“მგლებისა” და თოდუას პირველი სამ-სამი
მოსალოდნელი იყო, რომ მასპინძლები პირველი 3 ქულის ასაღებად ყველაფერს იღონებდნენ. “მგლებმა” თავიდანვე მაღალ ტემპში შეუტია და იხეირა კიდეც. ამ თამაშში შედგა ზუგდიდელთა ფორვარდის, გიორგი თოდუას ბენეფისი. პირველი გოლი მან საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით გაიტანა - ბურთმა შეყრილაძისგან შორეულ კუთხეში გავიდა.
33-ე წუთზე გულორდავას მიერ ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს თოდუამ თავი დაახვედრა და “მგლები” კიდევ უფრო დააწინაურა.
შესვენების შემდეგ ორიოდე წუთში, სტუმრებს მატჩის გადარჩენის საშუალება მიეცათ, როცა ბორჯომელმა ქარქუზაშვილმა ერთი გოლი გაქვითა - 2:1. თუმცა ბორჯომელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა - მასპინძლებმა ბურთის ცენტრიდან გათამაშებისთანავე შეძლეს ანგარიშში სტატუს-ქვოს აღდგენა, როცა “ბორჯომის” საჯარიმოში ბურთისთვის ბრძოლისას, ზუგდიდელი წაიქცა და არბიტრმა პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანი ზუსტად შოთა ლომიამ გამოიყენა. აქედან 5 წუთში მასპინძლებმა ისევ ფლანგური შეტევის გოლით დაგვირგვინება შეძლეს და თავი კვლავ თოდუამ გამოიჩინა, რომელმაც საჯარიმოში გამჭოლ პასს ფეხი დაუხვედრა - 4:1.
მატჩის შემდეგ
გიორგი სუხიაშვილი (“ბორჯომის” მთავარი მწვრთნელი): “თავიდან ნორმალურად დავიწყეთ, მაგრამ ორი ბურთი ზედიზედ მივიღეთ, რის გამოც ბიჭებს გონს მოსვლა ცოტა გაუჭირდათ. შესვენების შემდეგ სწრაფი გოლის გატანა კი შევძელით, მაგრამ მსაჯმა მაშინვე ჩვენს კარში საეჭვო პენალტი დანიშნა - ბურთზე თამაში იყო და პენალტი დაგვიდო. ამ ეპიზოდმა საბოლოოდ გაგვტეხა. მერე მეტოქეს ჩვენი ჯობნა აღარ გასჭირვებია. ხაზგასასმელია ერთი მომენტიც - როცა 1:3-ს ვაგებდით, ანალოგიური მომენტი უკვე ჩვენ შევქმენით, ოღონდ, ბურთზე თამაში კი არა, პრაქტიკულად ხელი ჰკრეს ჩვენს ფეხბურთელს. სამწუხაროდ, მსაჯმა ჩვენს სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა...”
ბესიკ შეროზია (“მგლების” მთავარი მწვრთნელი): “მთლიანობაში ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. გარკვეული სამუშაო კიდევ გვაქვს, გაჩერება არ შეიძლება. დროის დეფიციტიდან გამომდინარე, ფორმაში ნელ-ნელა შევდივართ და ვნახოთ. ჩვენთან იოლი თამაში არავის არ ექნება - ამის გარანტიას პირადად ვიძლევი.”
“მგლები” (ზუგდიდი) - “ბორჯომი” 4:1
20 სექტემბერი. ზუგდიდი, “ბაია”. 1000 მაყურებელი.
“მგლები”: მამალაძე, ბაჯელიძე, აქუბარდია, ხუხია, ჯიშკარიანი, გუჩუა, ლომია, გულორდავა, დარსანია, თოდუა, მიქაბერიძე.
მწვრთნელი: ბ. შეროზია.
“ბორჯომი”: შეყრილაძე, ბალიაშვილი, ქარქუზაშვილი, ვაჩიბერაძე, ვ. ხორგუაშვილი, პ. ხორგუაშვილი, ლაცაბიძე, ნოზაძე, კიკნაძე, ვაშაკიძე, ბეჟანიძე.
მწვრთნელი: გ. სუხიაშვილი.
გოლები: 1:0 თოდუა (21), 2:0 თოდუა (33), 2:1 ქარქუზაშვილი (48), 3:1 ლომია (49, პენ.), 4:1 თოდუა (54).
გაფრთხილება: გულორდავა (29), ვ. ხორგუაშვილი (48), დარსანია (52).
არბიტრი: მალხაზ ურუშაძე.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=12333------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
“ვიტ ჯორჯიამ” დაამტკიცა - ვერ გაიტან, გაგიტანენ
ჩემპიონატის ორი თანალიდერის პაექრობა, არცთუ უინტერესო გამოდგა. ტერიტორიული უპირატესობა პირობითი მასპინძლების მხარეზე იყო, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. თუმცა, ისეც არ უნდა გავიგოთ, თითქოს “ვეტერინარებს” მეტოქემ 3 ქულა ლანგარზე მიართვა.
მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა კლიმიაშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გაგრელთა მეკარის მოედანში ხიფათი შეიქმნა - თევდორაძე მაღალ ნახტომში შეწვდა ბურთს და თანაგუნდელებს თავიდანვე აგრძნობინა, რომ კარში საიმედო მეკარე უდგათ. “ზურგის” სიმაგრით გულმოცემულმა გაგრელებმა იერიშებს მოუხშირეს. ჯერ ფილიას მიეცა ბედიაშვილის კარის დალაშქვრის შანსი, მერე კი გაბედავამ დაარტყა, მაგრამ ორივე ცდა უშედეგო გამოდგა.
