ზურაბ იონანიძემ ძნელად გასამეორებელი (გაუმეორებელი) რეკორდი დაამყარა
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის VIII ტურის საწყისი მატჩები ღირშესანიშნავი მოვლენებით გამოირჩა. უპირველესად იმით, რომ “ზესტაფონის” ფორვარდმა ზურაბ იონანიძემ მისი გვარ-სახელი სამუდამოდ ჩაწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. 1990 წლიდან მოყოლებული მან ეროვნული ჩემპიონატების მე-400 მატჩში მიიღო მონაწილეობა; მეორეც, ქვეყნის ჩემპიონმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველად შეაღწია საპრიზო სამეულში; მესამეც, გიორგი სუხიაშვილის “ბორჯომმა” მორიგი დაუგეგმავი ქულა მოიპოვა და ისიც შეხვედრის აშკარა ფავორიტთან.
“სიონი” (ბოლნისი) - “დინამო” (თბილისი) 1:2
28 ოქტომბერი. ბოლნისი, “თემურ სტეფანია”.
“სიონი”: ბობღიაშვილი, სვანიძე, ქემოკლიძე (79, რ.გოცირიძე), ხუბუა, ქურასბედიანი (46, დიდავა), ჭელიძე, სანიკიძე, ალავიძე, შავგულიძე, კოშკაძე, შენგელია (85, ჯიქია).
მწვრთნელი: ო. კორღალიძე.
“დინამო”: ოვონო, თომაშვილი (62, შ. კაშია), გ. კაშია, კრშკო, ელიავა, ოდიკაძე, დიღმელაშვილი (75, ფირცხალავა), ნერგაძე, გველესიანი, მერებაშვილი (79, სპასოევიჩი), ვაწაძე.
მწვრთნელი: რ. ცობელი.
გოლი: 1:0 კოშკაძე (8), 1:1 ვაწაძე (17), 1:2 მერებაშვილი (75).
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.
მეტოქეებმა მატჩი წინასწარი დაზვერვის გარეშე დაიწყეს. “დინამომ” უკვე მე-3 წუთზე შეძლო გოლის გატანა, რომელიც არბიტრმა ხელის ერთი მოძრაობით გააუქმა. გველესიანი-მერებაშვილის კომბინაცია ვაწაძემ დააგვირგვინა. ვიდრე ბურთი კარში არ აღმოჩნდა, გვერდითს ალამი დაშვებული ჰქონდა, თუმცა თბილისელთა სიხარულის აღნიშვნის პროცესში ალამი აწია და ნონიკაშვილმაც დაუსტვინა. ამის შემდეგ მასპინძელთა ხუთწუთიანი შტურმი დაიწყო და “სიონმაც” იხეირა. მრავალსვლიანი კომბინაციის ლოგიკური წერტილი ბოლნისელმა კოშკაძემ დასვა - 1:0.
“დინამომ” ათიოდე წუთში გაათანაბრა და თავი ამჯერადაც ვაწაძემ გამოიჩინა. კუთხურიდან გველესიანის ჩაწოდებული, მათემ თავით, წარმოუდგენელი ტრაექტორიით გაგზავნა ბობღიაშვილის კარში. ამის შემდეგ “სიონმა” არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. ბოლნისელთაგან განსაკუთრებით სანიკიძე აქტიურობდა, რომელიც მისი გუნდის შეტევების დამაგვირგვინებელი სტადიის მონაწილე იყო.
ცობელის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მატჩის მეორე ნახევარში შეძლო. საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე საგოლე კომბინაცია კვლავ ოლეგ გველესიანმა დაიწყო. მისგან საჯარიმოში ჩაწოდებული ვაწაძემ მოიგო და ბურთი მერებაშვილთან აღმოჩნდა, რომლის დარტყმული შედეგიანი აღმოჩნდა - 1:2.
საფინალო სასტვენამდე გველესიანს თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ ოდიკაძის მიერ მეკარესთან პირისპირ დატოვებულს ბობღიაშვილმა აჯობა.
მატჩის შემდეგ
რაინერ ცობელი (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “ჩემი ბიჭებისგან პირველ ტაიმში ნაკლები ბრძოლა იყო, რამაც ძალიან გამაკვირვა. თუმცა მეორეში ყველაფერი თავის ადგილას დადგა, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. მეტოქე კარგად გვყავდა შესწავლილი და ისიც კარგად ვიცოდი, რომ ბოლნისში თამაში ყოველთვის რთულია”.
