"სარბიელი"
# 247
შაბათი, 25 ოქტომბერი, 2008 წელი
ახალციხის მესხეთის ღია წერილი
პაპუნა კედია
აღშფოთებულები ვართ ბატონი ტატო ლასხიშვილის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მიერ მოწერილი წერილით და ამ წერილში გამოთქმული სიცრუით - თითქოს ახალციხის "მესხეთის" პრეზიდენტი მსაჯებს შეუვარდა მინდორზე დებოშით და ჭკუას ასწავლიდა. მსაჯებს საერთოდ არავინ დალაპარაკებია. საერთოდ არ ვაპირებდით ამ თამაშის მეტად განხილვას, მაგრამ ამ წერილის ტონმა გადაგვაწყვეტინა, არ გავჩუმდეთ და ბოლომდე ვეცადოთ ჩვენი სიმართლის დამტკიცებას.
როგორც მოგეხსენებათ, 19 ოქტომბერს "მესხეთი" - "დინამოს" თამაშის დროს მოხდა რამდენიმე ინციდენტი, რომლის დროსაც ორჯერ შეწყდა თამაში.
ამასთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბი ახალციხის "მესხეთი" და მისი პრეზიდენტი გია მესხელი აკეთებენ ღია განცხადებას ქართული საფეხბურთო სამყაროს წინაშე.
პირველ რიგში ვაფიქსირებთ, რომ თბილისის "დინამო" არის დიდი ისტორია ჩვენს გულებში და კონკრეტულად მე გახლავართ ამ გუნდის გულშემატკივარი 70 -იანი წლებიდან. არანაირი პირადული უთანხმოებები მთლიანად კლუბთან ან "დინამოს" ფეხბურთელებთან არ გვაქვს.
ასევე, ჩვენ ვეთანხმებით ახალციხის "მესხეთზე" დაკისრებულ ჯარიმას და ვაცხადებთ, რომ მსგავსი ქმედებები არ უნდა ხდებოდეს ქართულ ფეხბურთში. დაუშვებელია გულშემატკივრების ან კლუბის ხემძღვანელობის მიერ თამაშის ჩაშლა და აუცილებლად ყველა უნდა დაისაჯოს ფულადი სანქციებით.
მთავარი მოტივი კლუბის პრეზიდენტის მიერ გუნდის მოედნიდან გაყვანისა იყო მხოლოდ და მხოლოდ იმის შიში, რომ არ მომხდარიყო უარესი, ანუ ვეღარ მოხერხდებოდა გულშემატკივრების დაშოშმინება და მათი მოედანზე გადასვლა დაუშვებელი იქნებოდა, მერე სიტუაცია უმართავი გახდებოდა.
კლუბის პრეზიდენტი მოედანზე მხოლოდ მაშინ შევიდა, როდესაც თამაში უკვე გაჩერებული იყო, პრეზიდენტი არ დაკონტაქტებია მსაჯებს, უბრალოდ, ფეხბურთელებს სთხოვა, უარესი რომ არ მომხდარიყო, დაეტოვებინათ მოედანი.
აი, ეს იყო მოედანზე შესვლის არგუმენტი.
თქვენის ნებართვით, გვაინტერესებს პასუხი რამდენიმე ზოგად კითხვაზე:
1. ვისი არჩეულია და რის მიხედვით არის არჩეული სტკ.
თუ მთავარი საკითხია "მესხეთი" - "დინამოს" ინციდენტის გარკვევა, არის თუ არა აუცილებელი "მესხეთის" წარმომადგენლის მიწვევა და ვითარების პირდაპირ გარკვევა, თუნდაც დამნაშავე მხარესთან.
და როდესაც სპეციალისტებიც კი ვერ არკვევენ, იყო თუ არა პენალტი, რატომ გვპასუხობენ ტელეფონში საუბრისას სტკ-ს წარმომადგენლები სხდომის წინ, რომ პენალტი აუცილებლად იყო და პირიქით, თურმე პენალტი რომ არ დაედო არბიტრ ალექსანდრე კრიჭაშვილს, მას აუცილებლად სასჯელი ემუქრებოდა.
ანუ, ყველაფერი გადაწყვეტილი უკვე იყო.
2. ფაქტობრივად, სადავო იყო ორი მომენტი: დანიშნული პენალტი და მეორე გოლის დროს თამაშგარე მდგომარეობა.
ჩვენ ვნახეთ პენალტის მომენტი, ვაჩვენეთ სპეციალისტებს და ყველამ მინიმუმი აღნიშნა - სადავოა... ან 50ჰ50-ზეა...
ყველამ ერთხმად აღნიშნა, კამერა რომ კარს უკან ყოფილიყო, ყველაფერი ნათელი იქნებოდა. არბიტრს კი ზუსტად ვერ უნდა დაეფიქსირებინა პენალტის უეჭველობა და მხოლოდ გვერდით არბიტრთან გასაუბრების შემდგომ უნდა მიეღო გადაწყვეტილება.
