“ლოკომოტივი” საჩემპიონო ელმავლის ბოლოში მოექცა
ეროვნული საფხბურთო ჩემპიონატის პირველმა წრემ, თავიდან ძალიან არეული “უფროს-უმცროსობა” შემდეგ შედარებით დაალაგა. ძნელია წინასწარ პროგნოზის გაკეთება, გაისად მაისში ვინ რომელ ადგილზე აღმოჩნდება, სამაგიეროდ, დიდი გულთმისნობა არ სჭირდება დაბალ ლიგაში დასაქვეითებელი ერთი გუნდის დაკონკრეტებას - ეს, ალბათ, ცხინვალის “სპარტაკი” იქნება. კი, ბურთი მრგვალია და ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ამ სიმრგვალესაც რომ გამოყენება უნდა, მგონი, ყველაზე ცუდად წლევანდელ ჩემპიონატზე სწორედ შიდაქართლელებს ესმით.
“სპარტაკი” პირველი იყო, ვისაც გათამაშების მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელი შეეცვალა - კობა ჟორჟიკაშვილმა გუნდის მიტოვება მაშინ გადაწყვიტა, რაც ცხინვალელებმა ზედიზედ 4 შეხვედრა წააგეს. გაბელაია-ტოგონიძის დუეტის მოსვლაც ისეთი იღბლიანი გამოდგა (“გაგრასთან” გასვლაზე 2:0-ის მოგება), კაცი იფიქრებდა, ყველაფერში დამნაშავე ყოფილი თავკაცია ყოფილაო, მაგრამ, სულ მალე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა - სპარტაკელებმა ქულა ვეღარ აიღეს და სად და როდის უნდა აიღონ, ამის გამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
გამოიკვეთა ის სამეულიც, რომლიდანაც პირველ ლიგაში დაქვეითების კიდევ ორი კანდიდატის გამოვლენა უნდა მოხდეს. “ბორჯომი”, “გაგრა” და “მესხეთი” - ამ უსიამოვნო მისიისგან თავის დასაღწევად არაფერს დაიშურებს. მათგან ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაში ბორჯომელები არიან. გიორგი სუხიაშვილის გუნდს ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღება მოაკლდა და თუ კურორტელებმა “ჯიბეები არ გამოიფხიკეს”, მწვრთნელის სიტყვებიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, გუნდმა ახალ წლამდე ვერ მიაღწიოს და შეწყვიტოს ჩემპიონატში მონაწილეობა.
“გაგრა” გასავარდნი ზონის მიჯნაზეა, მაგრამ ვლადიმერ ხაჩიძის გუნდს ერთი დიდი პლუსი აქვს არა მარტო კონკურენტებთან, არამედ ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრებულებთანაც - გაგრელები შინ (თბილისის “ამერზე”) ნაჩვენები შედეგებით (11 ქულა) მხოლოდ “ზესტაფონს” ჩამოუვარდებიან. აი, გასვლაზე კი, ამ ახალგაზრდული გუნდის სტუმრის რანგში დაფასება, აზრად არავის მოსვლია.
თუკი “გაგრა” კლუბის მეპატრონეთა კერძო ბიზნესიდან ფინანსდება, ახალციხის “მესხეთს” მატერიალურ ზურგს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და რაიონული გამგეობა ამაგრებს. პრეზიდენტი გია მესხელი, როცა გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე საუბრობს, უკმაყოფილოა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ფეხბურთელებსაც ულტიმატუმის ენით ელაპარაკება - თუ 10 დეკემბრისთვის “მესხეთი” სატურნირო ცხრილში იმ ადგილზე არ იქნება, რომელიც გუნდისთვის დახარჯულ ფინანსებს ეკადრება (V-VI ადგილი), დიდი საკადრო წმენდაა მოსალოდნელი.
დიდი მოულოდნელობა იყო რუსთავის “ოლიმპის” სუსტი სტარტი - 5 თამაშიდან არცერთი მოგება და მხოლოდ 3 ქულა. ამ შედეგმა ხვიჩა ქასრაშვილის პოსტიდან გადაყენება და მის ნაცვლად ვარლამ კილასონიას მოყვანა გამოიწვია. ახალ თავკაცს ფორტუნამ მესამე ცდაზე გაუღიმა და ქვემოქართლელთა პირველი საჩემპიონატო მოგებაც მაშინ მოვიდა. ამას თბილისში “მიხეილ მესხზე”, მაშინ ჯერ კიდევ ერთპიროვნული ლიდერის რანგში მყოფი “ლოკომოტივის” ძლევა (2:0) მოჰყვა. კილასონიას თავკაცობისას რუსთაველებს ჯერ შეხვედრა არ წაუგიათ (5 ჩემპიონატზე და ერთიც თასზე). ამ დამაიმედებელი ინერციის ხათრით, ძნელია “ოლიმპი” ვინმემ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოაკლოს.
საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი შეკრა ბესიკ შეროზიამ. გასული ორი თვის განმავლობაში იყო პერიოდი, როცა “მგლები” ზედა სამეულის სრულუფლებიან წევრად ითვლებოდა - გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში, რანგის ადკევატური იყო.
საინტერესო შეფასება გაუკეთა “მგლების” თამაშს, შეროზიას კოლეგამ თბილისის “ვიტ ჯორჯიადან”. ნესტორ მუმლაძის თქმით, მიმდინარე ჩემპიონატში ზუგდიდური გუნდი ერთადერთია, რომელიც არასოდეს არ თამაშობს დაცვაში “ჩამჯდარი”. სხვათა შორის, როცა გუნდის სამომავლო პერსპექტივაზე საუბრობს, შეროზია არ მალავს, რომ მას დიდი იმედი აქვს იმ ახალი ფეხბურთელების, რომელთა მოყვანას იგი საახალწლო არდადეგებზე აპირებს.
ზედა ხუთეულის სრულუფლებიანი წევრია ბოლნისის “სიონი”. საერთოდ, როცა მეტოქე გუნდების თავკაცები ბოლნისში სტუმრად თამაშზე საუბრობენ, ყველა ხაზს უსვამს, რომ იქ მატჩის მოგება საკმაოდ ძნელია. ვერ გეტყვით, ვინ და რით აშინებს ამ გუნდებს ბოლნისური “ჰავით”, მაგრამ სტატისტიკა სულ სხვაზე მეტყველებს - ოთარ კორღალიძის გუნდი სტუმრად დაგროვილი ქულებით (12), “ვიტ ჯორჯიასთან” პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. შინ, მშობლიურ “თემურ სტეფანიაზე” კი “სიონი” მხოლოდ 2 ფრეს გამორჩა.
თბილისის “ლოკომოტივმა” ჩინებული სტარტის შემდეგ, პირველი წრის ფინიში აშკარად ჩააგდო. გუნდის თავკაცები (გიორგი კიკნაძე, ზაზა ზამთარაძე) ამ წარუმატებლობას მოძალებული ტრავმიანობით ხსნიან. არადა, “რკინიგზელები” თითქმის შეუცვლელად ათამაშებენ გუნდისა და ჩემპიონატის მთავარმეგოლე რატი ალექსიძეს. ფაქტია, ბოლო პერიოდში ამ ფორვარდს მიზანი “გაუმრუდდა” და თუ დროზე არ გაზარდა საკუთარ მარგი ქმედების კოეფიციენტი, შესაძლოა, “ჯვაროსანთა” არგენტინელმა მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა სანაკრებო რჩეულობიდანაც მოკვეთოს.
მოქმედმა ჩემპიონმა “დინამომ”, სასტარტო 5 მატჩში 3 წაგებით, ოპონენტებს ძველი ცუდი დრო გაახსენა, როცა გუნდი დაახლოებით ასეთი დაწყებისთვის მწვრთნელს გამოეთხოვა. მოგვიანებით რაინერ ცობელმა მაინც შეძლო დინამოელთა მობილიზება და იგი ძველებურად ჩემპიონობას ისახავს მიზნად.
სეზონის ერთგვარი “ბესტსელერობა” უწერია “დინამოსა” და “ზესტაფონის” დაპირისპირებებს. მეტოქეები ჩემპიონატის 3 მატჩის გარდა (პირველი იმერლებმა შინ 1:0 მოიგეს), ერთმანეთს ორჯერ დავით ყიფიანის სახელობის თასზე შეხვდებიან (პირველი მეოთხედფინალური მატჩი ზესტაფონში 11 ნოემბერს 0:0 დასრულდა), ხოლო 3 დეკემბერს, გუნდებს შარშანდელი სეზონის სუპერთასისთვის მოუწევთ ბრძოლა.
