ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდა რომ მეკარემ პენალტი აიღო!!!

ქულა კუპერის აქტივში
საქართველო - კვიპროსი 1:1 (0:0)
11 ოქტომბერი. თბილისი. ეროვნული სტადიონი. 45000 მაყურებელი.
საქართველო: ლომაია, ლობჟანიძე, სალუქვაძე, ხიზანიშვილი, შაშიაშვილი, მენთეშაშვილი, კობიაშვილი, რაზმაძე, ყენია (64. გოცირიძე), იაშვილი, მჭედლიძე (75. ალექსიძე).
მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი
კვიპროსი: გიორგალიდისი, ხარალამბუსი, ანდრეას კონსტანტინუ, ხრისოსტომოსი (37. ნიკულაუ), ხარალამბიდისი, ილია (82. ლამბრუ), გარპოზისი, მაკრიდისი, ოკასი, მიქაელ მიქაელ კონსტანტინუ, ალონეფტისი (90. პანაგი).
მწვრთნელი: ანგელოს ნასტასიადისი
გოლები: 0:1 მიქაელ კონსტანტინუ (66), 1:1 კობიაშვილი (73)
გამოუყენებელი პენალტი - მიქაელ კონსტანტინუ (52.მეკარე)
გაფრთხილება: სალუქვაძე (52), ხიზანიშვილი (81), ალექსიძე (85), ხარალამბიდისი (32), ანდრეას კონსტანტინუ(90) მსაჯი: რ.მატიჟეკი (ჩეხეთი)
ჯარიმა: 15 -13; კარში დარტყმა: 3-5; კარისკენ დარტყმა: 5-3; კუთხური: 7-6; თამაშგარე: 4-1
2010 წლის ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წინ, ნაკლებად თუ ჰქონდა ვინმეს იმის ილუზია, რომ საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში თამაშის უფლების მოსაპოვებლად იბრძოლებდა. ჯგუფში ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ აღებულმა ერთმა ქულამ, აღნიშნული ეჭვი უფრო გაამყარა. ალბათ, საქართველოს ნაკრებისთვის “ურიგო” შედეგი არ იქნება თუ, მიმდინარე “შესარჩევის” დასრულების შემდეგ, 2008 წლის ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგს გაიმეორებს და ჯგუფში ბოლოსწინა ადგილს დაიკავებს. ამის თქმის საშუალებას, თუნდაც განვლილ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე კვიპროსთან ორი ქულის დაკარგვა იძლევა. არადა, თუ სტუმრების მიერ ვერგამოყენებულ თერთმეტრიანს გავითვალისწინებთ, ქულა აშკარად კუპერის შეგირდების აქტივშია.
კვიპროსთან მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუნდს მხოლოდ მაღალი დონის მწვრთნელი ვერ ქმნის და ამისთვის სათანადო შემსრულებლებია საჭირო, რომელთა დეფიციტსაც საქართველოს ეროვნული გუნდი აშკარად განიცდის. ოსტატობის ნაკლებობის ბრალია, როდესაც ფეხბურთელები უკანა ხაზში ელემენტარულ ვითარებაში ცდებიან, როდესაც ნახევარდაცვასა და დაცვაში ტექნიკური წუნი დიდია, როდესაც უკან უფრო მეტი პასი კეთდება, ვიდრე წინ, ხოლო დაცვიდან ბურთის დროულად “ამოტანა” დიდ პრობლემადაა ქცეული.
მოკლედ, საქართველოს ნაკრებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ფეხბურთელები საკმარისად ნამდილად არ არიან და ამ ფონზე ტრავმების გამო, კალაძისა და კვირკველიას არყოფნა, ასათიანის ირგვლივ არსებული გაურკვეველი ვითარება, გოგუას არგამოძახება, ამისულაშვილის უგულველყოფა და იგივე მათე ღვინინანიძის 18-კაციან განაცხადში ვერმოხვედრა, ნაკრების თამაშზე სასიკეთოდ არ მოქმედებს. ცხადია, შემადგენლობის განსაზღვრა მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ იმავე მწვრთნელის გადასაწყვეტია ამა თუ იმ ფეხბურთელთან ურთიერთობის დარეგულირება და ქართული ფეხბურთის მწირი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება.
