Kobalty
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 45896
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07
|
#10662888 · 6 Aug 2008, 00:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლეღვის ფოთოლთა მთელი ლაშქარი
არიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკის გარეშე არ შეუძლიათ... არიან ისეთებიც, პოლიტიკას რომ სიბინძურედ მიიჩნევენ და მის ხსენებაზეც კი, ტუჩს იბზუებენ. რაღა თქმა უნდა, საშუალო მარაქის ადამიანებიც არსებობენ, რომელთაც სხვაზე არანაკლებ იციან, თუ რა არის ზოგადად პოლიტიკა, მაგრამ ამავე დროს, იციან ისიც, რომ პოლიტიკის გარეშე არაფერი გამოდის. და მაინც, რომელ ჯგუფსაც უნდა მივეკუთვნებოდეთ მე, შენ, ის; ჩვენ, თქვენ, ისინი, ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის სულის სიღრმეში მაინც ცნობილია, რომ პოლიტიკა, ეს არის არსებული ვარიანტებიდან უკეთესის, ან უარესის მიღწევის, ანუ შესაძლებლობათა ხელოვნება. ესე იგი, მეტად საჭირო რამ! შესაბამისად, ნიჭიერი და მიზანმიმართული ხალხი აღწევს იმას, რისი მიღწევაც სურს და შედარებით უნიჭონი, ან ნაკლებად მებრძოლნი, მინიმუმით კმაყოფილდებიან. რაკიღა, ჩვენი ფიქრისა და წერილის საგანი ფეხბურთია, ბუნებრივია, საინტერესოა მსჯელობა იმაზეც, თუ როგორ პოლიტიკაზეა დაფუძნებული ქართული ფეხბურთი და რას შეუძლიათ მიაღწიონ მისი საშუალებით, ჩვენი ფეხბურთის მესვეურებმა. ეს საკითხი, განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების სათავეში არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი დაინიშნა და მინიმუმ, 17 თვე საინტერესო პერიოდი ელის ნაკრებსაც და მისი ბედით დაინტერესებულ ადამიანებსაც. მით უმეტეს, გულშემატკივართა შორის უკვე გახმიანდა ის ფაქტი, რომ აღმასკომის სხდომაზე ფედერაციის პრეზიდენტმა თავი შეიკავა, ახალი მწვრთნელისთვის ხმა არ მიუცია და ისევ და ისევ გულშემატკივრული ვერსიით, ამით, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა პეტარ სეგრტისადმი. არადა, მგონია, რომ სეგრტსა და კუპერში, გინდაც ფინკესა და ზიკოში სულაც არ არის საქმე – აქ მხედველობაში არ უნდა გვქონდეს არც მათი წარმომავლობა, არც კარიერა, არც მენტალიტეტი, არც მოთხოვნილებები და ასე შემდეგ... ვფიქრობთ, მთავარი უნდა იყოს სულ სხვა რამ: ის, რომ ერთი კაცი, თუნდაც უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი, ვერაფერს გააწყობს. ქართული ფეხბურთი საფუძვლიანად დანგრეულია და ერთი “პრარაბი”, რაოდენ ნიჭიერიც უნდა იყოს ის, მის აშენებას ვერ შეძლებს. საჭიროა მუშები და ტექნიკა - ინჟინრები და ტრესტის მმართველები, როგორც საქართველოში გვჩვევია, საკმარისზე მეტიც გვყავს - არსად არაფერი აშენებულა საწარმოო ძალისა და საწარმოო ტექნიკის გარეშე. მოკლედ, ქართული ფეხბურთის გასაჭირი ნაკრების მწვრთნელსა და მუდამჟამ ერთ აზრზე მყოფ აღმასკომში როდია, მას ყველგან, ნებისმიერ სეგმენტში უჭირს და აკლია კვალიფიციური კადრები! კადრები, რომლებიც, თუკი, კომუნისტური წარსულის ერთ სწორ ლოზუნგს გავიხსენებთ, წყვეტენ ყველაფერს. რაც შეეხება ნაკრებში და მისი თავკაცის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, იმას, რაც ტოპმიოლერის შემთხვევაში იყო, იმას, რაც ახლა, კუპერის შემთხვევაში არის და იმას, რაც მერე იქნება, “ლეღვის ფოთოლის” პოლიტიკას დავარქმევდი - მთელ დანგრეულ სისტემას ვფარავთ ერთი უცხოელი სპეციალისტით და ლაფში ჩაფლული ურემი, მით მეტად “შინ მიტანილი გვგონია”, რაც უფრო სახელდაგდებული და ცნობილია ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. ბუნებრივია, შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ეს