სარბიელის მეტად საინტერესო მასალა:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უკვე დაუფარავად: რუსები აფხაზებს და ოსებს კარს ოფიციალურად უღებენ
აფხაზეთის ბავშვთა გუნდები უკვე წლებია, რუსულ ტურნირებში თამაშობენ
მას შემდეგ, რაც მტერ-რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, უფრო გახშირდა ლაპარაკი სეპარატისტების კლუბები რუსეთის ჩემპიონატში თამაშზე. ამის თაობაზე, ცოტა ხნის წინ სეპარატისტული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდეტმა ლეონიდ ძაპშბამაც განაცხადა. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ნაკრები უკვე
მზად არის რუსეთის ჩემპიონატის
მეორე ლიგაში სათამაშოდ.
ბუნებრივია, ეს ამბავი ქართულმა მხარემ ყურიდან ყურში არ უნდა გაატაროს და ალბათ დროა, ფიფა-უეფასაც გავაცნოთ საქმის ვითარება. ცხადია, აფხაზებისა და ოსების თავიანთ ჩემპიონატში დარეგისტრირებაზე უარს სულაც არ ამბობენ თავად რუსები. ძნელი წარმოსადგენია, მათ არ იცოდნენ, რა სასჯელი მოჰყვება ამ ყველაფერს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციიდან, თუმცა კანონმორჩილი რუსი, აბა, სად გინახავთ... რუსულ პრესაში უკვე ისიც კი იწერება, რომ ძალიან მალე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კლუბები ოფიციალურად გაწევრიანდებიან რუსეთის საფეხბურთო კავშირში.
"ფუტბოლ-იუფო"-ს კორესპონდენტი რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქის ფეხბურთის ფედერაციების კავშირის პრეზიდენტ
ედუარდ ლაკომოვს ესაუბრა და აქედანაც ნათლად ჩანს რუსების ინტერესი...
- რა შეიძლება შეიცვალოს სამხრეთ რუსეთის საფეხბურთო ცხოვრებაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით.
- ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ აგვისტოს საომარი მოვლენების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ცხინვალში ამხანაგური მატჩი ჩატარდა "ცხინვალსა" და ვლადიკავკაზის "ალანიას" შორის (3:3ძ. ეს არის ფეხბურთი - მსოფლიოში მშვიდობის დამამყარებელი ელჩი, რომელსაც სიკეთე შეაქვს ყველა სახლში. სამხრეთ რუსეთის ფეხბურთის კავშირმა, ისევე, როგორც სხვა ორგანიზაციებმა, დახმარების ხელი გაუწოდა ოს ხალხს. იქაურმა ბავშვთა გუნდებმა უკვე მიიღეს ჩვენგან ფორმები და ბურთები და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ჩვენი ახალი თანამშრომლობისკენ. რაც შეეხება მოვლენების განვითარებას მომავალში, დარწმუნებული ვარ, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მეგობრობა უფრო გაღრმავდება და გამყარდება.
- ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კლუბებს დაუშვებთ, მაგალითად, რუსეთის სამხრეთ ოლქის ფეხბურთის კავშირის სამოყვარულო ლიგებში მაინც.
- საერთოდ, ჩვენ არავის ვუკრძალავთ ჩვენს ჩემპიონატებში მონაწილეობას პოლიტიკური მოტივებით. რაც შეეხება "ცხინვალს", ეს გუნდი უკვე სამი წელია, ჩრდილოეთ ოსეთის ჩემპიონატში მონაწილეობს. სხვათა შორის, საკმაოდ ღირსეულადაც თამაშობს. 2006 და 2007 წლების სეზონებში "ცხინვალი" ჩრდილოეთ ოსეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეხუთე ადგილზე გავიდა. აი, ამის შემდეგ კი რუსეთის ეგიდით გამართულ სხვა ტურნირებში მათ მონაწილეობას წინ აღარაფერი უდგას. ორი წლის წინ აფხაზებს სურდათ რუსეთის სამხრეთ ოლქის სამოყვარულო ლიგაში მონაწილეობა, მაგრამ ეტყობა, პოლიტიკური მიზეზების გამო ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ბავშვთა გუნდები კი უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მონაწილეობენ რუსეთის სხვადასხვა ტურნირებში, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ არაოფიციალურებში. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ბოლოს ერთ-ერთმა აფხაზურმა კლუბმა კრასნოდარის მხარის ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ეს ჯერ ვერ მოხერხდა. საერთოდაც, რუსეთის სამხრეთ ოლქის სამოყვარულო ლიგაში გაწევრიანებასთან უფრო ახლოს აფხაზური მხარე არის, ვიდრე სამხრეთოსური. თუ აფხაზებიც და ოსებიც შემოიტანენ განაცხადს ჩვენს სამოყვარულო ლიგაში თამაშის თაობაზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, დადებით პასუხს გავცემთ, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ კლუბს. მოსკოვში, რუსეთის საფეხბურთო კავშირის უახლოეს შეკრებაზე აუცილებლად დავაყენებ საკითხს, ამ რესპუბლიკებთან უფრო აქტიური თანამშრომლობის თაობაზე. ვთვლი, რომ აუცილებელია, ჩავატაროთ ტურნირები, სასურველია ეს მოხდეს რუსეთის საფეხბურთო კავშირის ეგიდით, რომლებიც მიეძღვნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
- თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირი ფიფას და უეფას წევრია, ამ ორგანიზაციებიდან მტკივნეულ რეაქციას ხომ არ ელით. ეს ხომ ძალიან თამამი ნაბიჯი იქნება რუსეთის მხრიდან...
- დარწმუნებული ვარ, რუსეთის საფეხბურთო კავშირი მიაღწევს იმას, რომ ფიფას და უეფას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებინოს. ჩვენი ოლქის ფეხბურთის კავშირი კი, თავის მხრივ, ყოველთვის დაეხმარება ჩვენს მოძმე ხალხს.
http://www.opentext.org.ge/09/sarbieli/14/14-1.htm-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ერთხელ იყო ასეთი რამის მცდელობა და მაშინდელ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს კოლოსკოვს საკმაოდ მკაცრი პასუხი გასცეს, არც ეხლა უნდა დააკლონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სიმკაცრე.