დინამო პანათინაიკოსს პირველ ომს, საინფორმაციოს აშკარად მოუგებს

მიზეზი ისაა, რომ ჩვენ მათი საიტიდან ბევრ ინფორმაციას მოვაგროვებთ, ისინი კი დინამოს საიტიდან ბევრს ვერაფერს ვერ გაიგებენ, თან საკუთარ კომპიუტერებსაც ვირუსებით გატენიან.

დინამოელთა პირველი კომენტარები მსოფლიოს სპორტისაგან:
ცობელისთვის “რუნავიკი” ანგარიშგასაწევი ძალაა
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შედეგი, რომლის მიხედვითაც, თბილისის “დინამოს”, მეტოქედ ფარერების “რუნავიკი” შეხვდა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა გერმანელმა რაინერ ცობელმა, ასე შეაფასა:
“ყველა თამაში რთულია და ნებისმიერი მეტოქე ანგარიშგასაწევია. როგორც მახსოვს, თავის დროზე, გერმანიის ეროვნულ ნაკრებსაც გაუჭირდა ფარერების დამარცხება. ჩვენ თუ გვსურს “რუნავიკს” გავცდეთ, თამაშამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად და სერიოზულად უნდა მოვემზადოთ”.
“დინამოს” კაპიტანი დავით დიღმელაშვილი, პირველ ეტაპზე კენჭისყრით კმაყოფილია:
“შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ. ვალდებულნი ვართ, პირველი ეტაპი გავიაროთ. მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში “პანათინაიკოსს” ვეთამაშებით და ბერძნული გუნდი, ერთ-ერთი უძლიერესია მათ შორის, ვინც შეიძლება შეგვხვედროდა. თუმცა, ქართული ფეხბურთის პრესტიჟის დაცვას მაქსიმალურად შევეცდებით”.
თბილისელთა მარჯვენა მცველის, დავით ოდიკაძის თქმით, დღესდღეობით, ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა, ამიტომ გამართლებაზე საუბარი არ შეიძლება: “ფარერების გუნდს რაც შეეხება, გაგვიმართლაო, არ ითქმის, რადგან ფეხბურთის თამაში დღეს ყველამ ისწავლა. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ მაინც ფავორიტები ვართ. რაც შეეხება “პანათინაიკოსს”, ჯერ უმჯობესია, პირველი ეტაპი გადავლახოთ და მომავალ მეტოქეზე სასაუბროდ, დრო საკმარისზე მეტი იქნება”.
საქართველოს ჩემპიონი, სლოვაკი მცველი მილოშ კრშკო, მომავალი მეტოქის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს:
“რუნავიკის” თაობაზე არაფერი ვიცი გარდა იმისა, რომ სამოყვარულო გუნდია. წინასწარ ვერ ვიტყვი, რომ ადვილი მეტოქე გვყავს, მაგრამ ფავორიტები მაინც ჩვენ ვართ”.
“დინამოს” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი თვლის, რომ მის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის მეტი შანსი აქვს:
“ჩემი აზრით, მეორე წრეში გასვლის შანსი ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა. იგივე სანაკრებო დონეზე თბილისში საქართველოსა და ფარერების ეროვნულ გუნდებს შორის ჩატარებული შეხვედრა გავიხსენოთ. ასე რომ, მაქსიმალურად კონცენტრირება გვმართებს”.
თბილისელთა ნახევარმცველ ლევან ხმალაძის აზრით, “დინამომ” ფარერული ბარიერი აუცილებლად უნდა გაიაროს:
“ჩემი აზრით, პირველ ეტაპზე სასურველი მეტოქე შეგვხვდა და მეორე წრეში აუცილებლად უნდა გავიდეთ. “პანათინაიკოსს” რაც შეეხება, იმ პერიოდში უკეთეს სათამაშო ფორმაში ვიქნებით. ჩვენ ძალებს არ დავზოგავთ და ვეცდებით, ბრძოლა გავუმართოთ ერთ-ერთ უძლიერეს მოწინააღმდეგეს, რომელიც შეიძლება შეგვხვედროდა”.
“რუნავიკის” ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, “დინამოს”, მეორე ეტაპზე დაპირისპირება ათენის “პანათინაიკოსთან” მოუწევს.
“დინამოს” მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების კომენტარები, გუნდის პრესატაშე გიგა გვენცაძემ მოგვაწოდა.