პოლიტიკა მხოლოდ ქართული ფეხბურთის სახლში იგეგმება - არა, ამ შენობას (ბინადრებითურთ) სხვაც ბევრი აქვს სასაყვედურო, ესეც ზედ რომ არ დაემატოს, მაგრამ ისიც ხომ აშკარაა, რომ კანცელარიის გადაწყვეტილებაზე აგრერიგი დამოკიდებულებაც, თავისებური დანაშაულია. რადგან: ხალხი, რომელიც კანცელარიაში ირჯება, ცუდად იცნობს ქართული ფეხბურთის სინამდვილეს, უყურებს მას ფასადური ფორმიდან გამომდინარე და ბუნებრივია, გადაწყვეტილებებსაც არასწორს იღებს. რაოდენ ძნელი შესასრულებელიცაა პროექტი, იმდენად ადვილია დიაგნოზი – ქართულ ფეხბურთს სისტემურად უჭირს და მოდით, ამ სისტემურ გაჭირვებას მეურნეობაში, მენტალიტეტში, ინფრასტრუქტურაში, კლუბებში, ნაკრებში და პროფესიონალიზმში, ნუ გადავფარავთ იმით, რომ ნაკრების სათავეში სახელგანთქმული და ცნობილი ექტორ რაულ კუპერი მივიყვანეთ. რა შეიძლება გაგვიკეთოს ამ კაცმა? დიდი-დიდი, ათი ოფიციალური და საკონტროლო შეხვედრა მოგვაგებინოს (ნეტარ არიან მორწმუნენი). რაო, ამით ეშველება უვარგის საფარს? დანგრეულ ტრიბუნებს? მწვრთნელთა მოუმზადებლობას? პროფანულ მიდგომას? იმას, რასაც ჩვენ ბავშვთა ფეხბურთში ბუმს ვეძახით, სინამდვილეში ხომ მზარდთა მოცდენა და მშობლის თვალიდან მოშორებით ღლაბუცი ჰქვია? განა კუპერი უშველის იმას, რომ ფეხბურთში ვარჯიში გატაცებად კი არა, მომაბეზრებელ სამუშაოდ ექცათ პატარებს? ისინი ხომ საფეხბურთო სკოლებში, როგორც სამსახურში ისე დადიან და ერთი სული აქვთ, როდის “გავარდებიან” სხვაგან, როდის მორჩება მათი ყოველდღიურობის იდიოტური ორი, ან სამი საათი... სახელმწიფოსადმი საყვედურებიც ზოგადი მიდგომაა - ვთვლი, რომ არაკომპეტენტური. გასაგებია, რომ სიტყვით ფეხბურთი “ნომერ პირველ პრიორიტეტულ სახეობად” იქცა, მაგრამ იქცევა კი ორი, ან ოთხი მილიონი ლარი იმ ნგრევის კომპენსაციად, რომელიც ჩვენს ფეხბურთში მიმდინარეობდა? ფეხბურთისთვის წართმეული “ავლაბრის”, “შევარდენის”, “ბათუმისა” და ნაწილობრივ, “სინათლის” სტადიონები სულ სხვას, საპირისპიროს რომ ამტკიცებენ? ძნელია, სიმამაცე უკიჟინო სხვა ადამიანებს, მაგრამ ვფიქრობ, პირველ რიგში, სწორედ ქართული ფეხბურთის სახლიდან უნდა ამოყელყელავდეს პროტესტის გრძნობა ფეხბურთთან ასეთი დამოკიდებულების გამო. სხვამხრივ, დიდი არაფერი მნიშვნელობა აქვს, აუწევს, თუ არა ისტორიულად მორჩილი აღმასკომი მორიგ გადაწყვეტილებას “ერთსულოვნად” ხელს. ახლა რაც საქართველოს ნაკრებში იწყება, უკვე გავლილი გვაქვს (გავლილი, თორემ გათვლილი - ვერა) - ექტორ კუპერისკენ მიმართული მზერა, ტოპმიოლერისაკენ მიმართულს მახსენებს. ბუნებრივია, “იმ” მზერაში მეტი აფოფინება და აღტაცება იყო, “აქ” უფრო სიფრთხილე იღვრება მავანთა თვალებიდან, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რაც უნდა მაღალ შედეგს მიაღწიონ კუპერმა და ნაკრებმა, ეს არ იქნება კანონზომიერი პროცესი. ქართული ფეხბურთის მდგომარეობიდან გამომდინარე, ნაკრების, რომელიმე კლუბისა თუ სხვა ორგანოს წარმატება იქნება მყისიერი, კომეტასავის გაელვებადი რამ. ამ წარმატებას არ ექნება ლოგიკური საფუძველი - ლეღვის ფოთლების პოლიტიკა და ლოგიკა, ერთმანეთისაგან ძალიან შორს არიან. უნდა მიეხედოს ფეხბურთს სისტემურად - სახელმწიფო ხელისშეწყობაც სხვა ასპექტში უნდა გამოიხატოს და არა აქა-იქ “გამოშხეფებული” მილიონიანი ინექციებით. ზოგადად, სახარჯავად, ნებისმიერი წარმოშობის ფული კარგია და სიამოვნებასაც ანიჭებს ადამიანებს, მაგრამ მხოლოდ მიზანმიმართული ფული ადგება საქმეს. ...ლეღვის ფოთოლების შესახებ კი, ბევრიც არაფერია სალაპარაკო - წელიწადში ერთხელ, სულ არის ხოლმე ფოთოლცვენა და რაც უნდა გაშიშვლდეს, სულ შიშვლდება.
|