მატჩამდე კუპერი აცხადებდა, რომ მეტოქეს სიურპრიზებს შესთავაზებდა და ყველაზე დიდი მოულოდნელობა ძირითად შემადგენლობაში თბილისის “ვიტ ჯორჯიას” ნახევარმცველის ლუკა რაზმაძის გამოჩენა გახლდათ, რომელსაც ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და ერთ ეპიზოდში ანგარიშის გახსნაც შეეძლო. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა გიორგი ლომაია, რომელმაც ეს ფაქტი აღებული პენალტით აღნიშნა და კვიპროსელებთან ქულის მოპოვებაშიც საკმაო წვლილი შეიტანა.
კუპერმა დაცვის ცენტრში ხიზანიშვილი და სალუქვაძე ათამაშა, რომელთაც რამდენიმე ეპიზოდში მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში უხეში შეცდომა დაუშვეს, გაშვებულ გოლში კი, ბრალი აშკარად მიუძღვით. თუმცა, საერთო ჯამში, ხიზანიშვილი ცუდად ნამდვილად არ გარჯილა და იყო მომენტები, როდესაც მასპინძლებს ხიფათი მისმა დამაჯერებელმა თამაშმა აარიდა. მარჯვენა ფლანგზე ლობჟანიძე თამაშობდა, რომელსაც კვიპროსელთა უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელმა ალონეფტისმა უამრავი პრობლემა შეუქმნა და სწორედ, ასეთ დროს იქნებოდა კარგი მისი ჩანაცვლება ღვინიანიძით, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “მიუნხენ 1860”-ში სტაბილურად გამოდის. მარცხენა მცველად გიორგი შაშიაშვილმა იასპარეზა, რომლის მიმართ პრეტენზია, უკანახაზელებიდან ყველაზე ნაკლებად შეიძლება იყოს.
ნახევარდაცვის ცენტრში მენთეშაშვილი, კობიაშვილი და რაზმაძე განლაგდნენ. ამ უკანასკნელის თამაშზე ზემოთაც ავღნიშნეთ. რაც შეეხება კობიაშვილს, მან სანაკრებო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, ხოლო მენთეშაშვილმა, ტრადიციულად, ბევრი იშრომა და “შავი სამუშაო” შეასრულა. არგენტინელმა სპეციალისტმა ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე ყენია განაწესა, რომლისთვისაც კვიპროსელებთან მატჩი გამორჩეული ნამდვილად არ იყო. შეხვედრის შემდეგ, კუპერმა აღნიშნა კიდეც, რომ “შალკეს” 18 წლის ლეგიონერი ასი პროცენტით მზად არ იყოო. ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგი იაშვილს ეკავა, ხოლო გამოკვეთილი ფორვარდი ლევან მჭედლიძე იყო.
მატჩის დებიუტში, ხიზანიშვილი ლომაიასთვის ბურთის დაბრუნებისას უხეშად შეცდა და რომ არა ქართველი მეკარის თავგანწირული თამაში, მიქაელ კონსტანტინუს გოლის გატანა შეეძლო. ამის შემდეგ, უპირატესობა ხელთ მასპინძლებმა იგდეს და 39-ე წუთამდე სახიფათო მომენტები ძირითადად კვიპროსელთა კართან იქმნებოდა. მე-13 წუთზე კობიაშვილმა მეტოქეს ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა და გადაცემა არ დაუგვიანა სტუმართა საჯარიმოში შეჭრილ რაზმაძეს, რომლის მიერ კარის წინ გაკეთებული გამჭოლი გადაცემა, მეტოქის მცველმა ჩაჭრა.
27-ე წუთზე რაზმაძემ მოწინააღმდეგეს ორთაბრძოლაში აჯობა, ხოლო მჭედლიძემ ბურთი სტუმართა საჯარიმოში ყენიას “შეაყოლა”, რომელმაც იაშვილი მოძებნა, მაგრამ “კარლსრუეს” ფორვარდმა არაზუსტად დაარტყა. 34-ე წუთზე ხიზანიშვილის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, კარიდან ბურთის დასაუფლებლად გამოსული გიორგალიდისი მჭედლიძესთან ორთაბრძოლაში შეცდა და რაზმაძის დარტყმული ბურთი განაპირა ძელს მოხვდა.
აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში, კრისოსტიმოსი უწყინარ ვითარებაში მოედანზე დაეცა, რის გამოც ის საკაცით გაიყვანეს, თამაშში კი ნიკოლაუ ჩაერთო. მატჩის პირველ ნახევარში, კვიპროსელებმა ქართველების კართან ვითარება ერთადერთხელ გაამწვავეს, როდესაც 39-ე წუთზე ალონეფტისის ჩაწოდებული კუთხურის მერე, შეტევაში ჩართული ანდრეას კონსტანტინუს მეტად სახიფათო თავური ლომაიამ გააუვნებელყო. ტაიმის მიწურულს, მიქაელ კონსტანტინუმ საჰაერო ორთაბრძოლაში ხიზანიშვილს აჯობა, მაგრამ შემოტრიალებით კარში სათანადოდ ვეღარ დაარტყა.
მეორე ნახევარი ახალი განახლებული იყო, როცა კობიაშვილის დაწყებული შეტევა ყენიამ გააგრძელა, რომელმაც ბურთი იაშვილთან გაითამაშა და კარის მიმართულებით სახიფათოდ “გაისროლა”, მაგრამ უშედეგოდ. 52-ე წუთზე კვიპროსელებმა კონტრშეტევისას მარცხენა ფლანგზე “კედელი” გაითამაშეს და ქართველების საჯარიმოში შეჭრილი ალონეფტისი სალუქვაძემ ფეხებში ვარდნით წააქცია, ხოლო არბიტრმა პენალტის დანიშვნა არ დააყოვნა. თერთმეტმეტრიანი მიქაელ კონსტანტინუმ შეასრულა, ლომაიამ კი მისგან მარჯვენა კუთხეში წასული ბურთს ბადეში გახვევის საშუალება არ მისცა. სხვათა შორის, ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ჩვენმა კიპერმა პენალტის აღება შეძლო.
55-ე წუთზე, ხიზანიშვილმა გრძელი პასი გააკეთა გიორგალიდის კარის სიახლოვეს მყოფი რაზმაძის მისამართით, რომელმაც ბურთს კეფა ოდნავ შეახო და კვიპროსელთა კარის დარაჯს მისი ხელში დაჭერა არ გასჭირვებია. 67-ე წუთზე სტუმართა მორიგი კონტრშეტევის დროს, ალონეფტისის პასის შემდეგ, სალუქვაძე პოზიციურად შეცდა, ხიზანიშვილმა კი, თანაგუნდელი ვერ დააზღვია და მიქაელ კონსტანტინიუმ თავით ანგარიში გახსნა. მალევე, ხიზანიშვილის თავით მოგერიებული ბურთი ალონეფტისმა მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ლომაიას შეხების შემდეგ, იგი ზედა ძელს მოხვდა.
72-ე წუთზე, მჭედლიძემ ანდრეას კონსტანტინუს მაღალი ბურთისთის ბრძოლა კვიპროსელთა საჯარიმოს სიახლოვეს მოუგო, ხოლო იქვე მყოფმა კობიაშვილმა ამით კარგად ისარგებლა და გუნდის კაპიტანმა სანაკრებო 78-ე მატჩში მე-8 გოლი გაიტანა.
78-ე წუთზე ყენიას ნაცვლად შეცვლაზე შესულმა გოცირიძემ კარგი რეიდი განახორციელა და საჯარიმოში მარჯვენა მხრიდან შეჭრილმა სახიფათოდაც დაარტყა - ბურთი კარს სანტიმეტრებით აცდა. 86-ე წუთზე სტუმართა მიერ გაკეთებული მაღალი პასისას, ხიზანიშვილმა შეცდომა დაუშვა და მიქაელ კონსტანტინიუმ ბურთი მკერდით დაუგდო ოკასს, რომელმაც მიზანს მცირედით ააცილა. შეხვედრის 90-ე წუთზე, ბურთი თავით ჯერ ალექსიძემ მოიგო, შემდეგ გოცირიძემ, იაშვილს კი გამარჯვების გოლის გასატანად სულ მცირედი დააკლდა.
ჩეხი არბიტრის სასტვენმა, ქართველებს ამცნო, რომ საქართველო-კვიპროსის პირველი ოფიციალური მატჩი ფრედ დასრულდა. აქვე გეტყვით, რომ ეს იყო ამ გუნდების მეოთხე შერკინება. აქამდე ჩატარებული სამი მატჩიდან ორი კვიპროსელებს ჰქონდათ მოგებული, ერთი კი - ჩვენს ნაკრებს.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მსოფლიო ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, უფროსი ნოდარ ახალკაცისთვის განკუთნილი ფიფას ღირსების ორდენი, მის შვილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტს, უმცროს ნოდარ ახალკაცს გადასცა. ბლატერს სარბენ ბილიკებზე დამონტაჟებული მიკროფონიდან, სტადიონზე დამსწრე საზოგადოებისთვის მიმართვა სურდა, მაგრამ ტექნიკური პრობლემის გამო, ამის გაკეთება ვერ შეძლო. ამის შემდეგ, იგი მოედანზე შევიდა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს ხელი სათითაოდ ჩამოართვა.
