე ჩასული ქართველი ძიუდოისტების მეტოქეთა ვინაობა გაარკვია. შოთა ხაბარელის შეგირდთაგან, 11 აპრილს, ტატამზე ნესტორ ხერგიანსა (60 კგ.) და ზაზა კედელაშვილს (66 კგ.) ვიხილავთ.
ხერგიანს კენჭისყრისას ძალიან არ გაუმართლა. პირველ რაუნდში მისი მეტოქე ესპანელი კენჯი უემაცუ იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ჩვენებური ლატვიელ ოლეგს ფილიპოვს შეერკინება.
ბადეში ნესტორის მხარეს მოხვდნენ ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი, ფრანგი დიმიტრი დრაგინი, ლიტველი ალბერტ ტეხოვი, ბელორუსი მაქსიმ ჯამილაშვილი და ბრიტანელი კრეიგ ფელონიც, რაც ხერგიანს გზას საკმაოდ გაურთულებს.
შედარებით იოლად აქვს საქმე კედელაშვილს, რომელიც ტურნირს მოლდოველ მარჩელ ტრუდოვთან შერკინებით დაიწყებს, ხოლო თუკი იმარჯვა, სლოვაკი იოზეფ კრნაჩისა და სომეხი არმენ ნაზარიანის შეხვედრის შედეგს დაელოდება.
კედელაშვილის მხარეს ძლიერ ძიუდოისტთაგან სერბი მილოშ მიალკოვიჩი, ესპანელი ოსკარ პენასი, პორტუგალიელი პედრო დიასი და ჰოლანდიელი დექს ელმონტი მოხვდნენ.
12 აპრილს ტატამზე დავით ქევხიშვილი (81 კგ.) და გიორგი ბაინდურაშვილი (81 კგ.) გავლენ.
ქევხიშვილი პირველ წრეში ისვენებს, მე-2 რაუნდში კი იტალიელ მარკო მადალონის დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, დავითი ლიხტენშტეინელ ემანუელ მოსერს, პოლონელ კშიშტოფ ვილკომირსკისა და ბულგარელ გეორგი გეორგიევს შორის საუკეთესოს შეხვდება.
ფინალამდე მისვლაში ქევხიშვილს ხელს აზერბაიჯანელი ელნურ მამადლი, პორტუგალიელი ჟოაო პინა, თურქი სეზერ ჰუიზუში და ესპანელი კიოში უემაცუ თუ შეუშლიან.
საწყის რაუნდში ბრძოლისგან თავისუფალია ბაინდურაშვილი, მისი პირველი მეტოქის ვინაობა კი მოლდოველი ვალერიუ დუმინიცასა და უკრაინელ არტიომ ვასილენკოს ჯახში გაირკვევა.
ქართველი ძიუდოისტის ბადის ნახევარში სლოვენიელი ალიაჟ სედეი, იტალიელი ჯუზეპე მადალონი და პორტუგალიელი ჟოაო ნეტო უნდა გამოვარჩიოთ.
ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 13 აპრილს, ტატამზე ირაკლი ცირეკიძე (91 კგ.), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ.) და ლაშა გუჯეჯიანი (+100 კგ.) გავლენ.
ცირეკიძე ტურნირის სტარტზე ლიხტენშტაინელ მირკო კაისერს გაეჯიბრება, მე-2 რაუნდში კი უკრაინელ დმიტრო მარკოვთან შერკინება მოუწევს.
ირაკლის წონაში არაერთი სახელოვანი ძიუდოისტი გამოვა, ბადის მის ნახევარში კი გამოჩენილთაგან ფრანგი მეტიუ დაფრევილი, უნგრელი ბალინტ ფარკაში, აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი და ბელორუსი ანდრეი კაზუსიონაკი მოხვდნენ.
ჟორჟოლიანის პირველი მეტოქე რუმინელი დანიელ ბრატა იქნება, წარმატების შემთხვევაში კი, ქართველი ძიუდოისტი ფრანგ კრისტოფ ჰუმბერტსა და შვეიცარიელ დომინიკ ჰიშიერს შორის უმჯობესს შეერკინება.
ფინალამდე ლევანის შესაძლო მეტოქეთაგან რუსი ასლან უნაშხოტლოვი, ბრიტანელი პეტერ კუზინი და სლოვენიელი პრიმოჟ ფერიანი უნდა გამოვარჩიოთ.
სულ 20 მონაწილე მოგროვდა მძიმე წონაში, სადაც გუჯეჯიანი ძალებს გერმანელ ფაბიან ჰუბერტთან მოსინჯავს. თუკი ლაშამ იყოჩაღა, მერვედფინალში სლოვენიელ მატიაჟ ჩერაის დაუპირისპირდება.
გუჯეჯიანის მხარეს ესტონელი მარტინ პადარი და იტალიელი პაოლო ბიანჩესი მოხვდნენ, სამაგიეროდ, ქართველი რუს ტამერლან ტმენოვს, უნგრელ ბარნა ბორსა და ბელორუს იური რიბაკს ასცდა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის ჩემპიონატის სამივე დღეს რეპორტაჟებს 19:00 საათიდან აწარმოებს. ტრანსლაცია პირველ არხზე დაიწყება, 20:00 საათიდან კი რეპორტაჟი მე-2 არხზე გაგრძელდება.