ითამაშებენ თუ არა რუსეთის ჩემპიონატში “აკუა”, “აფსნი” და დანარჩენი აფხაზური გუნდები? რუსული საფეხბურთო კლუბ “როსტოვის” თავკაცი ოლეგ დოლმატოვი რამდენიმე თვის წინ, აფხაზეთის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. დოლმატოვი გასული საუკუნის 80-90-იან წლებში სოხუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი იყო. რუსული სპორტული გამოცემის “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, დოლმატოვს პრიზი ჯერ კიდევ 1995 წელს უნდა მიეღო, მაგრამ მიზეზთა გამო, ეს ვერ მოხერხდა. სოხუმის “დინამოს” ყველაზე დიდი წარმატება კი ისაა, რომ დოლმატოვის მწვრთნელობის წლებში საბჭოთა კავშირის II ლიგაში თამაშობდა.
სპორტი და იარაღის ჟღარუნი ერთად
დოლმატოვი როსტოვიდან სოხუმში როცა ჩავიდა, მას პრიზი აფხაზეთის სეპარატისტული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, ვალერი ბარციცმა გადასცა. იმ დღესვე გაიმართა აფხაზ და რუს ვეტერან ფეხბურთელთა ამხანაგური შეხვედრაც, რომელიც 3:3 დასრულდა.
თვითაღიარებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, იარაღის ჟღარუნის პარალელურად, ფიფა-უეფას მიერ არაღიარებული ექვსგუნდიანი საფეხბურთო ჩემპიონატიც ტარდება და ამ გათამაშებაში, უმეტესად, 17-20 წლის ახალგაზრდები მონაწილეობენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ეროვნებით რუსია. აფხაზეთის არაღიარებული ჩემპიონატის რამდენიმე გზის გამარჯვებულია სოხუმის “ამრა” (ამრა აფხაზურად მზეს ნიშნავს). ჩემპიონატში ასევე მონაწილეობენ გუნდები: “ლოკომოტივი”, “გუდაუთა”, “გაგრა”, “აფსნი” და “აკუა” (სოხუმი).
ჩემპიონატის პირველი ტურის პირველი შეხვედრა გუდაუთას “რიწასა” და გაგრის “გაგრას” შორის გაიმართა, რომელიც ფრედ დასრულდა. ჩემპიონატის გახსნას ესწრებოდნენ, როგორც სეპარატისტული ხელისუფლების წევრები, ასევე “მაღალი რანგის” სტუმრები რუსეთიდან.
ჩემპიონატის გახსნაზე დასასწრებად სპეციალურად ჩავიდნენ გუდაუთაში დაბადებული და ამჟამად, სანკტ-პეტერბურგის ვიბორგის რაიონის ხელმძღვანელი ვიქტორ კოლესნიკოვი და რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილე ვლადიმერ კოლესნიკოვი.
ვიქტორ კოლესნიკოვმა გუდაუთის “რიწას” საჩუქრად გადასცა ბურთები, სპორტული ფორმები და თასი, რომელიც აფხაზეთის საფეხბურთო კლუბებს შორის გათამაშდება.
როგორც ამბობენ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს, სერგეი ბაღაფშს ფეხბურთი ძალიან ჰყვარებია და როდესაც ტელევიზიებით ევროპული ან მსოფლიო მნიშვნელობის საფეხბურთო მუნდიალებს აჩვენებენ, მაშინ დე-ფაქტო პრეზიდენტის ნახვა მხოლოდ ტელევიზორთან შეიძლება. სწორედ ბაღაფშის ინიციატივით იმართება აფხაზეთის ჩემპიონატიც, რომელსაც მავანი ცინიკოსის ან იდეალისტის გადაწყვეტილებით, სახელად “პრემიერლიგა” ჰქვია და თავისი ინგლისური “სეხნიის” ნამდვილ პაროდიას წარმოადგენს.
ბუნდოვანი მომავალი
უეფას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ევროპის უპირველეს საფეხბურთო ორგანიზაციას თავის რიგებში აქამდე არასოდეს მიუღია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ არაღიარებული საფეხბურთო ფედერაციები. შესაბამისად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციებს აღიარების შანსი ისევე არა აქვთ, როგორც მათ არაღიარებულ “სახელმწიფოებს”.
