6 პრეტენზიული და 5 თავმდაბალი
საიუბილეო მე-20 ეროვნული ჩემპიონატი, წინასწარ დათქმულზე სამი კვირის დაგვიანებით იწყება. მიზეზი, რა თქმა უნდა, რუსული აგრესიაა, რომელმაც თავისი ხელი ყველაფერს დაამჩნია, მათ შორის ფეხბურთსაც. ამის მიუხედავად, ქართულმა თერთმეტეულმა, ავად თუ კარგად, წინასასეზონო მზადება მაინც გაიარა და 13 სექტემბერიდან ისინი სამწრიანი ჩემპიონატის აღმართს შეუყვებიან.
ერთადერთი გუნდი, რომელსაც უმაღლესლიგელთა პირველობის ერთი სტარტიც არ გაუცდენია, თბილისის “დინამოა”. იგი ყოველთვის ჩემპიონატის ფავორიტთა შორის მოიხსენიებოდა და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონი იქნება. ყველაზე სოლიდური საკადრო და მატერიალური ბაზა სწორედ “დინამოს” აქვს და ამაში გასაკვირი არც არაფერია. გუნდის თავკაცის, გერმანელი რაინერ ცობელისთვის ეს პირველი ქართული საჩემპიონატო სტარტია და რამდენად იღბლიანი, ეს გაისად მაისში გამოჩნდება.
შარშანდლამდე, თბილისის დინამოელთა მსგავსად, მათი ბათუმელი თანაკლუბელებიც უკლებლივ ყველა ეროვნული ჩემპიონატის მონაწილენი იყვნენ, მაგრამ ზღვისპირელებსაც ის დაემართათ, რაც ჯერ ფოთის “კოლხეთმა”, მერე კი ქუთაისის “ტორპედომ” იწვნია - უსახსრობის გამო უმაღლესში ადგილი დაკარგა. დღეს ეს გუნდები პირველი ლიგიდან ცდილობენ უძლიერესთა შორის დაბრუნებას. გამონაკლისი ქუთაისური გუნდია, რომელსაც სპონსორის გამოჩენის შემთხვევაში, ალბათ, კვლავ მიეცემა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება, ვინაიდან “ტორპედოს” ქართული ფეხბურთის ელიტა არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგების გამო არ დაუტოვებია. რაც შეეხება “ტორპედო 2008”-ს, მას ქვეყნის სამგზის ჩემპიონ გუნდთან არანაირი კავშირი არ აქვს.
კვლავ წლევანდელ პირველობას დავუბრუნდეთ. საჩემპიონო მარათონში თავისი ადგილი რუსთავის “ოლიმპსაც” ექნება. თბილისის “მერანის” შთამომავლებმა, წინასასეზონოდ სერიოზული შევსება მიიღეს. ხვიჩა ქასრაშვილის განკარგულებაში, წინა სეზონთან შედარებით, სრულიად ახალი გუნდია. ერთადერთი “ძველი” მირზა მერლანია. დანარჩენები კი - გიორგი მეგრელაძე, გოგა ფიფია, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი სეთურიძე, გიორგი ონიანი, გიორგი დეკანოსიძე, დენის დობროვოლსკი და სხვები, ამ “ოლიმპისთვის” არიან ახლები, თორემ ეროვნულში მოთამაშე ნებისმიერი გუნდის მწვრთნელი რომ ისურვებდა მათ თავის შემადგენლობაში ხილვას, ვფიქრობთ, ამაში გადამეტებული არაფერია.
“პრეტენზიულ” ქართულ გუნდებს შორის “ზესტაფონის” ხსენება აუცილებელია. დაარსების დღიდან იმერლები თასისთვის იბრძოდნენ და გასულ მაისში მიაღწიეს კიდეც საწადელს. თემურ მახარაძემ “ზესტაფონი” შარშანაც საჩემპიონოდ “დაგეშა”, მაგრამ როგორც ვნახეთ, ბოლოს ისევ თასმა “გადაძალა”. ტიტულოვანი სპეციალისტი ცდილობს, გუნდში გამოცდილი და ახალბედა ფეხბურთელების სინთეზი შექმნას, რაც მისსავე ნათქვამს თუ დავეყრდნობით, ეროვნული ნაკრებისთვის საიმედო ცვლის მომზადებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
სამეულისთვის იბრძოლებს თბილისის “ვიტ ჯორჯიაც”. გასაკვირი ის იქნებოდა, ისეთი დაკომპლექტებით, როგორიც ვეტერინარებს აქვთ, მათ კლუბის ხელმძღვანელობამ სხვა მიზანი დაუსახოს. ნესტორ მუმლაძის გეგმებში ცვლილება, ალბათ, არ მოხდება. ოღონდ, ესაა, რომ ბოლო მომენტში “საშინაო” ასპარეზის შეცვლით (მცხეთა გორით შეიცვალა), ვიტელებს შესაძლოა, ფსიქოლოგიური ბარიერი შეექნათ გადასალახი.
ბოლნისის “სიონს” დიდი შანსი აქვს სეზონის აღმოჩენა გახდეს. ამის წინა პირობა სეზონთაშორის პერიოდში გაწეული სელექცია გახლავთ, რისი “გვირგვინიც” შემადგენლობის შვეიცარიის “თუნიდან” დაბრუნებული სანდრო იაშვილით გაძლიერება იქნება. აშკარაა, კლუბს რაიონული გამგეობა სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს და თუ სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდა (ჩვენს ჩემპიონატში, შუა გზაზე მიტოვების არაერთი შემთხვევა გვახსოვს), ქვემოქართლელების რომელიმე ევროტურნირზე გასვლა არ უნდა გაგვიკვირდეს.
