რატომღაც, თამაშის ჟინი და ღონე არ გვქონდა
მერაბ მამულაშვილი
?ვიტ ჯორჯიას? კაპიტანი ლექსო კვახაძე გაურკვევლობაშია. ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველმა კი დღემდე არ იცის, მომავალ კამპანიას კვლავ ?ვიტ ჯორჯიაში? გაატარებს, თუ უცხოეთს მიაშურებს. ?ვეტერინართა? კაპიტანი ახალ სეზონში ჩემპიონობის შანსებზე, განვლილ ევროტურნირში ?მარიბორთან? წაგებასა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს.
- ცნობილი იყო, რომ ევროთასებზე გამოსვლის შემდეგ კლუბს დატოვებდით...
- ჯერჯერობით ამის პასუხი თავადაც არ მაქვს. სატრანსფერო სეზონი აგვისტოში იხურება და თუ კონკრეტული წინადადება არ მექნება, რა თქმა უნდა, ?ვიტ ჯორჯიაში? დავრჩები.
- თითქოს, ისრაელში გადასვლა გადაწყვეტილი გქონდათ...
- იყო შეთავაზება, მაგრამ არა კონტრაქტის გაფორმებას, არამედ გასინჯვას მთავაზობდნენ. გასინჯვა კი საეჭვო ვარიანტია, შესაძლოა დარჩე, შეიძლება დაბრუნება მოგიხდეს. თუმცა, ამ დროს ჩემი ადგილი რომ აღარ იყოს ძველ კლუბში, მერე სად მიდიხარ? ასეთ გაურკვეველ ვითარებას დარჩენა მერჩივნა. კონკრეტული წინადადება სხვა საქმეა, უცხოეთში სიამოვნებით ვითამაშებდი.
- მეტ-ნაკლებად სოლიდური ლიგის გუნდებში ქართველ ფეხბურთელებს პირდაპირ კონტრაქტს აღარ სთავაზობენ. ხომ არ აჯობებდა, ისევ სინჯებზე დათანხმებულიყავით?
- როცა ისრაელში გასინჯვა შემომთავაზეს, სატრანსფერო სეზონი ახალი გახსნილი იყო და ჯერ კიდევ მქონდა უფრო კონკრეტული წინადადების იმედი. თუმცა, მოლოდინში ?ვიტ ჯორჯიამ? მოსამზადებელი ეტაპიც დაამთავრა, ევროთასებზეც ვითამაშეთ და ჩემი იმედი არ გამართლდა. აქეთ-იქით სიარული კი ნამდვილად არ მინდოდა. ვიცი, ჩემი ამბავი, შეიძლება ავრეულიყავი. ისევ ნაცნობი გარემო და ამბიციური კლუბი მირჩევნია. თუმცა, უცხოეთში თამაშის შანსი ჯერ კიდევა არის. სატრანსფერო ფანჯარა ხომ სამ კვირაში იხურება.
- კონკრეტული წინადადება ავსტრიული ?ალტახიდანაც? გქონდათ...
- ავსტრიაში თამაში თავისთავად სასურველია, მაგრამ ეს არ იქნებოდა სრულფასოვანი ტრანსფერი. ?ალტახი? მხოლოდ არენდას მთავაზობდა. სეზონი დამთავრდა და გუნდი ავსტრიის ბუნდესლიგიდან გავარდა. მე სწორედ ამის მეშინოდა, კლუბის ბუნდესლიგაში დარჩენა თავიდანვე საეჭვო იყო და რა დასამალია, პირობებიც მიუღებელი აღმოჩნდა.
- ?ვიტ ჯორჯიამ? ევროტურნირზე ორი წრე ვერა და ვერ გაიარა. არადა, სლოვენიაში გუნდს ურიგოდ არ უთამაშია. თქვენი აზრით, რატომ დამარცხდით ?მარიბორთან??
