დევნილთა დერბი
გლდანში, “ამერზე” მასპინძლობამიჩვეულმა “გაგრამ”, პირველი მატჩი წააგო და თანაც, უშანსოდ. ჟორჟიკაშვილის წასვლის შემდეგ, ცხინვალელებმა პირველი მატჩი ითამაშეს და სულაც არ დაუტოვებიათ ისეთი გუნდის შთაბეჭდილება, რომელსაც მწვრთნელმა ხელი ვერ შეიძლება დაატყოს. “ლოკომოტივს” კი, როგორც ჩანს, “მგლებთან” საშინაო მარცხის შემდეგ, სანაკრებო პაუზა დიდად წაადგა და რკინიგზელებმა ბორჯომში, მეტოქის მცველთა დაბნეულობის ხარჯზე, კიდევ ერთხელ იმარჯვეს.
“გაგრა” - “სპარტაკი” (ცხინვალი) 0:2 (0:0)
18 ოქტომბერი. თბილისი, “ამერი”. 300 მაყურებელი.
“გაგრა”: თევდორაძე, ქაჯაია, გიგაური, მგელაძე, ტეტუნაშვილი (80, კვანტალიანი), დათუნაშვილი (62, ძაგანია), ცხადაია (36, ფილია), ჩარგეიშვილი, გაბედავა, შარიქაძე, მეტრეველი.
მწვრთნელი: ვ. ხაჩიძე.
“სპარტაკი”: ქვილითაია, კუპრეიშვილი, ხაჭიპერიძე, ნადირაშვილი, მამუკაშვილი, შონია, ჯანგიძე (77, მაისურაძე), შალამბერიძე, ხიდეშელი (67, ბ. გოცირიძე), სირბილაძე, ღონღაძე (62, ქორიძე).
მწვრთნელი: ს. გაბელაია.
გოლები: 0:1 შალამბერიძე (54), 0:2 სირბილაძე (78).
გაფრთხილება: ქაჯაია (33), დათუნაშვილი (61), კვანტალიანი (90), სირბილაძე (90).
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
ძნელია იმის მტკიცება, რომ გაგრელებს მოტივაცია არ ჰქონდათ, თუმცა არცთუ ურიგო ახალგაზრდა შემსრულებლებით დაკომპლექტებულ გუნდს, ამ ფსიქოლოგიური კომპონენტის ნაკლებობა აშკარად ეტყობოდა. გასაგებია, რომ “გაგრას”, დისკვალიფიცირებულ გაბუნიასთან ერთად, 19-წლამდელთა ნაკრებთან ტესტ-მატჩში დაშავებული ტყეშელაშვილიც აკლდა, მაგრამ არა გვგონია, ვოვა ხაჩიძეს სტრატეგია და ტაქტიკა მხოლოდ ამ ფეხბურთელებზე ყოფილიყო აწყობილი.
ვერ იცნობდით სპარტაკელებს - პირველ ტაიმში, ერთი შეხედვით თანაბარი თამაშის შემდეგ, გუნდი გარდაისახა და მეორე ნახევარში მოწონააღმდეგეს პატარა საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. “გაგრას” მწვრთნელი პრესკონფერენციაზე რომ გამოცხადებულიყო, ალბათ, ტრადიციისამებრ იტყოდა, ბიჭები გამოუცდელები არიან და ბევრს ვერაფერს მოვთხოვო. არადა, ეს გამოუცდელი ბიჭები არ იყვნენ სახელოვან “დინამოს” რომ სძლიეს, ან საკმაოდ შეკრულ და ამბიციამოძალებულ ზუგდიდის “მგლებს” ფარ-ხმალი რომ დააყრევინეს?..
შეხვედრაში კარის მიმარულებით პირველი დარტყმა სტუმარი კობა შალამბერიძის ანგარიშზეა - ცხინვალელთა შემტევი ნახევარმცველი მარჯვნიდან შევიდა თევდორაძის საჯარიმოში და “ცაციით” ისე დაარტყა, მეკარეს მისი აღება არ გასჭირვებია. გაგრელთაგან ერთადერთი ნათელი წერტილი ზამორა დათუნაშვილი იყო, რომელიც მოედანზე ერეკლე ფილიას გამოჩენამდე, მარჯვენა ფლანგის ბატონ-პატრონი იყო. მე-20 წუთზე, სწორედ მის მორიგ აქტიურობას, სახიფათო გასწვრივი გადაცემა მოჰყვა, რომელიც გაბედავამ სუსტი დარტყმით დააბოლოვა.
პირველი ტაიმის შუაგულში სპარტაკელ მამუკა ღონღაძეს, ეფექტური დარტყმით, თევდორაძის კარის დალაშქვრა შეეძლო, მაგრამ ბურთი ხარიხამ აისხლიტა. 36-ე წუთზე სტუმრებს კიდევ ერთი რეალური საგოლე შანსი მიეცათ. ცხინვალელთაგან ამ დღეს საუკეთესო ირაკლი სირბილაძემ, გუნდის დებიუტანტ თემურ შონიას კარგად უპასა, ამ უკანასკნელის დარტყმული კი, მეკარისგან მარჯვენა ძელს მოხვდა. უკან გამოვარდნილი, ცარიელ კართან მდგომმა ღონღაძემ შეაგდო, თუმცა ლაინსმენს, თამაშგარეს აღსანიშნავად, ალამი უკვე აღმართული ჰქონდა.
