მოგებამონატრებულთა ზეობა
ისევ წააგო და ტრადიციისამებრ საშინაო არენაზე, ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა “ლოკომოტივმა”. რკინიგზელები, ამჯერად მოგების მადამოცემულმა “ოლიმპმა” დაამარცხა. გასვლაზე მოიგო თბილისის “დინამომაც”, თუმცა ცობელის მოგებას შეროზიას ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა. კლასის ხარჯზე დაჯაბნა მეტოქე “ზესტაფონმა”, რომლის რიგებში სეზონში პირველად შეაგდო, მანამდე ქართულ ჩემპიონატებში 210-ჯერ გამტანმა ზურაბ იონანიძემ. მასპინძელთაგან ერთადერთმა იხეირა “სიონმა”, ვინც ვეტერინარებს მხოლოდ ქულა გაატანა დედაქალაქში.
“ლოკომოტივი” - “ოლიმპი” 0:2
7 ნოემბერი. თბილისი, “მიხეილ მესხი”. 100 მაყურებელი.
“ლოკომოტივი”: ლომაია, ფოფხაძე, ფარულავა, გრიგალაშვილი (46, ბებუა), სარალიძე, სამხარაძე, ჩირიკაშვილი, ი. გილაური (65, დ. ჩაგელიშვილი), კახელიშვილი, დარასელია (75, ბარბაქაძე), ალექსიძე.
“ოლიმპი”: მერლანი, დობროვოლსკი, მაჭავარიანი, ფეიქრიშვილი (67, ფიფია), ონიანი, სეთურიძე, აკუასაგა, ბაბუნაშვილი, ღონღაძე, მეგრელაძე (74, ალადაშვილი), ჩხეტიანი (60, დეკანოსიძე).
გოლები: 0:1 მეგრელაძე (39), 0:2 ბაბუნაშვილი (68).
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
ტრიბუნებზე მყოფი ასიოდე მაყურებელი ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის ყველა კომპონენტში მარცხის მომსწრე გახდა. ნამატჩევს რუსთაველთა თავკაცი იტყვის, ეს ჩემი გუნდის საუკეთესო თამაში იყო მიმდინარე ჩემპიონატშიო. თუმცა, ჩვენი მხრიდან დავამატებთ იმასაც, რომ “ოლიმპთან” ასე სუსტად წლეულს ალბათ არც არავის უთამაშია.
ზემოთ ნახსენებ, აშკარად მეტობით აღებულ ასიოდე მაყურებელში, ტრავმირებული რკინიგზელების ლევან ცქიტიშვილის, ზვიად ჩხეტიანის, ალეკო გუშარაშვილისა და დისკვალიფიცირებელი კახა მახარაძის მითვლაც არ უნდა დაგვავიწყდეს. თუ “სიონთან” რკინიგზელთა ამასწინანდელ მარცხს (0:1) გავიხსენებთ, მაშინ ისინი ყველანი მწყობრში იყვნენ, მაგრამ “ლოკომ” შინ მაინც წააგო. მოკლედ, კიკნაძისა და ზამთარაძის მიერ წინასასეზონოდ მომართულ “ორთქლმავალს”, კიდევ ერთი “შეკეთება” სჭირდება, თორემ მდევრები ძალიან ახლოს არიან.
რუსთაველებს რომ საგოლე მომენტების რეალიზების მხრივ პრობლემები აქვთ, ამჯერადაც გამოჩნდა. პირველ ტაიმში მარტო ჩხეტიანს მართებდა მინიმუმ სამჯერ თავის გამოჩენა. ორჯერ ლომაიამ იხსნა საკუთარი კარი, მესამედ კი ფორვარდმა ისეთ სიტუაციაში იცოდვილა უმეკარეოდ დარჩენილი კარის წინ, ასეთი რამ დამწყებ ფეხბურთელსაც რომ არ ეკადრება. წინწაწეულ ჩხეტიანი-მეგრელაძის დუეტს პასებით კარგად ამარაგებდა შოთა ბაბუნაშვილი. იგი ამ დღეს, მისი გუნდის უდავოდ საუკეთესო მოთამაშე იყო, რაც “ბაბუმ” გატანილი გოლითაც დაამოწმა.
