«ფეხიც რომ მომაჭრან, მაინც ვითამაშებ»
საკუთარ თავზე ლაპარაკი ძალიან უჭირს. თუმცა, ეგ არაფერი - მასზე სხვები ლაპარაკობენ ბევრს. დანარჩენს კი მოედანზე ამტკიცებს. 21 წლის ბიჭისთვის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობა ცოტა ნამდვილად არაა, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ასეთი «პატარა» წარმატება თავბრუს ვერ დაახვევს. აკი თვითონაც ამბობს, - დიდი ფეხბურთის თამაში მსურს და ჯერ ყველაფერი წინ მაქვსო. გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, თბილისის «დინამომ» ფარერების «რუნავიკს» 3:0 მოუგო. გიორგი მერებაშვილმა ჩვეული ოსტატობით ითამაშა და პენალტიც «შემატა» გუნდს, თუმცა კი ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და განმეორებითი მატჩის გამოტოვება მოუწევს...
- გიორგი, განვლილი სეზონის შეფასებით დავიწყოთ...
- «დინამო» ისეთი ტრადიციების გუნდია, ყოველ წელს ჩემპიონობისა და თასის მოსაპოვებლად იბრძვის. მიზანი წელსაც იგივე იყო და მართალია, თასი ვერ მოვიგეთ, მაგრამ ჩემპიონობის დაბრუნებაც მნიშვნელოვანი გახლდათ. სეზონი «ვიტ ჯორჯიამ» და «ზესტაფონმაც» ძლიერად ჩაატარეს, ამიტომაც, ჩვენი გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა.
- გამოდის, შენ «სამმაგად» გაგხარებია, რადგან ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს...
- სეზონის დაწყებამდე ვფიქრობდი, ჩემპიონობა დიდი წარმატება იქნება-მეთქი და მეც რომ ამხელა აღიარებას მივაღწიე, ძალიან ბედნიერი ვარ. გასულ სეზონს ბევრი გამორჩეული მოთამაშე ჰყავდა. თუნდაც ჩემი თანაგუნდელი ხუციშვილი, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და სხვა ფეხბურთელებიც... მათ შორის გამორჩევა მართლაც დიდ აღიარებად მიმაჩნია.
- ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვინახავს, მცირე წარმატებით რომ კმაყოფილდება და... 21 წლის ასაკში ასეთი აღიარება ცუდ სამსახურს ხომ არ გაგიწევს? თუ პირიქით, სტიმულს შეგმატებს?
- მამაჩემი ყოფილი მოჭიდავეა, სპორტის სამყაროს კარგად იცნობს და მეც ასე მასწავლიდა, - პატარ-პატარა წარმატებებით არ უნდა დაკმაყოფილდე, დასახულის მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლოო. რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება დიდი წარმატებაა, მაგრამ იმ მიზანთან შედარებით, რაც დასახული მაქვს, ძალიან მცირე მასშტაბის... დიდი ფეხბურთის თამაში მსურს და ეს ტიტული უფრო მომთხოვნს გამხდის საკუთარი თავისადმი. მომავალ სეზონში, ჩემგან ქომაგიცა და სპეციალისტებიც მეტს ელიან და ახლა ამ იმედების გამართლებაზე უნდა ვიზრუნო.
- «დინამოს» ახალ მწვრთნელზე, რაინერ ცობელზე რას იტყვი, ის და დუშან უგრინი ერთმანეთისგან რით განსხვავდებიან?
- ცობელიცა და უგრინიც დიდი მწვრთნელები არიან და დარწმუნებული ვარ, კლუბის ამჟამინდელ თავკაცს ჩვენი გუნდისთვის წარმატების მოტანა შეუძლია. ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და ცდილობს, მოთამაშეებამდე ზუსტად მიიტანოს საკუთარი შეხედულებაც და ვარჯიშის ესა თუ ის ელემენტიც. რაც შეეხება სხვაობას, ყველა მწვრთნელს საკუთარი შეხედულება და ტაქტიკა აქვს. გამონაკლისი არც ცობელი და უგრინი არიან, მე კი იმას ვიტყვი, რომ ორივეს ცოდნითა და ტაქტიკური მონახაზით კმაყოფილი ვარ...
- «დინამოს» პირველ გუნდში სამი წლის წინ, კახა ცხადაძის მწვრთნელობისას გამოჩნდი. მას შემდეგ, სამი მწვრთნელის გამოცვლა მოგიხდა და სამივე უცხოელი იყო... გასაგებია, რომ «საფეხბურთო ენა» ყველასთვის ერთია, მაგრამ უცხოენოვან, სხვა მენტალიტეტის მქონე მწვრთნელებთან ურთიერთობა არ გიჭირს?
- საბედნიეროდ, ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია - მწვრთნელებიც და «დინამოს» ლეგიონერებიც ძალიან დაგვიახლოვდნენ. ევროპელებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ჯორჯ აკირემი და დიდიე ოვონო მხოლოდ კანის ფერით თუ განსხვავდებიან ჩვენგან, თორემ სხვა მხრივ, ჩინებულად ვუგებთ ერთმანეთს მოედანზეც და მის გარეთაც...