ეს ქართული ფეხბურთის მესვეურებსა და ქომაგებს, ერთი შეხედვით, დამშვიდების საშუალებას აძლევს, მაგრამ აფხაზ სეპარატისტებს, როგორც ჩანს, უეფას მიერ მათი ფეხბურთის აღიარების იმედი სულ სხვა კუთხით აქვთ.
არსებობს რამდენიმე მაგალითი, როცა პატარა ქვეყნების საფეხბურთო კლუბებს მეზობელი დიდი ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მისცეს. ასეთი გუნდებია: “მონაკო”, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს, ლუქსემბურგის “ვადუცი”, რომელიც შვეიცარიის ჩემპიონატში ირჯება. სან-მარინოს ამავე სახელწოდების კლუბი იტალიის სერია “ც”-ში გამოდის და სხვა..
ეს ტენდენცია მეტყველებს, რომ უეფა ეწინააღმდეგება პატარა ქვეყნების ეროვნული ნაკრებების სხვა ქვეყნის ნაკრებებთან გაერთიანებას, მაგრამ სამაგიეროდ, “მწვანე შუქს უნთებს” პატარა ქვეყნების საფეხბურთო კლუბებს, რათა მონაწილეობა მიიღონ სხვა ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებში.
მართალია, ჩვენს მიერ ხსენებული მონაკო, ლუქსემბურგი, ან სან-მარინო იგივე აფხაზეთისგან განსხვავებით, არ წარმოადგენენ სეპარატისტულ, არაღიარებულ და კრიმინალური ანკლავის მიერ შექმნილ ქვეყნებს, მაგრამ საკუთრივ ის პრეცედენტი, რომ ევროპის ე.წ. ჯუჯა სახელმწიფოების კლუბები მეზობელი დიდი ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობენ, ბევრ სეპარატისტს უსახავს არცთუ მთლად უსაფუძვლო იმედებს, რომ მომავალში, აფხაზეთის ერთი გუნდი მაინც ჩაერთვება რუსეთის თუნდაც მეორე ან მესამე საფეხბურთო ლიგაში.
აქამდე, რამდენჯერმე იყო კიდეც მცდელობა, რომ სოხუმის “დინამოს” მონაწილეობა მიეღო რუსეთის ჩემპიონატის თუნდაც ყველაზე დაბალ ლიგაში. თუმცა, როგორც ჩანს, იურისტებმა კარგად აწონ-დაწონეს ეს საკითხი და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას არ ურჩიეს, არაღიარებული ქვეყნისა და ფედერაციის მხარდაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია უეფასგან სოლიდურ საჯარიმო სანქციებს მიიღებდა.
სეპარატისტების სპორტული ოცნებები და საპირისპირო რეალობა
აფხაზეთის არაღიარებული საფეხბურთო ჩემპიონატისა და აფხაზური ფეხბურთის რუსულთან გაერთიანების შესახებ, ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტფორუმზე თავის აზრს გამოთქვამს მოსკოვში მცხოვრები სოხუმელი აფხაზი გენადი გერგედავა.
გენადი გერგედავა: “მე ვფიქრობ, არა მხოლოდ აფხაზეთის ჩემპიონატი, არამედ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის ჩემპიონატებიც უნდა გაუქმდეს და კლუბები რუსეთის ჩემპიონატს შეუერთდეს. ასე გამოვა ერთიანი, ძლიერი ჩემპიონატი, რომელში მოთამაშე გუნდებიც წინააღმდეგობას გაუწევენ იტალიისა და ესპანეთის გუნდებსაც კი. ახლა, რუსეთის გარდა, საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნის ჩემპიონატში ძალიან დაბალი დონეა და მათთვისვე იქნება კარგი, თუ რუსეთის ჩემპიონატს საკუთარი ნებით შეუერთდებიან. რაც შეეხება აფხაზეთის ჩემპიონატს, ძალიან მწყდება გული, რომ ეს ჩემპიონატი, ფაქტობრივად, არ არსებობს და ის ოთხი გუნდი, რომელიც ამ ჩემპიონატში მონაწილეობს, სულ პატარა ბიჭებითაა დაკომპლექტებული. ეს ბიჭები მერე ან თავს ანებებენ ფეხბურთს, ანდა - რუსეთში გარბიან. იმედია, აფხაზურ ფეხბურთს რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს თავის შემადგენლობაში და მერე ყველაფერი გამოსწორდება”.
