მოტივაციამოძალებულთა დოღი ეროვნულ ჩემპიონატი თანდათან გადადის იმ ფაზაში, როცა მასზე გამართული შეხვედრები ყველაზე მეტად დოღს დაემსგავსება. მოგეხსენებათ, რა დღეშია ქართული საფეხბურთო კლუბების სათამაშო ინფრასტრუქტურა და თანდათან შემოდგომის მომძლავრებით, ალბათ იოლი წარმოსადგენია რას დაემსგავსება ჩვენი სტადიონები. ჰოდა, ვიდრე ჩვენებური ფეხბურთის მამები იმაზე ფიქრს დაიწყებენ, როგორმე ზაფხულის თვეები დასასვენებლად კი არა, მაქსიმალურად ფეხბურთის სათამაშოდ გამოიყენონ, მანამდე ქართველი მობურთალები კიდევ ერთ ტალახიან ტურს გადააგორებენ.
24.10, 15:00. “სპარტაკი” (ცხინვალი)-“სიონი” (ბოლნისი)
დისკვალიფიცირებული: რევაზ ქემოკლიძე, ოთარ კორღალიძე, გიორგი ყიფშიძე (ყველა “სიონი”).
მსაჯები: მ. ურუშაძე; ს. სპიცინი, ზ. ბერულავა; გ. დოგრაშვილი.
ცხინვალელებმა წინა ტურში პირველი ქულები მოიპოვეს და “სიონს” ხასიათმოკეთებულები დაუხვდებიან. ვაჟა ტოგონიძისა და სერგო გაბელაიას სამწვრთნელო დუეტი მატჩში უეჭველი მორიგი 3 ქულის მოსაპოვებლად იქნება განწყობილი. საამმატჩო მოტივაცია არც ბოლნისელებს აკლიათ. კი მართალია, ოთარ კორღალიძე გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ვერ დამოძღვრავს, მაგრამ კიდევ უკეთ შეთამაშებისთვის ქვემოქართლელებს იმდენი დრო ჰქონდათ, წესით ისინი მხოლოდ 1 ქულის აღებაზე ყაბულს არ უნდა იყვნენ.
ურთიერთშეხვედრების სიმრავლით მეტოქეები ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. ამ გუნდების ქართლური დერბი სათავეს შარშან აგვისტოში იღებს, როცა ბოლნისში ფრე (1:1) დაფიქსირდა. მეორე წრის შეხვედრა კი “სიონმა” გასვლაზე 2:0 მოიგო.
24.10, 15:00. “ზესტაფონი”-“მგლები” (ზუგდიდი)
დისკვალიფიცირებული: უჩა ლობჟანიძე (“ზესტაფონი”).
მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი; დ. კურტანიძე, დ. სანოძე; გ. ვადაჭკორია.
ზესტაფონში ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. ჩემპიონატის საწყისი ტურების აშკარა აღმოჩენა “მგლები” კიდევ ერთხელ შეეცდება დაამტკიცოს, რომ ზუგდიდელთა ასეთი კარგი სტარტი შემთხვევითობა არაა.
რომ იტყვიან, უკან დასახევი გზა აღარ აქვს თემურ მახარაძეს. საკმაოდ წარმატებული ინფრასტრუქტურის და ქართული დონისთვის საშუალოზე მაღალი პოტენციის მქონე “ზესტაფონი” მოგების გარდა არაფერზე ფიქრობს. მოკლედ, ორი “ჯანმრთელად” ამბიციური გუნდის პაექრობა საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს.
ეროვნულ თასსა და ჩემპიონატზე ეს გუნდები ერთმანეთს მეხუთედ ხვდებიან. ოთხივე მატჩი მეტოქეებმა გასულ სეზონზე ითამაშეს - 2-ჯერ იმერლებმა მოიგეს, ერთხელ მეგრელებმა, ხოლო ნულოვანი ფრე ზუგდიდში წლეულს 8 მარტს გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა. ბურთების სხვაობაც თასის მფლობელთა სასარგებლოდაა - 8:5.
