ვინ უკეთ მოიშუშებს სანაკრებო იარებს
ეროვნული ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამართული მატჩებისთვის საჩემპიონატე ორკვირიანი პაუზა დასრულდა. VI ტურს გუნდები სხვადასხვა განწყობით ხვდებიან. რუსთავის “ოლიმპი” აფხაზეთის სიმბოლურ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მიღებულ იარებს იშუშებს; თბილისის “დინამოს” გერმანელ თავკაცს, საკუთარი ფეხბურთელების მზადყოფნის გაგება “ჯვაროსანთა” სანაკრებო მატჩებიდან თუ შეეძლო, თორემ ისინი ცობელის განკარგულებაში ოდენ 3 დღით იყვნენ; მიკროტრავმები არც “ზესტაფონიდან” კუპერის გუნდში მიწვეულთ ასცდა. მოკლედ, ამ უიქენდზე გამოჩნდება, ვინ როგორ მოიშუშებს იარებს.
18.10, 15:00. “ბორჯომი”-“ლოკომოტივი” (თბილისი)
მსაჯები: ლ. სილაგავა; ზ. მენთეშაშვილი, ზ. ჯვარიძე; გ. ვადაჭკორია.
ჩემპიონატის წარუმატებლად დამწყებ ბორჯომელებს, ზედიზედ სამი ტური არ წაუგიათ და არც პოტენციურ ლიდერთან უნდა აპირებდნენ ქულების განიავებას. რკინიგზელებთან საშინაო შერკინებით, გიორგი სუხიაშვილის შეგირდები სამი უძნელესი მატჩისაგან (“ლოკოს” შემდეგ, “ბორჯომს” “ოლიმპთან” გასვლა და “ზესტაფონის” მასპინძლობა უწევს) შემდგარ სერიას იწყებენ.
თბილისელთა თავკაცის გიორგი კიკნაძის ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ დავესესხებით, “ლოკომოტივი” ყველა უახლოესი მატჩის მაქსიმალური ქულათა ბალანსით დამთავრებას აპირებს. მით უფრო, ბოლო მატჩში შინ, “მიხეილ მესხზე” ზუგდიდის “მგლებთან” განცდილი 0:1 მარცხის შემდეგ, კიკნაძე და კომპანია ამ დანაქადნის ასრულებას ბორჯომშივე შეუდგება.
გუნდებს ურთიერთშეხვედრების 3 წლის ისტორია აქვთ და ისიც მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატზე. 6 ჩატარებული მატჩიდან მეტოქეებმა ერთმანეთს 2-2-ჯერ მოუგეს და ამდენივეჯერ ფრედ ითამაშეს - ბურთების შეფარდება 6:5 ბორჯომელთა სასარგებლოდ. “ბორჯომსაც” და “ლოკომოტივსაც” მოგება მხოლოდ საშინაო მატჩებში აქვთ მოპოვებული.
18.10, 15:00. “გაგრა”-“სპარტაკი” (ცხინვალი)
დისკვალიფიცირებული: ჯემალ გაბუნია (“გაგრა”); თორნიკე თარხნიშვილი (“სპარტაკი”).
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი; ლ. თოდრია, ზ. ფიფია; ლ. კვარაცხელია.
გაგრელებმა სანაკრებო მატჩებით გამოწვეული საჩემპიონატო პაუზა სპარინგმატჩების მხრივ ნაყოფიერად გამოიყენეს. ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა, ჯერ პირველი ლიგის “თბილისი” დაამარცხა 3:0, მერე კი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს 1:1 ეთამაშა. ამ მატჩში ზაურ სვანაძის ნაკრებში 4 გაგრელი თამაშობდა და თავი სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა ერეკლე ფილიამ გამოიჩინა.
ეს საჩემპიონატო დაპირისპირება იმითაცაა საყურადღებო, რომ მასში “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვაჟა ტოგონიძისა და სერგო გაბელაიას დებიუტი შედგება. მეორეც, გუნდები ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
18.10, 14.00. “ვიტ ჯორჯია” (თბილისი)-“ზესტაფონი”
მსაჯები: ო. ხეცაძე; ბ. ჭიჭინაძე, ა. კოკაია; ა. ნონიკაშვილი.
გორში გასამართი ეს შეხვედრა, უდავოდ ტურის ცენტრალურ მატჩად შეიძლება ჩაითვალოს. ალბათ, ამ პრინციპით იქნა იგი მედია-კომპანია “კოლხიდას” მიერ პირდაპირი ეთერით “საზოგადოებრივი მაუწყებლზე” ტრანსლიაციისთვის შერჩეული.
ერთპიროვნულ ლიდერს, თუ პოზიციების გამყარება სურს, საამისოდ იმერლებთან წარმატებული თამაში მართებთ. სწორედ ამის გამო, მატჩი ე.წ. 6-ქულიანების კატეგორიას მიეკუთვნება. ორივე გუნდშია მოთამაშეები (“ვიტ ჯორჯიაში” - რაზმაძე, კვახაძე, “ზესტაფონში” - რ. კვასხვაძე, ლობჟანიძე, გოცირიძე), რომლებიც კუპერმა სანაკრებოდ მიიწვია და ისინი ამ მხრივ მოტივირებულებიც იქნებიან. სხვა საკითხია, როგორ კონდიციებში დაუბრუნდნენ (განსაკუთრებით ნათამაშებ ფეხბურთელებს ვგულისხმობთ) გუნდს.
