ტატიშვილმა ტროას 50-ათასიანი ტურნირი მოიგო
18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა აშშ-ს ქალაქ ტროაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე 5 გამარჯვება იზეიმა და 50-ათასიანი პირველობის ჩემპიონი გახდა.
საწყის შეხვედრაში ტატიშვილმა მე-7 ნომრად განთესილი უკრაინელი ტატიანა ლუჟანსკა 6:2, 3:6, 6:2 დაამარცხა, შემდეგ სლოვენიელ პეტრა რამპრეს გაუსწორდა – 6:1, 7:6 (9:7), ხოლო მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში, შესაბამისად, ხორვატ ანა სავიჩსა (3:6, 6:1, 6:1) და ამერიკელ ებიგეილ სპირსს (5:7, 6:3, 7:5) სძლია.
გადამწყვეტ მატჩში ქართველი ჩოგბურთელის პირისპირ ბრიტანელი ჯიორჯი სტუპი დადგა, რომელმაც მე-2 რაუნდში პირველ ნომრად განთესილ ჯული დიტის (აშშ) მოუგო, გზად კი ვენესუელელ გაბრიელა პასს, პორტუგალიელ ნეუზა სილვასა და ამერიკელ მელანი ოუდინსაც აჯობა.
ანას ბრიტანელთან რთული ბრძოლა გადახდა, თუმცა, მეტოქის გასატეხად ორი სეტი იმყოფინა და სტუპს 7:6 (7:4), 6:4 მოუგო.
წყვილთა ტურნირის საწყის წრეში ტატიშვილისა და ამერიკელი ბრენგლეს დუეტმა ბრიტანელი კარტერისა და კანადელი დაბროვსკის ტანდემს 6:1, 6:1 მოუგო, მეოთხედფინალში კი ამერიკელების – აუგუსტინისა და ელიეს წყვილს 6:7 (4:7), 6:2, 10:7 სძლია.
ნახევარფინალში ჩვენთვის საინტერესო დუეტი მეორე ნომრად განთესილი ამერიკელი ჰეინსისა და ინდოელი რაოს ტანდემთან 2:6, 4:6 დამარცხდა.
ტროას საჩოგბურთო ტურნირში გამარჯვების წყალობით, ტატიშვილი, რომელსაც აქამდე მსოფლიოს საჩოგბურთო ასოციაციის (ჭთA) რეიტინგში 188-ე ადგილი ეკავა, საგრძნობ წინსვლას უნდა ელოდეს.
მიმაგრებული სურათი