- «რუნავიკთან» მატჩზე რას იტყვი?
- ფარერის კუნძულები საფეხბურთო ქვეყანა არ არის, მაგრამ მაინც მეგონა, რომ მეტ წინააღმდეგობას გაგვიწევდნენ...
- პირველ ტაიმში სამი გოლი გაუტანეთ მეტოქეს, მერე კი... მეტი ვეღარ თუ აღარ გაიტანეთ?
- ამ მატჩის წინ შეკრება გერმანიაში გავიარეთ. აქაურთან შედარებით, იქ ისეთი დაბალი ტემპერატურა გახლდათ, რომ თბილისურ ხვატში გაგვიჭირდა და ეს მეორე ტაიმს დაეტყო კიდეც. თანაც, 3:0-ის შემდეგ, შედეგზე კი არა, უფრო მაყურებელზე თამაში დავიწყეთ.
- საკმაოდ კარგად ითამაშე, თერთმეტმეტრიანიც დაიმსახურე, თუმცა, მეორედ რომ წაიქეცი, მსაჯმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათით «დაგაჯილდოვა». რა მოხდა იმ ეპიზოდში?
- ჩემი აზრით, ყვითელ ბარათს ნამდვილად არ ვიმსახურებდი. მერე, ვიდეოჩანაწერიც ვნახეთ და იქაც გამოჩნდა, რომ არბიტრს პენალტი უნდა დაენიშნა. თუმცა, ალბათ, ერთი და იმავე მოთამაშის ორჯერ წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანის დანიშვნას მოერიდა. სხვა შემთხვევაში, აუცილებლად დანიშნავდა პენალტს. თამაშის შემდეგ მითხრა, - ამაზე არ ინერვიულო, კარგი ფეხბურთელი ხარ და დიდი წარმატებები ჯერ კიდევ წინ გელისო...
- პირველი მატჩის ანგარიშის და რაც მთავარია, მეტოქის ძალის გათვალისწინებით, ცხადია, შემდეგ ეტაპზე «დინამო» გავა. აი, იქ კი, საბერძნეთის «პანათინაიკოსი» გელით...
- თბილისური მატჩის ანგარიში დიდ უპირატესობას გვაძლევს. მით უმეტეს, «რუნავიკის» ძალას თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი ხდება, თანაც, ეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპია და მოდუნება არ შეიძლება. ფარერებშიც მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ და მთელი მატჩის განმავლობაში ბოლომდე დავიხარჯოთ. სამწუხაროდ, განმეორებით შეხვედრაში ჩემი თამაში გამორიცხულია. პირველი ტაიმის ბოლოს მყესები დამეჭიმა, ეს ტრავმა ჯერ კიდევ გერმანიაში წასვლამდე მაწუხებდა და თავი ისევ შემახსენა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ზუსტად ექიმებიც ვერ მეუბნებიან, როდის შევძლებ თამაშს, ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული...
- გამოდის, «პანათინაიკოსთან» მატჩსაც გამოაკლდები?
- რას ამბობთ? ეგ ისეთი მატჩია, ფეხიც რომ მომაჭრან, მაინც ვითამაშებ...
- უკვე რამდენიმე წელიწადია, «დინამოში» ხარ, წარმატებასაც მიაღწიე... სხვა პერსპექტიული ბიჭების მსგავსად, საზღვარგარეთისკენ ხომ არ იყურები?
- «დინამოში» თითქმის ყველა ასაკობრივი გუნდი გამოვიცვალე. პირველ გუნდში ჩემი დებიუტი კახა ცხადაძის მწვრთნელობისას შედგა. თანაც პირდაპირ საქართველოს სუპერთასისთვის მატჩში! წარმოიდგინეთ, როგორი სასიხარულო და მოულოდნელი იქნებოდა ჩემთვის «დინამოს» მთავარ გუნდში გამოძახება და სუპერთასის მატჩში თამაში მაშინ, როცა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის შემადგენლობაში ერთი წუთიც კი არ მქონდა ნათამაშები... ამ გუნდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. თუმცა, დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის, აქ სათანადო პირობები ჯერ არ არის და ადრე თუ გვიან, ალბათ მეც წავალ. ოღონდ, ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია.
- პეტარ სეგრტის ხელში, ეროვნული ნაკრების მაისურითაც ითამაშე პორტუგალიასთან...
- ეროვნულ გუნდში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. უფლის წყალობით, ეს ბედნიერება უკვე გამოვცადე, თუმცა, მხოლოდ დებიუტი არ კმარა - ახლა, წარმატებების, შედეგიანი თამაშის დროა...
This post has been edited by Ernesto_De_La_Serna on 22 Jul 2008, 15:20
მიმაგრებული სურათი