ვიდრე მეგრელაძის მიერ ანგარიშის გახსნაზე ვიტყოდეთ, მანამდე ისიც ვთქვათ, რომ მატჩში მეტოქის კარისკენ რკინიგზელებმა პირველად 27-ე წუთზე დაარტყეს. ეს დარასელიამ ჯარიმიდან გააკეთა, მაგრამ ბურთი ზემოდან გადასცდა უმოძრაობით გათოშილი მერლანის კარის ჩარჩოს. სხვათა შორის, რუსთაველთა დაცვას უსაქმოდ ყოფნამ დათვური სამსახური გაუწია, რაც ლამის გაშვებულ გოლად გადაიქცა. 34-ე წუთზე სტუმარი მცველების და მეკარის უთანხმოების შედეგად, იგივე დარასელია გოლთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. მისგან მერლანის თავზე გადაგდებული ცარიელ კარში უნდა შესულიყო, მაგრამ ონიანმა ზედ კარის ხაზთან მიუსწრო.
ამის შემდეგ მასპინძელთა დაცვის “ჩაძინების” ჯერი დადგა და მეგრელაძემ მისი შანსი უნაკლოდ გამოიყენა. გრიგალაშვილს მეკარისთვის უკან დაბრუნება სურდა, მაგრამ “ოლიმპის” ფორვარდმა ჩაუჭრა და ლომაიას საჯარიმოს ხაზიდან გაუტანა - 0:1.
მეორე ტაიმში, ისე ჩანდა, “ლოკომოტივის” ფეხბურთელთა ქმედებები უფრო იმით იყო განპირობებული, როგორმე შემოდგომის სუსხში არ გაყინულიყვნენ და იძულებული იყვნენ ემოძრავათ. ამ “უძრაობაში” 68-ე წუთიც მოვიდა, როცა მეგრელაძესთან “კედლის” გათამაშების შემდეგ ბაბუნაშვილი მარცხნიდან მაღალ სიჩქარეზე შეიჭრა თბილისელთა საჯარიმოში და საკმაოდ მახვილი კუთხიდან, ბურთი ლომაიას თავს და ხელებსზემოთ “ათიანში გაჭედა” - 0:2.
თამაშიც პრაქტიკულად აქ დამთავრდა - ასეთი უსუსური “ლოკომოტივი”, არა მგონია თვით რკინიგზელთა სტაჟიან გულშემატკივრებს ახსოვდეთ. არადა, ძალიან ბევრმა იმ სტაჟიანთა “არმიიდან” გუშინ ტრიბუნაზე მისვლა არ ისურვა. იქნებ სწორადაც მოიქცნენ - რომ მისულიყვნენ, მეტოქის შეტევების გარდა მაინც ვერაფერს ნახავდნენ. გასაკვირია, მაგრამ ამ დღეს მასპინძელთა ძირითადში 90 წუთი დაჰყო ეროვნულ ნაკრებში არგენტინელი ექტორ რაულ კუპერის მიერ არჩეულმა (კიდევ უფრო გასაკვირი) რატი ალექსიძემ.
მატჩის შემდეგ:
ვარლამ კილასონია (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “ეს ჩვენი გუნდის საუკეთესო მატჩი იყო ჩემპიონატში. ძალიან კონცენტრირებულები ვიყავით და გაგვიმართლა კიდეც. როდესმე ხომ უნდა გატეხილიყო ნავსი - წინა თამაშებში იმდენ საგოლე მომენტებს ქმნიდნენ და ვერ იყენებდნენ, სულ ასე ხომ არ გაგრძელდებოდა”.
გიორგი კიკნაძე (“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი): “მორიგი საშინაო მატჩი წავაგეთ. სერიოზული საკადრო პრობლემები გვქონდა. როცა ძირითადის ერთბაშად 4 ფეხბურთელი გაკლია, ძნელია სრულფასოვანი თამაში არ გაგიჭირდეს. შევეცდებით მომავალ ტურებში გავიხსენოთ გამარჯვების გემო”. “სტუმართმოყვარე” მასპინძლები
“სიონი” - “ვიტ ჯორჯია” 2:2
7 ნოემბერი. ბოლნისი, “თემურ სტეფანია”.
გოლები: 0:1 ბერიაშვილი (2), 1:1 სვანაძე (21), 2:1 იაშვილი (47), 2:2 ბერიაშვილი (59).
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.
ვეტერინარმა გიორგი ბერიაშვილმა სწრაფი გოლით კი დააწინაურა მისი გუნდი, მაგრამ ბოლნისელებმა ტაიმის შუაგულში შეძლეს გათანაბრება - თავი სვანაძემ გამოიჩინა - 1:1. შესვენების შემდეგ თამაში ახალი განახლებული იყო, როცა სანდრო იაშვილმა საქართველოში შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ, პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. თამაშის სურათიდან გამომდინარე, “სიონის” მოგება გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ “ვიტ ჯორჯიას” ქულაც არ ეთმობოდა ბოლნისში დასატოვებლად, რაც გიორგი ბერიაშვილმა, 59-ე წუთზე “დუბლის” შესრულების ხარჯზე განახორციელა.