ოთარ კორღალიძე (“სიონის” მთავარი მწვრთნელი): “გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ არ გაგვიმართლა. მეტოქემ კი ერთი პატარა შეცდომა არ გვაპატია. როცა ამდენი მომენტი გაქვს და გოლი ვერ გაგაქვს, ოსტატობაშია საქმე - როგორც ჩანს, ისეთი დონის ფეხბურთელები არ მყავს, ოსტატობის მხრივ პრობლემები რომ არ ჰქონდეთ”.
“ბორჯომი” - “ზესტაფონი” 1:1
28 ოქტომბერი. ბორჯომი, “ჯემალ ზეინკლიშვილი”.
“ბორჯომი”: შეყრილაძე, ვაჩიბერაძე, ლაცაბიძე, ქარქუზაშვილი, ვ. ხორგუაშვილი, ნოზაძე (50, ი. ლომიძე), ვაშაკიძე, ქავთარაძე, ალავერდაშვილი (73, ბაქრაძე), ბეჟანიძე (90, დევიძე), კიკნაძე.
მწვრთნელი: გ. სუხიაშვილი.
“ზესტაფონი”: ჭანტურია, ბოიომო (80, ნ. კვასხვაძე), თოდუა, სანტოსი, ონიანი, ხიდეშელი (82, ბენაშვილი), ძარია (72, იონანიძე), დაუშვილი, ლომაშვილი, ჩასემი, გელაშვილი.
მწვრთნელი: თ. მახარაძე.
გოლი: 0:1 გელაშვილი (38), 1:1 ბაქრაძე (75).
გაფრთხილება: ვაშაკიძე, კიკნაძე, ბაქრაძე - გელაშვილი.
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
მოლოდინისამებრ, “ზესტაფონი” დიდ უპირატესობას ფლობდა და პირველ ტაიმში ანგარიშში დაწინაურდა კიდეც. მეტოქის მცველთა შორის გაუგებრობის შედეგად, გელაშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - 0:1. გელაშვილის შემდეგშიც მიეცა საგოლე შანსი, მაგრამ იმერელთა მეგოლემ ძელს მოარტყა.
მახარაძის შეგირდთა უპირატესობა მეორე ტაიმშიც საგრძნობი იყო, მაგრამ ამოქმედდა ფეხბურთის დაუწერელი პრინციპი – ვერ გაიტან, გაგიტანენ. ბორჯომელთა საპასუხო გოლი მათი ბომბარდირის, ირაკლი კიკნაძის ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებაა. მან ჯერ ჭანტურიას გადაუგდო თავზე და როცა ბურთს ისევ ის დაეუფლა, ცარიელი კარის წინ საგოლე პასი ახალშემოსულ ბაქარ ბაქრაძეს გაუკეთა - 1:1.
მატჩის შემდეგ
თემურ მახარაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “დიდ უპირატესობას ვფლობდით და დაცვაში დასანანმა შეცდომამ ქულები დაგვაკარგვინა. ფეხბურთში ასეც ხდება და გუნდს რომ ასეთი რამ არ დაემართოს, გასატანი უნდა გაიტანოს”.
გიორგი სუხიაშვილი (“ბორჯომის” მთავარი მწვრთნელი): “ზესტაფონთან წაგებული თამაშის გათანაბრება იოლი საქმე არაა და ჩვენ ეს შევძელით. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს ფეხბურთელს, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ თამაში არ წაგვეგო”.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ვიტ ჯორჯია 7 5 1 1 8:3 16
2. ლოკომოტივი 6 5 0 1 9:2 15
3. დინამო 7 4 0 3 12:8 12
4. მგლები 7 4 0 3 10:6 12
5. ზესტაფონი 7 3 2 2 5:4 11
6. სიონი 7 2 3 2 6:4 9
7. ბორჯომი 8 2 3 3 8:12 9
8. გაგრა 7 2 1 4 7:11 7
9. მესხეთი 6 1 2 3 3:7 5
10. ოლიმპი 6 0 4 2 4:7 4
11. სპარტაკი 6 1 0 5 4:12 3
ბომბარდირები:
თოდუა (“მგლები”) - 5, ალექსიძე (“ლოკომოტივი”) - 5, ვაწაძე (“დინამო”) - 5, კიკნაძე (“ბორჯომი”) - 3, ლომია (“მგლები”) - 3, გელაშვილი (“ზესტაფონი”) - 3, კოშკაძე (“სიონი”) - 3.
ტურის დარჩენილი მატჩები
29 ოქტომბერი
“სპარტაკი” - “ლოკომოტივი”
“მგლები” - “მესხეთი”
“გაგრა” - “ოლიმპი”
http://www.msofsport.com/more.aspx?id=13782