ლიდერთა ქვემოქართლული გამოცდა
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის X ტურის შეხვედრები 7-8 ნომბერს გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს “ლოკომოტივი” - “ოლიმპისა” და “სიონი” - “ვიტ ჯორჯიას” შეხვედრები იწვევს. “ზესტაფონი” გორში ცხინვალის “სპარტაკს” ეწვევა, თბილისის “დინამო” ზუგდიდში “მგლებს” დაუპირისპირდება, “გაგრა” კი “მესხეთს” დაუხვდება.
07.11. 14.00
“ლოკომოტივი” - “ოლიმპი”
დისკვალიფიცირებული: კ.მახარაძე (“ლოკომოტივი”).
მთავარი მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი ასისტენტები: ზ. ჯვარიძე, ს. სპიცინი; მეოთხე მსაჯი: ა. ნონიკაშვილი
გასულ ტურში, “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე ბოლნისის “სიონთან” 0:1 მარცხის მიუხედავად, ჩემპიონატის ლიდერობა მაინც შეინარჩუნა. თუმცა, თბილისელებს ზედიზედ მეორედ წაფორხილების უფლება აღარ აქვთ, ვინაიდან პირველ ადგილზე ყოფნას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ.
ბოლნისელებთან წაგების შემდეგ, “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კიკნაძემ აღნიშნა, რომ მომავალ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს აუცილებლად განახორციელებდა. ცხადია, ეს გუნდის ლიდერებს - რატი ალექსიძეს, ლევან ცქიტიშვილს, ვიტალი დარასელიას და ირაკლი სამხარაძეს არ შეეხებათ, ვინაიდან თბილისელთა თამაში სწორედ ჩამოთვლილ ფეხბურთელებზეა აგებული. სავარაუდოდ, კიკნაძე კორექტივებს დაცვის ხაზში შეიტანს, რადგან ქვემოქართლელებთან მატჩის მერე, მან სწორედ მცველების შეცდომებს გაუსვა ხაზი.
“ოლიმპს” ცხრა ტური დასჭირდა, რომ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოეპოვებინა. არადა, რუსთავულ გუნდს, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, სეზონის წინ ჩემპიონობისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ. ამის მიუხედავად, გუნდს მწვრთნელის შეცვლა დასჭირდა, მიმდინარე ჩემპიონატში მოგების გემო რომ გაეგო. თუმცა, საკუთარ მოედანზე გათამაშების აუტსაიდერ ცხინვალის “სპარტაკთან” 1:0 მოგება, იმის თქმის საშუალებას ნაკლებად იძლევა, რომ ახალმა თავკაცმა ვარლამ კილსონიამ კლუბში ვითარება რადიკალურად გამოასწორა. ხანმოკლე პერიოდში, “ოლიმპის” დამრიგებლის მიერ გაწეული მუშაობის კარგი შემფასებელი სწორედ მომავალი მატჩი იქნება.
07.11. 14.00
“სიონი” - “ვიტ ჯორჯია”
მთავარი მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი ასისტენტები: მ. ელიკაშვილი, კ. ბერაძე; მეოთხე მსაჯი: დ. სანაია
თბილისში “ლოკომოტივთან” დამაჯერებული გამარჯვების შემდეგ, ბოლნისის “სიონმა” არა მხოლოდ სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა, საკუთარი ძალებისაც კიდევ უფრო ირწმუნა. გათამაშების ლიდერის სტუმრად “მონელების” შემდეგ, ცხადია, ქვემოქართლელები არც “ვიტ ჯორჯიას” მოერიდებიან, საკუთარ მოედანზე. მითუმეტეს, ბოლო წლებში “სიონი” მშობლიურ არენაზე ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება. “ლოკომოტივთან” მატჩის მერე, ბოლნისელთა თავკაცმა ოთარ კორღალიძემ განაცხადა, რომ მეტოქე დეტალურად ჰყავდა შესწავლილი. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარადოთ, რომ მას არც “ვეტერინართა” გაშიფრისთვის დაუშურებია დრო და მეტად პრინციპულ დაპირისპირებას არანაკლებ მომზადებული შეხვდება.
თბილისის “დინამოსთან” სტუმრად ნათამაშები ფრის შემდეგ, “ვიტ ჯორჯიას” ზედიზედ მეორე, არანაკლებ სერიოზულ მეტოქესთან მოუწევს გასვლაზე თამაში. თუმცა, მიმდინარე სეზონში “ვეტერინარებზე” საშინაო და საგარეო არენების მცნება ნაკლებად მოქმედებს, ვინაიდან წინა წლებისგან განსხვავებით, მე-20 ეროვნულ ჩემპიონატში ნესტორ მუმლაძის შეგირდები, მცხეთის “არმაზის” ნაცვლად, მეტოქეებს გორში მასპინძლობენ. აქედან გამომდინარე, ძნელი განსასაზღვრი არ არის, რომ შემადგენლობისა და თამაშის სტაბილურობის მიხედვით, ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, “თამაზ სტეფანიაზე” მასპინძლებს არაფერს დაუთმობს. თან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ გუნდს დისკვალიფიკაციამოხდილი გიორგი მელქაძე დაუბრუნდება.
