დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი იწყება
დღეიდან, სტარტს აიღებს დუდუ დადიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საკალათბურთო ტურნირი, რომელსაც ქალაქ რუსთავის “ქიმიკოსთა” დარბაზი უმასპინძლებს.
ამასთან დაკავშირებით, გუშინ “აჭარაბეთში” საგანგებო პრეკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ყველა მონაწილე გუნდის მთავარი მწვრთნელები ესწრებოდნენ.
დადიანის ტურნირი წლეულს მეშვიდედ გაიმართება და 10 ოქტომბრის დასრულდება. ტურნირში მონაწილეობას 7 გუნდი მიიღებს: სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი (მთ. მწვრთნელი - მიხეილ კობეშავიძე), “ავიამშენი” (მთ. მწვრთნელი - ლევან მოსეშვილი), “მაკაბი” (მთ. მწვრთნელი - ჯამლეტ ხუხაშვილი), “დინამო” (მთ. მწვრთნელი - ზაზა ცაგარეიშვილი), “ენერჯი-ინვესტი” (მთ. მწვრთნელი - დავით უსტიაშვილი), თსუ (მთ. მწვრთნელი - ნუგზარ ჭეიშვილი) და ნტდ-“თბილისი” (მთ. მწვრთნელი - ნუგზარ კანდელაკი).
მონაწილე გუნდები 2 ჯგუფადაა დაყოფილი: A ჯგუფში სსუ, “ავიამშენი” და “მაკაბი” ითამაშებენ; B ჯგუფში კი - “დინამო”, “ენერჯი-ინვესტი”, თსუ და ნტდ-“თბილისი”.
ტურნირი ორ-ორჯერ აქვთ მოგებული სტუ-“ჯეოსელსა” და რუსთავის “ენერჯი ინვესტს”. რაკი სტუ-“ჯეროსელი” აღარ არსებობს, “ენერჯი- ინვესტი”, ტურნირის მოგების შემთხვევაში, ყველაზე მეტჯერ, მესამედ გახდება მემორიალის გამარჯვებული. გამორიცხულია შარშანდელი - “ენერჯი-ინვესტი”- “ვითას” ფინალის განმეორება, რადგან ეს უკანასკნელი დაიშალა და აღარ არსებობს.
ტურნირის ფავორიტია მისი მასპინძელი “ენერჯი-ინვესტი”, რომლის რიგებში ოთხი ლეგიონერი თამაშობს - პოლ მაკფერსონი (აშშ), ნიკოლა რადოჯიჩი (სერბეთი), ბოიან ვუკადინოვიჩი (სერბეთი) და ჟოლივეტ ტუჯანი (კამერუნი). აღნიშნული ლეგიონერების გარდა, რუსთაველთა რიგებში გამოდიან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და მისი კანდიდატები - კოტე ტუღუში, გიორგი გამყრელიძე, ზვიად ბაბიაშვილი, მიშა ჭოჭუა, ბესო ლეჟავა და დავით უგრეხელიძე.
მემორიალის მასპინძლებს, B ჯგუფიდან ფინალში მოხვედრას ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი თსუ და მემორიალის დებიუტანტი ნტდ-“თბილისი” შეეცილებიან.
ახალი სეზონის დაწყების წინ, თსუ დატოვეს მიშა ბერიშვილმა (“სასოფლი”), გიორგი მარხვაშვილმა (“სასოფლო”), დავით არწივიძემ (“ენერჯი-ინვესტი”), ირაკლი კეიდიამ (ნტდ-“თბილისი”), მიშა ფანჩულიძემ (კალათბურთის თამაშს თავი დაანება) და ლევან ტყეშელაშვილმა (სასოფლო). გუნდში მივიდნენ გულივერ ახალკაცი (“დინამო”), გიორგი მარკოიშვილი (“ვითა”), გიგი ბარბაქაძე (უკლუბო) და ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გიორგი გაფრინდაშვილი, რომელმაც ბოლო სეზონი ამერიკის ერთ-ერთი კოლეჯის გუნდში გაატარა.
ყველა გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ნტდ-“თბილისი”. აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების ოთხ წევრ - ზაურ ფაშაევთან, ფუად ნიფტალიევთან, ანარ სარიევსა და ტაირ ბახშიევთან ერთად, ნტდ-“თბილისში” ისეთი გამოცდილი კალათბურთელები ითამაშებენ, როგორებიც კამერუნელი ლეგიონერი პლასიდე როდუმტა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ირაკლი კეიდია არიან.
გამორიცხულია, რომ B ჯგუფში შემავალ გუნდებს თბილისის “დინამომ” სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს, რადგან იგი რამდენიმე წამყვანმა კალათბურთელმა დატოვა და აქცენტი ახალგაზრდებზე გადაიტანა. თსუ-ში გადასულ ახალკაცთან ერთად, გუნდი დატოვეს არჩილ ჟღენტმა (კალათბურთის თამაშს თავი დაანება), ირაკლი გულისაბედაშვილმა (“სასოფლო”) და რეზო ათანელაშვილმა (“სასოფლო”).
A ჯგუფის უდავო ფავორიტია ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი და თასის მფლობელი “თბილავიამშენი”. როდუმტასთან ერთად, “მფრინავების”გუნდი ლუკა სანიძემ (თსუ), დავით იმნაძემ (უკლუბო) და ლადო სუხიშვილმა (ნტდ-“თბილისი”) დატოვეს. სამაგიეროდ, ლევან მოსეშვილის გუნდში ჩაირიცხნენ - გამოცდილი ვახტანგ ნაცვლიშვილი, ეროვნული ნაკრების წევრი ანატოლი ბოისა და თბილისის “მაკაბის” ყოფილი კალათბურთელები - სოსო შერმადინი და გიორგი პირველაშვილი.
რაც შეეხება მემორიალის კიდევ ერთ დებიუტანტ “სასოფლოს”, იგი ძირითადად ყოფილი “ვითას” წევრებით არის დაკომპლექტებული. სსუ-ს (სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი) მოთამაშეები არიან ეროვნული ნაკრების წევრი მიშა ბერიშვილი (“ვითა”), გიორგი ცერცვაძე (“ვითა”), ბექა წივწივაძე (“ვითა”), ლევან ტყეშელაშვილი (თსუ), გიორგი გულისაბედაშვილი (“დინამო”) გიორგი მარხვაშვილი (თსუ), ტატო ჩაჩიბაია (უკლუბო), რეზო ათანელაშვილი (“დინამო”).
თბილისის “მაკაბი” ძირითადი შემადგენლობის ყველაზე მეტმა, ექვსმა კალათბურთელმა დატოვა. გუნდი მთლიანად ახალგაზრდა კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული და მხოლოდ დადიანის მემორიალზე კი არა, შეიძლება მთელი სეზონის განმავლობაშიც ვერ შეძლოს თუნდაც ერთი შეხვედრის მოგება.
სათამაშო ცხრილი ასე გამოიყურება:
7 ოქტომბერი
ავიამშენი - მაქაბი
დინამო - ნტდ-თბილისი
ენერჯი-ინვესტი - თსუ
8 ოქტომბერი
მაქაბი - სასოფლო
თსუ - ნტდ-თბილისი
ენერჯი-ინვესტი - დინამო
9 ოქტომბერი
სასოფლო - ავიამშენი
თსუ - დინამო
ენერჯი-ინვესტი - ნტდ-თბილისი
10 ოქტომბერი
მატჩი მე-5 ადგილისთვის
მატჩი მე-3 ადგილისთვის
ფინალი
შეხვედრები 13 საათიდან დაიწყება.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=12940
მიმაგრებული სურათი