- თბილისში რომ ვერ მოვიგეთ, ეს იყო მთავარი მიზეზი. აქაური თამაში მთელ ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ერთი ბურთიც რომ გაგვეტანა, სლოვენიაში სხვა ენთუზიაზმითა და იმედით ვითამაშებდით. მსაჯობაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ ესტონელმა არბიტრმა უცნაური გადაწყვეტილებები მიიღო - ჩვენს სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა და ერთ-ერთი ლიდერი (ირაკლი კლიმიაშვილი - ავტ) გაგვიგდო. მსაჯმა მეტი რა უნდა გაგიფუჭოს? ასეთი ?წვრილმანები?, საერთო ჯამში, ნებისმიერ კლუბს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა. სლოვენიაში შეხვედრაც ცუდად დავიწყეთ, თავიდანვე გავუშვით და შემდეგ ხომ იცით, ამ დროს ქართველები ?ვიჭრებით? და თამაშის შემოტრიალებას ვეღარ ვახერხებთ. არადა, რეალური იყო ?მარიბორთან? გაცილებით უკეთესი თამაში და შემდეგ წრეში გასვლა.
- საქართველოს ჩემპიონატში ?მარიბორზე? უკეთესი გუნდი გეგულება?
- მიჭირს ამაზე მსჯელობა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - მოსამზადებელ ეტაპზე სლოვენიელები ?ზესტაფონს? შეხვდნენ და 1:1 ითამაშეს. ანუ, ჩვენ ლიდერებს ბევრით არ აღემატებიან. მთავარი მაინც ის არის, რომ ?მარიბორი? ევროპული ქვეყნის გუნდია და ეს, თავისთავად, უპირატესობას აძლევს. იქაურ გარემოში ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები არიან. სლოვენიაში ჩემი თამაშით უკმაყოფილო დავრჩი. მე კი არა, მთელი გუნდი ?აჭრილი? იყო. რატომღაც, თამაშის ჟინი და ღონე არ გვქონდა. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეხვედრამ ჩვენი რეალური ძალა ვერ გამოაჩინა.
- ამბობენ, ჩემპიონობის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მისი მოპოვებაო. ალბათ, ახალ სეზონში ?ვიტ ჯორჯიას? ოქროს მედლებისთვის შარშანდელზე მძიმე ბრძოლები ელის...
- ჩემპიონობა წელს იმიტომაც გართულდება, რომ თითქმის ყველა კონკურენტი გაძლიერდა. სხვა გუნდებივით, ჩვენ ბევრი სახელიანი მოთამაშე არ დაგვიმატებია, მხოლოდ გიორგი კახელიშვილი მოვიდა, მაგრამ ?ვიტ ჯორჯიას? პლუსია ის, რომ ბირთვი წლობით ყალიბდებოდა და შეთამაშებული გუნდია. ალბათ, წელს აქცენტს ეროვნულ თასზეც გადავიტანთ. თუმცა, ჩემპიონატშიც ვიბრძოლებთ და ტიტულის შენარჩუნებასაც შევეცდებით.
- ?ვიტ ჯორჯია? გორში გადავიდა და მცხეთაში, საკუთარ სტადიონზე ერთი წელია აღარ თამაშობს. ასეთ პირობებში ჩემპიონები გახდით, მაგრამ წარმოუდგენელია, მუდამ სხვა სტადიონზე თამაში დამღლელი არ იყოს.
- ამასაც შევეჩვიეთ, გორში გულშემატკივრები გაგვიჩნდა და ამ ხალხის დიდი მადლიერები ვართ, მაგრამ საკუთარ მოედანზე თამაში მაინც სხვა სიამოვნებაა. ერთი სული გვაქვს, მცხეთაში როდის დავბრუნდებით. იქ სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და იმედია, მალე ვითამაშებთ. ახლა ყველა შეხვედრას გასვლაზე ვთამაშობდით.
- ეროვნულ ნაკრებში კვლავ გამოგიძახეს. შენი აზრით, დარჩენილ შეხვედრებში რა უნდა იყოს ნაკრების მიზანი?
- რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება და გუნდის ჩამოყალიბება. პირადად ჩემი სურვილია, იტალიას მოვუგოთ. რა თქმა უნდა, ძლიერი ნაკრებია, ჩვენ რას შევედრებით, მაგრამ ერთი შეხვედრა ყველას გამოსდის და იქნებ ჩვენც ?გავისროლოთ??!
http://www.opentext.org.ge/09/lelo/183/183-6.htm