07.11. 14.00
“სპარტაკი” - “ზესტაფონი”
მთავარი მსაჯი: ლ. სილაგავა ასისტენტები: გ. ჩიგოგიძე, ო. მოლოდინაშვილი; მეოთხე მსაჯი: ვ. გუმბერიძე
თუ განვლილ სეზონში ცხინვალის “სპარტაკმა” უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა, მიმდინარეში ამის გაკეთება ერთობ გაუჭირდება. ეს ვარაუდი საფუძველსმოკლებული რომ არ არის, აწ უკვე გასულ ცხრა ტურში ცხინვალელთა მიერ აღებული ერთი ქულა და სატურნირო ცხრილის ფსკერზე ყოფნა მეტყველებს. “სპარტაკის” თავკაცის პოსტზე კობა ჟორჟიკაშვილის შემცვლელ სერგო გაბელაიას დიდი მუშაობა დასჭირდება ამჟამინდელი მდგომარეობის თავისი გუნდის სასარგებლოდ შესაცვლელად. ცხადია, მეტოქის სავალალო ყოფის გამოყენებას აპირებს საქართველოს თასის მფლობელი “ზესტაფონი”, რომელსაც ბოლო სეზონების მსგავსად, საჩემპიონო ამბიცია არც ახლა განელებია. ბუნებრივია, იმერელთა მთავარ მწვრთნელ თემურ მახარაძესაც კარგად ესმის, რომ მსგავს მატჩებში ქულების დაკარგვა არ წაადგება და გასაკვირი არაა, რომ ზესტაფონელები გორის “ქართლის” სტადიონზე მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ.
07.11. 14.00
“მგლები” - “დინამო”
მთავარი მსაჯი: მ. ურუშაძე; ასისტენტები: ზ. ხუციშვილი, დ. კვეტენაძე; მეოთხე მსაჯი: ო. ხეცაძე
გასულ ტურში, “მგლები” ისვენებდა და რა თქმა უნდა, თბილისის “დინამოსთან” შეხვედრის წინ, ზუგდიდელებს სრული მობილიზებისთვის დრო საკმარისზე მეტი ჰქონდათ. მიმდინარე გათამაშებაში “კერკეტ კაკალად” მიჩნეული ბესიკ შეროზიას გუნდისთვის, საკუთარ მოედანზე ქვეყნის ჩემპიონთან წარმატებული თამაში არა მხოლოდ ღირსების საქმეა, არამედ, სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლადაც კარგი სტიმულია. მითუმეტეს, რომ “დინამო” მომავალ მეტოქეს მხოლოდ ქულით სჯობნის. “ვიტ ჯორჯიასთან” ეროვნულ სტადიონზე ნათამაშები ფრის შემდეგ, ცხადია, ზუგდიდში მორიგი ქულების დაკარგვა რაინერ ცობელის გეგმებში არ შედის. კიდევ ერთხელ ფეხის დაცდენის შემთხვევაში, “დინამოს” მდგომარეობა ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში კიდევ უფრო გართულდება და თავად გერმანელ მწვრთნელსაც, ალბათ, სკამი გვარიანად შეერყევა.
08.11. 14.00
“გაგრა” - “მესხეთი”
მთავარი მსაჯი: მ. ბეუქლიშვილი; ასისტენტები: დ. კურტანიძე, ე. ნარმანია; მეოთხე მსაჯი: ი. ურუშაძე
ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა “გაგრამ” სეზონი ნორმალურად დაიწყო, მაგრამ ბოლო ტურებში მეტწილად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, თამაშს აშკარად უკლო. თუმცა, მომდევნო ტურში გაგრელებს მდგომარეობის გამოსწორების შანსი ეძლევათ, ვინაიდან ფინანსური პრობლემებით შეჭირვებულ ახალციხის “მესხეთს” მასპინძლობენ. აღნიშნული დაპირისპირება იმითაცაა საინტერესო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ვლადიმერ ხაჩიძის სამწყსო უშუალო კონკურენტის გადასწრებას შეძლებს.
მეცხრე ტურში, სამცხე-ჯავახურ დერბიში, რომელიც ბორჯომში შედგა, “მესხეთმა” ადგილობრივ “ბორჯომს” უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ეს ალბათ, მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ორივე გუნდი ბორჯომში ვარჯიშობს და საშინაო მატჩებსაც ერთსადაიმავე არენაზე ატარებს. მომავალ დაპირისპირებაში “გაგრა” გამარჯვებას კი გეგმავს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ უპირობოდ კაპიტულაციას არც ახალციხელები აპირებენ. მითუმეტეს, რომ “მესხეთს” ისეთი მეტოქე ნამდვილად არ ჰყავს, რომელთან თუნდაც სტუმრად ქულის აღება არ შეიძლებოდეს. მომავალ თამაშში, გუნდს თავდამსხმელი ბორის გონჩაროვიც დაეხმარება, რომელმაც წინა ტურის დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლოკომოტივი 8 6 0 2 13:4 18
2. ვიტ ჯორჯია 8 5 2 1 10:5 17
3. ზესტაფონი 8 4 2 2 8:4 14
4. დინამო 8 4 1 3 14:10 13
5. მგლები 8 4 0 4 10:8 12
6. სიონი 8 3 3 2 7:4 12
7. ბორჯომი 9 2 4 3 10:14 10
8. მესხეთი 8 2 3 3 7:9 9
9. გაგრა 9 2 2 5 7:14 8
10. ოლიმპი 8 1 5 2 5:7 8
11. სპარტაკი 8 1 0 7 5:17 3
ბომბარდირები:
ვაწაძე (“დინამო”), ალექსიძე (“ლოკომოტივი”) - 6, კიკნაძე (“ბორჯომი”), თოდუა (“მგლები”) - 5, გელაშვილი (“ზესტაფონი”), კოშკაძე (“სიონი”) - 4.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14169