ვეტერინართა შანსი
უმაღლესი ლიგის ტურნირი I წრის ბოლოს მიუახლოვდა. ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, სადაც “დინამო” და “ვიტ ჯორჯია” პრესტიჟის შენარჩუნებასთან ერთად, ქულებისთვისაც იბრძოლებენ. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - “მესხეთი” “ბორჯომს” ბორჯომში უმასპინძლებს. და ერთი ინტრიგაც - “ოლიმპი” ჩემპიონატში პირველი გამარჯვებისთვის ცხინვალელებს შეებრძოლება.
01.11, 14:00. “დინამო” (თბილისი)-“ვიტ ჯორჯია” (თბილისი)
დისკვალიფიცირებული: გიორგი მელქაძე (“ვიტ ჯორჯია”).
მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი; გ. ყრუაშვილი, კ. ტეფნაძე; ი. ურუშაძე.
ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ინტრიგის მოქმედი წევრები, “ბორის პაიჭაძეზე” გაარკვევენ “მტყუან-მართალს”. ვიტელებს პირველობისთვის ბრძოლაში ძირითად კონკურენტთან დაძაბული პაექრობა მოუწევთ. როგორც იტყვიან, მატჩი ექვსქულიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა ქულებთან ერთად სასწორზე პრესტიჟიც დევს. განსაკუთრებით რანიერ ცობელს აქვს დასამტკიცებელი, რომ მის გუნდს გათამაშების ფავორიტებთან ურთიერთშეხვედრაში მოგებაც შეუძლია. “დინამომ” IX ტურამდე “ლოკომოტივთანაც” დათმო დუელი და “ზესტაფონთანაც” (ორივეჯერ 0:1).
ვეტერინარები ქვეყნის 13-გზის ჩემპიონისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქეებად ითვლებიან. ამაზე სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს. “ვიტ ჯორჯია” უმაღლეს ლიგაში დამკვიდრების შემდეგ (1997წ) “დინამოს” 32-ჯერ შეხვდა და ათჯერ მოუგო, 11-ჯერ წააგო და ამდენივეჯერ ფრედ ითამაშა (ბურთების სხვაობა 35-29 დინამოელთა სასარგებლოდ). ამდენად, იმის გარდა, რომ მატჩის მოგებით ვიტელები სატურნირო ცხრილში მინიმუმ II ადგილს შეინარჩუნებენ, ურთიერთშეხვედრებში სტატუს-კვოსაც აღადგენენ.
02.11, 14:00. “მესხეთი”-“ბორჯომი”
დისკვალიფიცირებული: ბორის გონჩაროვი (“მესხეთი”).
მსაჯები: ო. ხეცაძე; ა. გუნთაძე, თ. ხუჭუა; ხ. გაგნიძე.
საინტერესო უნდა გამოდგეს სამცხე-ჯავახური დერბი. “მესხეთი” საკუთარი მოედნის პრობლემების მოუგვარებლობის გამო, “ბორჯომს” ბორჯომში უმასპინძლებს. შეხვედრას პრინციპულობას ისიც სძენს, რომ მეტოქეებს ერთნაირი მიზანი ამოძრავებთ - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. გუნდები ერთმანეთის პირისპირ ერთნაირად ამაღლებულ ხასიათზე წარდგებიან - ახალციხელებმა ზუგდიდიდან “მგლებს” წაჰგვარეს 3 ქულა (2:0), ხოლო ბორჯომელებს ბოლო ორი ტური არ წაუგიათ (1:1 რუსთავში, 1:1 შინ “ზესტაფონთან”).
მეტოქეებს დღემდე ერთმანეთში გამართულ 4 მატჩში არცერთი ფრე არ უთამაშიათ - 3-ჯერ “ბორჯომმა” მოიგო, ერთხელაც “მესხეთმა” (ბურთების ბალანსი 6-3 “ბორჯომის” სასარგებლოდ).
02.11, 14.00. “ოლიმპი” (რუსთავი)-“სპარტაკი” (ცხინვალი)
მსაჯები: ვ. ელისაბედაშვილი; ზ. მენთეშაშვილი, ა. კოკაია; ზვ. ასკარ-ოღლი.
ესაა მატჩი, რომელზეც რუსთავური კლუბის ყველა მესვეური თუ გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებენ. მოუგებელ “ოლიმპს” ყველა სწორედ ამ შეხვედრაში მოგებას უწინასწარმეტყველებს. ვარლამ კილასონიამ მისი გუნდის შესაძლებლობები სხვაზე უკეთ უწყის და იგი მეტოქეს მაინც უფრთხის. არაა გამორიცხული, მისი თავმდაბლობა სამწვრთნელო დიპლომატიითაც იყოს გამოწვეული. ესეც რომ არ იყოს, ცხინვალელები რომ უბრძოლველად არაფრის დათმობას არ აპირებენ, ფაქტია.