ერთიც დასამატებელია, რომ მატჩისთვის დარიგებულ ოქმებზე, მეტოქე გუნდის გრაფაში დიდი ასოებით კვიპროსი ეწერა, ხოლო პატარათი - შოტლანდია...
!!!!!!!!!!!!
პრესკონფერენციაზე პირველი კვიპროსელთა მთავარი მწვრთნელი ანგელოს ანასტასიადისი გამოცხადდა, რომელიც შედეგით კმაყოფილი იყო:
“თამაშითა და შედეგით კმაყოფილი ვარ. მართალია, გამარჯვების მოპოვებაც შეგვეძლო, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ამის შანსი საქართველოსაც ჰქონდა, განსაკუთრებით კი ბოლო წუთებში. ამ შემთხვევაში გოლი რომ გასულიყო, ვითარების გამოსწორება ძნელი იქნებოდა. 1:1 უკეთესია, ვიდრე 1:2. ორივე გუნდი ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა და როგორც მცველებს, ასევე ჩამშლელი სტილის ნახევარმცველებს, ჯარიმების მიღება ხშირად უხდებოდათ. სხვათა შორის, არბიტრმა ჩვენზე რამდენიმე ისეთი ჯარიმა დააფიქსირა, რომელიც მისაცემი არ იყო. პირველ ტაიმში მას ჩვენი ფეხბურთელისთვის ყვითელი ბარათი არ უნდა ეჩვენებინა. გაფრთხილებას ქართველებიც იმსახურებდნენ, მაგრამ არბიტრმა ისინი არ დასაჯა. ვფიქრობ, რომ გუნდი პროგრესირებს, რაც შედეგშიც გამოიხატა. კმაყოფილი ვარ, რომ გოლი მიქაელ კონსტანტინუმ გაიტანა, რომელმაც პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა. საპასუხო ბურთი კი, დაცვაში დაშვებული შეცდომით გაუშვით, რომელიც მარტივად შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა”.
განვლილი მატჩის თაობაზე საუბრისას, კუპერმა აღნიშნა, რომ ერთი ქულის აღებით უკმაყოფილოა: “საქართველოს ნაკრებმა მატჩის პირველი ნახევარი კარგად ჩაატარა, თამაშის მსვლელობასაც ვაკონტროლებდით. საგოლე მომენტებიც შევქმენით, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ფიზიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი ძალა დავხარჯეთ. მეორე ტაიმი პირველისგან განსხვავებული იყო. უფრო გახსნილი თამაში მიდიოდა და დაცვაში საკმაოდ გაგვიჭირდა. გოლის გატანა ჩვენც შეგვეძლო, თუმცა მეტოქის ყოველი კონტრშეტევა დიდ საფრთხეს გვიქმნიდა. პენალტის შემთხვევაში აშკარად გაგვიმართლა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გაშვებული ბურთის შემდეგ, გუნდი შეტევაში წავიდა და ანგარიში გაათანაბრა. იაშვილს მეტად რომ გამართლებოდა, თამაშის მოგებაც შეგვეძლო. მოხარული ვარ, რომ რაზმაძემ საპასუხისმგებლო შეხვედრა კარგად ჩაატარა. ის აშკარად თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. ფრე ნამდვილად არ გვახარებს და ვალდებული ვართ, ოთხშაბათს თამაში მოვიგოთ”.
ყენიას შეცვლის თაობაზე, არგენტინელმა განაცხადა, რომ ეს ტაქტიკური ცვლილება იყო და მისი აზრით, გოცირიძე თამაშში კარგად ჩაერთო. დაცვაში დაშვებული შეცდომების თაობაზე კი, მან აღნიშნა, რომ ეს ბუნებრივი რამაა, რადგან ფეხბურთს მეტოქეებიც თამაშობენ...
This post has been edited by koba4ever on 12 Oct 2008, 15:25