სხვათა შორის, “დინამო” პირველი ქართული გუნდი შეიძლება გახდეს, სადაც თურქული წარმომავლობის ფეხბურთელი ჩაირიცხოს. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სინჯებს გადის 19 წლის თიმურ ვაილბირი. ეს ახალგაზრდა ბოლოს გერმანიის II ბუნდესლიგის “ზანკტ პაულის” მეორე გუნდში გამოდიოდა.
დაარსებიდან (2004წ) ჩემპიონობისთვის იბრძვის “ზესტაფონი”. გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონია, თუმცა იმერლებს, როგორც ითქვა, ერთბაშად სამ საშინაო “ფრონტზე” უწევს თამაში. რამდენს დაიჭერს ერთბაშად “სამი კურდღლის მადევარი” კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია, საამისო ნიშნები უკვე დეკემბრის დასაწყისში გამოიკვეთება.
არაა გამორიცხული, ფეროელებს ჩემპიონატის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელი გამოეცვალოს. არადა, ასეთი შედეგის მაჩვენებელი (იგულისხმება პირველი წრის შემდეგ დაკავებული II ადგილი) გუნდისთვის, ყველაფრის მოლოდინში შეიძლება იყოს კაცი, მწვრთნელის შეცვლის გარდა. საუბარია, თემურ მახარაძის გია გეგუჩაძით ჩანაცვლებაზე. როდის დაუსვამს წერტილს ამდაგვარ კულუარულ მითქმა-მოთქმებს “ზესტაფონის” მესაჭე, ალბათ, საახალწლო უიქენდებზე გამოჩნდება.
ერთადერთი გუნდი, რომლის ლიდერობასაც პირველ წრეში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე ეჭქვეშ ძნელად თუ ვინმე დააყენებს, თბილისის “ვიტ ჯორჯიაა”. ამ გუნდის უმთავრესი პრობლემა ყოველთვის იყო თბილისში საკუთარი სათამაშო არენის უქონლობა. ამას ისიც დაემატა, რომ მცხეთის საამსაქმოდ შეგულებული “არმაზი”, პროფლიგამ ჩემპიონატის მატჩების გასამართად დაიწუნა და “ვეტერინარები” გორში გადაბარგდნენ. ნესტორ მუმლაძის გუნდისთვის ამ ფაქტორს ხელი სულაც არ შეუშლია და ყველა მატჩის, პრაქტიკულად, გასვლაზე მოთამაშე გუნდმა შემოდგომის ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად დაისაკუთრა.AD
1 ვიტ ჯორჯია 4 3 0 1 8:3 9 6 3 3 0 7:4 12 10 6 3 1 15:7 21
2 ზესტაფონი 5 4 0 1 8:2 12 5 2 2 1 5:4 8 10 6 2 2 13:6 20
3 დინამო 4 3 0 1 13:4 10 6 3 0 3 7:6 9 10 6 1 3 20:10 19
4 ლოკომოტივი 6 3 0 3 5:4 9 4 3 0 1 9:5 9 10 6 0 4 14:9 18
5 სიონი 4 0 2 2 3:5 2 6 3 3 0 6:1 12 10 3 5 2 9:6 14
6 მგლები 6 3 0 3 9:6 9 4 1 0 3 1;6 3 10 4 0 6 10:12 12
7 მესხეთი 5 1 2 2 5;7 5 5 2 1 2 4:5 7 10 3 3 4 9;12 12
8 ოლიმპი 5 1 4 0 2:1 7 5 1 2 2 5:6 5 10 2 6 2 7;7 12
9 გაგრა 6 3 2 1 8;5 11 4 0 0 4 2:1 0 10 3 2 5 10:15 11
10 ბორჯომი 5 1 2 2 4:6 5 5 1 2 2 6;13 5 10 2 4 4 10:19 10
11 სპარტაკი 5 0 0 5 3:12 0 5 1 0 4 3:8 3 10 1 0 9 6:20 3
ბომბარდირები
გელაშვილი (“ზესტაფონი”), ვაწაძე (“დინამო”), ალექსიძე (“ლოკომოტივი”) - 6, ოდიკაძე (“დინამო”), თოდუა (“მგლები”), კიკნაძე (“ბორჯომი”), გაბედავა (“გაგრა”) - 5.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14630
მიმაგრებული სურათი