როცა გენადი გერგედავა საუბრობს, თითქოს სსრკ-ის ჩემპიონატის აღდგენით, შესაძლებელია იტალიური და ესპანური გუნდების ტოლ-სწორი კლუბები შეიქმნას, სამწუხაროდ, ვეღარ ან აღარ იხსენებს მთელი 60 წლის მანძილზე არსებულ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საბჭოთა კლუბებმა მხოლოდ სამი ევროპული თასი მოიპოვეს (მათ შორის, ერთი თბილისის და ორი კიევის “დინამომ”). სხვა განსაკუთრებული წარმატებებით საბჭოური ფეხბურთი დიდად არ გამოირჩეოდა.
მამუკა ბერიშვილი, მწვრთნელი: “აფხაზეთის დამოუკიდებელ ჩემპიონატს დიდი დრო რომ არ უწერია, ამას მადლობა ღმერთს, თავად აფხაზებიც ხვდებიან. თუმცა ცუდი ისაა, რომ ბევრ აფხაზს აფხაზეთში ფეხბურთის გადარჩენა მხოლოდ რუსეთის “ფრთებქვეშ” წარმოუდგენია.
მოდით, მივყვეთ თანამიმდევრულად და შევაფასოთ, თუ რა შეუძლია მისცეს აფხაზებს რუსულმა და რა ქართულმა ფეხბურთმა. რუსული ფეხბურთი დღეს სწრაფად ვითარდება და ეს არც საქართველოსთვისაა ცუდი, რადგან რუსეთში ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობენ. საკითხავი ისაა, რუსული ფეხბურთი რას მისცემს აფხაზებს. მე თუ მკითხავთ არც არაფერს.. რატომ? მიზეზი მარტივია - აფხაზეთის კლუბებს რუსები შეიყვანენ სადღაც მესამე, მეოთხე ლიგაში და იქიდან წარმატებების მიღწევა თითქმის შეუძლებელი იქნება.
როგორც “აველინო” ვერ გახდება იტალიის ჩემპიონი, ისევე არ ექნება სოხუმის გუნდს რუსეთის პირობებში რაიმე წარმატების მიღწევის საშუალება. სხვა საქმეა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც აფხაზეთის გუნდებს ყოველთვის ექნებათ წარმატებისა და თუნდაც, ჩემპიონობის შანსი. ევროტურნირებზე გასვლაც შეეძლებათ და ამ გზით აშკარად უფრო კარგად წარმოჩინდება აფხაზური კლუბების შესაძლებლობები”.
ის, რაც დავკარგეთ
დაბოლოს, შემთხვევითი სულაც არ არის, რომ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ოლიმპიელი და საერთოდ, საუკეთესო სპორტსმენი სოხუმელი ვიქტორ სანეევია. არც ის არის შემთხვევითი, რომ ქართულ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ოჩამჩირელ ვიტალი დარასელიას აქვს გატანილი. ვლადიმერ გუცაევის ტალანტზე საუბარი ხომ საერთოდ შორს წაგვიყვანს...
ეს და კიდევ სხვა მრავალი შემთხვევა და ფაქტი მოწმობს, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მომხდარმა ტრაგედიებმა სხვა სფეროებზე არანაკლებად, ქართული სპორტი დააზარალა. რუსეთის მიერ თავსმოხვეული ომისა და “გათიშვის პოლიტიკის” შედეგად, მოხდა ისე, რომ ერთ დროს მხარდამხარ მოასპარეზე ქართველი, ოსი და აფხაზი სპორტსმენები ფრონტის ხაზზე ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად იქცნენ.
თავსდატეხილმა უბედურებებმა ისედაც პატარა ქვეყანა მართლაც რომ საშინელ დღეში ჩააგდო და ჩვენ, კუთხეებთან ერთად, დავკარგეთ (რა თქმა უნდა, დროებით) ის ადამიანები, რომლებიც მომავალში დიდი სპორტსმენები უნდა გაზრდილიყვნენ და რომელთაგანაც მოველოდით ახალი სანეევებისა და დარასელიების დაბადებას.
http://presa.ge/index.php?text=news&i=5808