ტაიმის ბოლოს ერთი რეალური მომენტი გაგრელ შარიქაძეს შეექმნა, როცა ბურთიანად მეტოქის საჯარიმოსკენ დაძრული, მეკარის პირისპირ აღმოჩნდა - ნახევარმცველმა დარტყმას ძალა დაატანა, ჭკუა კი - არა.
54-ე წუთზე შალამბერიძის გოლი, სპარტაკელთა სათამაშო უპირატესობის ლოგიკური დასასრული გახლდათ. აუტიდან კუპრეიშვილის მოწოდებულს, სწორედ იგი შეჰყვა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს, ბურთის მისთვის თავზე გადაგდება აღარ გასჭირვებია. გატანილმა გოლმა გაბელაიასა და ტოგონიძის შეგირდები კიდევ უფრო აღაფრთოვანა. სპარტაკელებს პრაქტიკულად ყველაფერი გამოსდიოდათ - ისინი მეტოქეს, პირველ რიგში, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე სჯობდნენ, რომ არაფერი ვთქვათ ფლანგურ აქტივობაზე. 78-ე წუთზე ბონდო გოცირიძის განხორციელებულ ფლანგურ ჩაწოდებას, სირბილაძის თავური და ცხინვალელთა კიდევ უფრო დაწინაურება მოჰყვა - 0:2. ამ ეპიზოდში გამოსვლაზე აშკარად შეცდა გაგრელთა კიპერი, რომელსაც ფორვარდმა ზედ მუშტიდან ააცალა ბურთი.
დემორალიზებულმა მასპინძლებმა, არბიტრის საფინალო სასტვენამდე ერთიც გაიბრძოლეს. ხაჩიძის გუნდს “მშრალი” მარცხისგან თავის დაღწევის შანსი ჩარგეიშვილის შორი დარტყმის შემდეგ მიეცა, მაგრამ მაქსიმე ქვილითაიამ ეფექტურ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მატჩის შემდეგ
დიდი სურვილი გვქონდა, პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდების თავკაცთა ნათქვამი მოგვესმინა, მაგრამ იგი ამ მატჩის შემდეგ არ ჩატარდა. მიზეზი სუბიექტურია - როგორც გაგრელებმა აგვიხსნეს, “ამერზე” საამსაქმოდ გამოყოფილ ჯიხურამდე, გაბელაიაც და ხაჩიძეც, კომენტარების მიღების მსურველ ჟურნალისტებს თავად უნდა მიგვეყვანა (მოგვილოცეთ “გაგრას” პრესმდივნობა!). “სპარტაკის” თანათავკაცის მიცილება როგორღაც კი მოხერხდა, მაგრამ ვოვა ხაჩიძის მოხელთება იმიტომ ვერ შევძელით, რომ იგი, “უფროსმა” კოლეგებმა სატელევიზიო კომენტარებისთვის დაატყვევეს და ჩვენთვის როგორ მოიცლიდა...
“ბორჯომი” - “ლოკომოტივი” 0:2
გოლები: 0:1 ალექსიძე (55), 0:2 ცქიტიშვილი (57).
არბიტრი: ლ. სილაგავა
მასპინძლებს პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა ჰქონდათ. სუხიაშვილის შეგირდებს კლასი რომ ჰყოფნოდათ, “ბორჯომი” შესვენებაზე მინიმუმ ორბურთიანი უპირატესობით უნდა წასულიყო. სამაგიეროდ, რკინიგზელები, როგორც კი მათ პირველი შანსი მიეცათ, მაშინვე დაწინაურდნენ. ბორჯომელები პირველად გივი ქარქუზაშვილმა დააღალატა.
მეტოქის გუნდის კაპიტნის შეცდომით უმალ ისარგებლა რატი ალექსიძემ და ჩემპიონატში თავისი მე-5 გოლი გაიტანა. ორიოდე წუთში კვლავ მასპინძელთა მცველები შეცდნენ და ლევან ცქიტიშვილს ცარიელ კარში გატანა აღარ გასჭირვებია. (გამოდის რატის დუბლი არ შეუსრულებია)
მატჩის შემდეგ
გიორგი კიკნაძე (“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი): “მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. მეტოქეს პირველ ტაიმში გატანაც შეეძლო, მაგრამ კარგად ითამაშა ლომაიამ. ვთვლი, რომ ლოგიკურად მოვიგეთ”.
გიორგი სუხიაშვილი (“ბორჯომის” მთავარი მწვრთნელი): “პირველ ტაიმში ძალიან ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მეორეში ბიჭებს დაღლა დაეტყოთ და თან ამოქმედდა დაუწერელი პრინციპი - ვერ გაიტან, გაგიტანენ”...
http://www.msofsport.com/more.aspx?id=13411ეჰ,შეიძლება ერთი დღით მარა მაინც,ბოლო ადგილს ვერ ავცდით
მიმაგრებული სურათი