რაც შეეხება თამაშგარეს და მეორე გოლს. დაინიშნა ჯარიმა, ჩააწოდეს ბურთი და ამ დროს კაშიამ თავი მიარტყა ბურთს - ფაქტობრივად, უკვე კაშიამ გააკეთა საგოლე პასი, ამ დროს კი 100-პროცენტიანი თამაშგარეა.
სამწუხაროა, რომ ეს გოლი არ გაირჩა ტელევიზორში.
ორი სადავო მომენტი და ორივე "დინამოს" სასარგებლოდ გადაწყდა. 0:2 და თამაში, ასე ვთქვათ, მოკვდა.
3. რატომ იქნა შეცვლილი პირდაპირი რეპორტაჟი, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი.
ჩვენ ვერსად გავარკვიეთ, რა მიზეზით მოხდა ეს. აშკარაა, რომ პირდაპირი რეპორტაჟის დროს არბიტრები ამდენ სადავო გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდნენ და არ მოხდებოდა თამაშის შეწყვეტა.
შემდეგი თამაში კვლავ ბორჯომში აქვს "მესხეთს" და ეს თამაში პირდაპირშია.
ერთ კვირაში ბორჯომის სტადიონს თავიდან ვერავინ გადააკეთებს.
4. ცნობილი ფრაზაა, მსაჯიც ადამიანია და ისიც ცდება. კი მაგრამ, როდესღაც ვინმე ხომ უნდა დაისაჯოს?!
ზ.თ. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ქვეყანას ახლა ძალიან უჭირს და შეიძლება კვლავ ომის საფრთხე დადგეს. მთლიანად ახალციხის "მესხეთის" შემადგენლობა ყოველთვის გვერდში დავუდგებით ჩვენს საქართველოს. თუ საჭირო იქნება, ყველანი ქვეყნის დასაცავად დავდგებით, მაგრამ სანამ დღესდღეობით ასე თუ ისე მშვიდობაა, მთავრობამ გვითხრა, ყველამ თქვენი საკეთებელი საქმე აკეთეთო, იქნებ ვინმემ გვითხრას, გვინდა თუ არა ქართული ფეხბურთი.
ყველამ კარგად იცის, რომ ვერც ექტორ რაულ კუპერი და ვერც ვინმე სხვა ვერ გვიშველის, თუ საქართველოს ჩემპიონატი არ გაძლიერდა.
უმაღლესი ლიგის გუნდს ერთ სეზონზე მინიმუმ 700 000 ლარი სჭირდება, რათა მოახერხოს, დღევანდელ სიტუაციაში, საქართველოში საშუალო გუნდი იყოს.
ჩვენი სუბიექტური აზრით, უმაღლეს ლიგაში 14 გუნდი მაინც უნდა იყოს. რომ დააფინანსოს სახელმწიფომ ან სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთად, უმაღლესი ლიგა, მთლიანად გამოვა სადღაც 10 მილიონი ლარი.
კიდევ სხვა თანხები დამატებით ბიზნესმენებისგანაც ინდივიდუალურად კლუბების მიერ მოიძებნება და ვინც კარგად მოძებნის, უფრო ძლიერი კლუბი იქნება.
მივიღებთ, რომ საქართველოს პირობებში შეძლებულ გუნდებს საშუალება ექნებათ, 700000 ლარით უფრო მდიდრები გახდნენ და უფრო მაღალი მიზნები დაისახონ, უფრო ძლიერი ფეხბურთელები მოიყვანონ. ხოლო დანარჩენი გუნდები კი იარსებებენ და ჩემპიონატის მოწინავე გუნდებს, ვინც უნდა გავიდნენ ევროპის სხვადასხვა ტურნირებზე, ასე ვთქვათ, მშვენიერ სპარინგობას გაუწევენ.
ხოლო 14-გუნდიან, შედარებით დღევანდელზე უფრო ძლიერ ჩემპიონატში, უფრო მეტი ინტრიგა იქნება და უფრო მეტი ფეხბურთელი გაიზრდება ნაკრებში მოსახვედრად.
და ბატონი კუპერი იქნება თუ ვინმე სხვა, უფრო მეტი ასარჩევი ექნება.
მიზანი და შედეგი უნდა იყოს რამდენიმე წელიწადში ძლიერი ჩემპიონატი და ძლიერი ნაკრები. ამას კი სულ 10 მილიონი ლარი სჭირდება წელიწადში.
ნუთუ ძნელია ეს თანხა გამოიძებნოს, თუ გვინდა ქართული ფეხბურთი.
თუ არა და, იმ დღეს სტადიონზე ჩვეულებრივმა მოკვდავებმა თქვეს, ამათ ყურებას სვარკის ყურება სჯობიაო, ხოლო სვარკის ყურებას "ბარსას" თამაშის ყურებაო და წავიდნენ... ისინი კარგა ხანს აღარ მოვლენ...
http://www.opentext.org.ge/08/sarbieli/247/247-11.htm