უმაღლესი ლიგის ფავორიტთა შორის, უთუოდ თბილისის “ლოკომოტივიც” უნდა ვახსენოთ. გიორგი კიკნაძეს კარგი გუნდი ჰყავს და თუ რკინიგზელებს უიღბლობა არ დასჩემდათ, უეფაზე მოხვედრილ ერთ-ერთ ქართულ კლუბად ქცევის შანსი მასაც ექნება.
თერთმეტეულის დარჩენილი 5 გუნდის (ცხინვალის “სპარტაკი”, ზუგდიდის “მგლები”, “გაგრა”, “ბორჯომი”, ახალციხის “მესხეთი”) მესვეურთ, ლიგაში დარჩენაზე მეტი პრეტენზია ხმამაღლა არ გამოუთქვამთ. არაა გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი ზედმეტად თავმდაბლობდეს, თუმცა არის შემთხვევები, როცა თავს ზემოთ ვერ ახტები. დიდი ალბათობაა, გაისად მაისში უმაღლესიდან გასავარდნი სამეული, სწორედ ამ ხუთეულის გუნდებიდან შედგეს.
“მგლები”-“სიონი”
13 სექტემბერი. 16:00 საათი
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი; ზ. ჯვარიძე, კ. გაბრიაძე; პ. დოგრაშვილი.
განახლებული “სიონის” პირველი გამოცდა ზუგდიდში შედგება, სადაც “მგლები” ყოველთვის ძლიერად თამაშობს. ბოლნისელთა თავკაც ოთარ კორღალიძეს საკადრო პრობლემები აქვს - ტრავმირებულ ლევან სანიკიძესა და გიორგი ოქროპირიძეს, ლაზარეთში, კუნთის გაჭიმვის გამო, ერთი თვით ირაკლი შენგელიაც დაემატათ.
“ბორჯომი”-“ვიტ ჯორჯია”
13 სექტემბერი. 16:00 საათი
მსაჯები: გ. ვადაჭკორია; ბ. ჭიჭინაძე, შ. ქუხილავა; ი. ურუშაძე.
ამ შეხვედრაში “ბორჯომის” მთავარი მწვრთნელის, გიორგი სუხიაშვილის სათავკაცო დებიუტი შედგება. “სუხის” განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს. ნესტორ მუმლაძის ძირითადის მოთამაშეებიც ჯანზე არიან. თუ ამ გუნდების ბოლო სამი სეზონის ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას გადავხედავთ, ბორჯომელებს ვიტელებთან შინ თამაშისას უპირატესობა აქვთ - 2 მოგება და 1 ფრე.
“ლოკომოტივი”-“მესხეთი”
13 სექტემბერი. 16:00 საათი
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი; ი. კაკაბაძე, ი. მაჩიტიძე; კ. ჭაჭუა.
რკინიგზელებს, თასი მიმდინარე გათამაშების შეხვედრიდან გადმოყოლილი სასჯელის გამო, დაჩი ფოფხაძე გამოაკლდებათ. “ლოკომოტივის” თავკაც გიორგი კიკნაძეს დანარჩენი ფეხბურთელები მწყობრში ჰყავს. მოთამაშეთა მწყობრში ყოფნის მხრივ, ასევე უდარდელადაა “მესხეთის” თავკაცი კობა თედიაშვილი.
“ოლიმპი”-“ზესტაფონი”
14 სექტემბერი. 16:00 საათი
მსაჯები: ლ. ფანიაშვილი; ლ. მიქელაძე, გ. ჩიგოგიძე; ხ. გაგნიძე.
რუსთავი ტურის ცენტრალურ მატჩს უმასპინძლებს. ხვიჩა ქასრაშვილმა ისეთ შემადგენლობას მოუყარა თავი, მისი გუნდი ყველა საშინაო შეხვედრაში აუცილებლად გამარჯვებისთვის იბრძოლებს. იმერლები კი, როგორც გუნდის პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ გვითხრა, სრულ მზადყოფნაში ესტუმრებიან.
“გაგრა”-“დინამო”
14 სექტემბერი. 16:00 საათი
მსაჯები: ლ. სილაგავა; ზ. მენთეშაშვილი, კ. ტეფნაძე; ვ. გუმბერიძე.
გაგრელები ყველა საშინაო შეხვედრას თბილისში, “ამერის” სტადიონზე გამართავენ. უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრაში დროებით უმთავარმწვრთნელოდ დარჩენილ “გაგრას” (ვლადიმერ ხაჩიძე პროლიცენზიის მისაღებად მორიგ სტაჟირებაზე გერმანიაში იმყოფება), მხოლოდ სათასო მატჩისას უდისციპლინობით გამორჩეული გიორგი კვანტალიანი დააკლდება. ეს მატჩი რაინერ ცობელისთვისაც სადებიუტო იქნება - გერმანელისთვის ქართული ჩემპიონატი ჯერაც უცხოა. “დინამოს” დანაკლისი ლექსო ინწკირველის არყოფნით შემოიფარგლება.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=12050