მეტოქეებმა დღემდე ჩემპიონატსა და თასზე ერთმანეთში 12 შეხვედრა გამართეს. 5-ჯერ “ვიტ ჯორჯიამ” მოიგო, 6-ჯერ კი “ზესტაფონმა” (ბურთების სხვაობა 22:20 თბილისელთა სასარგებლოდ). ერთადერთი ფრე (1:1) გუნდებმა შარშანდელი სეზონის პირველ მატჩში, ზესტაფონში ითამაშეს.
19.10, 15:00. “მესხეთი” (ახალციხე)-“დინამო” (თბილისი)
დისკვალიფიცირებული: ლევან ხმალაძე (“დინამო”).
მსაჯები: ა. კრიჭაშვილი; ი. უკლება, კ. ბერაძე; მ. ურუშაძე.
საკუთარი სათამაშო არენის კეთილმოუწყობლობის გამო, “მესხეთი” ქვეყნის ჩემპიონს ბორჯომის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიიღებს. ამ მატჩში ახალციხელთა წარმატებული გამოსვლა არ უნდა გაგვიკვირდეს. საქმე ის გახლავთ, რომ რაინერ ცობელს გუნდი ერთიანი შემადგენლობით მატჩამდე მხოლოდ 3 დღით ადრე ეყოლებოდა, როცა კობა თედიაშვილის განკარგულებაში გუნდი სრული შემადგენლობით 2 კვირის მანძილზე იყო. “მესხეთმა” იძულებითი პაუზისას “ბორჯომთან” ამხანაგური მატჩი ითამაშა და 4:0 მოიგო. როგორც ახალციხელთა თავკაცმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, გუნდის ძირითადის 3 ფეხბურთელს (ახალაია, მემარნიშვილი, გოჩაშვილი) მიკროტრავმები აწუხებთ, მაგრამ ისინი “დინამოსთან” აუცილებლად ითამაშებენ.
გუნდებს ოფიციალური შეხვედრები შარშანდელ სეზონში აქვთ ნათამაშები. ორთავე მატჩი თბილისელთა მოგებით (2:0, 5:1) დასრულდა.
19.10, 14:00. “მგლები” (ზუგდიდი)-“ოლიმპი” (რუსთავი)
მსაჯები: ლ. ფანიაშვილი; ლ. მიქელაძე, გ. ჩიგოგიძე; გ. კიკაჩეიშვილი.
მედია-კომპანია “კოლხიდამ” საკვირაო მატჩებიდან სწორედ ზუგდიდური დაპირისპირება შეარჩია “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” პირდაპირ ეთერში გადასაცემად. “მგლები” თანდათან ფორმაში შედის, რაზეც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დამსახურებულად ყოფნა ამაგრებს.
ბესიკ შეროზიამ “მსოფლიო სპორტს” განუცხადა, რომ მან შეგნებულად უარი თქვა ორკვირიანი პაუზისას ამხანაგური შეხვედრების გამართვისაგან, რაც უპირველესად შესაძლო ტრავმების თავიდან აცილების მიზნით გაკეთდა.
სულ სხვა სიტუაციაში აღმოჩნდა “ოლიმპის” თავკაცი ხვიჩა ქასრაშვილი. მის გუნდს (6 სიონელის დამატებით) რუსთავში ამხანაგური მატჩის გამართვა მოუწია აფხაზეთის ნაკრებთან (1:2). აღნიშნულ შეხვედრას ამხანაგური სიმბოლურად ერქვა. როგორც ქასრაშვილმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნა, აქვსენტი გილაურს მატჩის მე-5 წუთზე ფეხი სახსარში მოტყდა, ხოლო გიორგი დეკანოსიძე მოთელვისას დაშავდა. ამათ გიორგი მეგრელაძის ტრავმაც დაემატა და ზუგდიდში სტუმრობისთვის “ოლიმპი” საკმაოდ “შეთხელებული” გამოიყურება.
მეტოქეთა ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ისინი ოფიციალურად მხოლოდ შარშან დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შინაც და გარეთაც რუსთაველებმა მოიგეს - 2:0, 2:1.
ბომბარდირები
ალექსიძე (“ლოკომოტივი”) - 4, ვაწაძე (“დინამო”) - 3, თოდუა (“მგლები”) - 3, კვაღინიძე (“ვიტ ჯორჯია”) - 2, დათუნაშვილი (“გაგრა”) - 2, კიკნაძე (“ბორჯომი”) - 2, ლიპარტია (“ვიტ ჯორჯია”) - 2, ლომია (“მგლები”) - 2, გაბედავა (“გაგრა”) – 2.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=13354