მატჩის შემდეგ:
ნესტორ მუმლაძე (“ვიტ ჯორჯიას” მთავარი მწვრთნელი): “თამაში დიდი სისწრაფეებით არ გამოირჩეოდა, რაც ნამდვილად არაა “ვიტ ჯორჯიას” სტილი. როგორც ჩანს ბიჭებმა ბევრი ძალა შეალიეს “დინამოსთან” პაექრობას. საერთოდ, ბოლნისში რთულია თამაში და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო. მთლიანობაში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არა ვარ”.
ოთარ კორღალიძე (“სიონის” მთავარი მწვრთნელი): “ბოლო 10 დღე ზედიზედ მესამე სერიოზული მეტოქე გვყავს. დღეს თუ მეტოქემ ვერ აჩვენა მისი საუკეთესო თამაში, ეს ჩვენი ბიჭების დამსახურებაცაა. შედეგით არა, მაგრამ თამაშით კმაყოფილი ვარ”.
“სპარტაკი” - “ზესტაფონი” 1:2
7 ნოემბერი. გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”.
გოლები: 1:0 შონია (21), 1:1 გელაშვილი (45, პენ.), 1:2 იონანიძე (88).
არბიტრი: ლ. სილაგავა.
როგორც ს/კ “ზესტაფონის” ოფიციალური საიტი იუწყება, შეხვედრის საწყისი წუთები სტუმართა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ გოლი მათ საკუთარ კარში მიიღეს. ზესტაფონელებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს და ცხინვალელმა თემურ შონიამ თავისიანები უძლიერესი დარტყმით დააწინაურა - 1:0.
სტუმრები გაშვებული გოლის შემდეგაც აქტიურობდნენ და მეტოქის კარის ძელ-ხარიხის სიმტკიცე არაერთხელ (ბენაშვილი, გოცირიძე) მოსინჯეს. ტაიმის მიწურულს, საჯარიმოში ხელით თამაშისთვის, ცხინვალელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გელაშვილმა გოლად გარდასახა. ეს ამ ფორვარდის ზედიზედ მეხუთე მატჩში გატანილი გოლია.
მატჩის ბოლოს იმერლებმა გამარჯვების გოლის გატანაც მოახერხეს. ზურაბ იონანიძე მოედანზე სამიოდე წუთის შესული იყო, როცა მისმა თავურმა “სპარტაკს” ზესტაფონელთათვის 3 ქულის მომტანი გაუტანა - 1:2.
მატჩის შემდეგ:
თემურ მახარაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “მოულოდნელი გოლი მივიღეთ და დრო დაგვჭირდა საპასუხი გოლის გასატანად. “სპარტაკი” გავარდნის კანდიდატია და დიდი “ომი” გაგვიმართა. კარგა ხანი არ გვიმართლებდა - სამი-ოთხჯერ ბურთის ძელს მოხვდა. მოკლედ რომ ვთქვა, ცალკარა გვქონდა და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ”.
“მგლები” - “დინამო” 0:1
7 ნოემბერი. ზუგდიდი, “ბაია”.
“მგლები”: მამალაძე, ჭითანავა, აქუბარდია, ხუხია, ბაჯელიძე, გუჩუა, ჯოჯუა, გულორდავა, ლომია, მიქაბერიძე (75, ქუცურუა), დარსანია (77, ქურციძე).
“დინამო”: ოვონო, თომაშვილი, კრშკო, ხმალაძე, გ. კაშია, ელიავა, ოდიკაძე, დიღმელაშვილი, გველესიანი (76, ფირცხალავა), მერებაშვილი (90, შ. კაშია), ვაწაძე.
გოლი: 0:1 ოდიკაძე (64).
გაფრთხილება: აქუბარდია (63), ლომია (90), ფირცხალავა (90).
არბიტრი: მ. ურუშაძე.
მატჩი ფეხბურთის თამაშისთვის შეუფერებელ გრუნტზე ჩატარდა. რომ იტყვიან, მაყურებელმა ტალახბურთი იხილა, რისი ხილვა, რაც მივუახლოვდებით 28 დეკემბერს (წლეულს ჩემპიონატზე სათამაშო ბოლო თარიღი) მით მეტჯერ მოუწევთ. წყლის გუბეების მიუხედავად, დინამოელებმა პირველი ტაიმის დიდი ნაწილი შეტევებში გაატარეს. მეტოქეებს დამაგვირგვინებელ სტადიაში, ერთმანეთზე მეტად, მძიმე გრუნტი და გუბურები უშლიდნენ ხელს.
სტუმართაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა თბილისელთა მეგოლე მათე ვაწაძე. ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, მისი გუნდის წინა ხაზზე პარტნიორების ასისტენტადაც ვარგოდა და თავადაც არაერთხელ უტევდა ზურაბ მამალაძის კარს. გოლიც ვაწაძის უშუალო მონაწილეობით გავიდა “მგლების” კარში. 64-ე წუთზე მარცხნიდან ოლეგ გველესიანისგან გაკეთებულ მაღალ გადაცემას მათეს თავური მოჰყვა, რომლის შემდეგ ბურთი ძელმა გამოაგდო. დამატებაზე კი, “დინამოს” კაპიტანმა დავით ოდიკაძემ იმარჯვა და ზუგდიდელებს გამარჯვების გოლი გაუტანა.
“დინამოს” ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით, მას შემდეგ, რაც 78-ე წუთზე ზუგდიდელთა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მოედანზე შესვლა მოახერხა, შეხვედრა 2 წუთით შეწყდა. აქედან კიდევ რამდენიმე წუთში, მატჩი კვლავ შეწყდა, ამჯერად მოედანზე ფეხბურთელები წაკინკლავდნენ. ეს კონფლიქტიც ჩაწყნარდა და მსაჯს, რომლის ქმედებებით, რბილად რომ ვთქვათ, აღშფოთებულია “მგლების” თავკაცი ბესიკ შეროზია, მატჩის დამთავრების საშუალება მიეცა.
მატჩის შემდეგ:
რაინერ ცობელი (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “ასეთ მინდორზე ძნელია ფეხბურთი ითამაშო. Oრივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. გარდა გატანილი გოლისა, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა. Oრივე გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ მოედანზე ფეხბურთის თამაში მოახერხეს. საქართველოში ბევრი ტექნიკური ფეხბურთელია, საერთოდ ქართველებმა იციან ფეხბურთის თამაში, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის საყურადღებოდ მინდა ვთქვა - მოედნების პრობლემა თუ არ გადაიჭრა, ფეხბურთს ქვეყანაში განვითარება გაუჭირდება”.
ბესიკ შეროზია (“მგლების” მთავარი მწვრთნელი): “ყოველთვის თავშეკავებული ვიყავი მაგათ მიმართ, მაგრამ რაც “დინამოსთან” თამაშზე მოხდა, მეტისმეტი იყო. ეს არ იყო სამართლიანი ფეხბურთი. ჩემი გუნდი ეთამაშებოდა 14 კაცს და კიდევ იმას, ვინც ეს ხალხი დაგვინიშნა სამსაჯოდ. რად უნდათ ასეთი ჩემპიონობა - ევროპაში რომ გადიან, მერე რას შვებიან? ასეთი მსაჯობით ქართული ფეხბურთი პროგრესის გზაზე კი არა, რეგრესისაზე მიდის. მგონი, რეგიონების გადაკიდება უნდათ ერთმანეთზე. თუ უნდათ ჩვენთან ფეხბურთი რომ არ ვითამაშოთ, მაშინ ჩაატარონ მარტო თბილისის ჩემპიონატი”.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლოკომოტივი 9 6 0 3 13:6 18
2. ვიტ ჯორჯია 9 5 3 1 12:7 18
3. ზესტაფონი 9 5 2 2 10:5 17
4. დინამო 9 5 1 3 15:10 16
5. სიონი 9 3 4 2 9:6 13
6. მგლები 9 4 0 5 10:9 12
7. ოლიმპი 9 2 5 2 7:7 11
8. ბორჯომი 9 2 4 3 10:14 10
9. მესხეთი 8 2 3 3 7:9 9
10. გაგრა 9 2 2 5 7:14 8
11. სპარტაკი 9 1 0 8 6:19 3
ბომბარდირები:
ვაწაძე (“დინამო”) - 6, ალექსიძე (“ლოკომოტივი”) - 6, გელაშვილი (“ზესტაფონი”) – 5, თოდუა (“მგლები”) - 5, კიკნაძე (“ბორჯომი”) - 5, , კოშკაძე (“სიონი”) - 4.
ტურის დარჩენილი მატჩი
8 ნოემბერი, დაწყება 14:00
“გაგრა” - “მესხეთი”
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14221ოლიმპი მინიმუმ სამეულში დაასრულებს სეზონს