24.10, 15.00. “ოლიმპი” (რუსთავი)-“ბორჯომი”
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი; ი. მაჩიტიძე, ი. კაკაბაძე; ა. ნონიკაშვილი.
ქასრაშვილის გუნდიდან დათხოვა იმდენად მოსალოდნელი იყო, “ოლიმპის” მესვეურებს დიდი ხნის ფიქრი არც დასჭირვებიათ ისე შეცვალეს იგი. ზუგდიდში ულაპარაკო მარცხის (1:3) მეორე დღეს, კლუბის ხელმძღვანელობას უკვე მოძებნილი ჰყავდა გუნდის თავკაცის შემცვლელი. რუსთავურ გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვარლამ კილასონია კიდევ ერთხელ ბრუნდება და ალბათ ძალიან დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება ჩემპიონატში ერთად აღებული პირველი 3 ქულის მოსაპოვებლად.
მეტოქეებმა დღემდე ჩემპიონატსა და თასზე ერთმანეთში 8 შეხვედრა გამართეს. 4-ჯერ “ოლიმპმა” მოიგო, 3-ჯერ კი “ბორჯომმა” (ბურთების სხვაობა 11:10 რუსთაველთა სასარგებლოდ). ერთადერთი ფრე (0:0) გუნდებმა შარშანდელი სეზონის პირველ მატჩში, ბორჯომში ითამაშეს.
25.10, 15:00. “ლოკომოტივი” (თბილისი)-“გაგრა”
დისკვალიფიცირებული: ზვიად ჩხეტიანი (“ლოკომოტივი”).
მსაჯები: ვ. ელისაბედაშვილი; კ. გუდურაშვილი, გ. ყრუაშვილი; ი. ურუშაძე.
რკინიგზელები წყვილის აშკარა ფავორიტები არიან, თუმცა არც გაგრელები უნდა აპირებდნენ სტატისტობას. ვოვა ხაჩიძის გუნდს ჯერჯერობით მოპოვებული ორივე მოგება, ცხრილის ზედა ოთხეულის გუნდებთან (“დინამო” 2:1, “მგლები” 2:0) აქვს მოპოვებული. ეს ერთმანეთში მეტოქეთა პირველი ოფიციალური შეხვედრაა.
25.10, 14:00. “მესხეთი” (ახალციხე)-“ვიტ ჯორჯია” (თბილისი)
მსაჯები: ლ. კვარაცხელია; დ. კვეტენაძე, ზ. ხუციშვილი; ვ. გუმბერიძე.
ეს მატჩი მედია-კომპანია “კოლხიდას” რჩეულთა შორის მოხვდა და შაბათს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გადაიცემა. წინა ტურში “დინამოს” მასპინძლობას, ახალციხელთა მიმართ პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტის დამსჯელი ვერდიქტი მოჰყვა. “მესხეთის” პრეზიდენტი გია მესხელი სპორტული საზოგადოებისადმი მიმართვას გეგმავს, რაშიც ძირითადად “სტკ-ს როლზე ქართული ფეხბურთის განვითარებაში” იქნება საუბარი.
მეტოქეთა ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, 4 შეხვედრაში ორთავეს თითო მოგება აქვთ მოპოვებული, ბურთების სხვაობა 3:2 თბილისელთა სასარგებლოდ.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ვიტ ჯორჯია 6 4 1 1 7:3 13
2. მგლები 6 4 0 2 10:5 12
2. ლოკომოტივი5 4 0 1 7:2 12
4. დინამო 6 3 0 3 10:7 9
4. ზესტაფონი 5 2 1 2 3:3 7
5. გაგრა 6 2 1 3 7:9 7
6. ბორჯომი 6 2 1 3 6:10 7
8. სიონი 5 1 3 1 2:2 6
9. მესხეთი 5 1 2 2 3:6 5
10. სპარტაკი 5 1 0 4 4:9 3
11. ოლიმპი 5 0 3 2 3:6 3
ბომბარდირები
თოდუა (“მგლები”) - 5, ალექსიძე (“ლოკომოტივი”) - 5, ვაწაძე (“დინამო”) - 4, ლომია (“მგლები”) - 3.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=13602