
სახელი გვარი : გიორგი ვაშაძე
დაბ.თარიღი : 1990 წლის 2 დეკემბერი
პოზიცია : ნახევარმცველი
”ს.კ. ჭიათურის” გვერდის ადმინისტრაცია დაუკავშირდა ’’ჭიათურის’’ ფეხბურთელ, გიორგი ვაშაძეს და მასთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ.
გიორგი, წლევანდელ სეზონში კლუბის მიზანი უმაღლეს ლიგაში გადმოსასვლელ პლეი-ოფში მოხვედრა იყო, როგორ შეაფასებდით დარჩენილი ტურების წინ ჩვენი გუნდის შანსებს?
- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დარჩენილ ტურებში გამარჯვებას მივაღწიოთ, ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. სამწუხაროა, რომ ყველაფერი ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული. ოზურგეთლებთან სხვაობა 2 ქულაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტყიბულის ’’მეშახტეს’’ და ხარაგაულის ’’ჩხერიმელას’’ შესწევთ იმის ძალა, რომ ’’მერცხალს’’ ქულები დააკარგვინოს.
ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია ოზურგეთის ’’მერცხალთან’’ გამართული შეხვედრა. რას იტყვით აღნიშნულ მატჩში მომხდარ ინცინდენტებზე?
- არც კი ვიცი როგორ დავიწყო, ძალიან ცუდი საფეხბურთო გარემო იყო! მიუხედავად ყველაფრისა ჩვენმა ბიჭებმა შესძლეს და თითქმის ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე, განსაკუთრებით შეხვედრის მეორე ტაიმში. რაც შეეხება ადგილობრივი მაყურებლის საქციელს, ეს არა მარტო ოზურგეთლების, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთის სირცხვილია! სამწუხაროა, რომ ამ ფაქტს სათანადო რეაგირება პასუხისმგებელი ორგანოებიდან ჯერ არ მოჰყოლია.
რას იტყვით გუნდზე? რის ხარჯზე აღწევს კლუბი წარმატებას და რომელ რგოლშია ’’ჭიათურა’’ ყველაზე ძლიერი?
-გუნდი ფიზიკურად საკმაოდ კარგად არის მომზადებული. ’’ჭიათურა’’ ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული თუმცა, მათ გვერდით გამოცდილი ფეხბურთელებიც თამაშობენ. ყველაზე ძლიერი ნახევარდაცვის რგოლია, სევასტოპულო, ქირია, ფირცხალავა, ნოზაძე, ბარათაშვილი - ჩემი აზრით, ნახევარდაცვის ეს ხაზი ერთ-ერთი საუკეთესოა 1 ლიგის გათამაშებაში.
მოგვიყევით თქვენს კარიერაზე. როგორ დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?
-ფეხბურთის თამაში 9 წლის ასაკში ჭიათურაში დავიწყე. პირველი მწვრთნელი ავთო ბრეგვაძე იყო. ჩემი, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ნოდარ ცხოვრებაძემ და რევაზ ლეჟავამ ითამაშეს. მწვრთნელებზე საუბარს აქ დავამთავრებ, რადგან ჩემს საფეხბურთო კარიერაში ბევრ მწვრთნელს აქვს დიდი ამაგი და მათი ჩამოთვლისას ვინმე აუცილებლად გამომრჩება, არ მინდა რომელიმე მათგანს ამით ვაწყენინო. 15 წლის ვიყავი როდესაც პირველ გუნდში გადამიყვანეს, ამის შემდეგ კი ქუთაისის ’’ტორპედოში’’ ვთამაშობდი. ’’ტორპედოდან’’ კვლავ ჭიათურაში დავბრუნდი. 2010 წლის აგვისტოში კი აზერბაიჯანულ კლუბ, ბაქოს ’’ნეფთჩში’’ გადავედი.
”ჭიათურაში” გადმოსვლამდე გქონდათ თუ არა სხვა გუნდებისგან შემოთავაზებები და თუ შეგიძლიათ, რომ დაასახელთ ეს გუნდები.
-ბაქოდან ჩამოსვლის ჩემდეგ ვარჯიში ცხინვალის ’’სპარტაკში’’ დავიწყე. 2 კვირაში ტრავმა მივიღე, ამას მწვრთნელის შეცვლაც დაემატა და წამოსვლა მომიწია. გარკვეული ინტერესები იყო უმაღლეს ლიგაში მოთამაშე მარტვილის ’’მერანის’’ მხრიდან. თუმცა საბოლოოდ ’’ჭიათურის’’ ვარიანტს დავთანხმდი.
რა იყო ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც თქვენ, მშობლიურ კლუბში დაბრუნება გადაგაწყვეტინათ.
-ტრავმის მერე აუცილებლად მჭირდებოდა სათამაშო პრაქტიკა. გადამწყვეტი როლი კი მაინც მწვრთნელის, ბადრი ბრეგვაძის, ფაქტორმა ითამაშა. ბატონი ბადრი პროფესიონალი მწვრთნელია, აქვს კარგ გუნდებში მუშაობის გამოცდილება, სადაც უმუშავია ყველგან წარმატებისთვის მიუღწევია.
როგორ აპირებთ თქვენი მომავალი კარიერის გაგრძელებას? არის თუ არა სხვა კლუბებისგან ინტერესი თქვენ მიმართ?
-გუნდთან ერთად ვემზადები და ამჟამად ჩემი საფიქრალი მხოლოდ და მხოლოდ ’’ჭიათურის’’ მომავალ შეხვედრებში წარმატების მიღწევაა.
ვინ არის თქვენთვის მისაბაძი ფეხბურთელი? რომელი კლუბის ქომაგი ხართ? ( ჭიათურის შემდეგ რა თქმა უნდა)
-მალხაზ ასათიანი. უცხოური კლუბებიდან კი მადრიდის რეალს ვქომაგობ ( იმედია წელს მაინც დავამარცხებთ ბარსელონას )
რაში მდგომარეობს თქვენი, გიორგი ვაშაძის, წარმატების საიდუმლო?
-არავისგან არაფრით გამორჩეული არ ვარ. მიყვარს საკუთარ თავზე მუშაობა.
და ბოლოს, რას შეჰპირდებით ჭიათურელ გულშემატკივარს?
-ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს.
ს.კ. ჭიათურის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ზურა მოდებაძეს გაწეული დახმარებისთვის.
http://www.facebook.com/photo.php?fbid=302...96819816&type=1