რაინერ ცობელი: “გვინდა მოვიგოთ ყველაფერი, რისი მოგებაც საქართველოში შეიძლება” გერმანელმა სპეციალისტმა რაინერ ცობელმა თბილისის “დინამო” ზაფხულის დასაწყისში ჩაიბარა. მისი სახით, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ყველაზე ტიტულოვანი პიროვნება შეემატა. თავის დროზე, მიუნხენის “ბაიერნის” რიგებში თამაშისას, ცობელმა სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, ამდენჯერვე გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული და ერთხელაც თავისი ქვეყნის თასს დაეუფლა. კარიერის დასრულების შემდეგ, იგი იურისტობას აპირებდა, მაგრამ ამ დროს რამდენიმე გერმანული კლუბისგან მწვრთნელად მუშაობის შეთავაზება მიიღო და საბოლოოდ მაინც ფეხბურთის სიყვარულმა გადაძლია. სამწვრთნელო საქმიანობაში ჰერ ცობელის მონაგარი უფრო მოკრძალებულია - მან სამჯერ ეგვიპტის ჩემპიონობა მოიგო, ერთხელ კიდევ არაბეთის სუპერთასი.
აშკარაა, 59 წლის გერმანელი სპეციალისტი საქართველოში ყველაფერი ქართულის (ფეხბურთს ვგულისხმობთ) მოსაგებადაა ჩამოსული და ამაში, გუნდის შემადგენლობასთან ერთად, მაღალ დონეზე დაყენებული საკლუბო მენეჯმენტიც შეუწყობს ხელს. ცობელი “დინამოს” მინიმუმ ერთი წლის მანძილზე უთავკაცებს. თუ დამდეგი სეზონი გუნდისთვის წარმატებული გამოდგა, კლუბი მასთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.
“დინამოს” მთავარ მწვრთნელთან ჩვენი საუბარი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შედგა, სადაც გუნდის ვარჯიშზე იმ ფეხბურთელების მოლოდინში იყვნენ, რომლებიც ქვეყნის 13-გზის ჩემპიონს ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრებებიდან დაუბრუნდნენ.
- გუნდის მომზადებით კმაყოფილი უნდა იყოთ - “დინამომ” ოთხი საჩემპიონთალიგო შეხვედრა გამართა, ამას ფეხბურთელთა უმეტესობის სხვადასხვა ნაკრებ გუნდებში რეგულარული თამაშიც დაემატა. ბიჭები არც მოტივაციას უნდა უჩიოდნენ.
- “დინამომ” მზადება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაადრევად დაიწყო და თუ საბერძნეთის “პანათინაიკოსთან” ორი თამაშის ჯამში მარცხს არ ჩავთვლით, გუნდი ეროვნული ჩემპიონატისთვის კარგ დონეზე მომზადებული იყო. მერე ქვეყანაში ომი დაიწყო, რამაც სხვებთან ერთად, ხელი ჩვენც შეგვიშალა. ამის მიუხედავად, “დინამოს” ფეხბურთელებმა დანაკარგი თანდათან აინაზღაურეს და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა სეზონი წარმატებით ჩავატაროთ.
- თქვენი მოსვლის შემდეგ, შემადგენლობაში რა ცვლილებები მოხდა?
- ჩემთვის ყველა ახალია. ამ ბოლო დროს ორი ფეხბურთელი დაგვემატა - სანდრო იაშვილი
(ზაალ ელიავა უნდა იყოს ალბათ დაწერილი) და ალექსანდრე ინწკირველი.
- რომელი გუნდები მიგაჩნიათ “დინამოს” გუნდის კონკურენტებად?
- მე ქართულ ლიგაში მონაწილე გუნდებს ჯერ კარგად არ ვიცნობ და ამდენად, ამ ეტაპზე მიჭირს იმის თქმა, ვინ იქნება ჩვენი უშუალო მეტოქე. როგორც მეუბნებიან, “ზესტაფონს” ჰყავს კარგი გუნდი, აქებენ “ვიტ ჯორჯიასაც”. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მეტოქეები როგორ ითამაშებენ, ჩემთვის მთავარია, “დინამომ” აჯობოს ყველას და მოვიგოთ ყველაფერი, რისი მოგებაც საქართველოში შეიძლება.
- ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ კუპერი “დინამოს” სათადარიგო მეკარე გიორგი ლორიას ბოლომდე ენდობა და ძირითადში ათამაშებს. ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენც მის ძირითადში დაყენებას ხომ არ აპირებთ?
- ვნახე საქართველოს ნაკრების მატჩები და ლორიას თამაშით გაკვირვებული დავრჩი. იგი ძალიან კარგი მეკარეა, მაგრამ ერთი სერიოზული ნაკლი შევამჩნიე - ის რთულ სიტუაციებში პრაქტიკულად უშეცდომოა, მაგრამ მარტივ მომენტებში რატომღაც იბნევა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, “დინამოში” დიდიე ოვონოს სახით ძალიან ძლიერი მეკარე მყავს და მის სკამზე უმიზეზოდ დასმას არ ვაპირებ. ყველაფერი ვარჯიშებმა უნდა გამოაჩინოს - ვინც უკეთ ითამაშებს, კარშიც ის ჩადგება. მოკლედ, მე ორი კარგი მეკარე მყავს, კუპერს კი - ერთი, რაც ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის.
- თქვენი გუნდის საჩემპიონო შანსებს როგორ შეაფასებთ?
- დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატს ჩვენ მოვიგებთ. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ პირველობის დაწყებამდე მისი მოგების შანსი, მასში მონაწილე ყველა გუნდს თანაბრად აქვს.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=12058