ბორჯომის” მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა
საფეხბურო კლუბი “ბორჯომი” უმაღლეს ლიგას 2005 წლიდან გაუშინაურდა. სამცხე-ჯავახეთელთათვის პირველივე სეზონი წარმატებული გამოდგა, რადგან მაშინდელი მე-5 ადგილი გუნდისთვის დღემდე საუკეთესო მაჩვენებელია. კურორტელები, რაიონის გამგეობასთან ერთად, უკრაინაში მოღვაწე ბიზნესმენის ტარიელ ფერაძის იმედადაც არიან. წარმოშობით აწყურელს, საქართველოში ამ შემოდგომაზე ელოდებიან და ალბათ მაშინ გაირკვევა, სანამდე გადაიფარებენ ბორჯომელები საბანს.
ახალი სეზონისთვის მზადების საწყის მომენტში, “ბორჯომს” ვლადიმერ ხაჩიძე წვრთნიდა. მან გუნდი ამ ერთი თვის წინ დატოვა და მთავარი მწვრთნელის პოსტი მის დამხმარეს, გიორგი სუხიაშვილს დაუთმო. “სუხიმ” ფეხბურთის თამაში ადგილობრივ “თორში” დაიწყო და ქართულ უმაღლეს დონეზე მისი სამწვრთნელო დებიუტიც ბორჯომში შედგება. ფეხბურთელობისას მისი გავლილი გზა წყალტუბოს “სამგურალზე”, ქუთაისის “ტორპედოზე”, ზესტაფონის “მარგვეთზე”, გერმანიის რეგიონალლიგაზე (1994წ), ფოთის “კოლხეთზე”, თბილისის “მრეტებზე” და მშობლიურ “ბორჯომზე” გადის.
- “ბორჯომს” ქართული რეგიონლიგიდან უმაღლესში ამოსვლაში დავეხმარე. იქაც, შარშანწინ ნახევარი სეზონი მომიწია თამაში. ახლა კი, ვოვა ხაჩიძის წასვლის შემდეგ მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს.
- შესაბამისი ლიცენზია თუ გაქვს?
- B ლიცენზია უკვე აღებული მაქვს. სამი თვე ამ კატეგორიით შემიძლია უმაღლესი ლიგის გუნდს ვუხელმძღვანელო და ზამთარში, A კატეგორიაზე აუცილებლად ჩავაბარებ.
- გუნდი ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაიბარეთ, თუმცა ხელი იმან უნდა შეგიწყოთ, მთავარი მწვრთნელის დამხმარედ რომ მუშაობდით.
- შესაძლოა, სწორედ ამანაც განაპირობა ჩემი ამ პოსტზე დანიშვნა. აქამდე ვოვა ხაჩიძის დამხმარე ვიყავი და გუნდთან ადაპტაციის პრობლემას, ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილი ცოტა დრო არ შემიქმნის.
- შემადგენლობის დაკომპლექტების მხრივ როგორი მდგომარეობაა?
- ქუთაისის “ტორპედოდან” წამოვიყვანეთ ვახტანგ ვაჩიბერაძე, მოლდოვიდან, კერძოდ, ტირასპოლის “შერიფიდან” ჩამოვიდნენ ტყუპი ძმები, ვახტანგ და აკაკი ხორგუაშვილები, “მესხეთიდან” დავიმატეთ გოგა ბეჟანიძე და ლაშა ვაშაკიძე, გორის “დილადან” მოვიდნენ ზაზა ლაცაბიძე, გივი ქარქუზაშვილი. დავიმატეთ აგრეთვე გიორგი ალავერდაშვილი, მეკარე ბექა შეყრილაძე.
- გასულ სეზონში “ბორჯომს” იმდენი ფეხბურთელი ჰყავდა თბილისის “დინამოდან” ნანათხოვარი, მის ერთგვარ ფარმკლუბადაც მოიხსენიებოდა.
- წელს ასეთი დამოკიდებულება აღარ გვაქვს. ისე, ერთ თავდამსხმელს თუ მოგვცემენ, უარს ნამდვილად არ ვიტყვით.
- დაფინანსების საკითხი ალბათ გადაჭრილი გაქვთ.
- ძირითადად ქალაქის გამგეობა გვეხმარება და ამ მხრივ უყურადღებობას არ ვუჩივით. სპონსორიც გვყავს – ტარიელ ფერაძე. ამ კაცს უკრაინაში აქვს ბიზნესი და ჩვენც გვეხმარება. იგი ახალციხის “მესხეთსაც” აფინანსებს, წარმოშობით აწყურელია და ველოდებით, როდის ჩამოვა – იმედი გვაქვს ახლაც დაგვეხმარება.
სავარჯიშო პირობები ნორმალური გვაქვს - ცენტრალურ სტადიონზე ვთამაშობთ და ვვარჯიშობთ. სამწუხაროდ, საწვრთნელი ბაზა ჯერ არ გვაქვს.
- პროფესიული ფეხბურთის ლიგა საკითხს ისე რომ მიუდგეს, ვარჯიში და თამაში ერთ მოედანზე არ შეიძლებაო, მაშინ რას აპირებთ?
- ამაზე გარკვეული სამზადისი იყო, მაგრამ ხელი ობიექტურმა მიზეზებმა შეგვიშალა. იყო ბორჯომში ერთი ადგილი, რომლის გამოყოფაზეც მიდიოდა საუბარი და იქ სავარჯიშო მოედნის კეთილმოწყობას ვაპირებდით, მაგრამ ეს პროცესი ჯერ შეჩერებულია. ამ ტერიტორიის საბოლოოდ გადმოცემას ველოდებით და მერე იძულებული აღარ ვიქნებით იმავე ადგილზე ვივარჯიშოთ, სადაც მატჩებს ვატარებთ.
- მოსამზადებელ პერიოდში, გუნდმა ალბათ ამხანაგური მატჩებიც გამართა.
- ამ მხრივ მთლად განებივრებულები ვერ ვიყავით. ახალციხის “მესხეთს” ვეთამაშეთ -ჯერ 1:1, მერე 3:1 მოვუგეთ. მეტს ვეღარ ვასწრებთ.
- ახალ სეზონში გუნდი რას ისახავს მიზნად?
- უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. ამ წუთში მეტს ვერაფერს ვიფიქრებთ - მეტის საშუალება არც გვაქვს.
ფრიდონ კერვალიშვილი
http://www.msofsport.com/more.aspx?id=11918