გუნდებმა ერთმანეთში მხოლოდ შარშანდელ სეზონში ითამაშეს და უპირატესობა რუსთაველთა მხარესაა - 2-0, 1-0.
02.11, 14:00. “ლოკომოტივი” (თბილისი)-“სიონი” (ბოლნისი)
მსაჯები: ლ. კვარაცხელია; ლ. თოდრია, ზ. ფიფია; ლ. სილაგავა.
რკინიგზელები, განსაკუთრებით საშინაო მატჩში “მგლებთან” მარცხის (0:1) შემდეგ, მეტოქის შეუფასებლობის თემას წინა პლანზე აყენებენ. ოთარ კორღალიძის “სიონი” ამ მხრივ სერიოზული გამომცდელი იქნება - ბოლნისელებს “დინამოსთან” დაწინაურებულ შეხვედრაში მარცხი (1:2) ჯერაც არ დავიწყნიათ და არა გვგონია ისინი თბილისში მორიგი მარცხის საწვნევად ჩადიოდნენ.
მით უფრო “სიონი” “ლოკომოტივისთვის” უხერხულ მეტოქედ ითვლება. 2002 წლიდან მოყოლებული გუნდებმა ერთმანეთში 18 მატჩი გამართეს, რომელთაგან რკინიგზელებმა 9 მოიგეს, ქვემოქართლელელებმა კი 5 (ბურთების სხვაობა 27-16 თბილისელთა სასარგებლოდ).
02.11, 14:00. “ზესტაფონი”-“გაგრა”
მსაჯები: მ. ურუშაძე; ი. უკლება, კ. ბერაძე; გ. კიკაჩეიშვილი.
გაგრელებმა ზედიზედ მოუგებელ შეხვედრათა სერია 5-მდე გაზარდეს. ნაკლებად სავარაუდოა, მათ ამ სერიის შეწყვეტა იმერეთში სტუმრობისას შეძლონ, თუმცა საკადრო მიგრაციის შემდეგ ვერც “ზესტაფონზე” იტყვის კაცი ადვილად პროგნოზირებადს. თემურ მახარაძის გუნდი ცოტას კი უშვებს, მაგრამ გატანაც უჭირს. გუნდში საქართველოს ჩემპიონატებში 210 გოლის გამტანი ზურაბ იონანიძე გყავდეს და 7 თამაშში მხოლოდ 5 გაიტანო, ცოტა არ იყოს გაუგებარია. გასაგებია, რომ კლუბის სამომავლო სტრატეგიის დამგეგმავნი, აქცენტს პერსპექტიულ ახალგაზრდებზე აკეთებენ, მაგრამ სატურნირო ბრძოლისთვის არ გამოიყენო ფეხბურთელი, რომლისთვისაც გოლის გატანა ხელობაა, მგონი ყველანაირ სტრატეგიას თავდაყირა აყენებს. ცნობისათვის, “იონა” 30 ოქტომბერს, პირველი ლიგის მორიგი ტურის შეხვედრისას, “ზესტაფონი-2”-ს ტყიბულის “მეშახტის” ძლევაში 90 წუთის განმავლობაში ეხმარებოდა და გოლიც გაიტანა.
1 ლოკომოტივი 7 6 0 1 13-3 18
2 ვიტ ჯორჯია 7 5 1 1 8-3 16
3 დინამო 7 4 0 3 12-8 12
4 მგლები 8 4 0 4 10-8 12
5 ზესტაფონი 7 3 2 2 5-4 11
6 სიონი 7 2 3 2 6-4 9
7 ბორჯომი 8 2 3 3 8-12 9
8 მესხეთი 7 2 2 3 5-7 8
9 გაგრა 8 2 2 4 7-11 8
10 ოლიმპი 7 0 5 2 4-7 5
11 სპარტაკი 7 1 0 6 5-16 3
ბომბარდირები
ალექსიძე (“ლოკომოტივი”) - 6, თოდუა (“მგლები”) - 5, ვაწაძე (“დინამო”) - 5, კიკნაძე (“ბორჯომი”) - 3, ლომია (“მგლები”) - 3, გელაშვილი (“ზესტაფონი”) - 3, კოშკაძე (“სიონი”) - 3, ცქიტიშვილი (“ლოკომოტივი”) - 3.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=13914