ტაიმის შუაგულში თბილისელმა რაზმაძემ პირველად გაისროლა რევაზ თევდორაძის კარის მიმართულებით - ჯარიმიდან დარტყმული კარგა მანძილით გადაცდა ხარიხას. “ვიტ ჯორჯიას” მორიგი სახიფათო მომენტი კი, მეტოქის კარის დალაშქვრით დამთავრდა. მარჯვნიდან ბეჭვაიას მორიგ შეტევას გასწვრივი ჩაწოდება მოჰყვა, რომელიც ლიპარტიამ ეფექტურად გაატარა და ბურთთან პირველი რაზმაძე აღმოჩნდა. მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა “ჯორჯიელთა” შუახაზელმა თევდორაძეს მისგან მარცხენა დაბალ კუთხეში შედეგიანად დაურტყა - 1:0.
გაშვებულ გოლს პირველ ტურში ქვეყნის 13-გზის ჩემპიონის მძლეველი გაგრელები არ დაუბნევია. ისინი თბილისელებს ხშირად აქტიურ პრესინგსაც კი ეთამაშებოდნენ.
მეორე ტაიმის პირველი რეალური საგოლე მომენტი “ვიტ ჯორჯიამ” 50-ე წუთზე შექმნა. ლიპარტია მეკარესთან პირისპირ დარჩა და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, ფორვარდს ბურთიანად კარში შესვლა სურდა, მაგრამ თევდორაძემ დროულად გადაკეტა კარისკენ მიმავალი გზა. შეტევა რაზმაძემ გააგრძელა, თუმცა ბურთი კარს ზემოდან გადაევლო.
შემდეგ იყო ხუთწუთეული, როცა “გაგრამ” ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა და აქედან ერთის გამოყენება მაინც მართებდა. ორივეჯერ გოლის გატანასთან ახლოს სტუმართა 22 წლის ფორვარდი ზვიად მეტრეველი იყო და ორივეჯერ ასისტენტობა შარიქაძემ გაწია. ჯერ ამ უკანასკნელმა თანაგუნდელს მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული პირდაპირ თავზე “დაასვა” - დარტყმული სუსტი შეიქნა და ბედიაშვილი ბურთს იოლად დაეუფლა. მეორედ, უკვე მარჯვნიდან ქაჯაიას ჩაკიდებული, შარიქაძემ თავით დაუგდო მეტრეველს, რომელიც მეკარისგან ათიოდე მეტრში აღმოჩნდა - თავდამსხმელის დარტყმულს ვიტელთა კიპერი უპრობლემოდ დაეუფლა.
ამ დროს ამბობენ - ვერ გაიტან, გაგიტანენ. სწორედ ეს საფეხბურთო ჰოპოთეზა ამოქმედდა მე-80 წუთზე. შეცვლაზე შესული კვაღინიძის ბურთთან პირველი შეხება გოლით დამთავრდა - მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთმა ხუთკაციან “ცოცხალ კედელს” გვერდი აუარა და ისე შევარდა თევდორაძისგან მარცხენა მაღალ კუთხეში - 2:0.
“გაგრამ” ამის შემდეგაც გაიბრძოლა, მაგრამ სტუმრებს გოლის გატანა არ ეწერათ. თბილისელები კი, ამ მოგებით ჩემპიონატის ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად მოექცნენ.
მატჩის შემდეგ
ვლადიმერ ხაჩიძე (“გაგრას” მთავარი მწვრთნელი): “ისეთი ახალგაზრდული გუნდი, როგორიც ჩვენ გვყავს, ყოველთვის არასტაბილურია. “დინამოსთან” მოგების შემდეგ, დღეს მოედანზე რაღაც შებოჭილები გავიდნენ. 0:1-ზე ორი რეალური მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რის გამო დაგისაჯეთ კიდეც - მეორე გაშვებული გოლის მერე, თამაში პრაქტიკულად დამთავრდა”.
ნესტორ მუმლაძე (“ვიტ ჯორჯიას” მთავარი მწვრთნელი): “ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო ასეთი მონდომებისთვის. მეტოქემ რამდენიმე მომენტი შექმნა და ეს არც უნდა გაგვიკვირდეს - ფეხბურთს ორი გუნდი თამაშობს. “გაგრა” შეეცადა გარდატეხა შეეტანა თამაშში, მაგრამ არ გამოუვიდა. მეტოქეს კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს და მომავალში ალბათ, უფრო მეტის გაკეთებას შეძლებენ”.
“ვიტ ჯორჯია” (თბილისი) - “გაგრა” 2:0
20 სექტემბერი. გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”. 200 მაყურებელი.
“ვიტ ჯორჯია”: ბედიაშვილი, ბეჭვაია, ჯაფარიძე, ა. კვახაძე, დ. ლომაია, კლიმიაშვილი, რაზმაძე (88, ყველაშვილი), ბერიაშვილი (57, კვარაცხელია), გ. დათუნაიშვილი, მელქაძე, ლიპარტია (79, კვაღინიძე).
მწვრთნელი: ნ. მუმლაძე.
“გაგრა”: თევდორაძე, ქაჯაია, მგელაძე, გიგაური, გაბუნია, ჩარგეიშვილი, გაბედავა, დათუნაშვილი (56, ტყეშელაშვილი), მეტრეველი, შარიქაძე (79, კვანტალიანი), ფილია (85, ლ. სეთურიძე).
მწვრთნელი: ვ. ხაჩიძე.
გოლები: 1:0 რაზმაძე (29), 2:0 კვაღინიძე (80)
გაფრთხილება: ლომაია (37).
http://www.msofsport.com/more.aspx?id=12332