ლეილა მესხი მესამედ გაპრეზიდენტდა
ლეილა მესხი მესამედ გაპრეზიდენტდა
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას, მომავალი ოთხი წლით, კვლავ ლეილა მესხი უპრეზიდენტებს. დღეს, სპორტის დეპარტამენტის საპრესკონფერენციო დარბაზში ჩატარებულ ჩოგბურთის ფედერაციის წევრთა საერთო კრებაზე, ქართულ ჩოგბურთში მოტრიალე ხალხმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო. ხმის უფლების მქონე 75 წევრიდან, კრებაზე 54 გამოცხადდა და დასმულ საკითხებზე, არცერთ მათგანს განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამს, ლეილა მესხი კი, ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.
არჩევნებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც დაესწრო. ლეილა მესხმა კრების წაყვანა ოლიმპიური კომიტეტის ყოფილ გენერალურ მდივან ემზარ ზენაიშვილის სთხოვა. ის, ჯერ კიდევ სეოკ-ში მუშაობისას, პარალელურად ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიც იყო, ამიერიდან კი საჩოგბურთო საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩაერთვება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის შესრულებას, სულ რაღაც ერთი საათი დასჭირდა. კრების სამდივნოსა და ხმის დამთვლელი კომისიის არჩევის შემდეგ, მესხმა გავლილი ოთხწლიანი ციკლის შემაჯამებელი საანგარიშო მოხსენება წაიკითხა. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ვეზირიშვილმა კი, ფინანსური ანგარიში.
არჩევნების დაწყებამდე, დარბაზში მყოფთ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა მიმართა.
“ყველასათვის ცნობილია, რომ ჩოგბურთი სპორტის უძვირესი სახეობაა. ერთი ბავშვის სრულყოფილად მომზადებას, იმდენი თანხა სჭირდება, ზოგიერთ ფედერაციას მთელი წლის განმავლობაში რომ ეყოფა. ამის მიუხედავად, მაქსიმალურად ვეცდებით, გვერდში დაგიდგეთ და ეგებ, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი ჩოგბურთელიც ვიხილოთ. ვიცი, რომ საკმაოდ კარგი თაობა მოდის. გარდა ამისა, აუცილებლად აღვადგენთ თელავის საერთაშორისო ტურნირს და მას ტრადიციულად ვაქცევთ” - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
რადგან ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ერთი იყო, კრების წევრებმა გადაწყვიტეს, რომ დრო უქმად არ დაეკარგათ და ღია კენჭისყრა ჩაეტარებინათ. ხმის დამთვლელ კომისიას, საქმეში ჩართვა აღარც დასჭირვებია - დარბაზის არჩევანი ისედაც თვალნათლივ გამოჩნდა.
“რვა წელია, ჩოგბურთის ფედერაციის სათავეში ვარ და ჩოგბურთის სამყარომ, ნდობა კიდევ ოთხი წლით გამომიცხადა, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია. ვეცდები, მათი იმედები გავამართლო. მადლობა ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას - თქვა ძველმა-ახალმა პრეზიდენტმა და ფედერაციის ახალი შემადგენლობაც უმალ დაასახელა - პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემზარ ზენაიშვილი იქნება. ეს არის კაცი, რომელმაც ქართული ჩოგბურთისთვის ბევრი გააკეთა და რომლისგანაც საქმის კეთება ვისწავლე. მეორე ვიცე-პრეზიდენტობას “ჯი ემ სი ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ხვიჩა მაქაცარია გასწევს. გენერალური მდივანი ზურაბ ქაცარავა იქნება, იუნიორთა დეპარტამენტს ლალი ზერეკიძე ჩაიბარებს, მწვრთნელთა საბჭოს კი გურამ თოხაძე მიხედავს”.
სულ ბოლოს, მესხმა გამგეობის ახალი წევრები ჩამოთვალა და მათ შორის ლეგენდარული ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველიც ახსენა.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14468